შოუბიზნესი

მერაბ გეგეჭკორი: მთელი ცხოვრება მშობლებთან და ფულთან ურთიერთობა მაკლდა

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00

მერაბ გეგეჭკორი
დაკოპირებულია

როგორია ფულთან ურთიერთობაში მერაბ გეგეჭკორი, რა ასაკში დაიწყო მან მუშაობა და რაში არ ენანება თანხის გადახდა, ამას მისგან შევიტყობთ.

მერაბ გეგეჭკორი: მთელი ჩემი ცხოვრება მშობლებთან და ფულთან ურთიერთობა მაკლდა და მაინცდამაინც ამაზე უნდა მალაპარაკო?!

სხვათა შორის, პირველი ხელფასი რომ ავიღე 14 წლის ვიყავი. ეს იყო 80 მანეთი. ზაფხულობით ვმუშაობდი სადრენაჟო ფაბრიკაში, სადაც აბრეშუმის ჭია გამოჰყავდათ. პირველი ხელფასი რომ ავიღე, სახლში მივიტანე და დედას ვახარე. ჩემთვის არაფერი დამიხარჯავს. ამის უფლება არ მიმიცია საკუთარი თავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად მაშინ უფრო დაცული იყო ადამიანი. ბოდიშს ვიხდი იმ თაობასთან, ვისაც ეს არ ესმის, მაგრამ ეს რეალობაა.

– მერე და მერე რა სამსახურები შემოგემატათ?

– შემდეგ ფეხსაცმლის კოოპერატიულ ცეხში ვმუშაობდი, ვმუშაობდი სტამბაში. იმ პერიოდში შედარებით მეტი მქონდა ხელფასი. სტამბიდან რომ წამოვედი, რესტორანში დავიწყე მუშაობა მიმტანად. მაშინ ძალიან დიდ ფულთან მქონდა პირდაპირი შეხება. ჩემი კი არ იყო, წარმოების, მაგრამ მეც არ მქონდა ცუდი ანაზღაურება. სიმართლე რომ ვთქვა, რესტორანში ყველაზე კარგი ანაზღაურება იყო. ეს იყო 90-იან წლებში.

– ფინანსებთან მიმართებაში ყოველთვის ასეთი მეოჯახე იყავით?

– არა, მერე აღარ მიმქონდა, ჩემს ჭკუაზე ვხარჯავდი (იცინის). მაშინ სამეგობრო წრეში ყველას არ ჰქონდა ფული და ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ვუვსებდით დანაკლისს. იმხელა ფული არ იყო, კაცს ვერ დაეხარჯა, მაგრამ იმდენი იყო, რომ ხანდახან თავი გამომეჩინა სამეგობრო წრეში. თუმცა, რაც დასაწყისში აღვნიშნე, კიდევ გავიმეორებ, მთელი ცხოვრება მაკლდა მშობლების სიყვარული და ჯიბეში ფული.

– მერე, დროსთან ერთად, ალბათ, ბევრი რამ შეიცვალა...

– მსახიობს შეიძლება, ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ იმდენი არა, რომ ფრთები გაშალოს. სიტყვა ჯამაგირი უფრო სწორად გადმოსცემს აზრს – ვერც იმას იტყვი, რომ არ გაქვს და ვერც იმას, რომ გაქვს. ასეთია მსახიობის ბედი. მერე ხან რა წამოგეშველება, ხან რა და ასე ცხოვრობ.

– პროფესია, რომლითაც დღეს ყველა გიცნობთ, როდის გახდა თქვენთვის მთავარი შემოსავლის კუთხით?

– როცა სისტემატურად ჩავერთე „იუმორინაში“. ხელფასიც იყო, ასევე, შემოსავალი კონცერტებიდან და დამატებით სხვა საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული. ჩვენი პროფესია ასეთია, საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავოთ. მე დღესაც ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზის დირექტორი ვარ. გარდა იმისა, რომ კონცერტებშიც ვარ ჩართული.

– როგორი მხარჯველი ხართ?

– ბესო ხუმრობდა ხოლმე ჩემზე, რამდენიმე ქისა აქვს, ერთი „შავი დღისთვის“, ერთი ლხინისთვის და ასე შემდეგო. სამწუხაროდ, ასეთი ქისები ცხოვრებაში არ მაქვს. ოჯახის პატრონი ვარ და მოგეხსენებათ, ოჯახს თავისი ხარჯი აქვს. ხან მეტი გჭირდება, ხან – ნაკლები, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩემი ჯამაგირიდან გამომდინარე ნორმალური მხარჯველი ვარ.

საერთოდ, კაპიტალისტურ აზროვნებაში ხარჯებთან დაკავშირებით ნაკლებად ლაპარაკობენ, უფრო იმჩნევენ, ანუ ცხოვრებაზე ეტყობათ, რომ ფული აქვთ. ყველა თავისებურად ამჟღავნებს ამას, მაგრამ არტისტის ბედი ხარჯებთან დაკავშირებით ისე არ არის, როგორც გარედან გამოიყურება (იცინის).

– არადა, ბევრისთვის ეკრანზე როცა გხედავთ, ეს ნიშნავს, რომ არაფერი გიჭირთ.

– რა თქმა უნდა, ვეთანხმები მაყურებელს, როცა ამბობენ, ამას რა უჭირსო. მე როცა სცენაზე ვდგავარ, მაშინ მართლა არაფერი მიჭირს. მაშინ არც ჩემთვის პატივცემულ მაყურებელს უჭირს რამე. ჩვენ ერთიანად ვზეიმობთ და განვიცდით სიხარულს და არაფერს სხვას. ამ მომენტში მე სხვა არაფერზე ვფიქრობ. თუ ეკრანზე ხალისი ჩანს, ესე იგი ხალისიანად ვცხოვრობ. თუ ეკრანზე სხვა რამე ჩანს, ზუსტად იმ აზრით და ფიქრით ვცხოვრობ. მაგ ნაწილში ამ ცხოვრებაში მართლა ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ვინც ჩვენს კონცერტზე მოვა, ის აუცილებლად დადებითი მუხტით წავა, რადგან ერთმანეთის მიმართ დადებითი მუხტით ვართ განწყობილი. ამას წლები ამტკიცებს.

– ხშირად მოგმართავენ ფულის სასესხებლად?

– ვინც მიცნობს, ჩემთან ფულზე არ მოვა. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, მოუმართავთ და მოგვინახავს სხვადასხვა გზები, მაგრამ ისე, რომ დალაგებული მქონდა და გადავაწოდე, არა, ეს განცდა ჩემგან შორს არის. მერე თუ იქნება ასე, არ ვიცი. ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო კაცი.

– არ ხართ ადამიანი, ვისაც დაგროვება შეუძლია?

– თუ კონცერტების სერია მიჰყვა და პატარა ფული გამიჩნდა, შემიძლია, შვილები გავახარო, ის ვუყიდო ერთიანი ფულით, რასაც სხვა დროს ვერ შევძლებთ. ასეთი რამ გამიკეთებია, მაგრამ რომ დამეგროვებინა და წლების შემდეგ გამეხსნა ქისა, ასეთი რამ არ მომხდარა. ბესოს ნათქვამი მხოლოდ კარგი ხუმრობა იყო (იცინის).

დღეს ხარჯი ისეთი აუცილებლობა გახდა ვერ ჩამორჩები. აი, მაგალითად, ზეიმს არ უნდა გამოაკლდე, ჭირს არ უნდა გამოაკლდე, ლხინს არ უნდა გამოაკლდე. ეს ყველაფერი, თავისთავად, ხარჯია. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და არ ვიცი, რატომ უნდა დავზოგო რამე? თქვენთან საუბრისას სიტყვებს არ ვზოგავ, შვილებთან სიყვარულს არ ვზოგავ, ხალხში სითბოს არ ვზოგავ, ჩემს ნიჭსა და უნარს არ ვზოგავ და ამ მხრივ რატომ უნდა დავზოგოთ? მხოლოდ ფული არ არის ცხოვრება, თუმცა ფულთან ერთად არის ცხოვრება.

– ყველაზე მეტად რაში გსიამოვნებთ თანხის გადახდა?

– საჩუქრებში. შვილისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის საჩუქრის ყიდვას რა სჯობს?! მით უმეტეს, რომ არ ელოდება და მაშინ აჩუქებ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. მე მიყვარს ჩარლი ჩაპლინის ყველაზე ცნობილი გამოთქმა: ადამიანი ორი რამით შეიცნობა – მოთმინებით, როცა არაფერი გაგაჩნია და ქცევით, როცა ყველაფერი გაქვს. მე ვფიქრობ, მთელი სამყარო ამაზეა აწყობილი. ეს თეზა ყველაფრის მაუწყებელია.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან დაბანდებად და ასევე, გადაყრილ ფულად?

– არასდროს მენანებოდა ფული ბავშვების სათამაშოებში. ჩემს ბავშვობაში ისეთ სათამაშოს მომიტანდა ხოლმე დედა (მამა ადრე გარდაიცვალა), ისეთ უცხოს, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილს, რასაც ჩვენში, ქუთაისში ვერ იშოვიდი. მაშინ ბევრი ფერადი სათამაშო არ იყო და ის უცხო, ფერადი სათამაშოები ჩემთვის ყველაფერი იყო. ეს შემორჩა ჩემს ცნობიერს და ვცდილობდი, ჩემს შვილებს, რაც შეიძლებოდა, ბევრი სათამაშო ჰქონოდათ. რაც არ უნდა პატარა სახლში ვცხოვრობდეთ, თუ ბავშვს ბევრი სათამაშო აქვს, მისი არეალი ძალიან ფერადი და ფართოა. შევძელი, ჩემს ორივე შვილს, ამ მხრივ, დიდი მრავალფეროვნება ჰქონოდათ და ჩვენი ოჯახის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამაში ფული არ დაგვიზოგავს. ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით და ერთი ოთახი მარტო სათამაშოებს ეკავა. ამაში მართლა ვყრიდი ფულს, თუმცა, ეს სწორი მგონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი