შოუბიზნესი

ნათია თოდუა: ყველაზე დიდი სასჯელია, როცა დრო განსაზღვრული გაქვს და საყვარელ ადამიანებს უნდა გამოეთხოვო

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 04.06

ნათია თოდუა
დაკოპირებულია

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ დიაგნოზის დასმიდან სამ თვეში ოჯახი სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა. ნათია მთელი ეს დრო მამის გვერდით იყო და გარკვეული პერიოდი, სანამ მამის გარდაცვალებიდან 40 დღე არ გავა, კვლავ საქართველოში აპირებს დარჩენას.

ნათია თოდუა: სამი თვეა, რაც მე, ჩემი მეუღლე და შვილი საქართველოში ვართ. ზუსტად სამი თვის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მამამ გამოკვლევები გაიკეთა და ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ. რომ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ფილტვზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. სამი თვის განმავლობაში, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი ვცადეთ. თვითონაც ყველაფერში მოგვყვებოდა, სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა.

დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ გარდაიცვალა. უკვე სამი კვირა გავიდა, მაგრამ ვერ ვიღებ ამ რეალობას.

– ესე იგი, დაავადება ძალიან გვიან აღმოაჩინეთ?

– როდესაც ჩივილები დაეწყო, ექიმთან მივიდა და იმ დღის შემდეგ, ექიმიდან ექიმთან დავდიოდით. იანვარში დაიწყო გამოკვლევების გაკეთება. წელი სტკიოდა და თიაქარზე იყო ეჭვი, მაგრამ თებერვალში გაიგეს, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. მეტასტაზები უკვე მთელს ხერხემალსა და თავის ტვინზე იყო მოდებული. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვე იცოცხლებდა. ჩვენ უკეთესობაზე ვფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვეც ვერ იცოცხლა. ეს დაავადება ყველასთან სხვადასხვანაირად პროგრესირებს, მამას შემთხვევაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე გვეგონა. როგორც ექიმებმა ივარაუდეს, დაახლოებით, ორი წლის დაწყებული იყო პროცესი.

– რა აწუხებდა?

– ამბობდა ხოლმე, ფეხი მიჩერდება, წელიდან გადამდის ტკივილიო. ისიც, როგორც ყველა ამ ტიპის ტკივილის დროს, ფიქრობდა, რომ თიაქარი აწუხებდა, რადგან ეს პრობლემა დღეს ძალიან გავრცელებულია. საჭესთან დიდ დროს ატარებდა და ესეც ეგონა ამ მდგომარეობის მაპროვოცირებელი. საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. 19 თებერვალს გავიგეთ საშინელი დიაგნოზი და 4 მაისს გარდაიცვალა. 61 წლის იყო. ბოლო დაბადების დღე მასთან ერთად გავატარეთ, უკვე ეტლში იჯდა. წელს ქვემოთ მგრძნობელობა აღარ ჰქონდა. ბოლოს თავის ისეთი ძლიერი ტკივილები დაეწყო, სამ საათში ერთხელ მორფს ვუკეთებდით, მაგრამ ესეც კი ვერ უყუჩებდა ხანგრძლივად. თავში ყველაზე მეტი მეტასტაზა აღმოაჩნდა და ამიტომ.

– უთხარით მისი მდგომარეობის შესახებ?

– თავიდან ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ შელამაზებულად გვეთქვა. შემდეგ ექიმმა გვირჩია, რომ გვეთქვა - პაციენტმა უნდა იცოდეს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, იქნებ, როგორ სურს დარჩენილი დროის გატარებაო. ვუთხარით, რა სჭირდა, მაგრამ ვაიმედებდით, რომ ქიმიოთერაპია აუცილებლად გამოიღებდა სასიკეთო შედეგს. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპია ვერც დავიწყეთ. იმდენად დასუსტდა, რომ ყველა ექიმმა უარი გვითხრა. ოპერაციასაც არ ჰქონდა აზრი, სიმსივნე იმხელა ზომის იყო, რომ ამოეჭრათ, ვერ გადარჩებოდა. როგორც გვითხრეს, შეიძლებოდა, საოპერაციო ბლოკში გარდაცვლილიყო.

ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ და ამ ქვეყანაში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, მით უმეტეს ონკოლოგიის მიმართულებით. როცა მამას დიაგნოზი დაუსვეს, პირველ რიგში, ის ვიფიქრე, რომ გერმანიაში წავიყვანდი. ჩემი გერმანელი მამობილი, ორი წლის წინ გარდაიცვალა. მასაც სიმსივნე ჰქონდა, პროფესიით ექიმი იყო. მის კოლეგებს ჩემი არცერთი შოუ არ გამოუტოვებიათ. დღემდე ჩემს ძალიან ერთგულ გულშემატკივრებად რჩებიან და მათ მივმართე დახმარებისთვის. მამას ანალიზების პასუხები რომ ნახეს, მითხრეს, რომ ფრენაში დრო არ დაგვეკარგა, რომ უბრალოდ, მაქსიმალურად მის გვერდით ვყოფილიყავი. მომიწია ამ რეალობასთან შეგუება. მოვკიდებდი შვილს ხელს და ჩემს მეუღლეს ყოველდღე მამასთან მივყავდით. მამა ჰუგოს პირად ექიმს ეძახდა. შვილიშვილს რომ დაინახავდა, ავიწყდებოდა საკუთარი დიაგნოზი. იმ დღეების გახსენება მეც ძალიან მეხმარება ამ ტკივილის გადატანაში. რომ გაიგო, რა სჭირდა, ჰუგოსთან თამაშისას ამბობდა ხოლმე, ეს როგორ დამემართა, როგორ შევეგუო შვილებთან და შვილიშვილებთან განშორებასო.

ალბათ, ყველაზე დიდი სასჯელია, როცა ხვდები, რომ გარკვეული დრო გაქვს და საყვარელ ადამიანებს უნდა გამოეთხოვო. ადამიანებმა თავიდანვე ვიცით, რომ როგორც მოვედით, ოდესმე ისე წავალთ, ამას ვერ შეცვლი, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა თითქოს, ქვიშის საათს შეჰყურებ და ის შენი სიცოცხლის დღეებს გითვლის.

სანამ აპარატზე შეაერთებდნენ, მივუსწარი და ვნახე. უკვე გონს აღარ იყო, მაგრამ მისი ხელი მეჭირა და თითქოს, დამშვიდობება მოვახერხე.

ოცნებობდა მისთვის ჩამეწერა სიმღერა, რომელიც სტუდენტობის დროს დაწერა, რაც ვერ მოვახერხე. ორმოცამდე აქ ვაპირებ ყოფნას და როგორც კი ძალას მოვიკრებ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ამ სიმღერის ჩაწერა იქნება, მას, რა თქმა უნდა, მამას მივუძღვნი.

მამას ძალიან უყვარდა მუსიკა, მაგრამ მას მუსიკალური განათლება არ ჰქონია, რომ უფრო მეტი შეექმნა. ამის გამო დანაკლისის განცდა ტანჯავდა. ჩემი ყოველი გამოსვლა მისთვის დიდი ზეიმი იყო. მეუბნებოდა, ჩემს თავს ვხედავ შენში, შენ ამიხდინე ის ოცნებები, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდაო. ჩემსა და მას შორის განსაკუთრებული კავშირი იყო. სამი დედმამიშვილი ვართ, მამას ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მუსიკა კიდევ სხვანაირად გვაკავშირებდა.

რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაანალიზებ დანაკარგის სიმძიმეს. თავიდან, თითქოს, შოკის მომენტი გაქვს ადამიანს, მერე აუცილებელი ვალდებულებებისთვის გიწევს თავის გართმევა. პირველი პერიოდი იმდენი საფიქრალი გაქვს, თითქოს სრულად ვერ იაზრებ, რომ შენ მას ვეღარასოდეს ნახავ... როდესაც რეანიმაციაში იწვა, ყოველ წუთს ველოდით, რომ დარეკავდნენ და გვეტყოდნენ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო და მისი ნახვა შემეძლო.

ცხოვრება გრძელდება და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს რეალობა, მას ფეხს უწყობ. ყველაზე ცოდო ის ადამიანია, ვინც ამ ქვეყნიდან მიდის. ჩვენ ძალიან დიდ ტკივილს განვიცდით, მაგრამ ასე თუ ისე, ცხოვრებას ვაგრძელებთ. ასეთია კანონზომიერება. უფლება არ გაქვს სხვანაირად მოიქცე. ძალიან მაბრაზებს ამაზე ფიქრი – თითქოს, ადამიანი ძალიან ეგოისტია, თითქოს, გარემოებებიდან გამომდინარე, იმის უფლებაც არ გაქვს, იგლოვო, თორემ, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის. თავი ხელში უნდა აიყვანო და სიცოცხლის გაგრძელებისთვის იბრძოლო.

– დარწმუნებული ვარ, უბედნიერესი იყო, როცა შვილის საოცარ წარმატებას ხედავდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. რას ამბობდა ხოლმე ამასთან დაკავშირებით?

– მამას ძალიან ბევრჯერ არ გაუმართლა ცხოვრებაში. აფხაზეთის ომის შემდეგ, ჯერ დევნილი გახდა და შემდეგ კი ორივე მშობელი დაკარგა. უზარმაზარი სახლი და მოგონებები ფერფლად ექცა. ბებიამ ვერ გაუძლო იმას, რაც გამოიარა და გულის ინფარტით გარდაიცვალა. მასზე დარდს რამდენიმე თვეში ბაბუაც გადაჰყვა. მე მათ ვერ მოვესწარი. მიუხედავად იმისა, რომ მამა პროფესიით ეკონომისტი იყო და ომის შემდეგ მალე ბიზნესში წარმატებას მიაღწია, დედა სულ იმას იხსენებს, რომ მისთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო მშობლების ტრაგიკული გარდაცვალება. მშობლების საფლავები აფხაზეთში ჰქონდა და გული მუდმივად იქ მიუწევდა. სადაც არ უნდა წავსულიყავით, სულ უკან გვაბრუნებდა. ჯერ ზუგდიდში ვცხოვრობდით, შემდეგ თბილისში. მამას საქმიანობიდან გამომდინარე, საცხოვრებელს ხშირად ვიცვლიდით, მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყოველთვის, როცა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით, მამა ნუგეშის საძიებლად აფხაზეთში ბრუნდებოდა. „ვოისის“ შემდეგ ჩემი მშობლები თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მამა ამბობდა, რომ ჩემი წარმატებების შემდეგ ხელმეორედ დაიბადა. ამდენი მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა.

თვითონ განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. თურმე, სკოლას ამთავრებდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ბენდი შექმნა და ფულს აგროვებდნენ ინსტრუმენტების შესაძენად. ჩაის კრეფით შეგროვებული თანხა მიწაში დაუმარხავთ და ერთ დღეს, როცა ინსტრუმენტების შეძენა გადაუწყვეტიათ, სამალავი გაუხსნიათ და ცარიელი დახვედრიათ. ამ დღეს გაფრინდა ჩემი ოცნებებიო, ამბობდა ხოლმე მამა. მერე ისეთი რთული ცხოვრება ჰქონდა, მუსიკაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. როდესაც მე გამოვთქვი სურვილი, მუსიკოსობასთან დაკავშირებით, მამამ ყველაზე მეტად გააპროტესტა. მეუბნებოდა, რომ ძალიან დავიჩაგრებოდი. რომ შოუბიზნესი უსამართლოა. როცა ქართულ პროექტში რთული გამოცდილება მივიღე, იმდენად განიცადა, მითხრა, რომ ამას მეორედ ვეღარ გაუძლებდა. სულ მთხოვდა, ნურავის მისცემ უფლებას, გული გატკინოსო. იმასაც მეუბნებოდა, რომ არ შეეძლო, დავეცავი ან დამხმარებოდა ამ სფეროში წარმატების მიღწევაში, ამიტომ მირჩევდა, თავი მუსიკისგან და შოუბიზნესისგან შორს დამეჭირა.

რატომღაც, ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო. თითქოს, გული უგრძნობდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი