შოუბიზნესი

ნატალია ზარნაძე: ყოფილა სიტუაცია, როცა შემეძლო თათასთვის რაღაც უსიამოვნო ამერიდებინა, სირთულეებისგან დამეცვა, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.08, 2023 წელი

ნატალია ზარნაძე
დაკოპირებულია

ნატალია ზარნაძე ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თათა გიორგობიანის დედაა. ვისაც ქალბატონი ნატალია უნახავს, კარგად ხვდება, ვის ჰგავს თათა ულამაზესი გარეგნობით. დღეს კი გავიგებთ, როგორია მათი დედაშვილობა და როგორი გოგოა თათა, დედის თვალით.

ნატალია ზარნაძე: დედების უმეტესობას განსაკუთრებულად მოსწონს საკუთარი შვილი და ალბათ, არც მე ვარ გამონაკლისი. ეს იმის ბრალია, რომ დედა ვარ და შვილის მიმართ გამორჩეული სიყვარული მაქვს. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ განზე რომ გავდგე და ობიექტურად შევაფასო, თათა ნამდვილად კეთილშობილი ადამიანია. ვფიქრობ, ვინც მას იცნობს, ამაში ყველა დამეთანხმება. მას მართლა საოცრად კეთილი და სათნო გული აქვს. განსაკუთრებული თანადგომა და ქველმოქმედება შეუძლია, რაზეც თავად არ ლაპარაკობს. ბავშვობიდან ასეთი იყო, სხვის ტკივილს ისე განიცდიდა, როგორც საკუთარს. ხანდახან ვეუბნებოდი კიდეც, ცხოვრებაში ყველას ტკივილს საკუთარ თავზე ვერ აიღებ და ყველაფრის მთელი სიმძაფრით განცდაც არ არის კარგი-მეთქი.

– როცა ცნობილი ხარ, დიდი დოზით არის შენ მიმართ ყურადღება მომართული და კარგთან ერთად, ბევრი არასასიამოვნო ჭორიც ვრცელდება. ამაზე როგორ რეაგირებთ?

– როდესაც თათას კარიერამ ნიშანი მოგვცა, რომ ის უკვე პოპულარული ხდებოდა, გამოჩნდნენ, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტი და არაზნეობრივი ადამიანები. პირველად მაშინ შევამჩნიე, რომ თათას მიმართ ასე განწყობილი ადამიანებიც არსებობდნენ. მანამდე ვერც ვიფიქრებდი, რომ ახალგაზრდა, ლამაზ, კეთილშობილ და სიფრიფანა გოგოს როგორ უნდა გამოეწვია ბოღმა, აგრესია, ბილწსიტყვაობა და ასე შემდეგ. თავიდან ეს ორივესთვის მტკივნეული იყო, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამან დაგვჭრა ან ტრავმა მოგვაყენა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ პოპულარობა უნდა გაბედო. თუ ის შენთან მოდის, კარგად უნდა დაფიქრდე, იღებ თუ ვერა. მართალია, თათას არასდროს უცდია, პოპულარული ყოფილიყო და არც მე დამირიგებია, აუცილებლად პოპულარული უნდა იყო-მეთქი, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ ამ გზას გაუყვე, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ მას თავისი საფასური აქვს. დავრწმუნდი, რომ ფსიქიკურად ნორმალური ადამიანები სახალხოდ არ ლანძღავენ ადამიანს, ვისთან შეხებაც კი არ ჰქონიათ და დაზუსტებით მასზე არაფერი იციან. ისინი თვალს ხუჭავენ მის სიკარგეზე და უნდათ, მათმა საუბარმა მასზე, მის საქმიანობაზე, კარიერასა და ბედ-იღბალზე ცუდად იმოქმედოს. ელემენტარულად ის არ ესმით, რომ ეს ძალიან ამორალურია. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, მორალისტები იყვნენ. ამიტომ ახლა მსგავსი მომენტებისადმი აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს.

– როგორი იყო ბავშვობაში?

– „ფილოსოფოსას“ ვეძახდი. ღამეები გაგვითენებია საუბარში. ისეთ თემებზე მელაპარაკებოდა, რომლის გაანალიზებაც, ძალიან ხშირად, ზრდასრულ ადამიანსაც უჭირს. ეს იყო აბსტრაქტული და მეტაფიკიზური საუბრები სამყაროს კანონზომიერებაზე. ისეთი მიგნებები ჰქონდა, მაოცებდა. უნდოდა, თეორეტიკოსი ფსიქოლოგი გამხდარიყო, შემდეგ კი სამეცნიერო მიმართულებით გაეგრძელებინა საქმიანობა. თუმცა, რატომღაც ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა და ასპროცენტიანი გრანტი აიღო. დაამთავრა ეს ფაკულტეტი, მაგრამ საკუთარი მოწოდება გულიდან ვერ ამოიგდო და რამდენიმე წლის შემდეგ, მაგისტრატურაში ფსიქოლოგიურზე ჩააბარა. ორივემ ვიცოდით, რომ ის აუცილებლად მივიდოდა ფსიქოლოგიამდე და ასეც მოხდა.

– სიმკაცრეს იჩენდით?

– მაინცდამაინც მკაცრი დედა არ ვყოფილვარ, თუმცა თათას მიაჩნდა, რომ ვიყავი და მსაყვედურობდა ხოლმე, ასეთი მკაცრი არ უნდა იყოო. ახლაც ასე ფიქრობს (იცინის).

– შეცვალა პოპულარობამ?

– საერთოდ არა. ისევ ისეთია და შეიძლება, კიდევ უფრო ხელგაშლილი და გულისხმიერი. მიეცა იმის საშუალება, რომ უფრო მეტად დაიცვას ადამიანები, უფრო ხმამაღლა გამოექომაგოს მას, ვისაც ეს სჭირდება. ფინანსურადაც ეხმარება ადამიანებს და არა მხოლოდ, ცხოველებზეც განსაკუთრებულად ზრუნავს. არაერთხელ მოუწერიათ ჩემთვის მადლობა, როცა ნაავარიები ან მიუსაფარი ცხოველის გადასარჩენად საჭირო თანხა გაუღია. ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ. თვითონ არასდროს ამბობს ხმამაღლა, მაგრამ მე მინახავს მისი საბანკო გადარიცხვები.

– რამდენად მკაცრი ხართ, როცა საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება?

– მე არ მახასიათებს პირდაპირი მითითებების მიცემა. მგონია, რომ ადამიანს უნდა დაეხმარო იმის მიხვედრაში, თუ რა სჭირდება მას, თავისუფლება უნდა მისცე და ცხოვრებისეული მაგალითებით აჩვენო სწორი გზა. ამიტომ ვცდილობ, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ დაემართა რაღაც კონკრეტულ ადამიანს, რატომ წავიდა მისი ცხოვრება ასე, რატომ ვერ არის ვიღაც ბედნიერი ან პირიქით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ არც თვითონ ეტკინოს და არც თავად გახდეს სხვისი ტკივილის მიზეზი. ეს ხდება საუბრის და არა მითითებების დონეზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გულახდილად და ერთად ვუსწორებთ ხოლმე თვალს სიმართლეს.

– როგორც დედისერთას, არ ანებივრებდით?

– თათა დედისერთაა, მაგრამ მამისერთა – არა. მას ძალიან კარგი და-ძმა ჰყავს და ამის გამო დედისერთას აღარ ვუწოდებ. კი, მე ერთადერთი შვილი მყავს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც არ გამინებივრებია. შეიძლება, ითქვას, რომ რაღაც სიტუაციებში სპარტანული მიდგომებიც კი მქონდა. ყოფილა სიტუაცია, როცა შემეძლო, მისთვის რაღაც უსიამოვნება ამერიდებინა, სირთულეებისგან დამეცვა, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი. იქვე ვიყავი, ძალიან ახლოს და ნებისმიერ დროს შემეძლო ჩავრეულიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ ის ყველაფერს ართმევდა თავს. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან არის რაღაც, რაც მხოლოდ გამოცდილებით ისწავლება და არა რჩევა-დარიგებებით.

– ვისაც თქვენ ჰყავხართ ნანახი, ხვდება, ვის ჰგავს თათა საოცარი გარეგნობით. დედა-შვილი ხართ, მაგრამ დებს ჰგავხართ. რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?

– მთლად ერთი ასაკისას არ ვგავართ, მაგრამ ჩემი საიდუმლოს შესახებ ნამდვილად ხშირად მეკითხებიან (იცინის). პირველი და უმთავრესი განწყობაა.

15-17 წლის ასაკში რომ მესმოდა, მოვა დრო და ყველანი დავბერდებითო, ვფიქრობდი, თუ ადამიანს არ უნდა, რომ დაბერდეს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს-მეთქი? მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. განწყობა მუშაობს. ინფორმაცია, რომლითაც გაჯერებულია შენი ტვინი, გაკონტროლებს, ყველაფერს აკონტროლებს შენს ორგანიზმში. მე ძალიან დიდი რწმენა მაქვს იმის, რომ კიდევ ძალიან დიდხანს არ დავბერდები. პლუს, საკმაოდ კარგად ვიცი თავის მოვლის შინაურული მეთოდები. ვიყენებ საშუალებებს, რომელიც შეიცავს კოლაგენს. ზოგჯერ კოლაგენს ვსვამ კიდეც, რადგან ძალიან სასარგებლოა. მისი შეძენა ჩვეულებრივ აფთიაქში შეგვიძლია. ვვარჯიშობ, ვცურავ და ძალიან ჯანსაღად ვიკვებები. ხორცზე საერთოდ უარი ვთქვი ჰუმანური მოსაზრებების გამო და არა იმიტომ, რომ ლამაზი ვიყო. ვჭამ ხილ-ბოსტნეულს, ბურღულეულს, მიყვარს მწვანე ჩაი და ეს ყველაფერი კომპლექსურად იძლევა ამ შედეგს. არასდროს გამიკეთებია პლასტიკური ოპერაცია და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალშიც არ დამჭირდება. ბოტოქსისთვისაც არასდროს მიმიმართავს. ფილერი პირველად 43 წლისამ გავიკეთე, მაგრამ მასზე დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ. როდესაც პირველად მივედი სპეციალისტთან, მითხრა, არაფერი გჭირდებაო, თუმცა, ისიც ვიცი, რომ პრევენციაც მნიშვნელოვანია.

– თქვენგან განსაკუთრებული შინაგანი სიმშვიდე მოდის. ალბათ, ესეც დიდ როლს თამაშობს.

– ნამდვილად ასეა. ის, თუ როგორი ხარ შინაგანად, რა განწყობა გაქვს და რამდენად ხარ სავსე მომავლის იმედით, აუცილებლად აისახება შენზე. ერთი ექსპერიმენტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს: მოხუცთა სახლში მოხუცებს შესთავაზეს, ჩაეცვათ მოდურად და ახალგაზრდულად და კლუბში ევლოთ საცეკვაოდ. თითქოს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, ამ ადამიანების უმრავლესობის დაავადებების უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, მორჩენილი ან დამუხრუჭებული იყო. ანუ, ჯანმრთელობის პრობლემები ძველებური სიმწვავით აღარ აწუხებდათ. თავს შესანიშნავად გრძნობდნენ და თითქოს, ვიზუალურადაც უკეთ გამოიყურებოდნენ. ეს შედეგი ძალიან თვალსაჩინო იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შინაგანი განწყობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ენთუზიაზმი და კონკრეტული მიზნები მქონდა. ხოლო, როცა ადამიანს აქვს მიზნები, როცა სჯერა, რომ წინ ბევრი საინტერესო რამ ელოდება, ის არ ბერდება. უფრო მეტიც, ავადაც კი იშვიათად ხდება. ასე რომ, ჯანმრთელი, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის საუკეთესო რეცეპტია, აჰყვეთ საკუთარ ინტერესებს, ჩაეძიოთ, თუ რა გიხარიათ, რა აღგაფრთოვანებთ და მისდიოთ მას. დამერწმუნეთ, რომ ამ გზით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც და გარეგნობაც, მომენტალურად გაუმჯობესდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა