შოუბიზნესი

ნანა ცინცაძე: ადამიანი დაბადებიდან დასჯილია სიკვდილით

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.04

ნანა ცინცაძე
დაკოპირებულია

რა მიაჩნია ნანა ცინცაძეს იღბლის დამსახურებად საკუთარი მიღწევებიდან, რამდენად შრომისმოყვარეა ის და როგორ უფრთხილდება საკუთარ თავს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნანა ცინცაძე: ადამიანი ამქვეყანას რომ მოევლინები, უკვე იღბლიანი ხარ და მეც, რა თქმა უნდა, ამ მიზეზით, თავს იღბლიანად მივიჩნევ. თუმცა, საბედნიეროდ, ამის გარდა, კიდევ მრავალი მიზეზი მაქვს. ჩემი ბავშვობა, პროფესია, პოეზია, სიმღერა, ხალხის სიყვარული ჩემდამი – ეს ყველაფერი რომ გაქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, იღბალი გწყალობს.

რა წვლილი მიუძღვის შრომისმოყვარეობას თქვენს წარმატებაში?

– რაც ჩემი თავი აღმოვაჩინე, ალბათ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, იმ დროიდან მოყოლებული ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ამბობდნენ, ძალიან ნიჭიერიაო, მიმაჩნია, რომ თუ რამე გამიკეთებია, ამაში ლომის წილი შრომისმოყვარეობას მიუძღვის. დღესაც კი შრომისმოყვარეობაა ჩემთვის ყველაფრის ქვაკუთხედი. ვინმეზე რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო, ნერვები მეშლება. ნიჭიერი სიზარმაცისთვის ცოდოა, რადგან შრომისმოყვარეობის გარეშე არაფერი გამოდის.

– ხანდახან მაინც არ აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– კი, მაგრამ ესეც გამიზნულია. რაღაც მომენტში, თუ კი არ შეისვენებ, ვერ გააკეთებ ისეთი ხარისხით საქმეს, გადაიწვები. ესეც შრომისმოყვარეობის ნაწილია, ცხოვრების წესი უნდა ითვალისწინებდეს შესვენებებსაც. ამის უფლებას შეგნებულად ვაძლევ თავს.

– შეცდომებზე სწავლა თუ გამოგდით?

– შეცდომას ყველა ვუშვებთ. ძალიან ხშირად, შეცდომა მაშინ მოგდის, როცა შენს ცხოვრებაში იღებ იმ ადამიანებს, ვინც არ არის მისაღები, ამან ჭკუა უნდა გასწავლოს და სხვა დროს ასეთი ადამიანი აღარ უნდა შემოუშვა შენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე ვფიქრობ: „იქნებ, ეს ისეთი არ არის, იქნებ, ეს კარგია“ და მაინც იმავე შეცდომას ვუშვებ. თუმცა, უამრავი სხვა ტიპის შეცდომაც არსებობს. შეცდომები იმდენად მრავალფეროვანია, ერთს რომ ისწავლი და აღარ გაიმეორებ, შეიძლება, უცებ მეორე მოგივიდეს. ხანდახან შენგან დამოუკიდებლადაც მოგდის შეცდომა, სიტუაცია ბევრ რამეს განაპირობებს. როდესაც ადამიანი ხარ და გიყვარს სხვა ადამიანები, ყველაფრის მიუხედავად, ცდილობ, შანსი მისცე მათ.

– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, რაც მცდელობების მიუხედავად არ გამოგსვლიათ?

– არის რაღაც, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ამაში თავს უიღბლოდ არ ვთვლი, რადგან არც მიცდია მისი გაკეთება. რატომ უნდა დავიწყო ისეთი საქმის კეთება, რაც არ ვიცი? ძალიან არ მიყვარს „ყველაფერჩიკები“. არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, ყველაფრის გაკეთება სცადოს. მე რომ პრიმაბალერინობა მოვინდომო, როგორი იქნება?! ასეთ რამეზე არც ვფიქრობ და მერე გულიც არ მწყდება. ვერც ოპერის მომღერალი გავხდები – ესეც ვიცი და არ მექნება საამისო მცდელობები და გულის წყვეტა. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი შესაძლებლობები და ისინი გამოვიყენოთ მაქსიმალურად. უტოპიაა, როცა იცი, რომ არ გამოგივა და მაინც ცდილობ. მე ასე არასდროს ვიქცევი. საფუძველი უნდა მქონდეს, რომ ზედ რამის შენება დავიწყო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი გამიკეთებია, რაც მომინდომებია. შეიძლება, გეგონოს და არ გამოგივიდეს, შეიძლება, ნაწილობრივ გამოგივიდეს – ჩემთვის არაფერი ადამიანური არ არის უცხო – არც დაცემა, არც ამაღლება, ამიტომ საქმის დასაწყისში იმასაც არასდროს ვამბობ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა.

– როგორ ხვდებით რთულ პერიოდებს და რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც მარტო ვუვლიდი მძიმე ავადმყოფ ძმას, ცუდად მყოფ დედას და მოხუც მამას. ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამის დავიწყება არ შეიძლება. ყოველ საღამოს, როდესაც ვწვებოდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მე ყველაფერს შევძლებდი. ძალიან მშველოდა „ქარწაღებულიდან“ სკარლეტ ოჰარას სიტყვები „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს“. წარმოუდგენლად მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ ამბობენ, რომ ცუდად არ გავართვი თავი. საბოლოო ჯამში, დავმარცხდი ამ ბრძოლაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯე სიყვარულსა და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. აქ არ ვგულისხმობ მატერიალურ შესაძლებლობებს, ადამიანურ რესურსზე მაქვს საუბარი, რაც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური რესურსი.

– გამოდის, თვითონ ხართ თქვენი თავის მოტივატორი?

– ჰემინგუეის წიგნის სათაურით გიპასუხებთ „განუყრელი დღესასწაული“. მე ვფიქრობ, რომ დღესასწაული ყოველთვის უნდა იყოს ჩემთან და ყველაზე ლამაზ დღესასწაულს თვითონ ვუწყობ საკუთარ თავს.

– მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც უფრთხილდება საკუთარ თავს – იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა?

– მოგეხსენებათ, პროფესიით ექიმი ვარ, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ექიმები არიან და თითქმის ყველა იჩენს სიფრთხილეს, მაგრამ მე ძალიან მშიშარა ვარ. მთებს გადავდგამ თუ არაფერი მაწუხებს, მაგრამ საკმარისია, პატარა რამემ შემაწუხოს, მაშინვე ყველაზე მშიშარა ადამიანი ვხდები მთელ მსოფლიოში (იცინის). თუნდაც, მცირედით ამიწიოს წნევამ, ესეც საკმარისია. ამ დროს ჩემს თავს ველაპარაკები: შეიძლება, გაზომვისას ვინერვიულე და ამიტომ ამიწია; არა გრცხვენია, ნანა, შენ ხომ კარგი გოგო ხარ, ორ წუთში გაიზომავ და არაფერი აღარ იქნება-მეთქი. აი, ამ დონეზე მშიშარა გახლავართ (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ჩემს თავს ძალიან ვუფრთხილდები, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ნამდვილად ვცხოვრობ. ყავაზეც არ ვგიჟდები, არც სასმელს ვსვამ. ერთი ჭიქა ნატურალური ღვინო მიყვარს, იმიტომ, რომ სისხლძარღვებს წმენდს. სიგარეტს არ ვეწევი, დავდივარ ფეხით, ვვარჯიშობ. გარდა ამისა, არასდროს არავის ვახვევ ნეგატივს. შეიძლება, ბევრი ადამიანი არ მიყვარს, მაგრამ მინდა, რომ ყველა კარგად იყოს. ადამიანი დაბადებიდან დასჯილია სიკვდილით, ამიტომ მე რატომ უნდა ვუსურვო ცუდი?! ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს თავის გზაზე, ვისაც მე არ მოვწონვარ, ოღონდ, უჩემოდ. მე მიყვარს ერთი სიმღერიდან შემდეგი სიტყვები: „ვისაც მე ვუყვარდი, მეც ის შევიყვარე“.

ვდილობ, სასიამოვნო ადამიანებთან ვიურთიერთო. ვინც დასაკარგია, ის უნდა დაიკარგოს. თურმე, ასეა საჭირო. ვინც შენს ცხოვრებას ალამაზებს, ვინც არ უნდა იყოს შენთვის, მასთან ერთად სტრესიც ადვილად გადაგაქვს და სირთულეებიც. მე ასე ვარ. გაზიარება კარგად მოქმედებს ადამიანზე, ყველანაირი თვალსაზრისით და მეც ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა