შოუბიზნესი

მერსი სულხანიშვილი: ჩემთვის არ არსებობს არ გამომდის, თუ ცხოვრებაში რამე არ გამომდის, ესე იგი, არ მინდა

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 04.08

მერსი სულხანიშვილი
დაკოპირებულია

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი, როგორც თავად ამბობს, ფინანსური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საკმაოდ პატარა ასაკიდან – 17 წლიდან, მყარად დგას ფეხზე, თუმცა მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.

მერსი სულხანიშვილი: ფული ძალიან მიყვარს და მასთან მიმართებაში თავის კონტროლი არასდროს მიჭირს. ზოგადად, თავს კონტროლს ყოველთვის ვუწევ. ყოველთვის ვიცი, რა მინდა და ფულთან მიმართებაშიც ძალიან რაციონალური დამოკიდებულება მაქვს. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ფული არ უყვართ. ფული უნდა გიყვარდეს, რასაც უარყოფ, იმას ვერ მოიზიდავ და მგონია, რომ ასეთ ადამიანებს რაღაც პრობლემა აქვთ. შესაძლოა, ფულით ბედნიერება ვერ იყიდო, მაგრამ იყიდი იმას, რაც გაგაბედნიერებს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის გაბედნიერებას შეძლებთ, როცა ფული გაქვთ. ამიტომაც არ მესმის მათი, ვინც ამბობს, მთავარია, იმდენი მქონდეს, რამდენიც საჭიროაო. ფული არასდროს არის საკმარისი. რაც მეტი გაქვს, უფრო მეტი გინდა.

– გაქვს უნარი, სასურველი თანხა გამოიმუშაო?

– ყოველთვის უფრო და უფრო მეტი მინდა. საერთოდ, ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ. 17 წლიდან მაქვს საკუთარი სტაბილური შემოსავალი და პატარ-პატარა შემოსავლები უფრო ადრეც მქონდა. ამიტომ, მგონია, რომ კი. უკვე დიდი ხანია, დამოუკიდებელი ვარ და ძალიან მიხარია, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობა ბევრის შესაძლებლობას გაძლევს. ფინანსურად ფეხზე მყარად ვდგავარ და ყოველთვის უფრო და უფრო მეტი მინდა. არ მჯერა, როცა ამბობენ, ფულის შოვნა მინდა და არ გამომდისო. ასევე, ვერასდროს გავამართლებ გამონათქვამს – „ჩემი შვილი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“. ორივე ძალიან სულელურ ნათქვამად მიმაჩნია. გამორიცხულია, გინდოდეს და არ გამოგივიდეს, ადამიანის ხელშია ყველა შესაძლებლობა. ჩემთვის არ არსებობს „არ გამომდის“. თუკი ცხოვრებაში რამე არ გამომდის, ესე იგი, არ მინდა. თუ რამე მინდა, აუცილებლად მივაღწევ. არ არსებობს შეუძლებელი შესაძლებლობები, ყველა ადამიანი იქ არის, სადაც თავად უნდა. ან არ იცის, როგორ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ამას ნიჭი უნდა, თუმცა უფრო ცოდნა. მე რაც მიზნად დავისახე, ყველაფერს მივაღწიე.

– რა ხდება, როცა ფიქრობ, რომ კრიზისი ახლოვდება, პანიკაში ვარდები?

– მე ამაზე არასდროს ვფიქრობ. ჩვენს ფიქრებსა და განწყობებს ძალიან დიდი ძალა აქვს და რასაც ვაგზავნით კოსმოსში, უკანაც ის გვიბრუნდება. ქუჩაში რომ მიდიხარ, თუ იფიქრებ, რომ თავში აგური დაგეცემა, აუცილებლად დაგეცემა. ამიტომ არასდროს ვფიქრობ ფინანსურ კრიზისზე. ყოველთვის ვამბობ, რომ ფული მაქვს. კი არ მექნება, მაქვს.

– შესაბამისად, უფულოდ დარჩენის ფობიაც არ გაქვს.

– არანაირად, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ერთადერთი, რისი ფობიაც მაქვს, ეს ლიფტია (იცინის). რამდენიმე წლის წინ ანკარაში, მექსიკის საკონსულოს შენობაში 32-ე სართულზე გავიჭედე და მას შემდეგ ეს ჩემი სუსტი წერტილია. სულ მგონია, რომ ლიფტი უნდა გაიჭედოს და ამიტომ 22-ე სართულზეც ფეხით ავდივარ. თუ ვინმესთან ერთად ვარ, მხოლოდ მაშინ შევდივარ ლიფტში. მეგობრები „შეჭმული“ მყავს. მათთან რომ მივდივარ, უნდა ჩამოვიდნენ დაბლა და ერთად ავიდეთ. ცოტა ხნის წინ, ბათუმში მეორე სართულზე ვეძებდი ნომერს. არადა ამ დროს ზედა სართულები მიყვარს. ამიტომ დასვენების და მოგზაურობის დროს ეს ფობია ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. კიდევ კარგი, პანდემია დაემთხვა, თორემ რა მეშველებოდა, არ ვიცი. ლიფტის ჩიპს რომ მაძლევენ, უკვე ცუდად ვარ (იცინის). ჩაკეტილ სივრცეზე მეტად ის მაშინებს, რომ სიტუაციას მე ვერ გავაკონტროლებ.

– იყო პერიოდი, როცა შენი მისამართით ნეგატივის ტალღა წამოვიდა, ეს არ გაშინებდა?

– მოდი შევთანხმდეთ, რომ ჭორებს ძალიან ბევრი ადამიანი იგონებს. ყველა იმას იტყვის, რაც უნდა და რადგან ჩვენ თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ, ამას ვერავის აუკრძალავ. ისე ხედავენ მოვლენებს, როგორც თვითონ უნდათ ან ისე, როგორებიც თავად არიან. ამიტომ, მე არც ჭორებს ვუსმენ და არც ნეგატივს. ზოგადად, ვცდილობ, დღეს იმაზე კარგი ვიყო, ვიდრე გუშინ ვიყავი. ადამიანი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდე. ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები, ერთფეროვნება საინტერესო არ არის. ვცდილობ, უფრო მეტი დრო დავუთმო სწავლას. სხვათა შორის, ბავშვობიდან სერიოზული და გაწონასწორებული ხასიათი მქონდა და ჩემს ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფრო დიდური ვიყავი.

– ძალიან სკანდალური გოგოს იმიჯი რომ შეგექმნა, ვინც ბავშვობიდან გიცნობდა, არ უკვირდათ?

– საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს სკანდალი და სკანდალური იმიჯი. ეს თავისდა უნებურად მოხდა. სიმართლე რომ ვთქვა, სულაც არ ვთვლი თავს სკანდალურად. მგონია, რომ სკანდალური იმიჯი არც მაქვს და არც მქონია. ამას რომ მეუბნებიან, ცოტა მიკვირს კიდეც. ადრე ნაკლებად, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მიკვირს. ასე შეიძლება, ქუჩაში მიდიოდე, რაღაც მოგხვდეს და ძალიან აგრესიული რეაქცია გქონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვიღაცისთვის სკანდალი უნდა იყოს. ისევ გავიმეორებ, ადამიანი ისეთად გხედავს, როგორადაც უნდა, რომ დაგინახოს.

– გოგონების ყველაზე დიდ შიშს მივადგეთ – ასაკის მატება...

– ასაკი მხოლოდ ციფრებია, ასე რომ, საშიში არაფერია. რამდენი წლისაც უნდა ხდებოდე, თავი ნეგატივით არ უნდა დაითრგუნო, ყველა ასაკს ღირსეულად უნდა შეხვდე. თანამედროვე სამყაროში ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარი გარეგნობა შევინარჩუნოთ. ამიტომ თითოეულ წელს შიშით კი არა, პირიქით, მადლობით უნდა შეხვდე.

– ლოგიკურია, რასაც ამბობ, რადგან წლებია, ეკრანზე გხედავთ და უკეთესობისკენ იცვლები.

– კი, წლიდან წლამდე უფრო მომწონს საკუთარი თავი. იმდენი შესაძლებლობაა, რომ რატომაც არა?! სულ იმას ვამბობ: ქალებო, შეინარჩუნეთ თქვენი სილამაზე. დაიწყეთ საკუთარი თავის სრულყოფილად მოვლა. მესმის, რომ ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული და საქართველოში ბევრს აქვს ამის პრობლემა, მაგრამ ოდნავ თუ მაინც გაქვთ შესაძლებლობა, აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. თავს თუ მოუვლი, ყოველთვის ლამაზი იქნები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის პატივისცემაა. შინაგანი ბედნიერება კიდევ სხვა არის და ამისთვის აუცილებელია საკუთარი თავის სიყვარული. და თუ მასში რამე არ მოგწონს, ის აუცილებლად უნდა შეცვალო. როგორც კი საკუთარი მიღწევებით დაკმაყოფილდები, „ვსო“, იქ დამთავრდება შენი განვითარება. ამიტომ, მე დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ერთ ადგილას არ ვჩერდები და ვიცი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნისთვის ყოველთვის უფრო მეტი და უფრო კარგი მინდა.

p.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ლაშა ბაკურაძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...