შოუბიზნესი

ნათია ზარანდია: თუ ცუდად შემეხები, სტალინი მონაგონია ჩემს ხასიათთან - ზვიგენივით შემიძლია, გადაგყლაპო

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 09.10

ნათია ზარანდია
დაკოპირებულია

მომღერალი ნათია ზარანდია საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მის გარშემო მუდამ პოზიტივი და დადებითი ენერგეტიკა ტრიალებს. ვნახოთ, ვინ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი ზოდიაქოს მიხედვით და რა თვისებებია მასში დომინანტური.

ნათია ზარანდია: 20 თებერვალს დავიბადე. ზოდიაქოთი თევზები ვარ. ძალიან მჯერა ასტროლოგიის. ყოველთვის ვუსმენ პროგნოზებს, ბევრი რამ მისრულდება კიდეც. რჩევებსაც ვითვალისწინებ და საერთო ჯამში, ძალიან ბევრ დამთხვევას ვხედავ. თევზების ზოდიაქო 20 თებერვალიდან იწყება, 19 ჯერ კიდევ მერწყულია და მერწყულის გავლენებიც მაქვს. ხშირად მეუბნებიან კიდეც, თევზზე მეტად მერწყულს ჰგავხარო.

– თევზები ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანებად მიიჩნევიან.

– კი, ძალიან მოსიყვარულე და ლმობიერი ადამიანი ვარ, ამას ბევრი აღნიშნავს. ამბობენ, რომ ვარ კეთილშობილი. ჩემში სიავე და სიბოროტე არ არის. ასევე, ვარ გულჩვილი, სხვის გაჭირვებას ძალიან განვიცდი. თევზები ყველაზე ემპათიურები არიან და ჩემს შემთხვევაშიც ნამდვილად ასეა. ასევე, ღვთის მოშიშებიც ვართ. ბოლომდე ვუერთგულებთ ადამიანს და ძალიან კარგად გავუგებთ სხვას.

ამბობენ, თევზები დეპრესიული ნიშანი არისო, მაგრამ ეს საერთოდ არ არის ჩემს ხასიათში. უპოზიტიურესი ადამიანი ვარ. მე და დეპრესია ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან.

– დეპრესიულთან ერთად, ახასიათებენ, როგორც დამოკიდებულებებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, იქნება ეს სასმელზე, თამბაქოზე თუ ასე შემდეგ.

– არც ვეწევი, არც ვსვამ. ეს თვისებები ჩემგან შორს არის. იმასაც ამბობენ, რომ თევზებს ტყუილები ახასიათებთ. ჩემს შემთხვევაში ესეც არ ამართლებს. პირიქით, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეზიზღება, ეს სწორედ ტყუილია. იმას არ ვიტყვი, რომ არასდროს მომიტყუებია, მაგრამ ისეთი ტყუილი არ მითქვამს, რომ სხვა დამეზარალებინა. მე ყოველთვის მწარე სიმართლე მირჩევნია. ვინც მიცნობს, ამას დაადასტურებს.

– ძალიან ხათრიანი ნიშანია.

– კი, ასეა. ადამიანს ხათრს არ გავუტეხავ. სულ რომ ღამის 4 საათზე დამირეკონ და სადმე წასვლა მთხოვონ, თუ არ ვკვდები, უარს არ ვეტყვი (იცინის). მე თვითონაც ხათრიანი ვარ და ასეთი ადამიანებიც მიყვარს.

– მორიდებულებიც არიან, არადა, ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან თავისუფალი ხართ.

– მორიდებული მართლა არ ვარ. თავისუფალი და საკმაოდ თამამი ადამიანი ვარ, მაგრამ ზღვარგადასულობა არ მახასიათებს, ანუ, უზრდელობაში არ გადამდის. ჩემს თავისუფლებას თავისი კანონები აქვს.

საერთოდ, როცა საჯარო პირი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომღერალი ხარ, მორიდებულობა და სიმორცხვე არ არის კარგი თვისება. გამბედავი, რისკიანი და კონტაქტური უნდა იყო.

– მის გვერდით თავს ძალიან ლაღად იგრძნობ. ეს, მგონი, მართლა ასეა, არა?

– ამაზე უკვე ლეგენდები დადის (იცინის). ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემთან ყოფნა. ტრაბახივით გამომდის, მაგრამ როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგი აურა მაქვს, ადამიანებისთვის ბედნიერება მომაქვს. მე არ მიყვარს დაღვრემილი, მუდო ადამიანები. ჩემგან მხიარულება, პოზიტივი ბუნებრივად მოდის. ძალიან მეგობრული ვარ. მეგობრების უზარმაზარი წრე მყავს. ჩემთვის ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გულს მოგცემ ბოლომდე, მაგრამ თუ გავბრაზდი... მტრისას!

– თევზები არ ბრაზდებიან, ცივდებიან და ახლოს აღარ გიკარებენ.

– ზუსტად ასეა. განა სამაგიეროს ვუხდი?! ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას. ადამიანებს დაშორებისას ხომ აქვთ განცდები. შეიძლება, ძალიან დიდხანს იდარდონ. მე ასეთი რამ არ მახასიათებს. დაშორების შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს კონკრეტული ადამიანი არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. თუ ადამიანის მიმართ ნდობა დავკარგე, ხაზს გადავუსვამ და დავასრულებ, თორემ უფალი პატიობს და მე ვინ ვარ, რომ არ ვაპატიო. ვიტყვი ხოლმე, სამყაროსთვის მიმინდვია, თუ ვინმე უსამართლოდ მომექცა-მეთქი.

– თევზებს საოცარი ინტუიცია აქვთ...

– მართლა ასეა. უძლიერესი ინტუიცია მაქვს და მას ყოველთვის ვენდობი. ჯერჯერობით არ უღალატია და მერე რა იქნება, არ ვიცი. ზოგჯერ არ მინდა რაღაც წინასწარ ვიცოდე, მაგრამ შეგრძნებებს ვერაფერს ვუხერხებ. ეს ეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, საქმეს... შეიძლება, რაციონალურად ვერც ავხსნა მიზეზები, მაგრამ რამდენჯერაც ჩემს ინტუიციას დავუჯერე, იმდენჯერ გაამართლა. ერთი-ორჯერ რომ არ მოვუსმინე, ძალიან ვინანე. დაცდილი მაქვს. სხვათა შორის, დედაც თევზები მყავს და მასაც საოცარი ინტუიცია აქვს.

– მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თევზებს მგრძნობიარე და სათუთ ადამიანებად იცნობდეთ, ძალიან ძლიერები არიან...

– ძალიან ძლიერები ვართ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ადაპტაციის უნარი გვაქვს. ასევე, ჩვენ ზოდიაქოს ბოლო ნიშანი ვართ და ყველა ნიშნისგან საუკეთესო თვისებები გვაქვს აღებული. უძლიერესი ადამიანები ვართ თევზები. ამას ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე თუ ჩემ ნაცნობ სხვა თევზებზე დაკვირვებით ვამბობ. გულჩვილები ვჩანვართ, მაგრამ, თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია, პირანიებად გადავიქცეთ. თუ ცუდად შემეხები, ზვიგენივით შემიძლია, გადაგყლაპო. სტალინი მონაგონია ჩემს ხასიათთან. ვისაც გაბრაზებული ვუნახივარ, არაერთხელ უთქვამს, სტალინის ხასიათი გაქვსო. თუ გავბრაზდი, მერე არავინ და არაფერი არ ვიცი. ფეთქებადიც ვარ, რაც თევზებს არ ახასიათებს, მაგრამ ალბათ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ვეფხვის წელში ვარ დაბადებული. თევზი ხომ ორია და მეც ვფიქრობ, რომ ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს. სულ ეჭვებში ვარ, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს... ეს ჩემი ერთ-ერთი მინუსია. ძალიან მერყევი ვარ და ალბათ, იმის ბრალია, რომ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ორი თევზია. განსაკუთრებით პირადში მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება.

– უყვართ ყველაფერი ლამაზი და კარგად ერკვევიან მოდაში...

– ვინც ჩემს ცხოვრებას თვალს ადევნებს, მიხვდება, რომ ასეა (იცინის). ჩემს სოციალურ ქსელში კომენტარების ძირითადი ნაწილიც ჩემს ჩაცმულობასა და გემოვნებაზეა. ლამაზად და ექსტრავაგანტულად ჩაცმა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხშირად გადაცემებშიც მივუწვევივართ ამ თემით. საერთოდ, თევზების უმეტესობა გემოვნებას არ ვუჩივით. სილამაზეს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ საერთოდ ყველაფერში. შეიძლება, უცნაურია, მაგრამ ჩემი სუსტი წერტილია ლამაზი ქალი. შურის განცდა არ მაქვს. პირიქით, გოგოების მიმართ კომპლიმენტებს არ ვიშურებ. ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო, რომ ამბობენ, ნამდვილად მჯერა.

– თევზებს არ უყვართ კრიტიკის მოსმენა.

– ვაღიარებ, არ მიყვარს კრიტიკის მოსმენა (იცინის). ვიღებ, მაგრამ გული მტკივა. ძალიან განვიცდი. მირჩევნია, საერთოდ არ იყოს (იცინის).

– განსაკუთრებული სიყვარული შეუძლიათ.

– ოო, უბედური სიყვარული ვიცი. თევზები სიყვარულის ღმერთები არიან, ეს აღიარებული ფაქტია. თუ შევიყვარეთ, ადამიანს სულს და გულს მივცემთ, სამარემდე ერთგულად მივყვებით, სიყვარულში „დავახრჩობთ“. არ ვიცი, ეს თევზებს რამდენად ახასიათებთ, მაგრამ მამაკაცისთვის პირველს ცხოვრებაში არ მიმიწერია. ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ თუ ადამიანი მიყვარს, არა მარტო ერთგული, უკიდეგანოდ მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი ვარ. ჩემი ცხოვრების დევიზი სიყვარულია. მგონია, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი მისია სიყვარულის გაცემაა და საპასუხოდ ხუთმაგად ვიღებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა