მიშო თაბაგარი: რაც წუწუნი დავიწყე, იდეალურად მიდის ჩემი ცხოვრება
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00
იუმორისტ მიშო თაბაგარს ალბათ, ყველა კარგად იცნობთ. მისი კომედიური პერსონაჟები და ვიდეოები ძალიან ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში და უამრავი ნახვა და გამოხმაურება აქვს. საინტერესოა, როგორია მიშოს ცხოვრება ეკრანს მიღმა.
მიშო თაბაგარი: საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა. გაჭირვებაში გავიზარდე. ჭიათურაში დავიბადე, შემდეგ თბილისში წამოვედი და ოთხი სკოლა გამოვიცვალე. მერე ისევ ჭიათურაში დავბრუნდი და სწავლა იქ დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ რთული წლები იყო, ბავშვობა მაინც არ მახსენდება ცუდად. თავს არ ვიქებ, მაგრამ ალბათ, ასეთი ცხოვრება რომ გამოვიარე, იმიტომ ვარ თბილი და კეთილი ადამიანი. 1992 წელს დავიბადე და მოგეხსენებათ, როგორი პერიოდი იყო.
– რა არის იმ პერიოდიდან ის, რაზეც ყველაზე მეტად გწყდებათ გული და ის, რისგანაც ისწავლეთ?
– ყველაზე ცუდად ის მახსენდება, რომ მაშინ როცა დენი უნდა მქონოდა და ახალი წელი გამხარებოდა, არ მქონდა. სამაგიეროდ, დენი რომ არ იყო, უფრო მეტი დრო გვქონდა მეგობრებისთვის. მაშინ უფრო მეტი სიყვარული და ურთიერთობა იყო. სხვადასხვა მხრივ თუ შევხედავთ, ერთი და იგივე მოვლენა კარგიც შეიძლება, იყოს და ცუდიც.
– სკოლებს რატომ იცვლიდით ხშირად, ცელქი ბავშვი იყავით?
– არა, პირიქით, ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი (იცინის). სკოლებს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიცვლიდი, რაც მატერიალურ მდგომარეობას უკავშირდებოდა.
– რაზე ოცნებობდით მაშინ, პროფესიასთან დაკავშირებით?
– ამაზე წინასწარ არ მიფიქრია. უბრალოდ, იმას ვაკეთებდი, რაც მომწონდა. იუმორის სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები მხიარულთა და საზრიანთა კლუბს უკავშირდება. „კავეენში“ მოხვედრა ყოველთვის მინდოდა და გამიმართლა. თავიდანვე იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა. არ მიფიქრია, რომ ჩემი სამსახური იუმორს დაუკავშირდებოდა, მაგრამ ამ სფეროში ყოფნა მსიამოვნებდა.
– თუმცა მანამდე იყო ბევრი სამსახურეობრივი გამოცდილება...
– რა თქმა უნდა. ადამიანები მრავალფეროვან გზას გავდივართ. 2013 წელს დავიწყე „კავეენში“ მონაწილეობა. გამოვდიოდი „ქლაბ შოუზე“, „ჯი დი ესზე“ ერთ-ერთ გადაცემაში და ამ სფეროში წლების განმავლობაში საკმაო გამოცდილება დავაგროვე, თუმცა, არანაირი საქმე არ მეთაკილება. თუ ჩემს ოჯახს დასჭირდება, ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებ. ვმუშაობდი პურის შეფუთვაზე, ვმუშაობდი სწრაფი კვების ობიექტზე, რესტორანში ვმუშაობდი და სხვათა შორის, კარგი ხელფასი მქონდა. ქვაფენილის ცეხში ვმუშაობდი. უბედური გამოცდილებები მაქვს (იცინის). თუმცა, ბოლოს გამიმართლა და იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა.
– ეს როგორ მოხდა?
– როგორც ვთქვი, მანამდეც ვიყავი ამ სფეროში, მაგრამ ჯარის პერიოდში ერთწლიანი ჩავარდნა მქონდა, საერთოდ ჩამოვშორდი იუმორისტულ სფეროს. შემდეგ დიტო კუპატაძე და გოცი შემეხმიანენ. „კომედი შოუში“ მსახიობი და სცენარისტი სჭირდებოდათ. მაგ დროს სწრაფი კვების ობიექტში „მერჩენად“ ვმუშაობდი. უკვე გზაში ვარ-მეთქი, ვუპასუხე (იცინის). მანამდეც ხომ გამოვდიოდი „ქლაბ შოუზე“, მაგრამ მანამდე თანამშრომელი არ ვიყავი, ცალკეულ გამოსვლას ერთჯერადად მინაზღაურებდნენ, ანუ ეს სამსახური არ ყოფილა. ამჯერად უკვე ჩვეულებრივად ამიყვანეს, სტაჟირებაც გავიარე და ერთ თვეში ყველაფერი ოფიციალურად დაიწყო.
– ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა, ალბათ, განსაკუთრებული სიხარული იყო.
– რა თქმა უნდა, ეს, ალბათ, ყველას უნდა. ახლა ისეთი დროა, მარტივად შეგიძლია, სოციალური ქსელების მეშვეობით პოპულარული გახდე, მაგრამ ეკრანი კიდევ სხვა არის. ეს რომ პირველად მოხდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. თათია სულუაშვილსა და ვასო ფხაკაძეს რომ ვუყურებდი ხოლმე, მათი გაცნობა ოცნებად მქონდა, ახლა კიდევ ვმეგობრობთ და თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, ასე რომ მოხდა.
– მაყურებლის დამოკიდებულებაც ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს...
– ძალიან. ადრე ვიდეოებსაც ვწერდი და ვამბობდი, რომ დამინახავთ, არ მოგერიდოთ, თავისუფლად შეგიძლიათ, მოხვიდეთ და გამესაუბროთ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ-მეთქი. ფუფუნებაში არ გავზრდილვარ და თავში არაფერი ამვარდნია. ყველანი ადამიანები ვართ. ძალიან თავისუფალი ურთიერთობა მაქვს ჩემს გამომწერებთან.
– ეკრანს სოციალურ ქსელებში აქტიურობა დაემატა და რამდენიმე სახე შეიქმნა, მათ შორის წუწუნა კაცი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.
– ჩემს მეზობელს ვასახიერებ, რომელმაც დღემდე არ იცის, რომ ეს პერსონაჟი თვითონაა. რაღაცები მე ჩავამატე, რეალურად მას ბიჭი არ ჰყავს ამერიკაში (იცინის). პერსონაჟის შექმნა ცოტა რთულია. თათია სულუაშვილს სასწაულად გამოსდის, ნებისმიერ პერსონაჟს ძალიან მარტივად ქმნის, მაგრამ ზოგადად, ეს რთული საქმეა – ან კონკრეტული ადამიანი უნდა აიღო და გააცოცხლო, ან თავიდან ბოლომდე თვითონ უნდა შექმნა სახე და სტილი, თან ხასიათი უნდა მოუფიქრო. მაგალითად, „მამედა“ ავიღოთ, მე მთელმა საქართველომ ამ პერსონაჟით გამიცნო. დღემდე ყველა მამედას მეძახის. მიშო რომ მქვია, არავინ იცის (იცინის). ჯარში ერთი ასეთი ბიჭი იყო, ზუსტად მამედასავით საუბრობდა, „შენი, ჩემსას“ ვერ არჩევდა და მე ერთი ერთში მის პაროდიას ვაკეთებ. როცა ტიპაჟს იცნობ, მარტივია, მაგრამ, როცა თვითონ ქმნი, ეს უკვე რთულია. როგორც გითხარი, წუწუნა კაცის პროტოტიპი რეალურადაც არსებობს, მაგრამ მე მას რაღაცები დავამატე. შედეგი უკვე ძალიან სასაცილო პერსონაჟი გამოვიდა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელიც კარგი გამოვიდა. მთავარია, ხასიათი დაიჭირო. სხვათა შორის, პოლიციის თანამშრომლები ხშირად მაჩერებენ და მადლობას მეუბნებიან ხოლმე. ერთხელ კრიმინალურმა სახლთან გამაჩერა. კრიმინალურიდან ვართო და მეც-მეთქი. უბრალოდ, იმიტომ გამაჩერეს, რომ ეთქვათ, ჯიგარი ხარ, მაგრად აკეთებ ამ პერსონაჟსო (იცინის). ასეთ მომენტებში ვხვდები ხოლმე, რომ პერსონაჟი კარგი გამოვიდა.
ასევე, როცა კომენტარებში წერენ, რა მაგარია, ზუსტად ეგეთი მეზობელი მყავსო. წუწუნა კაცის პირველი ვიდეო რომ დავდე, ვიღაცამ დამიწერა, ბიძაჩემის პაროდიას აკეთებო. ყველას ვიღაცა გაახსენა და ყველა დადებითად აღიქვამს. მაგალითად, მამედას დამსახურებით, უამრავ აზერბაიჯანელთან ვმეგობრობ, სად აღარ დამპატიჟეს და ვინ აღარ გამაცნეს. არ სჯეროდათ, რომ აზერბაიჯანული არ ვიცოდი და მპირდებიან, ენა უნდა გასწავლოთო.
– პერსონაჟების თვისებები არ გადმოაქვთ შენზე? მაგალითად, ხალხს წუწუნა ჰგონიხარ?
– უმრავლესობას აზერბაიჯანელი ვგონივარ და მამედათი მომმართავენ. ამ დროს ყველას ვეუბნები, რომ სისხლითა და ხორცით ჭიათურელი ვარ. შავგვრემანიც ვარ, წვერიც მაქვს და ეს კიდევ უფრო უწყობს ხელი ჩემს აზერობას (იცინის). წუწუნა კაცს რაც შეეხება, იმედია, ხალხს ასეთი არ ვგონივარ. სინამდვილეში ასე არ ვწუწუნებ, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რაც წუწუნი დავიწყე, იდეალურად მიდის ჩემი ცხოვრება. მართალი ყოფილა, ვინც წუწუნებს, იმას მეტი აქვსო (იცინის).
– ყველაფერთან ერთად ტატუარტისტი ხარ...
– იუმორის შემდეგ ეგ არის ჩემი საყვარელი პროფესია. ზოგადად, ხატვა მიყვარს ძალიან. წლებია, ტატუს ვაკეთებ. ადრე ჩემი კლიენტები მყავდა და სახლში მქონდა მოწყობილი შესაბამისი გარემო. ახლა მირიან მეფის 7 ნომერში დავიწყე მუშაობა, იდეალურ სალონში.
– ოჯახზეც მოგვიყევი.
– ძალიან კარგი ოჯახი მაქვს, ულამაზესი მეუღლე და უსაყვარლესი შვილი, 9 წლის გოგონა. ვატყობ, რომ ძალიან მოსწონს, როცა ქუჩაში გვაჩერებენ და ჩემთან სურათებს იღებენ. ხვდება, რომ პოპულარული მამა ჰყავს და ძალიან უხარია. ამას წინათ მითხრა, სკეტჩებში ბავშვები რომ დაგჭირდებათ, მეც წამიყვანეო.
მეუღლე სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა. ძალიან მომეწონა და ისეთი ტექსტი მივწერე, რომ მაშინვე შეყვარებულები გავხდით.
ვფიქრობ, რომ კარგი მეოჯახე ვარ. დროის ძირითად ნაწილს სახლში მათთან ერთად ვატარებ. საკუთარ სახლში ვცხოვრობ და ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ვენახი მაქვს, რომელსაც თვითონ ვუვლი და ახლა ღვინის დაბეჭდვას ვაპირებ. ასევე, ძალიან გურმანი ვარ და კერძების მომზადებაც კარგად გამომდის. საერთოდ, საოჯახო საქმეები ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს მათი კეთება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





