მერიემ გოგაშვილი: კაცმა უნდა იბრძოლოს ჩემთვის, მაგრამ შემართება რომ ჰქონდეს და ფული არა, ეს უკვე პასია
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 08.08

მერიემ გოგაშვილის ზაფხული მოგზაურობითა და თავგადასავლებით დაიწყო. ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ ატარებს ის არდადეგებს და არის თუ არა სიახლე მის პირად ცხოვრებაში.
მერიემ გოგაშვილი: წლევანდელი ზაფხული აია ნაპაზე მოგზაურობით დავიწყე, იქ ჩემი დაქალის დაბადების დღე აღვნიშნეთ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. შემდეგ სტამბოლში ვიყავი და კარგად დავისვენე. ახლა, რაღაც პერიოდი, საქართველოში ვაპირებ დასვენებას და მოგზაურობას და შემდეგ – იტალიაში. ვნახოთ, კიდევ სად წამიყვანს ჩემი გზა, მე უკან არ ვიხევ (იცინის). ზაფხული, მზე, ზღვა, გართობა და დროსტარება ყველას ძალიან უყვარს და მათ შორის, მეც. თუმცა, სტამბოლში მოგზაურობა მხოლოდ დასვენებას არ უკავშირდებოდა, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად გავერთე, საქმიანი შეხვედრებიც მქონდა. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდი, ისინი სტამბოლში აშენებენ კორპუსებს, კომერციულ ფართებს და ასე შემდეგ, უნდათ, რომ საქართველოში დაიწყონ მშენებლობა, პირველ რიგში, ბათუმში და პიარის კუთხით შემომთავაზეს მუშაობა.
– რადგან საუბარი მოგზაურობაზე დავიწყეთ, მინდა, ერთი ისტორია გაიხსენო – ცოტა ხნის წინ იტალიაში ჩახვედი და იქ მყოფ დედას საოცარი სიურპრიზი გაუკეთე...
– ეს ძალიან ემოციური ამბავია. დედა ორწელიწად-ნახევრის უნახავი მყავდა და იცოდა, რომ მასთან ჩასვლა მინდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ამ ზაფხულისთვის დავგეგმავდი. ძალიან სპონტანურად, ჯერ კიდევ ნოემბერში, გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რამე მსგავსი ხდებოდა. წინასწარ ვუთხარი, რომ ერთი-ორი დღით კახეთში მივდიოდი მეგობრებთან ერთად. როცა ასეთ სიტუაციაში ვარ, ისეთი ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს, როგორც ჩვეულებრივ დღეებში და ასე თავი დავიზღვიე, რომ აეროპორტსა და თვითმფრინავში თუ ვერ დამიკავშირდებოდა, არ გაკვირვებოდა. სრულიად მარტო პირველად წავედი სხვა ქვეყანაში. დედა რომთან ახლოს მდებარე ქალაქში ცხოვრობს და მასთან ერთად მყოფ ქართველებს ვთხოვე დახმარება. დაურეკეს და სთხოვეს გამოსულიყო, საქმე გვაქვსო. გამოვიდა და მე დავხვდი, არადა ამ დროს კახეთში ვგონივარ. სასწაული ემოციები იყო. ერთად ვტიროდით. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე, კიდევ არ ჩანს დედაჩემის ემოციები. ჩაიკეცა ქალი გაოგნებისგან. ბორდიურზე ჩამოჯდა, ნერვიულობდა, მთელი დღე სიხარულისგან ტიროდა. ერთი კვირა გავატარე დედასთან.
როცა საყვარელი ადამიანები გვერდით გვყავს, ვერ ვაფასებთ რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის, რამდენად ძვირფასია მათთან გატარებული დრო. როცა წლების შემდეგ ვნახულობთ რამდენიმე დღით, ყველა წუთი ძალიან ძვირფასია. მაქსიმალურად ვეცადე, მოვფერებოდი, ჩავხუტებოდი, ყველაფერზე მესაუბრა მასთან. რომ წამოვედი, თურმე, დედამ იმდენად განიცადა, სულ ჩემს ბალიშს ეხუტებოდა – მერიემის სუნი ასდისო.
– შენ არ გქონია იტალიაში ცხოვრების სურვილი?
– დედას იტალიაში წასვლა მოუწია. მამა სანამ გარდაიცვლებოდა, ძალიან ავადმყოფობდა და ოჯახმა დიდი ხარჯები გაიღო. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა, მანქანა, სახლი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა და დედა იძულებული გახდა, სამუშაოდ წასულიყო. კარგი ცხოვრებისთვის არ წასულა, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად წავიდა. მე აქ ვცდილობ, ის – იქ, რომ ერთიანი ძალებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.
– წინა ინტერვიუში აღნიშნე, დავიღალე მარტოობით. დედა იტალიაში, მამა გარდაიცვალა, დას თავის ოჯახი აქვს, სიყვარულიც დიდი ხანია, არ ყოფილა ჩემს ცოხვერებაშიო. არის ამ მხრივ ცვლილებები?
– მე სიყვარულსა და ურთიერთობებს არ ვეძებ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მამაკაცია და მიმაჩნია, რომ ამ მამაკაცებმა უნდა გაიღონ ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მე მომიპოვონ. ეს პროცესი საფეხურებისგან შედგება და მათ ყველა „ლეველი“ უნდა გადალახონ. მე საერთოდ არ ვცდილობ, რომ ვინმე იყოს ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, ვისაც დავეყრდნობი, ვისი იმედიც მექნება, ვინც მომისმენს და გვერდით დამიდგება. ძალიან მინდა ოჯახი, შვილი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით შვილისთვის კარგი მამა ვერ ვიპოვე (იცინის). ჩემი „ლეველები“ ჯერ ვერავინ გადალახა (იცინის).
– ყველაზე რთული „ლეველი“ რა არის, რისი გადალახვა უჭირთ?
– მე არ ვსაუბრობ ხოლმე ჩემს საჭიროებებზე. მამაკაცები თვითონ უნდა მიხვდნენ, რა შეიძლება, მჭირდებოდეს. ეს იქნება საჩუქარი, გვერდში დგომა არამატერიალური თვალსაზრისით თუ სხვა რამ კონკრეტულ მომენტში. მინდა, მამაკაცები თვითონ ხვდებოდნენ, ქალს როდის ესიამოვნება ყვავილის ჩუქება, ბრილიანტის ჩუქება, მანქანის თუ სახლის, თორემ მე არაფერს ვითხოვ. სამწუხაროდ, მამაკაცებს ამის პრობლემა აქვთ.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?
– მეუბნებიან ხოლმე, რომ ძალიან უხასიათო ვარ. უხასიათოს მიწოდებენ იმიტომ, რომ მიყვარს მაღალი „ლეველები“. ზოგადად, ადამიანებს ცუდად არ ვექცევი, პირიქით, კეთილი, კომუნიკაბელური და ადამიანური ვარ ურთიერთობაში, მაგრამ როცა გეტყვი, რომ ეს არის შენი ზღვარი, მას არ უნდა გადმოაბიჯო.
– ყველა მარტივად არ იღებს უარს...
– მებრძოლი მამაკაცები ძალიან მომწონს. ხომ ვთქვი, რომ კაცმა უნდა იბრძოლოს ჩემთვის. გააჩნია მის შემართებას, მაგრამ შემართება რომ ჰქონდეს და ფული – არა, ჩემთვის ეს უკვე პასია (იცინის).
– შენ როგორი ქალი ხარ მამაკაცისთვის, როცა გიყვარს, შენ რისი მიცემა შეგიძლია მისთვის?
– თუ ადამიანი შემიყვარდა, შემიძლია, ჩემი თავი მთლიანად მივუძღვნა. ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტული და გამგებიანი ვარ, არ მახასიათებს ეჭვიანობა. გააჩნია მამაკაცის მოთხოვნილებებს, მის „ლეველებს“, მე ხომ ჩემი მაქვს, მას თავისი ექნება, მაგრამ ზოგადად, მე უფრო ვლახავ მათ „ლეველებს“, ვიდრე ისინი ჩემსას.
– ამიტომ ჯერჯერობით ისევ მარტო ხარ?
– ჯერჯერობით – კი, მაგრამ ვნახოთ. ერთ ბიჭს ისეთი პირი უჩანს... (იცინის) ძალიან მებრძოლია, კარგად გამიცნო, ესმის ჩემი ცვალებადი ხასიათის. ვნახოთ, რა იქნება.
– საოცრად ქალური ენერგია გაქვს, საიდან მოდის ეს და როგორია შენი შინაგანი ბუნება?
– როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ვიყავი, მაშინ არ მქონდა ფემინური ენერგია. მაშინ ჩემში, პირიქით, მამაკაცური ენერგია იყო მოჭარბებული. არ ვიყავი ნაზი და ფარფატა. მერე შემიყვარდა. ეს ადამიანი ჩემზე დომინანტი იყო და მივხვდი, როგორია, იგრძნო თავი ნაზ ქალად. ამას პირველად მამაკაცი გაგრძნობინებს. ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ სუსტი ვყოფილიყავი. ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი, ყოველთვის თვითონ ვაგვარებდი ჩემს პრობლემებს, მაგრამ ვიგრძენი, რომ თუ გვერდით დომინანტი მამაკაცი გყავს, მის გვერდით შეგიძლია, სუსტი იყო და თავი ქალად იგრძნო. ასეთ დროს მოდის ფემინური ენერგიები. ამის შემდეგ ჩემი ენერგიები ამ კუთხით დავამუშავე, აქეთ მივმართე. კაცებს არ მოსწონთ დომინანტი ქალები, მათ ნაზი ბუნების გოგონები მოსწონთ. ნელ-ნელა ასეთი გავხდი. არ მინდა, ყველაფერი თვითონ ვაკეთო. დამოუკიდებლობა ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ყოფით პრობლემებამდე რომ დავიდეთ, რატომ უნდა გავაკეთო მე გაფუჭებული მანქანა, როცა შესაძლებელია, ეს მამაკაცმა მომიგვაროს. იმიტომ კი არა, რომ მე არ შემიძლია, იმიტომ რომ ასე მომწონს. როცა შეიძლება, სხვამ გამიკეთოს რაღაც, თავს უკეთ ვგრძნობ და მარტო იმიტომ, რომ ძლიერი ქალი მერქვას, აღარ მინდა, ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. როცა ჩემზე ზრუნავენ, ეს ბევრად უკეთესია. გყავს თუ არა გვერდით ერთი კონკრეტული მამაკაცი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს კაცები, რომლებიც ჩემთვის იბრძვიან, გადაინაწილებენ ამ პასუხისმგებლობებს, სამაგიეროდ, პლუსები დაეწერებათ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან