შოუბიზნესი

ნანა შონია: ინგლისში ისეთი დღესასწაული მომიწყვეს, თავი დედოფალი მეგონა

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 28.04

ნანა შონია
დაკოპირებულია

ნანა შონია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე ძალიან უყვარს და ყოველთვის ცდილობს, ეს დღე საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნოს.

ნანა შონია: ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატება, ჯერ მაინც მიყვარს ეს დღე და მერე რა იქნება, არ ვიცი (იცინის). სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ასაკი ისედაც გემატება და დაბადების დღე რატომ არ უნდა გიყვარდეს?! თუ არ გეყვარება, რა? რამე შეიცვლება?! საერთოდ, მე იმ მოვლენების წინაშე, რომელსაც ვერაფერი შეცვლის, მორჩილი ადამიანი ვარ.

საერთოდ კი, კარგია, რომ ასაკი გემატება და ბერდები, ესე იგი, დიდხანს ცოცხლობ. მე თუ მკითხავთ, ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღო, რაც ბუნების კანონია.

– „ვაიმე, ნაოჭი, ჭაღარა“ – მსგავსი შეშფოთებები არ გახასიათებთ?

– როგორ არა და ესეც ნორმალურია. მე არ მსიამოვნებს თმის შეღებვა, ეს ჩემთვის ტანჯვაა. საერთოდ არ მიყვარს სალონში ჯდომა, მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის დროის ფუჭი ფლანგვაა. ზოგადად, არ ვარ თავის მოვლის პროცედურების დიდი მოყვარული, მაგრამ რაღაც-რაღაცების გაკეთება მაინც მიწევს. საჭიროა და იმიტომ, მით უმეტეს, როდესაც ეკრანზე ხარ, ასე თუ ისე, ნორმალურად მინდა, გამოვიყურებოდე. ასე რომ, არ მიყვარს, მაგრამ რაც საჭიროა, მაინც ვაკეთებ.

– როგორ აღნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეს?

–ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის სახლში, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. თუ ქალაქში ვარ, აუცილებლად ასეა. ჯერ არ მომხდარა, რომ დაბადების დღე არ აღმენიშნოს. ძალიან მიყვარს, როცა ჩემთან მოდიან სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ ვიღლები, ხან რას ვაკეთებ, ხან – რას, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მიყვარს ჩემი მეგობრების სახლში გამასპინძლება.

– განსაკუთრებულ საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?

– განსაკუთრებული საჩუქარი ჩემთვის ჩემი შვილის მიერ ნაჩუქარი ნაკეთობაა, რომელიც მისივე შესრულებულია. ჩემი შვილი ხისგან აკეთებს ძალიან საინტერესო ნამუშევრებს და დედისთვის ყველაზე ძვირფასია შვილის მიერ შესრულებული თუ ნაყიდი საჩუქარი. მახსოვს, ერთხელ, ძვირფასი ქვა იპოვა, ლამაზი თვალი იყო და მაჩუქა. მაშინ პატარა იყო და მითხრა, შენ ეს წაიღე ოქრომჭედელთან და ბეჭედი გააკეთებინეო. შემჩნეული ჰქონდა, რომ მე მიყვარს ასეთი რამეები – ბეჭდები, ქვები, ოქრომჭედელთან მისვლა და ასე შემდეგ. ის ქვა დღემდე შენახული მაქვს. მართალია, ოქრომჭდელთან ვერ მივიტანე, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს და ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარია.

– ამ დღეს, წარსულთან დაკავშირებით, სინანულნარევი ფიქრები გაქვთ იმის გამო, რომ რაღაც, რისი გაკეთებაც გინდოდათ, არ გააკეთეთ, ან პირიქით?

– ეგ ნორმალურია. მგონი, ყველას აქვს და მათ შორის მეც, როგორ არა. სულ ვფიქრობ, ნეტა, ეს ასე გამეკეთებინა, ეს არ გამეკეთებინა-მეთქი და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, ეს ფიქრები, მაინცდამაინც მნიშვნელოვან საკითხებს არ ეხება და ამიტომ, არა უშავს. ისე კი, ბევრი რამ მინანია. მე ძალიან მჯერა ადამიანების და ვენდობი მათ. ჩემი სინანული, ძირითადად, ამ მიზეზით არის გამოწვეული. მეუბნებიან ხოლმე, შენ ყველასი გჯერაო და კი, მჯერა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს. დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ადამიანებთან ფრთხილად იყავი, დისტანცია დაიცავი, ყველას ნუ ენდობიო... მე ეს არასდროს მესმოდა და ამიტომაც გამოვცადე გულისტკენა, თან არაერთხელ. თუმცა, ესეც ნორმალურია, ეს ყველას გამოუვლია.

– ამ არასასიამოვნო გამოცდილებებმა არ შეგცვალეს?

– არა, საქმეც მაგაშია (იცინის). ისევ ისე ვენდობი ადამიანებს. მერე, გვიან მახსენდება ხოლმე: ნანა, ასე არ შეიძლება! მაგრამ თავიდან მაინც, ისევ ისეთი მიმნდობი ვარ, როგორც ყოველთვის. რა ვქნა, ადამიანები ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა, კარგები იყვნენ, მათი ნდობა შეიძლებოდეს. სულ იმედგაცრუება კი არ არის, ძალიან ბევრჯერ გამმართლებია კიდეც. ბევრი მეგობარი შევიძინე საკმაოდ დიდ ასაკში. შენ რომ ამ ასაკში იძენ მეგობარს, ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ეს მარტივი არ არის.

– ამ კუთხით არ შეცვლილხართ, მაგრამ სხვა მხრივ, რა ცვლილებებს გრძნობთ საკუთარ თავში?

– ზედმეტად ემოციური ვარ. ყოველთვის ასეთი ვიყავი, მაგრამ ახლა რაღაცებს ცოტა სხვანაირად ვაანალიზებ, უფრო მეტად მივუტევებ ადამიანს, უფრო მეტად მესმის მათი. ვგრძნობ, რომ ასაკმა უფრო მეტად მიმტევებელი გამხადა. ეს ძალიან სასიამოვნოა, როცა ამის უნარი გაქვს, უფრო ღია ხარ განვითარებისთვის, ადამიანი კი სიცოცხლის ბოლომდე ვითარდება.

ადამიანს შეიძლება, რაღაც გეწყინოს, ეს ნორმალურია, სრულიად ადამიანურია, მაგრამ გულში არ უნდა ჩაიხვიო. თუ შეგიძლია, გულში არ ჩაიდო და ამან შენში ცუდი განწყობები არ გააჩინოს, ძალიან კარგია. ზოგი ბუნებრივად არის ისეთი გულის, რომ არ გაბოროტდება, მაგრამ თუ ხვდები, რომ შენს გულში წყენა იბუდებს, ამას აუცილებლად უნდა შეებრძოლო. ეს ისევ შენთვის აჯობებს, უფრო ბედნიერად იცხოვრებ, ჰარმონიულად იგრძნობ თავს.

– რომ შეგეძლოთ ცხოვრების რამდენიმე წლით უკან გადახვევა, რამეს შეცვლიდით?

– კიდევ ერთ შვილს გავაჩენდი. ვნანობ, რომ ასე არ მოვიქეცი. უცნაურია, არა? ვნანობ, რომ კიდევ ერთი შვილი არ გავაჩინე და ამაყი ვარ იმით, რომ მეორე მაინც გავაჩინე. მესამეც ძალიან მინდოდა. შვილი დიდი სიხარულია, თუმცა, რთული პასუხისმგებლობაცაა.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდებათ?

– ვაიმე, მამაჩემი დილით შემოვიდოდა ჩემს ოთახში, ხან ფულს მჩუქნიდა, ხან იმას, რაც ძალიან მიყვარდა. ყოველთვის მოჰქონდა დიდი ტორტი, ზედ ვარდებით. იმდენი ყვავილი იყო, რამდენი წლისაც ვხვდებოდი. მე სასწაული მშობლები მყავდა. დღემდე მიკვირს, როგორ იყვნენ ასეთები. შეიძლება, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი მშობლები იყვნენ... მაგრამ, არა, მართლა ძალიან კარგები იყვნენ.

ყველაზე მეტად უმათობას განვიცდი. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მიჭირს. დროის სვლასთან ერთად, ვიცი, რომ ვუახლოვდები მათთან შეხვედრას, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს მათ გარეშე.

– გახსენდებათ ისეთი დაბადების დღე, როცა რთულ სიტუაციაში იყავით და შეიძლება, სადღესასწაულო განწყობაც არ გქონდათ?

– მე კოვიდის დროსაც გადავიხადე დაბადების დღე. ჩემი დაბადების დღე 3 ივნისსაა და ქვეყნის მეგობრები მოვიდნენ, ზოგი აცრილი, ზოგი აუცრელი, მათი გამიჯვნა არ დამიწყია. ძალიან ბევრნი ვიყავით და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ. როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავ, თუმცა იყო ერთი დაბადების დღე, მაშინ მამაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და არაფრის ხალისი არ მქონდა. ერთადერთი ეს მახსენდება, როცა ამ დღის აღნიშვნაზე უარი ვთქვი. ბოლომდე მაინც არ გამომივიდა, რამდენიმე მეგობარი მაინც მოვიდა, მე ჩემს დებთან ერთად ვცხოვრობ, სახლშიც ბევრი ვართ და მთლად აღუნიშნაობაც არ გამოვიდა, განწყობა მაინც შემიქმნეს.

– რომელი დაბადების დღე დაგამახსოვრდათ ყველაზე გამორჩეულად?

– ინგლისში ვიყავი გასტროლზე და საოცრება მომიწყვეს ინგლისელებმა. მას შემდეგ, ალბათ, 30 წლამდე იქნება გასული, მაგრამ ისეთი დღესასწაული მომიწყვეს, თავი დედოფალი მეგონა და ეს არასდროს დამავიწყდება. ჩვენთან დამეგობრებული ადგილობრივი თეატრალური დასის წევრებმა რომ გაიგეს, ჩემი დაბადების დღე იყო, გეგონება, რამე განსაკუთრებული მოვლენა ყოფილიყოს, ისე აღმინიშნეს. ვერც გადმოვცემ, რა ამბები დაატრიალეს, ძველებურ სასახლეებში წამაბრძანეს და გრანდიოზული დღე მომიწყვეს. იმდენად გრანდიოზული, რომ ქუჩაშიც კი მილოცავდნენ დაბადების დღეს. პატარა ქალაქში ვიყავით, მაგრამ მაინც ძალიან მიკვირდა, ეს როგორ მოახერხეს. ეს დაბადების დღე არასდროს დამავიწყდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა