შოუბიზნესი

მერაბ სეფაშვილი: კიდევ კარგი, მივედი, თორემ მერე რა მოხდებოდა, არ ვიცი

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 11.07, 2022 წელი

მერაბ სეფაშვილი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ მერაბ სეფაშვილი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო კლინიკაში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის და მომღერალი ჩვეულ ფორმას უბრუნდება.

მერაბ სეფაშვილი: ქუჩაში რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ ჩემი კარგად დანახვა უხარიათ. ვიცოდი, რომ ჩემი ცუდად ყოფნით ყველა შეწუხებული იყო. ახლა ხალხი რომ მხვდება, ყველას აინტერესებს, როგორ ვარ. საბედნიეროდ, უკეთ ვარ, ბევრად უკეთ. მაგრამ ჯერჯერობით მკურნალობას მაინც ვაგრძელებ, იმიტომ რომ სერიოზული ანთება მქონდა ორივე ფილტვში. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გავუმკლავდით.

– როგორ მოხდა ეს ამბავი?

– არანაირი სიმპტომი არ მქონია. არც გაციებული ვყოფილვარ, არც მახველებდა. რამე ხომ უნდა მეგრძნო? საერთოდ არაფერს შევუწუხებივარ. ღამე უცბად სიცხემ ამიწია. ძალიან მაღალი ტემპერატურა მქონდა ერთი დღე, მეორე დღე და რომ არ დამიწია, მერე უკვე ლევან რატიანთან მოვხვდი. ლევანი ჩემი მეგობარია. გადამიღეს და ორმხრივი პნევმონია დამიდგინდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დროულად მივედი. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა იყო და მაშინვე მკურნალობა დავიწყეთ.

– შემდეგ სეფსისზეც წერდნენ. კლინიკაში კიდევ დამძიმდა მდგომარეობა?

– იმ დღეს უკვე დამძიმებული იყო და კიდევ კარგი, მივედი, თორემ მერე რა მოხდებოდა, არ ვიცი. ამ ამბავს კარგი რომ არაფერი მოჰყვებოდა, ეს ნამდვილად ვიცი.

– როცა ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება საქმე, ემოციური ხართ?

– ცუდად რომ ხარ, ემოციებზე ვეღარ ფიქრობ. მგონი, იმ მომენტში ემოციები აღარ გაქვს, ფიზიკურად ხარ ცუდად. ამ დროს მთავარია, ორგანიზმი კარგად დაემორჩილოს მკურნალობას. განწყობას ვინ ჩივის. თუმცა, ოპტიმისტი თუ ხარ, უკეთესია. არ უნდა გეშინოდეს, ამასაც დიდი წვლილი მიუძღვის გამოჯანმრთელების პროცესში.

– ოპტიმისტი აღმოჩნდით?

– ასეთ დროს საკმაოდ მხნედ ვარ ხოლმე. საერთოდ, ძალიან ცუდად თუ არ ვარ, არ ვიმჩნევ. ერთი ორი დღე მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და მერე ვცდილობდი, ხასიათზე მოვსულიყავი. რეანიმაციაში ვიწექი, ჟანგბადს მასუნთქებდნენ. კლინიკიდან რომ წამოვედი, უკვე ყველაფერი ჩამქრალი იყო, აღარაფრის კვალი აღარ ჩანდა. ლევანიც გახარებული იყო ამ შედეგით, როგორც მეგობარი, გასაგებია, მაგრამ როგორც ექიმიც. თუმცა, ლევანს ათასობით ჩემნაირი ჰყავს გადარჩენილი. შარშან კოვიდი მქონდა და მაშინაც მასთან ვიწექი საავადმყოფოში. იქ მე ამბები ვნახე, ეგ ხალხს უვლიდა, არ ვიცი, საოცრება იყო. მარტო ლევანი არა, არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. ასე რომ, კარგ ხელში აღმოვჩნდი და იმედიანად ვიყავი. ამ დროს მთავარია, თავს მობილიზება გაუკეთო. იმაზე უნდა იფიქრო, რომ ბევრი საქმე გაქვს და ცუდად ყოფნა დროზე დაამთავრო (იცინის). განწყობა ძალიან მუშაობს.

– კოვიდი მარტივად გამოიარეთ? ეს მდგომარეობა რამენაირად მასთან ხომ არ იყო კავშირში?

– მე ორჯერ მქონდა კოვიდი. ომიკრონიც გადავიტანე, მაგრამ ისე, რომ ვერც გავიგე, სიცხეც არ მქონია. პირველი არ იყო ადვილი. თუმცა, ფილტვებზე დაზიანება არ მქონდა. ახლანდელი პრობლემა კი არა, კოვიდთან კავშირში არ ყოფილა. არ ვიცი, რა მოხდა ან რატომ, საერთოდ, ადამიანი ცუდზე ხომ არ ფიქრობს, მაგრამ უკვე ვიცი, რომ თავს მოვლა სჭირდება, სიფრთხილე აუცილებელია (იცინის).

– კლინიკიდან გამოწერის შემდეგ საკუთარ თავს მცირე დასვენებაც მოუწყვეთ...

– კი, მეგობრებთან ვიყავი აბასთუმანში. სუფთა ჰაერი ვისუნთქე, საოცარია აბასთუმანი, მაგრამ გინდა, კურორტზე წადი და გინდა, მთვარეზე, რეაბილიტაციისთვის ორგანიზმს დრო სჭირდება. რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ სხეულმა ძალები აღიდგინოს. ჰაერით, კვებითა და სხვა რამეებითაც. თუ ხელს შეუწყობ, რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ მაინც რაღაც პერიოდია საჭირო აღდგენისთვის. ახლა პროფილაქტიკისთვის მედიკამენტებსაც ვიღებ.

– დამჯერი პაციენტი ხართ?

– კი, აბა, რა! (იცინის) ეს ისეთი პროცესია, რომ თავს აუცილებლად უნდა მიხედო, თუ გინდა შემდეგ ჯანმრთელად იყო. ჩემი პროფესია ჯანზე ყოფნას, ენერგიულობას მოითხოვს. ან ვისთვის არის ეს ზედმეტი?! ასე რომ, თავს თუ არ მოუარე, ისე არაფერი გამოვა. ამიტომ, ინსტრუქციას მივყვები და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა (იცინის).

– სიურპრიზი არ იქნებოდა, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ, მაგრამ როცა თქვენი ცუდად ყოფნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრს უყვარხართ.

– ამას წინათ სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც, რომ გიყვარდით ვიცოდი, მაგრამ ასე ძალიან თუ გიყვარდით, ეგ არ ვიცოდი-მეთქი (იცინის). ყველას დიდი მადლობა, ვინც მგულშემატკივრობდა. ვინც ჩემი ამბავი განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა. ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი. როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ამას ყველგან ვგრძნობ. ქუჩაში ხალხი მანქანებიდან ხელს მიქნევს, მესალმებიან. მათი ჟესტიკულაციით ვხვდები, რომ უხარიათ ჩემი კარგად ყოფნა. უდიდესი სიყვარული და მადლობა ყველას – ჩემგან! ჩემი და ჩემი ხალხის სიყვარული კიდევ სხვა ფენომენია. ამას როგორც ხელოვანი, ისე ვამბობ. მე და ხალხი ერთად ვართ იმ საქმის გამკეთებელი, რასაც ვაკეთებ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– როგორ გახსენდებათ კლინიკაში გატარებული დღეები?

– ვაიმე, მარტო ვიწექი და გამოვშტერდი (იცინის). 12 დღემდე ვიწექი და შევწუხდი. არ მიყვარს მარტოობა. მარტო კარგად რომ ხარ, მაშინ არის ძნელი და ცუდად ყოფნისას – მით უმეტეს.

– საერთოდ, ყურადღებიანი ხართ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ?

– თავს ვიკლავ ყურადღებით-მეთქი, რომ ვთქვა, არ იქნება მართალი, მაგრამ ექვს თვეში ერთხელ სისხლის ანალიზსა და რაღაც გამოკვლევებს ვიტარებ. საერთოდ, ეს საჭიროა, მით უმეტეს, ისეთ ასაკში, როგორშიც მე ვარ. უკვე ყურადღებამისაქცევია რაღაცები. ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით, მაჩვენებლებს პერიოდულად ვაკონტროლებ ხოლმე. სხვა არ ვიცი, განსაკუთრებული – არაფერი. ეს კი აუცილებელია. ჩვეულებრივი კულტურაა, მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს.

– ბუნებრივია, რომ მომხდარის გამო კონცერტებთან დაკავშირებული გეგმები შეგეცვალათ. ახლა რით შეგვიძლია მსმენელის გახარება?

– დიახ, კონცერტები, რომელიც დაგეგმილი მქონდა, გადამედო, მაგრამ ივლისიდან ისევ ვაგრძელებთ. ბათუმში მაქვს რამდენიმე კონცერტი დაგეგმილი, თბილისშიც და ყველაფერს მივხედავ. ძველი კონცერტების რეაბილიტაციასაც გავაკეთებ, რომელიც ამ პერიოდში უნდა მქონოდა და გადაიდო. ერთი პატარა კონცერტი უკვე მქონდა და სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა, ამ პრობლემის შემდეგ ჩემი ფილტვები როგორ „გაქაჩავდა“. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ასე რომ, ივლისს შემართებით ველოდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა