შოუბიზნესი

ნანა ჩარკვიანი: მოგონებები არ მაკავშირებს, როგორიც სხვა ბავშვებს მამებთან, მაგრამ მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ

№14

ავტორი: ეკა პატარაია 18:00 13.04, 2021 წელი

ნანა ჩარკვიანი
დაკოპირებულია

ამ გოგონას საზოგადოება სოციალური ქსელებით უკვე იცნობს. „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ ძალიან აქტიურია, გარდა ამისა, წერს მუსიკას და თავის ნამუშევრებს, პატარ-პატარა კლიპების სახით, „იუთუბი“ არხზე დებს. თავს ინდივიდუალურ ადამიანად მიიჩნევს, არ უნდა, რომ ცნობილი ოჯახის ჩრდილქვეშ იყოს და იცნობდნენ, როგორც ცნობილი მამისა და დედის შვილს. რამდენიმე წელი ლონდონში სწავლობდა, მაგრამ ბოლო პერიოდი საქართველოშია. მოკლედ, მე ახლა ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს 18 წლის ქალიშვილზე ნანა ჩარკვიანზე გიყვებით, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო გოგოა, საკმაოდ განათლებული და მოაზროვნე. ბაბუამ, გელა ჩარკვიანმა, მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ბევრი რამ ასწავლა, პირველ რიგში, ინგლისური ენა. მათ ერთმანეთთან უფრო ახლო – მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობაა. ჩვენი ეს ინტერვიუ ნამდვილად დაგარწმუნებთ მის კარგ განათლებასა და აღზრდაში.

– ნანა, პატარა იყავი, როცა ირაკლი დაიღუპა, თუმცა მგონია, რომ ყველაფერი გახსოვს, რადგან არაორდინარული ადამიანი იყო, ყოველთვის გამორჩეული, არა მხოლოდ მუსიკით, ვიზუალით, არამედ თავისი მოქმედებებით, თვისებებით, რაც მის ყოველდღიურობაში კარგად ჩანდა, ჩანდა, როგორი საინტერესო იყო.

– ირაკლი ფიზიკურად არ მახსოვს, მაგრამ მისი მენტალური სურათი თავში ბავშვობიდან მაქვს. მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორიც სხვა ბავშვებს – მამებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ვთვლი, რომ ირაკლისთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.

– როგორი ახლო? ბევრი ვიცი, გარდაცვლილს აწმყოში იხსენებს, რადგან ასე უნდა, ასე გრძნობს და ალბათ, ასეც არის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები ფიზიკურად ჩვენთან არ არიან, მაგრამ სულიერად არასოდეს გვტოვებენ, სულ თავს დაგვტრიალებენ. რა არის ეს შენთვის, მისი აწმყოში არსებობა?

– ცნობიერად არაფერი მახსოვს გარდა მისი ზურგისა, მაგრამ მისი სიღრმე და უვადობა საოცრად მავსებს. ირაკლი ჩემთვის დიდი მოტივაციაა! ის ჩემი სულიერი თანამგზავრია.

– რით ჰგავხართ ერთმანეთს?

– ხშირად მეუბნებიან, რომ მისი თვალები მაქვს. მიხარია – ძალიან ღრმა თვალები ჰქონდა. ქეთათო ხანდახან ძალიან მამსგავსებს და ფოტოებს მიღებს.

– დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, როგორ ფიქრობ, როგორი ურთიერთობა გექნებოდათ?

– რთულია ამაზე საუბარი. ნებისმიერი ადამიანის პროგნოზირება მერთულება, მით უმეტეს, ირაკლი ჩარკვიანის. დარწმუნებული ვარ, არ მოგვაწყენდა.

– შენ, ფაქტობრივად, ბებია-ბაბუასთან გაიზარდე. რატომღაც მგონია, რომ ბატონი გელა ძალიან კარგად ეწყობა ახალ თაობას. მან ბევრი რამ გასწავლა და გაგხადა ისეთი სწავლული უკვე ამ ასაკში, რომ ბევრი ინატრებდა ასეთ ბაბუას. ძალიან თანამედროვე ადამიანია. როგორ უყურებს ის შენს გატაცებებს, აზროვნებას, სურვილებსა და მოქმედებებს, უკვე ვიცით, მაგრამ როგორია შენთვის მასთან ურთიერთობა?

– ჩემი და გელას ურთიერთობა წლებთან ერთად ძალიან იხვეწება. უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩვენ შორის დიალოგები ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანია. შეიძლება, ვახშმის მენიუს შერჩევიდან ფილოსოფიის ან პოლიტიკის განხილვაზე გადავიდეთ. ყოველთვის ვცდილობთ, არ მოვიწყინოთ. ჩემმა ბებია-ბაბუებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში. მადლიერი ვარ, რომ გელა და გულიკო (მეორე ბებია – დედის მხრიდან) სულ ჩემთან არიან.

– როგორია ირაკლი ჩარკვიანის შვილის სამომავლო გეგმები, რას უკავშირდება?

– ამჟამად აბიტურიენტი ვარ. უცხოეთში წასასვლელად ვემზადები. სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმიღეს, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ყველა პასუხი რომ მომივა, მაშინ გადავწყვეტ, სად წავალ. ეს არ არის მარტივი პროცესი, გინდ მენტალურად, ფინანსურად თუ ფილოსოფიურად, მაგრამ მიხარია ახალი თავგადასავალი, რომელიც ამ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენი ხანია, ახალი მუსიკა არ დამიდევს, მაგრამ „ფარდებს“ უკან ვმუშაობ და ვერთობი. ხანდახან სოციალურ ქსელებში ვწერ ტვინში წამიერად გაელვებულ იდეებს და იშვიათად ფუნჯითაც ვჯღაბნი ტილოზე. რაც შეეხება ისევ სამომავლო გეგმებს, ალბომზე ვმუშაობ და ალბათ, მალე ჩაწერასაც დავიწყებ, მაგრამ ჯერ არ გავამხელ, სად.

– ოჯახში არის ვინმე ისეთი, ვისაც შენი არ ესმის და სულ შენიშვნებს გაძლევს?

– ძალიან ვამაყობ ჩემს ოჯახთან ჩამოყალიბებული ურთიერთობებით, რადგან ჩემს თანატოლებთან არცთუ ისე ხშირია მსგავსი მეგობრული, ინტელექტუალური მზრუნველი, გამგები და ჯანმრთელი ურთიერთობები.

– ყველაზე მეტად რა გინდა?

– მინდა, ბევრი ვისწავლო, ბევრი გავერთო და ბევრი ვიფიქრო – იქნებ გავუგო რამე ამ ცხოვრებას.

– წარმოგიდგენია, შენ რომ სხვა, ძალიან უბრალო, ჩვეულებრივ, არაცნობად და არაინტელიგენტურ ოჯახში დაბადებულიყავი, როგორი ცხოვრება გექნებოდა?

– ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს გენეტიკას, გარემოს, კულტურას, ამინდსაც კი, ამიტომაც, სიამოვნებით ისევ ის ნანა ვიქნებოდი, რაც ვარ. არ ვიცი, მაგრამ, მგონი, გამიმართლა, რომ ზუსტად აქ, ამ ოჯახში დავიბადე და ასეთ დროს! ვერც წარმომიდგენია, სხვანაირად ყოფილიყო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა