მედეა ადამია: ვცდილობ, ძალიან ფრთხილად ვიოცნებო, რადგან ყველაფერი მიხდება
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 20.03

მედეა ადამიას ნამდვილად გაუმრთლა ცხოვრებაში. ფიქრობს, რომ უბედნიერესი დედა, მეუღლე და ქალია, რადგან ჰყავს საყვარელი მეუღლე – ავთანდილ სამსონაძე, ორი ვაჟი – ადამი და დავითი და გარშემო უერთგულესი ადამიანები, რომლებიც სულ მის გვერდით არიან. ახლახან, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მედეამ ჯვარი დაიწერა და მისი მეუღლესთან ურთიერთობა უფალმაც აკურთხა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს წყვილს ჯვრისწერას და უზომო ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს.
მედეა ადამია: დაბადებისთანავე, რაც ამ ქვეყანას მოვევლინე, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომელსაც, როგორც ყველას, მეც ჩემი მისია მაკისრია დედამიწაზე. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც სამყაროს მოევლინა, იღბლიანია, მე კი განსაკუთრებულად იღბლიანად ვგრძნობ თავს.
– როგორ ფიქრობ, რა მისია გაკისრია დედამიწაზე და რის გამო ხარ ყველაზე იღბლიანი ადამიანი?
– ვგრძნობ, რომ იღბლიანი ადამიანის ტყავში ვარ. მყავს ერთგული და მოსიყვარულე მეორე ნახევარი – ჩემი მეუღლე, რომელიც სამყარომ გამომიგზავნა და ღმერთმა შემახვედრა. ის ჩემი არა მხოლოდ სულის, სხეულის ნაწილიცაა. ზუსტად ისეთი მეუღლე მყავს, როგორიც მსურდა და წარმომედგინა. ერთი მთლიანობა ვართ. მყავს ჩემი უსაყვარლესი, ჯანმრთელი ნატვრისთვლები, ჩემი ულამაზესი და უნიჭიერესი შვილები, ისეთები, როგორებიც წარმოსახვაში მქონდა. ანუ, როგორი შვილებიც მინდოდა, სამყაროშიც ზუსტად ისეთი მომეცა. მყავს უსაყვარლესი, ძალიან მაგარი და და ორი დისშვილი – მათე და მართა, რომლებიც ჩემი სულის ნაწილები არიან ისევე, როგორც ჩემი მეუღლე და შვილები. როგორ შეიძლება ამის მერე არ ვთქვა, რომ უიღბლიანესი ვარ. ხმამაღლა ვამბობ, მე სამყაროს შემოქმედმა დამაჯილდოვა ამ ყველაფრით, ბევრი ლამაზი, ლაღი და ბედნიერი დღე მაჩუქა და მინდა, კიდევ ბევრი ასეთი დღე მოვაგროვო, ხელი არ გავუშვა და ვეცადო, ხშირად განმეორდეს. ზოგადად, ყველა ოცნება ამიხდა და ახლა ვცდილობ, ძალიან ფრთხილად ვიოცნებო, რადგან ყველაფერი მიხდება. რაც შეეხება ჩემს მისიას დედამიწაზე არის ის, რომ ვიყო კარგი დედა, საუკეთესო მეუღლე, მეგობარი, ვაკეთო სიკეთე, განვვითარდე, მივიღო და გავიღრმავო ცოდნა და სხვებსაც გადავცე ის.
– ახლახან ჯვარი დაიწერე საყვარელ მეუღლეზე. რატომ გადაწყვიტე ახლა და რატომ არ დააკანონეთ თქვენი თანაცხოვრება აქამდე?
– მე და ავთანდილი სამი წელია, ერთად ვართ. ორივე ტრადიციული, ქრისტიანული ოჯახიდან მოვდივართ. გააზრებულ ასაკში შევხვდით და გააზრებულად შევქმენით ოჯახი. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ამ ასაკში შეხვდები შენს რჩეულს და ასე გადაგეკეტება ჭკუა და ერთი ნახვით შეგიყვარდებაო, გავიცინებდი. არადა, მართლა ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ზღაპრებში კი მქონდა წაკითხული და ფილმებშიც მენახა, მაგრამ თუ რეალურადაც ხდებოდა ერთი ნახვით შეყვარება და სიყვარულით ასე ჭკუის გადაკეტვა, რას წარმოვიდგენდი (იცინის). სხვათა შორის, ჩემს მშობლებსაც ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთ თვეში დააკანონეს ქორწინება, რადგან ძველად ამის გარეშე ერთად ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. ჩვენს შემთხვევაში გრძნობა და ერთი ნახვით შეყვარება გასაგები იყო, მაგრამ მაინც ვიმარხულეთ, ვეზიარეთ და მერე დავიწყეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ჯვრისწერა ნაჩქარევად არ გვინდოდა, გააზრებულად და აუჩქარებლად უნდა დაგვეგეგმა. ღმერთს ვერ მოატყუებ, ამიტომ, ჯერ საკუთარ თავში უნდა იყო დარწმუნებული, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ იქაც, ას ოცი წლის შემდეგ ახალ ცხოვრებაში რომ გადახვალ, შენ გვერდით იქნება. ასე რომ, ას ოცი წლის შემდეგ, იმ ქვეყანაშიც ეს მეუღლე მინდა, მყავდეს და სამოთხეშიც მის გვერდით ვიყო. მოკლედ, სამი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი სიყვარული ღმერთის წინაშე ყოფილიყო კურთხეული და დაკანონებული ღვთის წყალობაც გადმოსულიყო და ჯვარი დავიწერეთ. წარმოიდგინეთ, ჯვრისწერის შემდეგ, თურმე, რადიკალურად სულ სხვანაირი ხდება ცხოვრება, ცოლ-ქმარი მართლა ერთი სულის ნაწილი ხდება.
– ცოლ-ქმარი და შვილები, ულამაზეს ეროვნულ სამოსში იყავით გამოწყობილი. ეს შენი იდეა იყო, თუ ამ დღისთვის ვინმემ შეგირჩიათ ასეთი იმიჯი?
– მეუღლის იდეა იყო, რომ ჯვრისწერის დროს ეროვნული სამოსი გვცმოდა. იმდენად თავიდან ბოლომდე ქართველია, ნაღდი „გრუზინი“, ჩოხით ჯვრისწერა მოინდომა. სპეციალურად ამ დღისთვის შევიკერეთ მთელმა ოჯახმა და ულამაზესი გამოვიდა.
– სად დაიწერეთ ჯვარი? როგორც ვიცი, ამ დღეს, ბავშვიც მონათლეთ.
– სამებაში დავიწერეთ ჯვარი და დიახ, ჩვენი დავითიც მშობლების ჯვრისწერის დღეს მოინათლა. ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი თარიღი გამოვიდა და უფლიდან ორმაგი მადლი გადმოვიდა. ჩემს მეუღლეს 3 თებერვალს აქვს დაბადების დღე. სვეტიცხოვველი მოვილოცეთ და დედათა მონასტერსაც ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი ოჯახის ახლობელ დედაოს, ელენეს შევხვდით. დაგვლოცა, მოიკითხა ბავშვები და დაინტერესდა, დავითი თუ მონათლეთო. ვუთხარით, ზაფხულისთვის ვაპირებთო. გვირჩია: ახლა, 8 თებერვალს, დავითობაა, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, ამ დღეს მონათლეთ და წმიდა დავით აღმაშენებელი იქნება მისი მფარველიო. დავიბენით, ასე გვეგონა, ჯერ არ ვიყავით მზად, მაგრამ ხუთ დღეში სამოსის შეკერვაც მოვასწარით, ჯვრისწერისა და ნათლობის ორგანიზებაც, ტრადიციული სუფრის გაკეთებაც და ულამაზესი და სასწაული დღე გამოვიდა. დავითი მამა კონსტანტინემ მონათლა. ის წლების განმავლობაში ჩემი მოძღვარი იყო, ჩემი მეუღლის სულიერი მოძღვარიცაა და მანაც გვითხრა: პატარა დავითის მფარველი ანგელოზი დავით აღმაშენებელი იქნებაო.
– ამბობენ, როცა შეყვარებული წყვილი სიყვარულს ღვთის წინაშე აკანონებს, ამ დღეს მათ გარშემო სასწაულები ხდება და თუ კარგად დააკვირდებით, მათ აუცილებლად დაინახავთო. მსგავსი რამ ხომ არ მომხდარა?
– ჯვრისწერის დღეს ნამდვილად მოხდა სასწაული. გამიგია, თუ ჯვრისწერის დღეს წვიმა მოდის, ავ თვალს, შურს, ბოროტებას და სამყარო წყვილიდან მთელ ნეგატივს ჩამორეცხავს და წვიმას გაატანს, ხოლო თუ თოვლი მოვა, ოჯახს მდიდარი, ბარაქიანი ცხოვრება ექნებაო. დამიჯერეთ, ჩვენი ჯვრისწერის დღეს, გაწვიმდა და ავთოს ვუთხარი: ნეტავ თოვლიც წამოვიდეს-მეთქი და სასწაული! წვიმამ გადაიღო და თოვლი წამოვიდა. ისეთი საოცრება და სასწაული იყო, სიხარულით გადავირიე! სხვათა შორის, ყოველდღიურად მაქვს შეგრძნება, რომ დედა მუდმივად ჩემთანაა. როცა მიხარია, ისიც ხარობს და მუდმივად მმფარველობს იმქვეყნიდან. ჯვრისწერის დღეს განსაკუთრებულად ვგრძნობდი დედის სიახლოვეს, ციოდა, მაგრამ მე უცნაური სითბო მეღვრებოდა სხეულში, საოცარ ენერგიას ვგრძნობდი. ამის აღწერა ენით შეუძლებელია. მე მუდმივად ვატარებ თილისმად ბეჭედს, რომელიც დედამ მოიხსნა და გადმომცა. ჩემი მეუღლე კი ხშირად ატარებს გიშრის ყელსაბამს, რომელიც დედას ეკუთვნოდა და სულ ვამბობ, გარდაცვლილი დედის სამკაული ჩემმა ქმარმა თავისი სხეულით გააცოცხლა-მეთქი. ამბობს, რომ სასწაულად მეხმარება და ხელს მიწყობს, როცა მას ვატარებ, ყველაფერში ხელი მემართებაო. პატარა სამგზავრო ჩემოდანი მაქვს, სადაც დედის კაბებს ვინახავ, დროდადრო ვხსნი, ვალაგებ, ვყნოსავ, დედის სუნით ვივსები და ვთბები. ზედმეტად ემოციური ვარ და დედის გახსენებაზე სულ ისტერიკული ტირილი მეწყება.
– ვიცი, არ გიყვარს რთული დღეების გახსენება. და მაინც, როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში, როცა სამყარომ, თითქოს, ზურგი გაქცია?
– რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემთვის სამყაროს ზურგი არასდროს უქცევია,. სულ ვგრძნობდი, ყველაზე რთულ მომენტშიც კი, რომ მთელი სამყარო ჩემ გვერდით იდგა. უდიდეს მინიშნებებს მაძლევდა, მაგრამ მე სულიერად იმდენად ბრმა ვიყავი, ყურადღებას არ ვაქცევდი. ნახევარი წელია, მივხვდი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სამყარო ყოველთვის გვაძლევს მინიშნებას, უბრალოდ, ადამიანები ვაქცევთ მას ზურგს. სხვათა შორის, სულ ვამბობ, ჩემი მეუღლე არა მარტო უფლის, ჩემი მშობლების გზავნილიცაა. ახლა ეს ადამიანი ჩემი სტიმული, მოტივატორი, გვერდში მდგომი და იმედია. მასზე ვარ დაყრდნობილი. ზუსტად ჩემმა მეუღლემ დამანახვა რადიკალურად სხვანაირად ყველაფერი, რის შედეგად ერთი ასად დავბრძენდი, ვისწავლე ჩემი ემოციების კონტროლი და სულ სხვანაირი მედეა გავხდი. ემოციების კონტროლი კი, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. და, ვისწავლე ჩემი სურვილების სწორად მოყვანა სისრულეში – ჯერ ავწონ-დავწონი და მერე ვიწყებ მოქმედებას, რაშიც ჩემი მეუღლეც მეხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან