შოუბიზნესი

მიშა ავსაჯანიშვილი: კარგი კავშირები მაქვს საჭირო ხალხთან, მაგრამ ამას ჩემს სასიკეთოდ ვერ ვიყენებ

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:08 07.08

მიშა ავსაჯანაშვილი
დაკოპირებულია

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანები არიან. ლომების წარმომადგენელია შეფმზარეული მიშა ავსაჯანიშვილი, რომელიც საკუთარ ხასიათზე გვესაუბრება.

მიშა ავსაჯანიშვილი: 27 ივლისს ვარ დაბადებული, ლომის ზოდიაქოს დასაწყისი თარიღია და შესაბამისად, ამ ზოდიაქოს მივეკუთვნები. ასტროლოგიით გატაცებული ვარ. ვაკვირდები ჩემი ზოდიაქოს თვისებებს, ვადარებ ჩემსას და დიდ მსგავსებას ვხედავ. ეზოთერიკთან რუკაც მაქვს შედგენილი და ბევრი დამთხვევა აღმოვაჩინე, ამიტომაც მიტაცებს ეს სფერო.

– ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გული განაგებთ. ყველაფერს გულით აკეთებენ.

– ზუსტად ასეა, ამიტომაც ვამბობ, რომ ბევრი საერთო მაქვს ჩემს ნიშანთან. ჩემთვის ყველაფერი გულზე გადის. გულით ვიღებ გადაწყვეტილებებს და არა გონებით. ლმობიერი ადამიანი ვარ.

– ლომი დიდი ოპტიმისტია და სწამს სიკეთის.

– კი, კი, ოპტიმისტიც ვარ და სიკეთისაც მწამს. არ არსებობს ადამიანი გავიცნო და მასზე რამე ცუდი ვიფიქრო. ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ მას ცუდის გაკეთება შეუძლია. სხვათა შორის, ჩემდა სამწუხაროდ, ადამიანებში ჩემი წარმოდგენები ყოველთვის არ მართლდება ხოლმე. ხშირად ვცდები ისევ და ისევ ჩემი ზოდიაქოდან გამომდინარე. მეგობარი მყავს, ზოდიაქოთი თხის რქაა და ისეთ პროგნოზებს გააკეთებს ხოლმე ახალგაცნობილ ადამიანთან დაკავშირებით, მე კიდევ, ცუდს ვერაფერს წარმოვიდგენ, რას ამბობ-მეთქი, სულ ვეწინააღმედეგები, მაგრამ ამის გამო ხშირად გავბრაზებულვარ ჩემს თავზე, გულიც ხშირად მტკენია. ადამიანს კეთილი გულით მიიღებ და მერე აღმოაჩენ, რომ შენთან გულწრფელი არ იყო. მისგან სანაცვლოდ სიკეთეს არ ველოდები, მაგრამ ცუდიც არ მინდა, გამიკეთოს, ეს ხომ ბუნებრივია, თორემ სიკეთეს რამის მიღების სურვილით არ ვაკეთებ. საერთოდ, ტყუილი მეზიზღება და ეს არ უნდა იკადროს ადამიანმა.

– ლომი მხიარულებისა და უდარდელობისთვის არის გაჩენილი.

– ამაშიც ვეთანხმები. ჩემი მეგობრებიც გეტყვიან, რომ მიყვარს მხიარულება და დროსტარება, სხვადასხვა ღონისძიებები, მეგობრებთან ერთად ყოფნა, – ეს ჩემი სტიქიაა, მაგრამ ლომი თან ასეთია, თან დინჯია. წესით, სიდინჯეს მხიარულება არ უნდა ახლდეს, მაგრამ რუკა რომ გავაკეთებინე, მითხრეს, რომ ასცენდენტი მყავს ტყუპებში და ტყუპები ყოფილან უდარდელები, გართობისა და მხიარულების მოყვარულები, როგორიც მე ვარ (იცინის).

– ლომი გამოსავალს იპოვის ყველანაირი რთული სიტუციიდან.

– ამას მეც დავკვირვებივარ. როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, არ ვიცი ეს ბედისწერის დამსახურებაა თუ ზოდიაქოსი, მაგრამ ორ წუთში ისე გვარდება, საერთოდ რომ არ ველი და ვერც წარმოვიდგენ. ალბათ, ღმერთს ვუყვარვარ და მეხმარება. ეს მართლა საოცრებაა. ყველანაირი სიტუაციიდან შემიძლია გამოძრომა. ეს უნებურად ხდება. იმას არ ვგულისხმობ, რომ ძალიან ბევრს ვწვალობ ამისთვის. თავისთავად ასე ლაგდება და საბოლოო ჯამში გამარჯვებული გამოვდივარ რთული სიტუაციიდან.

– ძალიან გულახდილია, იშვიათად იტყუება, ახობელ ადამიანებთან საერთოდ არ ამბობს ტყუილს.

– ზუსტად ამას ვამბობ. ტყუილი ყველაზე მეტად მეზიზღება და არც თვითონ ვიტყუები. შეიძლება, ელემენტარული ტყუილი ვთქვა, მაგრამ ისეთ ტყუილს არასდროს ვიტყვი, რომელიც ვინმეს დააზიანებს. ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებ. თუ რამეს მთხოვენ, უარის თქმაც კი არ შემიძლია.

– არ უყვარს ზურგსუკან ჭორაობა, თუ რამე არ მოსწონს, პირში თქმის არ ეშინია.

– კი. ეს ჩემი ძალიან ცუდი თვისებაა. მართლა ასეთი ვარ, მაგრამ ცუდია იმიტომ, რომ ცუდს თუ კარგს პირდაპირ ვამბობ. ჩემს პირდაპირობას უხერხული სიტუაციები შეუქმნია. საქმეც გაუფუჭებია ჩემთვის, ბევრს არ სიამოვნებს სიმართლის მოსმენა, თუმცა, კარგია იმ მხრივ, რომ ადამიანები ჩემგან ბოროტებას არ უნდა ელოდონ.

– ლომს კარგი კავშირები აქვს, ყველას იცნობს, მაგრამ მეგობრებს ირჩევს – მხოლოდ საუკეთესო მეგობრები უნდა ჰყავდეს.

– ზუსტია. რაც ასაკი მემატება, მართლა ვირჩევ ნამდვილ მეგობრებს, მაგრამ გარშემო ყველა მეგობარია. ყველას უნდა ჩემთან მეგობრობა და მეც მინდა მათთან მეგობრობა. რეალურად ასიდან 5-ს ავარჩევდი. რაც შეეხება კავშირებს. მართლა კარგი კავშირები მაქვს საჭირო ხალხთან, მაგრამ ამას ჩემდა სასიკეთოდ ვერ ვიყენებ. სხვას თუ დასჭირდება რამე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყოს, არ დავიზარებ, ყველას დავურეკავ, ყველასთან მივალ, მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს კავშირებს, მაგრამ საკუთარი თავისთვის იმავეს ვერ გავაკეთებ, მერიდება და იმიტომ. ასე რომ, ჩემს კავშირებს ჩემი წარმატებისთვის ვერ ვიყენებ. რისთვისაც კი მიმიღწევია, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, არავისთვის არაფერი მითხოვია.

– წესით, ძალიან უნდა გიყვარდეს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

– კი, ნამდვილად ასეა. ადრე პუტკუნა ვიყავი, ჩვენმა მკითხველმაც იცის ეს და სხვათა შორის, მაშინ არ მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. რაც გავხდი, მას შემდეგ მიყვარს და ვარ კიდეც ყურადღების ცენტში. ეს უნებურად ხდება. იმიტომ არა, რომ „სამზარეულოს ომებიდან“ მიცნობენ. გამიცნია ხალხი და ერთი თვის მერე გაუგიათ, რომ ამ შოუს წამყვანი ვიყავი. კეთილი აურა მაქვს. ამ მხრივ საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მგონია, რომ ასეა. სადმე რომ შევდივარ, თუ ყურადღების ცენტრში არ ვარ, მაშინვე ისეთი ისტორია უნდა მოვყვე, რომ ავტომატურად ყურადღების ცენტრში ვექცევი (იცინის).

– ლომები ძალიან თავდაჯერებულები არიან

– რომ არ დაგიმალო, მე არ ვარ მაინცდამაინც თავდაჯერებული. ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ასეა. თუ პროფესიულად მივუდგებით – კი, ძალიან თავდაჯერებული ვარ. რომ ვუყურებ, რისი გაკეთება შემიძლია, რამხელა ფანტაზია მაქვს და რას ვაკეთებ, ეს თავდაჯერებულს მხდის, ვიცი, რომ ჩემი საქმე მაღალ საფეხურზე მაქვს აყვანილი, მაგრამ პირად ურთიერთობებში არ ვარ თავდაჯერებული. ყოველთვის მგონია, რომ მე არ ვარ მთავარი.

– არადა, ლიდერულ თვისებებთან ერთად, ლომებს სწორედ ეს ახასიათებთ. ხალხის მართვა უყვართ და გამოსდით.

– ასეა ლომები, ძირითადად, უფრო მმართველები და ლიდერები არიან, მაგრამ მე რადგან დასაწყისში ვარ დაბადებული, ვფიქრობ, რომ ნაკლებად მაქვს ეს თვისება. მე არ ვარ მენეჯერი, მე შემოქმედებითი ლომი ვარ. მირჩევნია, შემოქმედებით პროცესებში ვიყო, ვიდრე გუნდი ვმართო. თუმცა, ჩემს შემოქმედებაში ლიდერი უნდა ვიყო – უნდა განვავითარო, რაც არსებობს, ახალი უნდა შევქმნა და ეს ძალიან კარგად უნდა გავაკეთო.

– ლომებს არ შეუძლიათ, მშვიდად უყურონ ყოფილების შემდეგ ურთიერთობებს, ამიტომ, როცა ურთიერთობას ასრულებენ, ყველაფრიდან შლიან ადამიანს, მაქსიმალურ დისტანციას იჭრენ.

– ვაიმე, რა სიმართლეა. აბა, რატომ უნდა ვუყურო მის ცხოვრებას?! ლომი იბუტება, ქვეცნობიერში თავისზე მაგარი არავინ ჰგონია და თუ დაასრულა ურთიერთობა, შორიდან რატომ უნდა უყუროს, რატომ უნდა ვაკვირდებოდე, საერთოდ ამოვშლი ჩემი ცხოვრებიდან და ზუსტად ასე არიან ჩემი ყოფილები (იცინის).

– ლომებს ამბიციურობა ახასიათებთ.

– ალბათ, ამბიციური რომ არ ვიყო, ამდენს ვერ მივაღწევდი, თუ ეს ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება. კი, ამბიციური ვიყავი, წლების განმავლობაში დიდი გზა გამოვიარე – აღმასვლა, დაღმასვლა, ყველაფერი იყო და ალბათ, ამ ამბიციურობის შედეგია ის, თუ რასაც წარმოვადგენ დღეს.

– სიყვარული გონებისდაკარგვამდე იციან...

– კი, მქონდა ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს ადრე იყო. ყოველთვის მეგონა, რომ ის ჩემზე ბევრად მეტი იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ არავინ იყო ჩემზე მეტი. ჩვენ რომ დავშორდით, უდიდესი დრამა იყო ჩემთვის. ლომისთვის დაშორება უდიდესი დრამაა, მნიშვნელობა არ აქვს ვისი ინიციატივით მოხდა ეს. ჩვენს შემთხვევაშიც: ჩემი მიზეზით დავშორდით, მაგრამ მაინც უდიდეს ტრაგედიას განვიცდიდი. ერთი კვირა ისეთ სტრესში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი. ამიტომ რამე მსგავსი რომ არ დამემართოს, სულ მეშინია რეალური ურთიერთობების დაწყების.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა