შოუბიზნესი

ნატო დუმბაძე: მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში. მე ამას ეკლესიას ვუკავშირებ

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 30.10

ნატო დუმბაძე
დაკოპირებულია

15 სექტემბერი ნატო დუმბაძის დაბადების დღეა. ვნახოთ, როგორ ატარებს ამ დღეს, რამდენად უყვარს საჩუქრების მიღება და როგორ ხვდება თითოეულ წელს.

ნატო დუმბაძე: ქალს ასაკს არ ეკითხებიან, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, რომ საკმაოდ „დიდი გოგო“ გავხდი (იცინის). რომ მილოცავენ და მეუბნებიან, დიდი გოგო გაიზარდეო, ვპასუხობ: ამაზე მეტად დიდები ვიცი, სადაც არიან-მეთქი. მერე ამატებენ, ისე გამოიყურები, ჩვენთვის სულ პატარა ხარო (იცინის).

წელს ჩემი დაბადების დღე ოჯახურ გარემოში გავატარე. პატარა დაბადების დღის გადახდა არასდროს გამომდიოდა და არც ახლა გამომდის. ამიტომ მომავალი წლისთვის გრანდიოზულ დაბადების დღეს ვგეგმავ. ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ვიღაც რომ ფოტოს დადებს შენი დაბადების დღიდან, შეიძლება, სხვას ეწყინოს თუ მის გარეშე შეიკრიბეთ, რაც არ უნდა უბრალოდ და დაუგეგმავად მომხდარიყო ეს. ამიტომ, თუ უფალი კიდევ ერთ წელს მაჩუქებს, ვგეგმავ, რომ მომავალ წელს გრანდიოზულად გადავიხადო. რა თქმა უნდა, თუ არ დამეზარა – ამასაც დავამატებ (იცინის).

– ისე რამდენად გიყვართ ამ დღის აღნიშვნა?

– ბავშვობიდან არ ვარ დაბადების დღის გადახდის დიდად მოყვარული. ჩემს თაობას ისეთი ცხოვრება გვქონდა, ფაქტობრივად, ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღე იყო. იმას ვგულისხმობ, რომ სულ ვიკრიბებოდით, დროს ერთად ვატარებდით, სახლში თუ გარეთ, ერთად ვიყავით, ისე კარგად ვგრძნობდით თავს, რომ დაბადების დღის განსაკუთრებულად აღნიშვნის სურვილი აღარ მიჩნდებოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მობილურები არ არსებობდა და სახლის ტელეფონებიც ზოგს ჰქონდა და ზოგს – არა, მაინც ვახერხებდით ყოველდღიურად შეკრებას. დროის კარგად გასატარებლად განსაკუთრებული დღე არ გვჭირდებოდა. დღეს დავდივარ სხვების დაბადების დღეებზე და ვხედავ, რომ ათი წუთი ჟრიამულია და მერე ყველა თავის ტელეფონშია თავჩარგული (იცინის). ჩვენს თაობაში მართლა ყველა დღე დაბადების დღესავით გვიხაროდა და დროს ბედნიერად ვატარებდით.

– თუმცა, როგორც თქვით, უკვე ზრდასრულ ასაკში პატარა დაბადების დღეები აღარ გამოდის...

– მაგალითად, ხუთი წლის წინაც, გრანდიოზული დაბადების დღის გადახდას ვაპირებდი. დავიწყე თაბახის ფურცელზე სიის ჩამოწერა და მეოთხე ფურცელს რომ მივადექი, შუაზე გადავხიე ეს ფურცლები, გამორიცხულია-მეთქი. ამიტომაც მეზარება (იცინის).

– ბევრს ამ დღეს სევდანარევი განწყობა აქვს, თქვენ?

– ზოგადად, არ ვარ სევდიანი. დილით რომ ვდგები, უფალს მადლობას ვუხდი, რომ კიდევ ერთი წელი მაჩუქა. ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი მხიარულია და მეც ვმხიარულობ. ტელეფონებში არ „ვსხედვართ“, ვიცინით და ვერთობით. ჩემი შვილები მაშარჟებენ ხოლმე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და მეც ვერთობი მათი თვალით დანახულ საკუთარ თავზე.

– საჩუქრების მიღება რამდენად გიყვართ?

– ზოგადად, ვწუხდები, როცა ადამიანი ჩემს საჩუქართან დაკავშირებით ფიქრობს. როცა სხვისთვის ვარჩევ, მეც ბევრს ვფიქრობ. არ მინდა, ვინმეს, უბრალოდ, საჩუქარი ვუყიდო. ვცდილობ, ისეთი საჩუქარი შევარჩიო, რომელიც მას გაახარებს და ამას ფიქრი სჭირდება. რომ წარმოვიდგენ, სხვებიც ასე ფიქრობენ ჩემთვის, რომ არ მოგატყუოთ, მრცხვენია და ვწუხდები.

ორი წლის წინ, დაბადების დღეზე მეგობრის რესტორანში ვისადილეთ. მერე მომიწია იმის მტკიცება, რომ არ გადამიხდია, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა, რადგან გული არავის დასწყვეტოდა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ ჩემი საჩუქრები ორი დღე იქ იდო ყვავილებთან ერთად. მეგობრების რესტორანი იყო და არ ვჩქარობდი, მერე წავიღებ-მეთქი, ვთქვი. ბოლოს მიმტანებმა დამირეკეს, ჩვენ მაინც მოგიტანთ, თუ არ აპირებთ წაღებასო (იცინის).

– ასაკის მატებას როგორ ხვდებით?

– გარეგნობაზე არ მაქვს პრეტენზია. ადამიანები ვართ და ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭიც გამოჩნდება, უკვდავები არავინ ვართ (იცინის). თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ძალიან მაღალ ქუსლებზე დავდიოდი და საერთოდ არ მიჭირდა. საქმეზეც რომ გავვარდებოდი, არც მაშინ მაწუხებდა. ჩემი 14-სანტიმეტრიანი ქუსლები პრობლემას არსად მიქმნიდა, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვიცვამ (იცინის). თან, მაშინ განსაკუთრებულად იყო მოდაში ძალიან მაღალი ქუსლები. ახლა შანსი არ არის ამსიმაღლე ქუსლი მოვირგო, ვეღარ ვძლებ (იცინის). ასეთ მომენტებში ვგრძნობ ასაკის მატებას, თორემ ღამე ისევ ისე შემიძლია, გავათენო, როგორც არაფერი და მეორე დღესაც არ გამიჭირდება ადრე გაღვიძება. განცდა – „ვაი, ასაკი მემატება“, არ მაქვს. ეს ხომ კანონზომიერია?! სამყაროს წესებს ვერ და არ შევეჭიდები.

– ფეხსაცმელებს რა ბედი ეწიათ?

– ყველას ყველაფერს ვჩუქნი. ზოგი სულ ახალი მაქვს, იმიტომ, რომ ბევრი მქონდა (იცინის). რომ ვუყურებ, მიკვირს კიდეც ჩემი თავის, ამაზე როგორ ვდგებოდი-მეთქი, ვამბობ, არადა, სახლშიც კი არ ვიხდიდი, ისე დავრბოდი ქუსლებზე. თურმე, ყველაფერს თავის დრო აქვს (იცინის). ცვლილებები ბუნებრივია, მაგრამ ზოგადად, მშვიდი ვარ და ყველაფერს წყნარად ვიღებ. მით უმეტეს, ვერ დავჯდები და ასაკზე ვერ ვინერვიულებ. ერთ ასაკში ვერ გავიყინებოდი, რა თქმა უნდა, მომემატება წლები (იცინის). მე ძალიან კარგი ცხოვრება მქონდა და ბედნიერი ვარ განვლილი წლებით.

ამას წინათ შემთხვევით ვნახე სიუჟეტი, რომელშიც ახალგაზრდა გოგონები ამბობდნენ „ძველებიო“. ალბათ, ჩემს თაობას მოგვიხსენიებდნენ ასე (იცინის). გულში გავიფიქრე, ეჰ, „ახლებო“, ცოტა ხანში თქვენც ჩვენხელები იქნებით-მეთქი. უბრალოდ, ეს ტერმინი არ მომეწონა. ზოგადად, 50-ს გადაცილებულ ადამიანს ახალგაზრდა თაობა არასწორად მოიხსენიებს. სოციალურ ქსელში ხშირია ასეთი რამ, არაერთხელ წამიკითხავს 50 წელს გადაცილებულ ადამიანზე, „ეს საფლავიდან ამოსულიო“ და ცოტა საწყენია. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცები 50 წელს გადაცილებულები ვართ, მგონია, რომ არ უნდა იკადრონ ადამიანის ასე მოხსენიება. სახლში ხომ ჰყავთ დედები, ბებიები და ასე შემდეგ, ანუ, მათ ოჯახის წევრებზეც ასე ფიქრობენ?!

რასაც დასთეს, იმას მოიმკი – დღეს ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ხვალ შენი შვილიც ხომ იმავეს გეტყვის?! მიუღებელია ასეთი შეფასებები და მიკვირს, როგორ იზრდებიან ასეთი დამოკიდებულებებით. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, თითქოს ახალგაზრდების მასა ფიქრობს ასე. თუმცა, იმედია, რომ ყველა არა.

– 14-სანტიმეტრიან ქუსლებს კი უღალატეთ, მაგრამ თავის მოვლა და გამორჩეულად ჩაცმა მაინც გიყვართ;

– ჩაცმულობაზე – გეთანხმებით, ყოველთვის მიყვარდა ინდივიდუალური სტილი. არ მივყვები მოდის ტენდენციებს და არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც „გუჩი“ უნდა მეცვას – ეს ჩემთვის მასმოდაა. ყველა ცდილობს, ბრენდებთან ასოცირება შექმნას, რეპლიკებზე გიჟდებიან, მაგრამ მე მირჩევნია, უცებ შევქმნა რაღაც განსხვავებული სხვადასხვა სამოსით.

რაც შეეხება სახის კანის მოვლას, შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, რომ კრემიც კი არ მაქვს სახლში (იცინის). ჩემი დისგან განსხვავებით, რომელიც თინეიჯერობიდან მოყოლებული, ამ მხრივ, ძალიან უვლის თავს. მე ძალიან არ მსიამოვნების კანზე რამის წასმა, მგონია, რომ ზეთიანი ვარ. ამიტომ ვერ ვუვლი სახეს. დედაჩემი იყო ასეთი, ცხოვრებაში კრემი არ წაუსვამს. საჩუქრად ძალიან კარგი თავის მოვლის საშუალებები მიმიღია, მაგრამ მაშინვე გამიჩუქებია, არ ვარ გამომყენებელი. შეიძლება, უფრო დიდი გოგო რომ გავიზრდები, დავიწყო, მაგრამ ახლა არაფერს ვიყენებ (იცინის).

ყველა კოსმეტოლოგმა, ვისაც ვიცნობ, იცის, რომ მე მეზოთერაპიას ცხოვრებაში ვერ გავიკეთებ, ნემსის ფობია მაქვს. ჩვეულებრივიად, დასაბანი საშუალებით ვიბან პირს და სულ ეგ არის ჩემი რუტინა (იცინის). ახლა ოთხი კილოგრამი მოვიმატე და ამან მიშველა (იცინის). დიდად არ მეტყობა, მაგრამ სახეზე შემავსო. ყოველთვის ძალიან გამხდარი ვიყავი და ასაკში ესეც დამეხმარა. ახლა ყველა მეუბნება, გადაკოცნის დროს ძვლებს გვირტყამდი და აღარ გახდეო (იცინის). მე მაინც მინდა, ჩემს წონას დავუბრუნდე, თუმცა მეუბნებიან, რომ სახეზე ძალიან მომიხდა. არც ფილტრები და დამუშავებული ფოტოები მიყვარს, ასე რომ, თავის გასაახალგაზრდავებლად არც ამ გზას ვიყენებ (იცინის).

– როგორ შეგცვალათ დრომ?

– ისტერიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კიდევ უფრო „ბადაგი“ გავხდი (იცინის). მშვიდი და გაწონასწორებული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ კიდევ უფრო მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში. მე ამას ეკლესიას ვუკავშირებ. მივხვდი, რომ ფორიაქს აზრი არ აქვს, თუნდაც სულიერს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალს უნდა. დილით რომ ვდგები, ეს არის ჩემი პირველი სიტყვები: „იყავ ნება შენი, უფალო“. ამას მთელი არსებით ვგრძნობ და ამ აზრმა კიდევ უფრო მეტად ძლიერი, მშვიდი და ბედნიერი გამხდარა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა