შოუბიზნესი

ნათია ზარანდია: მტრებიც მყავს, მაგრამ ეს აუცილებელიც კია

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00

ნათია ზარანდია
დაკოპირებულია

მომღერალი ნათია ზარანდია ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო და საკუთარი დაბადების დღე დოჰაში, არაჩვეულებრივად აღნიშნა საყვარელ ადამიანთან ერთად.

ნათია ზარანდია: საკუთარი დაბადების დღე ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ადამიანს ასაკი რომ ემატება, პირიქით უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა. ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის სიხარულით ვხვდები და აუცილებლად ვიხდი. ის ყოველთვის ზღაპრულია. ჩემი ყველა დაბადების დღე ივენთივითაა.

წელს 40 წელი შემისრულდა. მითხრეს, ამ იუბილეს არ აღნიშნავენო. მე მაინც აღვნიშნე, მაგრამ საზღვარგარეთ.

– როგორი თავგადასავალი გამოვიდა?

– ძალიან ლამაზი. სიმართლე გითხრათ, წელსაც სცენაზე ვაპირებდი იუბილეს აღნიშვნას, მაგრამ ჩემს საყვარელ ადამიანს სხვა ჩანაფიქრი ჰქონია (იცინის). მან ტური მაჩუქა და კატარში, დოჰაში გავემგზავრეთ. საუკეთესო სასტუმროში, ზღვის პირას, ნამდვილ ზღაპარში ვიყავით. ემოციების ზღვა იყო. 20 თებერვალს საფარზე შევხვდით: „ჯიპ ტური“, ბაგებით „კატაობა“, აქლემებით სეირნობა, ყველაფრით ვისიამოვნე. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მით უმეტეს, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ, ეს კიდევ სხვა ემოციებია.

მე მეგონა, რომ ეს მოგზაურობა იყო საჩუქარი, მაგრამ არა, ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედიც მაჩუქა. ყველას ეგონა, რომ ეს ნიშნობის ბეჭდი იყო და არა, ეს დაბადების დღის საჩუქარია (იცინის). იცის, რომ სამკაულებიდან ყველაზე მეტად ბეჭედი მიყვარს და გაითვალისწინა. ძალიან გამახარა. ამით დააგვირგვინა. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო არ იყო (იცინის).

– კიდევ რომელი დაბადების დღე გახსენდებათ გამორჩეულად?

– ორი წლის წინ, პირველად ჩავატარე ჩემი სოლო კონცერტი. სცენაზე იდგნენ ცნობილი მომღერლები, მოცეკვავეები, ფანტასტიკური საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. სამი-ოთხი მანქანა არ მეყო ყვავილების წამოსაღებად. საოცრება ხდებოდა. ალბათ, ეს დაბადების დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ყველაფერი ფანტასტიკური იყო, თუმცა მწარეც აღმოჩნდა. ორ დღეში გავიგე, რომ მამაჩემს მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ასეთ სიხარულს ორ დღეში რომ ეს განცდა ანაცვლებს.

კიდევ განსაკუთრებულად მახსოვს 35 წლის რომ გავხდი – ხუთი წლის წინანდელი დაბადების დღე. ბაკურიანში სასტუმრო ავიღეთ მეგობრებმა, ყველა წითლებში ვიყავით გამოწყობილი, რადგან დრესკოდი მქონდა. თოვლი, კონცერტი, საკმაოდ ბევრი ვიყავით, ღამეც დავრჩით და ჯადოსნური საღამო გამოვიდა, რომელსაც ძალიან დიდხანს იხსენებდნენ. თუ ვაკეთებ, მინდა, განსაკუთრებული გავაკეთო, სხვა შემთხვევაში არ მინდა. მადლობა ღმერთს, ყველა დაბადების დღე ერთმანეთზე უკეთესია.

– თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, ასაკი მხოლოდ ციფრებიაო, თქვენ ხართ, საოცარი გარეგნობისა და ენერგიის პატრონი.

– ადრე რომ იტყოდნენ, ასაკი მხოლოდ ციფრებიაო, ვერ აღვიქვამდი, მაგრამ ფაქტია, ნათია ზარანდია საერთოდ არ შეცვლილა. 25 წლის როგორიც ვიყავი, ისეთი ვარ 40 წლისაც (იცინის). ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ისევ იმ ენერგიაზე ვარ. მეტსაც გეტყვით, ჩემი გარეგნობა, ჩემი სტატუსი და საერთოდ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, ახლა უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ოდესმე. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და საერთოდ არ მაღელვებს, რომ 40 წლის ვარ. რამდენიმე ბოღმიანი კომენტარი შემხვდა, „დაგვიბერდა ვარსკვლავიო“, წერდნენ. მეცინებოდა, ასე დაბერდეს ყველა-მეთქი. საუკეთესო ასაკი მაქვს. დღეს ნათია ზარანდია ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომელიც ბედნიერი და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, რომელმაც იპოვა თავისი ნიშა, აქვს საყვარელი საქმე, კარგი შემოსავალი, გვერდით ჰყავს საიმედო საყვარელი ადამიანი, რომელსაც აქვს გადასარევი ოჯახი... მეგობრები, კონცერტები და საღამოები მე არ მაკლია. მეტი რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?!

მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ხვალინდელ დღესაც კი არ ვგეგმავ. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვარ ბედნიერი და საერთოდ არ ვიცი, ხვალ რა მელოდება. ეს ცხოვრება ძალიან არასტაბილურია და წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ.

ყველა დღეს ისე ვცხოვრობ, როგორც ბოლოს. ასეთი ვიყავი ყოველთვის, ბოლო ორი წელი კი – განსაკუთრებით. რაზეც ადრე ვნერვიულობდი, ახლა აღარ ვნერვიულობ. არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს, მთავარია, მე ვიყო კომფორტულად და ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები იყვნენ კარგად.

ჩემმა საყვარელმა ადამიანმა რომ ბეჭედი მაჩუქა, მაშინვე დაიწყეს, გამოაჩინე, ვინ არის, ქორწილი როდის იქნებაო და ასე შემდეგ, უამრავი კითხვა გაჩნდა. ჩემთვის ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რატომ გაინტერესებთ ამდენი რამ?! მე მაქვს პირადი, რომელსაც ვიცავ. არა იმიტომ, რომ რამე დასამალი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტი ჩარევები არ მჭირდება. ავი თვალი და ბოროტი ძალები არსებობს. მე არავის არაფერს ვუმტკიცებ. ზოგი წერდა, ბედნიერი ადამიანი ასე არ იქცევაო. არადა, მე ჩემს სევდასაც გულწრფელად ვაჩვენებ და ბედნიერებასაც. ძალიან მინდა, ადამიანებს სიხარული გავუზიარო და ვაჩვენო, რომ ცხოვრება მშვენიერია. რომ თუ შენ შემდგარი, წარმატებული და რესურსული ადამიანი ხარ, ირგვლივ ყველაფერი გაბედნიერებს და გახარებს. თუ შეუმდგარი ხარ, თუ შინაგანად უბედური ხარ, მილიონიც ვერ გაგაბედნიერებს. მე თუ დღეს ასეთი ვარ, ეს დიდი შრომის შედეგია. არ ვგულისხმობ მატერიალურ მდგომარეობას, ვამბობ იმას, რომ მე დღეს შემდგარი პიროვნება ვარ. მე ვიცი, რას წარმოვადგენ და რა მინდა. კმაყოფილი ვარ ამ ცხოვრების და უფლის უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემი ყველა დილა მადლიერებით იწყება. ამიტომ 40 წელი არაფერია, შემედარონ 20 წლისები, გინდ გარეგნობით, გინდ ენერგიით (იცინის). დღეს ასეა და რა იქნება ორი წლის შემდეგ, არ ვიცი.

ნათია ზარანდია უყვართ ადამიანებს. კი, მტრებიც მყავს, მაგრამ ეს თანმდევი და აუცილებელიც კია. არავინ რომ არ ვიყო და არაფერს წარმოვადგენდე, არც არავინ მიკბენს და არც ცუდს დამიწერენ. ამიტომ ყველას გაუმარჯოს, გულშემატკივრებსაც და მტრებსაც. ამ ცხოვრებაში ყველა საჭიროა, რომ შენ წარმატებულ პიროვნებად შედგე.

– შენი გარეგნობა ძალიან დიდი ბენეფიტია, მაგრამ ყოველდრიურობაში როგორ ზრუნავ საკუთარ თავზე?

– ხშირად მეკითხებიან, როგორ ვუვლი თავს. არც ფილერი, არც ბოტოქსი, არც თერაპიები და ასე შემდეგ, მე არაფერს ვიკეთებ, იმიტომ, რომ არაფერი მიჩერდება და მეორე, ნემსების სასტიკი აუტანლობა მაქვს. უამრავი გამომწერი მყავს, როცა ცნობილი ხარ, უამრავ შემოთავაზებას იღებ სხვადასხვა პროცედურებთან დაკავშირებით, მეგობარი კოსმეტოლოგებიც მყავს, მაგრამ საერთოდ ვერ ვიტან ნემსს. ერთხელ რეკლამას ვაკეთებდი და ათი ადამიანი მიჭერდა. მხოლოდ მკვებავი კრემებია ჩემს რუტინაში, კარგი, ძვირად ღირებული კრემები და სახის გაწმენდა. დამეფიცება, სულ ეს არის. სპორტიც რომ ავიღოთ, საშინლად ზარმაცი ვარ. ვიცი, რომ ეს საჭიროა. საერთოდ, ძალიან მოძრავი ვარ და ფორმები მწყობრში მაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ვაპირებ ფიტნესზე დავიწყო სიარული, მაგრამ აღარ ვიცი, უკვე მერამდენე ორშაბათია, ვაპირებ... (იცინის)

ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. ყველაფერი მავნე მიყვარს და არაფერს ვიკლებ (იცინის). ასეთი მოძრავი რომ არ ვიყო და ამდენ ენერგიას რომ არ ვხარჯავდე, არ ვიცი რამხელა ვიქნებოდი (იცინის). სიმაღლეში 170 სანტიმერტი ვარ და ჩემი იდეალური წონა 60 კილოგრამია. ახლა 4 კილოგრამით გადავაჭარბე, დოჰაში მოვიმატე. მაგრამ ღირდა. ამაზე საერთოდ არ ვდარდობ. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, სალათის ფურცლებით რომ ცხოვრობენ. მე რომ ხორცი არ ვჭამო და ზოგადად, გემრიელად რომ არ მივირთვა, ხომ გადავირევი (იცინის). ერთხელ ვცხოვრობთ და მერე რა, რომ რაღაც საკვები მავნეა. არ ვიცი, ალბათ, მოვა დრო, რომ ამაზე დავიწყებ ზრუნვას.

– ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა, ასე რომ გამოიყურები.

– კი, ცხონებული მამაჩემი გადასარევად გამოიყურებოდა. მე და მამა ერთად რომ გავდიოდით გარეთ, ჩემი მეუღლე ეგონათ. ზოგადად, ზარანდიები მაღლები და გამხდრები ვართ. დედის მხარესაც არავინ მყავს ზედმეტი კილოგრამებით. დედას ვინც იცნობს, გაგიჟებულია, რა ახალგაზრდულად გამოიყურებაო. კი, გენეტიკას ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, არ ვსვამ, არ ვეწევი და გულში ბოღმას არ ვინახავ, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. როცა ლაღი ხარ და შინაგანად კარგად გრძნობ თავს, ეს ყველაფერზე აისახება და ყველაფერში იგრძნობა, თორემ მე არასდროს ვყოფილვარ პარამეტრებზე დამოკიდებული. ტუჩის დაბერვის საშუალებაც მაქვს და ბევრი რამის გაკეთების, მაგრამ მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. პლუს ორი-სამი კილოგრამი არის ჩემი სათამაშო წონა და ეს ნორმალური მგონია, დასარეგულირებლადაც მარტივია. წონის პორობლემა არასდროს მქონია და ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ.

– წელს საოცარი საჩუქრები მიიღეთ, მაგრამ წინა დაბადების დღეებიდან განსაკუთრებული საჩუქარი გავიხსენოთ.

– ჩემი პორტრეტი, რომელიც მეგობარმა დახატა. ბევრს დაუხატივარ, მაგრამ ეს პორტრეტი განსაკუთრებულად მიყვარს და ჩემთვის გამორჩეული საჩუქარია. კიდევ მახსენდება 101 ვარდი თაყვანისმცემლისგან. შარშან ერთმა თაყვანისმცემელმა, რომელთანაც დავმეგობრდი, სოჩის საგზური მაჩუქა და ჩემს დაბადები დღეს იქ შევხვდი. ორ ოდამიანზე იყო გათვლილი და მე და ჩემი დაქალი წავედით. მისგან ულიმიტო ბარათი გვქონდა საჩუქრად და ორი დღე არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, არაფერი დაგვიკლია. ტელეფონიც უჩუქებია ჩემს გამომწერს, ოღონდ ის ქალბატონი გახლავთ. სიმღერა უჩუქებიათ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს ძალიან ძვირფასი და ძვირად ღირებული საჩუქარიცაა. საერთოდ, საჩუქრებით განებივრებული ვარ მეგობრებისგან, გულშემტკივრებისა თუ თაყვანისმცემლებისგან. მეც ძალიან მიყვარს სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენა. ჩემთვის გულიანი მოლოცვაც დიდი საჩუქარია, მხოლოდ მატერიალურ საჩუქრებზე არ მაქვს აქცენტი, მცირეც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, რადგან მთავარი ყურადღებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი