მზია გეწაძე: ყოველდღე ვნანობ, რომ ოჯახი მეორედ არ შევქმენი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:41
მზია გეწაძე იმ ადმიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე განსაკუთრებულად უყვარს და ყოველთვის ცდილობს, ამ დღეს დადებითი განწყობა ჰქონდეს. ქალბატონი მზია ახლახან 56 წლის გახდა და ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები გაგვიზიარა.
მზია გეწაძე: დაბადების დღე 25 იანვარს მაქვს და ეს დღე ძალიან მიყვარს. შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვცდილობ, ხან ოჯახის წევრებთან აღვნიშნო, ხან მეგობრებთან ერთად. თუ ვმუშაობ, მაშინ აღნიშვნა არ გამომდის, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ ხოლმე. წელსაც ვმუშაობდი. რესტორნიდან საღამოს საათებში გავთავისუფლდი, ჩემმა მეწყვილემ – საბა საფარელმა და მისმა მეგობარმა სამსახურში მომართვეს ტორტი, სანთელი ჩამაქრობინეს და სურვილიც ჩავიფიქრე. ვარდების თაიგულითაც გამახარეს. საღამოს სახინკლეში, შემდეგ კი ჩვენ სამეულმა სახლში გავაგრძელეთ აღნიშვნა. ოფიციალურად არ გადამიხდია, რადგან დატვირთული სამუშაოს შემდეგ ამის ენერგია აღარაა.
– ამ დღის სიყვარული, ალბათ, ბავშვობიდან მოდის.
– როგორ შეიძლება, დაბადების დღე არ გიყვარდეს. გამიგია, რომ ზოგს არ უყვარს ეს დღე და არც აღნიშნავს. არადა, ჩემი აზრით, შენს თავს თუ თვითონ არ სცემ პატივს, ამას ვერც სხვისგან დაიმსახურებ. შეიძლება, ამ დღეს რაღაც განსაკუთრებული არ გააკეთო, მაგრამ ელემენტარულადაც შეიძლება, თავი გაიხალისო.
დილით ავდექი, სანთელი ავანთე, ვილოცე და უფალს მადლობა ვუთხარი, რომ კიდევ ერთი წელი მაჩუქა. ზოგი ტაძარში მიდის, რომ მამაომ დალოცოს, სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვასწარი.
შარშან 55 წლის გავხდი და მთელმა სამეგობრომ ძალიან პომპეზურად აღვნიშნეთ. მომღერლები, მოცეკვავეები, პიანისტები ვიყავით შეკრებილი, საოცარი საღამო იყო – სათითაოდ ავდიოდით სცენაზე და მთელი რესტორანი ჩვენ გვიყურებდა. მართლა პომპეზური დღე გამოვიდა, ეს ისეთი საიუბილეო თარიღი იყო, რომ მართლა უნდა აღმენიშნა და ასეც მოვიქეცი.
შარშანწინაც ძალიან კარგად აღვნიშნე – რესტორანში, მეგობრების წრეში. უამრავი საჩუქარი მომართვეს, მიმღერეს, მიცეკვეს და გული გამითბეს.
– განსაკუთრებულად რომელი საჩუქარი გახსენდებათ?
– ზაფხულში ერთ კარგ მაღაზიაში „ჰერმესის“ ჩანთა ვიყიდე. ვარდისფერი შევარჩიე. სხვა ფერებიც ჰქონდათ და ყველა მომეწონა, მაგრამ რამდენს ვიყიდდი?! ვიყიდე ერთი და წამოვედი. მერე წავიწუწუნე ჩემს სამეგობროში, რომ სხვა ფერებიც მომეწონა და წელს ერთ-ერთმა მეგობარმა ხასხასა ლურჯი ფერის ჩანთა მაჩუქა, ისე მომეწონა, გავგიჟდი (იცინის). დაუმახსოვრებია ჩემი ნათქვამი და ასეთი სიურპრიზი გამიკეთა, რაც ძალიან გამიხარდა.
– რომელიმე დაბადების დღე თუ გახსენდებათ უსიამოვნოდ?
– ალბათ, ოცი წელი იქნება მას შემდეგ გასული... თბილისიდან ახალი გადმოსული ვიყავი ქუთაისში. რესტორანში ვმუშაობდი. ჩემს დაბადების დღესაც სამუშაო დღე იყო. ისე მოხდა, რომ ძალიან მაგარი ქარი ამოვარდა. ეს ის პერიოდია, შუქიც რომ არ იყო ქვეყანაში. რესტორანში სულ ათი ვმუშაობდით, ცხრა კაცი და ერთი ქალი – მე. ცხრა კაციდან არცერთს არ გაახსენდა, ჩემთვის გამოევლო და სამსხურში წავეყვანე, ასე დამტოვეს სახლში. მარტო მე ვერ წავედი. მაშინ ასე მარტივი არ იყო გადაადგილება, ტაქსის ვერ გამოიძახებდი. ქუჩაში თუ გაგიჩერებდა გამვლელი, მაგრამ ისეთი ქარი იყო, ძალიან შემეშინდა და ვერ გავბედე წასვლა. ისეთი დათგუნული ვიყავი სახლში – იუბილარი ჩაბნელებულ ფანჯრებში... ძალიან დამწყდა გული. ეს ისეთი ემოციაა, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ და პირველი ზუსტად ეს გამახსენდა. მაშინ პატარა ლექსიც კი დავწერე:
მე არავინ არ მომართმევს ყვავილებს,
ქვეყნად, ალბათ, არვის გავახსენდები,
მხოლოდ მზის სხივს, მთიდან ბარად ჩამოტანილს,
სიხარულით შეხვდებიან მერცხლები.
დავიღლები უსასრულო ლოდინით,
მარტოობით გული დაიბინდება,
იმ სუფრაზე, სადაც არ ელოდები,
იქნებ შენი სადღეგრძელო ისმება.
ბოლოს ასე დავიიმედე თავი. შეიძლება, მე საერთოდ არ ვიცოდე, მაგრამ სადმე ვინმეს გაახსენდეს ჩემი დაბადების დღე და ჩემი სადღეგრძელო დალიოს-მეთქი.
– არის რამე წარსულში, რასაც დღეს სინანულით იხსენებთ და შეცვლიდით?
– როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, არ იცი, როგორი ხარ. არ იცნობ შენს თავს, სწორად ვერ აფასებ შენს შესაძლებლობებს. რომ გავთხოვდი, მერე მივხდი, როგორი ქალი ვიქნებოდი. მანამდე ძალიან ბავშვური ვიყავი. მაშინ ცოტა უფრო სხვანაირად რომ მეფიქრა, ალბათ, ჩემზე გაცილებით უფროს ადამიანს გავყვებოდი ცოლად. მის გვერდით ბევრს ვისწავლიდი. მე ყველაფერი ცხოვრებამ მასწავლა. მეუღლემ – ვერაფერი, იქით ჩემი სასწავლებელი შეიქნა (იცინის).
– არ გინანიათ, რომ ოჯახი მეორედ არ შექმენით?
– მაგას ყოველდღე ვნანობ, მაგრამ არ შემხვდა ისეთი ადამიანი, ვისაც გვერდით დავიყენებ. კაცს, რომელსაც არ უნდა, რომ მისმა ცოლმა იმღეროს, ცოლად ვერ გავყვები. ბევრი ადამიანი შემხვედრია ასეთი დამოკიდებულებით და იმწუთას თავიდან ვიცილებდი. დღეს ახალგაზრდებს ეს შეხედულებები უკვე აღარ აქვთ, მაგრამ მე ჩემი ასაკის ადამიანებზე მაქვს საუბარი, მათი აზროვნება კი არ იცვლება.
– რა არ მოსწონთ ამ პროფესიაში?
– არ მოსწონთ, რომ მომღერალ ქალს ძალიან ბევრ მამაკაცთან აქვს კომუნიკაცია. პირველ რიგში, ეჭვიანობის ფაქტორია. ვაიმე, ჩემს ცოლს ვიღაცამ შეხედა, ხელზე აკოცა, ვიღაცამ გაუღიმა, რაღაც აჩუქა და ალბათ, სანაცვლოდ რამეს ელოდება... ამანაც თუ გაუღიმა, ხომ საერთოდ, მიდის გამიშვი-გამატარე. არადა, როცა ქალი სცენაზე დგას, გახსნილი და ლაღი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გაიღიმებს კიდეც და თამამიც იქნება. ქმარი რომ ხედავს, რომ კაცები გიყურებენ, ამას ვერ იღებს. ხომ შეიძლება, ცოტა სხვანაირად იაზროვნონ – მის ცოლს ამდენი კაცი რომ უყურებს, ეს ხომ ნიშნავს, რომ მაგარი ცოლი ჰყავს. დედა მიყვებოდა ხოლმე, სუფრასთან იჯდა ქალი და კაცი ხარბი თვალით უყურებდა, რაც ამ ქალის ქმარმა შეამჩნია, მხარი გაკრა მის ცოლზე მოცქირალ კაცს და ეუბნება, მოგწონსო? აუ, მაგარი ქალიაო, უპასუხა იმ კაცმა. კარგად აცვია, ხომო? აუ, მაგრადო. ასი წელი ასე მაგრად იქნება ჩემი ცოლიო, უთხრა ქმარმა (იცინის). მაგრამ ამას თავდაჯერებულობა სჭირდება და არა ეჭვიანობა. ადამიანი, რომელიც ეჭვიანობს სუსტია, მას საკუთარი თავის რწმენა არ აქვს.
– ამის გამო ნამდვილი სიყვარული დაგიკარგავთ?
– კი. მე მიყვარს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები. რატომ უნდა შემზღუდო, მე ხომ ერთხელ მოვდივარ ამქვეყანაზე, მაცადე რა ბედნიერება...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





