ნანა მელქაძე: ყოველთვის ვგრძნობდი ღალატს, შურსა და ორპირობას საახლობლოსგან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00
ნანა მელქაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ნანა მელქაძე?
ნანა მელქაძე: პირველ რიგში – ადამიანი, უკონფლიქტო, ერთგული, სანდო, სამართლიანი და მშვიდი. ხელოვანი – პროფესიით დიზაინერი.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– გარკვეულ ასაკში, როცა ფართო ასპარეზზე გადიხარ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, უამრავი ოცნება და მიზანი გამოძრავებს. ვიტყოდი, რომ ყველაფერი, რაზეც გულითა და სულით მიოცნებია, უკლებლივ ამსრულებია. ერთი ასრულებული ოცნების შემდეგ, კიდევ უფრო გინდება დანარჩენებიც რეალობად აქციო. სურვილები კი უთვალავია, მეტი და მეტი გიჩნდება. ის, რაც უკვე გააკეთე, აღარ გაკმაყოფილებს. მე ავისრულე ჩემი ოცნებები, მაგრამ მთავარი კიდევ წინ მაქვს. მჯერა, როდესაც ადამიანი გონივრულად მიუყვება საკუთარ გზას, იცის, რა უნდა, შესაბამისადაც მოქმედებს. მე ბევრჯერ დამიწერია ფურცელზე – რა მინდა, რა არ მინდა და შესაბამისი გზებით მივდივარ. რა თქმა უნდა, შეცდომებსაც ვუშვებ, მაგრამ მაინც სწორ გზაზე ვრჩები და სასურველი შედეგი აუცილებლად დგება.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და ემოციურობით გამოვირჩევი, თუმცა ამას არასდროს ვიმჩნევ. სხვათა შორის, მალე გადამივლის ხოლმე, ემოციური ფონი დიდხანს არ მიმყვება.
გულჩვილობას რაც შეეხება, ყველა ადამიანისთვის კარგი მინდა. თუ გაჭირვებულს ვხედავ, ჩემს საქმეს გადავდებ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასახმარებლად.
– რის გამო გიტირიათ ბედნიერების ან მტკივნეული ცრემლით, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– ჩემს ცხოვრებაში იყო შვილის გარდაცვალებით, შემდეგ კი შვილის დაბადებით გამოწვეული ცრემლი. მე ერთადერთი შვილი გარდამეცვალა, მაგრამ ჩემი ცრემლი ბევრს არ დაუნახავს იმ მდგომარეობაშიც კი. მე არ მიყვარს თამაში, მართალი ადამიანი ვარ, რასაც ვგრძნობ, იმას ვაკეთებ. იმ მდგომარეობაში გავშეშდი, გავქვავდი. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მერე უფრო იჩინა თავი ემოციებმა, მაგრამ მაგ დროს ჩავიკეტე. ცრემლიც იყო, მაგრამ არავის უნახავს.
ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ უკვე ბედნიერების ცრემლით ვტიროდი, როდესაც ჩემი მეორე შვილი – ირაკლი დაიბადა. ის რომ დაიბადა, სულ არ მაინტერესებდა დაინახავდნენ თუ არა ჩემს ცრემლს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. გულში ჩავიკარი და ვფიქრობდი, მე შენ მაგარ ვაჟკაცად უნდა გაგზარდო, ძალიან გაგიფრთხილდები–მეთქი.
პირველ შვილთან მიმართებაში მე ჩემს თავს ვადანაშაულებ. მართალია, მას მეტი ყურადღება ჰქონდა ჩემგან, მთლიანად ჩემი აღზრდილი იყო, მაგრამ რაც არ მინდოდა, ის გავაკეთე. არ მინდოდა, დამეტოვებინა, მაგრამ მაინც ასე მოვიქეცი. ჩემი ბოლომდე ვერ გავიტანე, არადა, ვგრძნობდი, რომ არ უნდა დამეტოვებინა. ამიტომ მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ მეორე შვილთან მიმართებაში ყოველთვის იმას გავაკეთებდი, რასაც გული მიგრძნობდა. ვიცი, რომ რასაც გული მიგრძნობს, ის უტყუარია.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– მე უკვე ბევრჯერ მოვიგე ლატარია (იცინის). ერთი საკერავი მანქანით დავიწყე ეს საქმე და დღეს შემდგარი ადამიანი ვარ, ეს ძალიან დიდი მოგებაა.
თუ პირდაპირი გაგებით მოვიგებდი ფულს, ძალიან ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი. ახლაც ვეხმარები, მაგრამ ამაზე არ ვყვირი, ახლა აღვნიშნე თქვენთან კითხვიდან გამომდინარე. ვის დახმარებასაც საჭიროდ ვთვლი, მას შეიძლება, ისე დავეხმარო, რომ თვითონაც ვერ გაიგოს. თუ დიდ თანხას მოვიგებდი, დავეხმარებოდი ობლებს, მოხუცებს, სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლ ადამიანებს...
– რას მიიჩნევთ თქვენს მცდარ ნაბიჯად?
– ბევრჯერ გადამიდგამს მცდარი ნაბიჯი. მაგალითად, სამსახურში დამისაქმებია მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ძალიან არასწორადაც მოვქეულვარ, რადგან მივხვდი, რომ ადამიანებს უმადურობა ახასიათებთ, რაც ყველაზე ცუდი თვისებაა. არ მიყვარს ღალატი, შური. არადა, საახლობლოსგან, რატომღაც, ყოველთვის ვგრძნობდი ღალატს, შურსა და ორპირობას. ზოგადად, მე ყველა ადამიანი მიყვარს, გარდა ერთი ადამიანისა. ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მიყვარს და ის ღმერთს მივანდე.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ღალატის დროს. ასევე, სასტიკი ვარ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩემს შვილებს უსამართლოდ მოექცევა. მე ყველა ბავშვი მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი შვილი გარდამეცვალა, ოთხი წელი მარტო ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი, თუ შვილები მეყოლებოდა. ღმერთის ნებით, ორი ვაჟკაცი შემეძინა, მაგრამ მანამდეც, იმ რთულ წლებში, ყველა ბავშვი მიყვარდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არავინ არ უნდა შეეხოს სხვის შვილებს. მით უმეტეს, ჩემთვის შვილი, ჩემი წარსულში მომხდარის გამო ხელშეუხებელი თემაა. მე არავის ვაწუხებ ჩემი წარსულით. ეს ჩემს გულშია, ცხოვრებას ვაგრძელებ, ვხალისობ, ვიცინი, შვილებს ვპატრონობ, მეგობარი ვარ, საქმეს ვაკეთებ... მაგრამ არასდროს არავის ვაპატიებ ჩემს შვილებთან უსამართლოდ დაპირპირებას. ამ დროს ძალიან საშიში ვარ, შემიძლია, სისასტიკე ჩავიდინო.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– მეორე ოჯახი დამენგრა, მაგრამ ამის გამო თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ. პირიქით, ბოროტებაზე გავიმარჯვე.
იცით, როდის დავმარცხდი? როცა შვილი დავკარგე. მაშინ ვიყავი ყველაზე უსუსური. ის ჩემი აღზრდილი იყო, დიდი ამაგი მქონდა ჩადებული.
რაც შეეხება ცხოვრებისეულ მარცხებს, ასეთი ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება. კარდიოგრამის მაჩვენებლები ხომ გვინახავს, ხან ზემოთ ადის, ხან ქვემოთ ჩამოდის. ეს სიცოხლეს ნიშნავს და ის ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს. დაეცი? ადექი და გზა განაგრძე. ამ პროცესში იწვრთნება ადამიანი. ისიც ხომ ვიცით, რას ნიშნავს სწორი ხაზი კარდიოგრამაზე?! ეს სიკვდილის მაჩვენებელია. ადამიანს დაცემა აძლიერებს, ერთ ადგილზე ყოფნა ასუსტებს. ზოგს მარცხი დამაზიანებლად მიაჩნია, მე კი ვფიქრობ, რომ ის ჩემთვის ძალიან კარგია. ცუდი მხოლოდ უმოქმედობაა. მარცხის შემდეგ განცდილი გამარჯვება უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ, ნებსმიერ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იმოქმედო.
ჩემი გამარჯვება ისაა, რომ მე, პატარა გოგო, 19 წლის, ჩამოვედი თბილისში, ერთი საკერავი მანქანით, თან ვსწავლობდი და შვილიც თან დამყავდა ლექციებზე. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შევქმენი. ამას ბევრი ვერ შეძლებდა, მით უმეტეს, იმ ტრაგედიის ფონზე, რაც გადავიტანე. თან, ამ დროს გვერდით არავინ მყავდა, მშობლებიც კი. ეს საშინელება იყო. ყველას ვეუბნები, მშობლებს გაუფრთხილდით-მეთქი. იმ ყველაზე მძიმე მომენტში მე სრულიად მარტო ვიყავი. ერთი ლარიც კი არავის მოუცია ჩემთვის ამ გზაზე. ძალიან თავმოყვარე ვარ. იყო პერიოდი, როცა ძალიან მიჭირდა, მაგრამ ეს არავის გაუგია. ვარჩიე მეშრომა და ყველაფერი ამის შედეგად მქონოდა.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?
– ამ ცხოვრებაში არაფრის მეშინია, არც სიკვდილის. სიკვდილს სასწაულად ლამაზად შევხვდები. იქ უამრავი ადამიანი მელოდება. ცხოვრება ასეთია, ადრე თუ გვიან სრულდება და მას ღიმილით უნდა გამოეთხოვო. უნდა შეძლო და სიკვდილს თვალებში ჩახედო.
არაფრის მეშინია, მაგრამ ფრთხილი ვარ შვილებთან მიმართებაში. იმან, რაც გამოვიარე, დამაკომპლექსა. ერთხელ, როცა ჩემი პატარა შვილი რვა წლის იყო, სკოლიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ დაეცა და ფაქტობრივად, ტუჩი მოგლეჯილი ჰქონდა, სისხლი სდიოდა. ტელეფონი გავთიშე და სკოლაში გავვარდი. მსგავსი ზარი იყო ჩემს პირველ შვილთან დაკავშირებითაც და სულ ეს მიტრიალებდა თავში. ოღონდ ჩემი შვილი დამენახა, მეტი არაფერი მინდოდა. თუმცა, ისტერიკა არ მახასიათებს, მშვიდად მივედი, ბავშვი დავინახე, წავიყვანეთ კლინიკაში და ორსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მე იმ რამდენიმე საათის განმავლობაში უდიდესი შიში გამოვიარე. თუმცა თან მშვიდად ვიყავი, იქით ვაწყნარებდი პედაგოგებსა და დირექტორს. რადგან შვილი ცოცხალი დავინახე, უკვე ძალა მომეცა.
– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც ცხოვრებაში შეჯახებიხართ...
– ალბათ, ყველას უნახავს ფილმი „მონანიება“. ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს ერთი ვარლამი, რომელიც აუცილებლად დაისჯება. მისი თავი ღმერთს მივანდე. თუ ამას წაიკითხავს, აუცილებლად მიხვდება, რომ მასზე მაქვს საუბარი.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– რატომაც არა, საამაყო მაქვს. ვამაყობ ჩემი შვილებით და ლაღად და ბედნიერად ვცხოვრობ მათთან ერთად. წარსულში დიდი ტკივილი განვიცადე და ეს გულში მუდმივად რჩება. ყველაფერი გადახარშული მაქვს და დახურულიც, მაგრამ საუბარში მოდის ეს თემა. მშვიდად ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩემს კოლექციებს დიდი სიყვარულით ვამზადებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





