შოუბიზნესი

ნატუკა გულისაშვილი: ახალი ადამიანების ახლოს მოშვებას ვერიდები

№32

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 17.08

ნატუკა გულისაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ნატუკა გულისაშვილთან👇

სახელი: ნატუკა.

გვარი: გულისაშვილი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი მოგონებაა, მამაჩემმა რომ გამიკეთა სიურპრიზი და კახეთში, ჩვენს სახლში, პატარა ზოოპარკი მომიწყო. მთელ ოჯახს სიგიჟემდე გვიყვარს ცხოველები და ამიტომ უზარმაზარი ვოლიერები გააკეთა, სადაც გვყვადა: ორი შველი – ჯერო და მარდი, რომლებსაც საკუთარი ხელით ვზრდიდი; ფარშევანგები, ხოხბები, ჯუჯა ქათმები... ცხოველების სიყვარული და მათი მოვლის სურვილი ბავშვობიდან მქონდა.

– მშობლების როლი...

– თუ მე დღეს რამეს წარმოვადგენ, ადამიანებს ვუყვარვარ და პატივს მცემენ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ყველა ადამიანი ოჯახიდან ყალიბდება. რასაც ხედავს, როგორი ურთიერთობა, პატივისცემა და სიყვარულიცაა ოჯახში, იმას იღებს თავადაც.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– მინდოდა, ცხოველების მომვლელი ვყოფილიყავი. არ ვიცოდი ამ პროფესიას რა ერქვა, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, ამ სფეროში ვყოფილიყავი. მართალია, სხვა მიმართულებით წავედი, მაგრამ დღემდე ვეცნობი და ვსწავლობ ახალ ინფორმაციებს ცხოველებზე.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– ჩემი დიდი ბებია, მარო თარხნიშვილი მომღერალი იყო, მამიდებიც კარგად მღეროდნენ და აქედან გამომდინარე, სიმღერა ჩემთან ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქართული კულტურა და ხელოვნება. ჯერ, რომ მათ სცენაზე ვუყურებდი და შემდეგ სახლში, მინდოდა მათი მსგავსი ვყოფილიყავი. დავამთავრე ვოკალური სკოლა, თუმცა ამ საქმეს ბოლომდე ვერ მივყევი. შემდეგ მივხვდი, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. იმ პერიოდში, როცა ვაბარებდი, ყველა სამედიცინოს ან იურიდიულს ირჩევდა, მე კი თეატრალური გადავწყვიტე, თუმცა ოჯახში ჩემი არჩევანი არასოდეს გაუპროტესტებიათ, პირიქით, პატივისცემით მოეკიდნენ.

– ჩემი მეტსახელი...

– „ფაჩუჩას“ მეძახდნენ, როცა დავიბადე მაშინ არ იყიდებოდა ბავშვების თბილი ფაჩუჩები და ყველა მიქსოვდა. ბოლოს ძალიან ბევრი შემიგროვდა და იმის მერე დამარქვეს „ფაჩუჩა“. ყველას ჰგონია, რომ ჩემი სახელი ნატუკა მეტსახელია, სინამდვილეში ასე არაა. დედაჩემი მღეროდა ჯანო ბაგრატიონის გუნდში და მისი და გახლდათ ულამაზესი ქალბატონი, ნატუკა ბაგრატიონი. დედას უთქვამს, თუ გოგო გამიჩნდება აუცილებლად ნატუკას დავარქმევო. მამას უნდოდა, მისი გამზრდელი ბებიის, ნატალიას სახელი დაერქმია. მოკლედ, ორივე მხარე შეთანხმდა და დაბადების მოწმობაში და ნათლობით ვარ ნატალია, ხოლო ისე – ნატუკა.

– ადამიანში ვაფასებ...

– ნდობასა და ერთგულებას. ტყუილის გამო შემიძლია, ადამიანი დავკარგო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი ერთი და იგივეა, გამომდინარე აქედან, მირჩევნია, მწარე სიმართლე მითხრან, ვიდრე ტყუილი. ეს არის ჩემთვის დოგმა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატებული ქალის მაგალითი ჩემთვის ყოველთვის სოფიკო ჭიაურელი იყო – ყველანაირად შემდგარი ქალი: პროფესიით, მეგობრებით, თავისი წრით. გარდა ამისა, გახლდათ საოცარი მზარეული, თავად დადიოდა ბაზარში და ამზადებდა. ვფიქრობ, წარმატებულია ის, ვინც შემდგარია, როგორც პიროვნება და საკუთარი საქმის პროფესიონალია.

– მწამს...

– მართლმადიდებელი ვარ და რასაკვირველია, პირველ რიგში, მაღალი ღმერთის. ასევე, მწამს, რომ რასაც გასცემ, აუცილებლად უკან გიბრუნდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის შემთხვევაში. კოსმოსი და ადამიანი რაღაცნაირად გაერთიანებულია. ამიტომ რასაც გაუშვებ, აუცილებლად უკან გიბრუნდება უკან. ძალიან მწამს კიდევ იმის, რომ როცა რაღაც გულით გინდა, აუცილებლად მოხდება.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ის არსებობს, ესმის და ყოველთვის შენ გვერდით დგას. სულ ვამბობ, ნებისმიერ რელიგიას ვცემ პატივს, რადგან ვფიქრობ, რომ ღმერთი ერთია.

– მეშინია...

– არაფრის მეშინია, რადგან როცა რაღაცის გეშინია და აჩემებული გაქვს, ის აუცილებლად მოდის, ამიტომ ვამბობ, რომ არაფრის მეშინია.

– ვრისკავ...

– არ მიყვარს რისკი, არ ვარ რისკიანი. რამდენჯერმე გავრისკე და არ მოჰყოლია კარგი შედეგი. აქედან გამომდინარე, რისკზე უარს ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ სულსწრაფი ვარ. თანდათან ვხვდები, რომ ეს სულსწრაფობაც უნდა შევანელო.

– მაკვირვებს...

– ადამიანების ბოროტება, ღვარძლი და აგრესია. სოციალურ ქსელში ისეთ ცუდ რამეებს უწერენ ერთმანეთს, აი, რატომ? ადამიანების ამხელა უარყოფითი ენერგეტიკა მაკვირვებს.

– ვერიდები...

– ჩემი გამოცდილებიდან, ახალი ადამიანების ახლოს მოშვებას. რაღაც ასაკის მერე იცრება ურთიერთობები. მე ყველას ახლოს ვუშვებდი და ბევრი ტკივილი მივიღე. ამ „საცერმა“ დამიტოვა რაღაც ადამიანების ნაწილი, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ჩემთან. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ვცდილობ, ოქროს შუალედი დავიცვა.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– სიყვარულის, ღიმილისა და წრფელი, ჯანსაღი ურთიერთობის.

– ბედისწერა...

– მჯერა რომ არსებობს, მაგრამ ყველაფერს ბედისწერას ნუ დავაბრალებთ, რაღაც მომენტში საკუთარ ბედს და მომავალს თავადაც უნდა წავეხმაროთ. რაც შუბლზე გაწერია ეგ არის შენი ბედი, უბრალოდ, შენ თუ რაღაცას შეცვლი და სხვა მიმართულებით წახვალ, შეიძლება, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც საჭირო იყო. ამ ყველაფრის სწორი ლავირება უნდა მოახდინო. ბედისწერას ცოტა ჭკუაც სჭირდება.

– სიყვარული არის...

– ამოუხსნელი რამ. სანამ გიყვარს შენ ხარ ცოცხალი და სუნთქავ. როგორც კი შენში სიყვარული კვდება, ჩათვალე, რომ ვეღარ სუნთქავ.

– შემშურებია...

– დღემდე მშურს იმ ადამიანების, ვინც ჭამს და არ სუქდება (იცინის).

– სამაგიეროს გადახდა...

– გაბრაზება და წყენა მქონია, მაგრამ ის, რაც მოსახდენია, თავისთავად მოხდება, ამიტომ იმ ადამიანების ხარისხამდე ვერ დავიწევი.

– ბოდიშის მოხდა...

– არანაირად არ მიჭირს და ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუ ჩემთვის ადამიანი ძვირფასია და იმ მომენტში მართალი ვარ, მაშინაც კი მოვიხდი ბოდიშს.

– ვაგროვებ...

– ბავშვობაში სხვადასხვა რამეებს ვაგროვებდი, ახლა მეხუმრებიან ხოლმე ცხოველების კოლექცია გაქვსო (იცინის). ამ ეტაპზე პატარა პუდელების ფიგურებს ვაგროვებ.

– რთული პერიოდი...

– რთული პერიოდია ჩემთვის, როცა საყვარელ ადამიანს ვკარგავ, ეს არის ის, რასაც არაფერი არ ეშველება. ძალიან ბევრი რთული პერიოდი მქონია, ეკონომიკური თუ ისე, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველება. შესაბამისად, ვცდილობ, ნაკლებად ვინერვიულო მსგავს საკითხებზე. ყველაზე რთულია, როცა შენი ოჯახის წევრი გტოვებს, დანარჩენი მოგვარებადია.

– თავისუფლება არის...

– გამოვხატო ის, რაც მინდა, ვიყო, ის, ვინც მინდა და არ ვიცხოვრო „სხვები რას იტყვიან“ პრინციპით. ეს ყველაფერი მოდის ოჯახიდან. ვიღაცისთვის თავისუფლება არის ჩაჩაჩული შარვლით, ხელში ლუდის ბოთლით და ხმამაღალი მუსიკით, თუ ყვირილით ქუჩაში სიარული. რეალურად ეს არაა თავისუფლება, ის პიროვნულად უნდა გქონდეს ადამიანს. ჩემთვის სილაღე, სიყვარული და სულიერი ჰარმონიაა თავისუფლება.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– როცა მამა გარდაიცვალა, მაშინ 10 წლის ვიყავი და რადიკალურად შევიცვალე. მამა მისრულებდა ყველაფერს და სხვა განზომილებაში მაცხოვრებდა. მისი წასვლის შემდეგ, რეალურ განზომილებაში, მიწიერი ცხოვრება დავიწყე.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– „ესეც გაივლის“. ყველაზე კარგი რჩევაა, რადგან იმედის მომცემი ფრაზაა, ანუ ყველაფერი კარგად იქნება!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი