ნატო დუმბაძე: არასდროს მივდივარ ექიმთან, არც წამალს ვსვამ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 05.09

– ვინ არის ნატო დუმბაძე?
ნატო დუმბაძე: პირველ რიგში, ადამიანი. მე მგონი, რომ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს პლუსები და მინუსები. ვცდილობ, პლუსები მეტი მქონდეს.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არა, მაგრამ თუ დამჭირდება, გავაკეთებ. თუკი ამას საჭიროება მოითხოვს, უკან არ დავიხევ.
– რა სირთულეებმა გასწავლათ ყველაზე მეტი?
– ჩემთვის კარგად ცხოვრება ჩვენი მომავლის კეთილდღეობას ნიშნავს. შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობაა მთავარი. ფინანსურ ფასეულობებზე არ ვგიჟდები. არც მილიონერობას ვნატრობ. გაძლებით ბევრ რამეს გავუძელით: 90-იანებს, ომს, საშინელ გაჭირვებას... ჩვენ გავიტანეთ ერთმანეთი, ვისწავლეთ ერთობა და მეგობრობა, რაც დღეს აღარ არსებობს. გაცივებულია ურთიერთობები. გაჭირვება, უშუქობა და საერთოდ, უყველაფრობა აღმოჩნდა ის, რამაც გვასწავლა ცხოვრება, გამტანობა, სიყვარული და ერთიანობა. ის ცხოვრება კარგი იყო, დღეს იმასთან შედარებით ფუფუნებაა, მაგრამ ისეთი ღირებულებები აღარ არსებობს.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– ფეთქებადი ვარ და ეს არ მომწონს. თუმცა, ვიტყვი, რომ ადრე უფრო მეტად ვიყავი. წლების გასვლასთან ერთად მაქსიმალურად ვისწავლე თავის კონტროლი. აქედან გამომდინარე, გამოვასწორე ის, რაც ჩემში არ მომწონდა. მე ყოველ საღამოს, ძილის წინ, საკუთარ თავს ვესაუბრები. ვხედავ იმას, რაც არ მომწონს და ვმუშაობ ამაზე. იდეალური ვარ-მეთქი, ეს როგორ უნდა ვთქვა, ასეთი უფლის გარდა არავინაა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ და შემიძლია ვთქვა, შედეგი 80 პროცენტით მიღწეულია. ადამიანი, პირველ რიგში, შენს თავთან უნდა იყო ჰარმონიაში და ამას ვერ შეძლებ, თუ შენში ცუდს და გამოსასწორებელს ვერ დაინახავ.
– მოგიპარავთ რამე?
– მესამე კლასში ვიქნებოდი, ძალიან მინდოდა, დედასთვის საჩუქარი გამეკეთებინა, ბებოს გაუხსნელად შენახული ნივთებიდან შევარჩიე ერთ-ერთი და დედას ვაჩუქე (იცინის). მერე გამომიჭირეს და ბებოს ვუთხარი, შენ ბევრი გაქვს და მე მინდოდა, დედასთვის მეჩუქებინა-მეთქი. გეთქვა და მოგცემდიო, მითხრა ბებომ და მე ვუმტკიცებდი, არ მომცემდი-მეთქი (იცინის). ცუდად მახსოვს, არ მოიწონეს ჩემი საქციელი.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– საშინელი, ტყუილი ჩემთვის დამანგრეველია. რაც ჩემი შვილები წამოიზარდნენ, სულ ვეუბნები, ოღონდ არ მომატყუოთ და საშინელებაც რომ ჩაიდინოთ, ხმას არ ამოვიღებ-მეთქი. ვერაფრით ვეგუები ტყუილს. მეორე მხრივ, როგორ შეიძლება, ადამიანმა არ მოიტყუოს?! თუმცა, ტყუილს გააჩნია, თუ ის არც მე მვნებს და არც გარშემო მყოფებს, მაშინ არა უშავს. მაგალითად, თუ სადმე წასვლა მეზარება, შეიძლება, საქმე მოვიმიზეზო. საერთოდ, ტყუილების გარეშე რომ იცხოვრო, არ ვიცი, ცოტა არაამქვეყნიური უნდა იყო, მაგრამ საზიანო ტყუილების თქმაში თუ შევამჩნიე ადამიანი, ამას ვერ შევეგუები, მასთან აღარასდროს მექნება ურთიერთობა. დღეს უკვე ჩემს შვილიშვილს ვეუბნები, რომ არასდროს მოატყუოს დედა.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სხვისთვის – არასდროს. ორ შეკვრა სიგარეტს რომ ვეწევი, ეგ არის ჩემთვის სისასტიკე (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვება ისევ და ისევ ჩემი პატარა და ლამაზი ოჯახია. როცა კარგი ოჯახი და კარგი შვილები გყავს, ეს გამარჯვებაა, მე ასე მგონია. რაც შეეხება მარცხს, ერთხელ ძალიან რთულ ავარიაში მოვყევი. იმის შემდეგ საჭესთან აღარ ვჯდები. ძალიან კარგი მძღოლი ვიყავი. „გაიშნიკებიდან“ დაწყებული ყველა მიცნობდა და „ხულიგან მძღოლს“ მეძახდნენ, მაგრამ ამ ავარიამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ სურვილიც კი არ მაქვს, ავტომობილი ისევ ვატარო. ავარიის შემდეგაც მყავდა ავტომობილი, მაგრამ საჭესთან არ ვჯდებოდი. ყველას ვეხვეწებოდი, გამომიარეთ-მეთქი და მეუბნებოდნენ, რისთვის გყავს მანქანაო. მართალია, ეს ავარია არ მომხდარა ჩემი მიზეზით, ღამე საპირისპირო მიმართულებიდან გამომიხტა მანქანა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. ერთხელ დავჯექი, მაგრამ ვერ გავატარე – მეჩვენებოდა ავტომობილის ფარები, რომლებიც ჩემკენ მოდიოდნენ და ვარჩიე, საჭეს საერთოდ დავმშვიდობებოდი.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. მინდა, სიცოცხლე ისეთივე ენერგიულმა დავასრულო, როგორიც ახლა ვარ. არავის შეწუხება არ მინდა. ხვალ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მინდა, მოვიხარო, ფეხები მტკიოდეს და ასე შემდეგ, მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა, ამ ქვეყნიდან ჯანმრთელი წავიდე (იცინის). გინდა თუ არა, ასაკს თავისი სირთულეები მოჰყვება როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათის დონეზე და არ მინდა, ასე დამემართოს. ასეთი მინდა წავიდე, როგორიც ახლა ვარ. მე არასდროს მივდივარ ექიმთან. ჯვარი გვწერია, მაგრამ ფეხი თუ მოვიტეხე, მივალ, თუმცა არასდროს მომიტეხია. მომავალშიც არ მექნება მათთან სტუმრობის სურვილი და რომ ვფიქრობ, წლების შემდეგ ეს შეიძლება, აუცილებლობა გახდეს, ძალიან არ მომწონს (იცინის). არც წამლებს ვსვამ არასდროს, ძალიან იშვიათად – გამაყუჩებელს და საჭირო ვიტამინებს იქიდან გამომდინარე, რომ სრულფასოვნად არ ვიკვებები. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა, ეს ძალიან გვიან ასაკში არ მოხდეს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავირიდო.
– ყველაზე ძლიერი შიში როდის განიცადეთ?
– ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაზე მეტად სტიქიის მეშინოდა. პატარა ვიყავი, როდესაც საკმაოდ ძლიერი წყალდიდობა მოხდა და ეს შიში მას შემდეგ დამჩემდა. მეშინია ჭექა-ქუხილის, წყლის და ეს შიში ჩემში იმდენად ძლიერია, რომ მიუხედავად იმისა, ვიცოდი, შოვი და ბახმარო ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო იყო, ჩემი შვილები ისე გავზარდე, იქ არასდროს წამიყვანია. შვილები დღეს უკვე მაშაყირებენ ამასთან დაკავშირებით. წვიმა რომ იწყება მირეკავენ და სიცილით მეუბნებიან, დედი, წარმოგვიდგენია, ახლა რა დღეში ხარო. მე მართლა ძალიან ვფორიაქობ ხოლმე ამ დროს და ყველას სათითაოდ ვურეკავ, რომ გავიგო, სად და როგორ არიან. არ იფიქროთ ეს ფორიაქი წვიმასთან ერთად სრულდება, შფოთვაში იზრდება და საკმაოდ დიდხანს მიმყვება ხოლმე. სხვა მკვეთრად გამოხატული შიში არ მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან