მასტერი: ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 25.07

მასტერის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის მასტერი?
მასტერი: მასტერი არის ისეთი, როგორიც საკუთარი კარიერის დასაწყისში იყო: უზომოდ შეყვარებული მუსიკაზე, უზომოდ შეყვარებული ურთიერთობებზე, შეყვარებული სიყვარსულის მიღებასა და გაცემაზე, რაც პროფესიულ ჭრილში მსმენელებთან ემოციების გაცვლითა და სიახლოვით გამოიხატება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი და ვარ ჩემს მსმენელთან. დღემდე ვრჩები იმ მოღიმარ ბიჭად, რომელიც ვიყავი 15 წლის ასაკში, როდესაც ვიწყებდი ამ საქმეს. როცა ჩემთან მოდიოდნენ და ფოტოს გადაღებას მთხოვდნენ, უბედნიერესი ვიყავი, დღემდე ისეთივე ბედნიერი ვარ მსგავს მომენტებში. უზომოდ მიყვარს ჩემი მსმენელი. ასევე, ვარ ცოტა სევდიანი ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდა, რომ საკუთარი სიყვარული იპოვოს.
– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ალბათ, ვცხოვრობ ჩემი საოცნებო ცხოვრებით. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ როდესაც ძვირფასი ადამიანები ჯანმრთელები არიან, როდესაც ერთგული მეგობრები გყავს, აკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს, ეს დიდი ბედნიერებაა. ალბათ, კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მექნებოდა ის ერთადერთი რამ, რის გამოც ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტების მშურს, ანუ, მათი, ვინც საკუთარი საქმით მოიპოვებენ დიდ ფინანსებს და არ სჭირდებათ იმაზე ფიქრი, რაზეც მე, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ მუსიკის პარალელურად, ხომ არ მეცადა ბედი ბიზნესში, რომ ფინანსური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და ჩემი შემოქმედებითი მასშტაბები გამეზარდა. ხალხის სიყვარულს ვერანაირი ფული ვერ გადაწონის. უცხო ადამიანები რომ გესალმებიან, სითბოს არ იშურებენ, სხვა ქვეყნებიდან გწერენ, ამას რა თანხა უნდა გერჩივნოს, მაგრამ ამის პარალელურად, შენივე საქმე ფინანსური სიმყარის საშუალებასაც რომ გაძლევს, ზუსტად ეს არის ჩემთვის საოცნებო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს პარტნიორის გარეშე, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელსაც ძალიან უყვარხარ. ბოლო წლებში ყველა ინტერვიუში ვამბობ, რომ ძალიან მინდა, ვინმე მიყვარდეს. ეს არის ჩემთვის საოცნებო და ეს არის ჩემთვის ბედნიერება.
– რას გააკეთებდი ახლა, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგო?
– პირველ რიგში, სადმე წავიდოდი და სიმშვიდეში ანალიზს გავაკეთებდი. ანუ, კარგად დავფიქრდებოდი, რაში დამეხარჯა ეს თანხა. დავფიქრდებოდი, თუ როგორ გამომემუშავებინა მოგებული თანხით, ამ განგების საჩუქრით, კიდევ უფრო მეტი და არ გამეფლანგა. ალბათ, ყველას გვაქვს ახალგაზრდული გამოცდილებები, გვქონია რაღაც თანხა და ისე დაგვიხარჯავს, რომ ვერც გაგვიგია. ამასაც თავისი ხიბლი აქვს, სიძუნწე არ მახასიათებს. არც დროის გასატარებლად დამენანება ფული და მეგობარსაც სიამოვნებით ვუწილადებ, მაგრამ ასეთ მომენტში, მაინც ალბათ, ქალაქიდან გავიდოდი და მშვიდი გონებით დავიწყებდი იმაზე ფიქრს, რისი გაკეთება იქნებოდა სწორი, რა საქმეში დამებანდებინა თანხა.
ოცი წელია, მუსიკაში ვარ და დღემდე ბევრი ოცნება მაქვს. მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს: თვითონ ვწერ მუსიკას, ტექტს, კლიპის რეჟისორიც მე ვარ და ასე შემდეგ. გონებაში ბევრი კლიპი მიტრიალებს, რომელსაც ჯერ ვერ ვიღებ, იმდენად მასშტაბური სცენები მაქვს წარმოდგენილი, რომ ამ ეტაპზე მისი განხორციელება მარტივი არ არის. თუ შესაბამისი ფინანსები მექნებოდა, ისეთ კლიპებს გადავიღებდი, როგორიც ჩემს წარმოდგენებშია და თავს აღარ შევიზღუდავდი ფინანსური რესურსების გამო. საქმე, ჩემი მუსიკა – პირველ რიგში, ყველაფერი ამისთვის მინდა. მუსიკა ჩემთვის შვილივით არის. კონცერტიდან ცოტა სოლიდურ თანხას რომ ვიღებ, მაშინვე ახალი კლიპის გადაღებაზე ვფიქრობ.
– გინდა, რომ მსოფლიო მასშტაბით იყო ძალიან პოპულარული?
– რა თქმა უნდა, ეს ჩემი დრამაა. მთელი ცხოვრებაა ეს სევდა მომყვება. როცა ქართველი რეპერი ხარ, სხვა გზა არაა, ყოველთვის საქართველოს მასშტაბის იქნები. შეიძლება, ვინმემ ხისტად ნათქვამად ჩამითვალოს, მაგრამ ბედნიერებაა, როდესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში გისმენენ. რეპი ისეთი მიმდინარეობაა, თუ ტექსტი არ გესმის, ძალიან რთულია მისი აღქმა. ყოველთვის მშურდა იმ მუსიკოსების, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მიოცნებია და დამსიზმრებია კიდეც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უზარმაზარ საფეხბურთო სტადიონებზე გამოვსულვარ და უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე მიმღერია. ყველაზე ბედნიერად ვთვლი არტისტს, რომელიც საკუთარ ენაზე მღერის და მისი მილიარდობით ადამიანს ესმის. ქართული რომ საერთაშორისო ენა იყოს, უბედნიერესი არტისტი ვიქნებოდი. როცა მშობლიურ ენაზე აკეთებ მუსიკას, ის ძალიან ავთენტურია, კარგად გამოდის. ამერიკაში დავამთავრე სკოლა და კი, სიმღერა ინგლისურადაც სტანდარტულად გამომივიდოდა, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის მშობლიური და ამ ენაზე თავისუფალი ვერ ვიქნებოდი, რაც არაბუნებრიობას გამოიწვევდა.
– წარსულზე რომ ფიქრობ, რას მიიჩნევ შენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად?
– დაახლოებით, 18 წლის ასაკში რომ ამერიკაში არ დავბრუნდი. მაშინ უკვე რეპის გზას ვადექი და ალბათ, რომ დავბრუნებულიყავი, იქ მეტი მასშტაბები მექნებოდა. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერს, ამ ქვეყანაში თეთრმა მარტო ემინებმმა „გაქაჩა“, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მცდარი იყო, ამერიკაში დაბრუნება რომ არ ვცადე. ძალიან მიზანდასახული და იღბლიანი ვარ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მასშტაბების მხრივ, გაცილებით მეტს მივაღწევდი.
მეორე რასაც არასწორად მივიჩნევ, ჩემი დაგვიანებული ნაბიჯებია რეპში. ამ საქმის კეთება 15 წლის ასაკში დავიწყე. კარიერა უფრო ადრე რომ დამეწყო, გაცილებით კარგი იქნებოდა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, იმხელა მასშტაბით გაპიარდნენ მომღერლები, რომლებიც იმ პერიოდში პატარა ასაკიდანვე აქტიურობდნენ, რომ დღემდე შეიძლება, ახალი სიმღერა არ ჩაწერონ, მაგრამ მათი სახელი და გვარი ყველამ იცის. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ადრე რომ დამეწყო, მეტი მასშტაბები მექნებოდა.
პირად ცხოვრებაშიც მქონდა მცდარი ნაბიჯი. ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილი დავუთმე იმ ადამიანს, რომლისთვისაც ჯობდა, არ დამეთმო. კი ამბობენ ხოლმე, ყველაფერს თავისი პლუსი აქვს, შეცდომებზე სწავლობო და ასე შემდეგ, მაგრამ ხანდახან ადამიანი ისეთ იმედგაცრუებებს განიცდი, რომ ჯობს, საერთოდ არ გაიარო ეს გზა.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდა...
– მე ძალიან მიყვარს ანიმაციების ყურება და ერთ გოგონასთან ერთად პირველ „დეითზე“ კინოში წავედი, რადგან ჩვენი სურვილები დაემთხვა. შუა ფილმის დროს, ეს გოგო ამბობს, რაღაც უცნაური გამოსახულება აქვს ფილმს, სამი დე ხომ არ არისო?! მეც შევამჩნიე იგივე, მაგრამ არა-მეთქი, დარწმუნებულმა ვუპასუხე, იმიტომ, რომ ბილეთების ყიდვისას სათვალე არ შემოუთავაზებიათ, როგორც იქცევიან ხოლმე ჩვეულებრივ, თუ ფილმი სამი დეა. ამ გოგოს კი ვუთხარი, რომ ცდებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში, სხვა მაყურებელებისკენ გავაპარე თვალი და ვხედავ, რომ ყველას სათვალე უკეთია. საბედნიეროდ, ბევრი ხალხი არ იყო დარბაზში და თავი დავიმშვიდე, რომ ამ გოგომ ვერ შეამჩნია ეს ფაქტი. თან, პირველი პაემანი იყო, ჯერ რომ თავისუფლად ვერ ხუმრობ და გინდა, კარგი ტიპი გამოჩნდე, ამიტომ არაფერი შევიმჩნიე (იცინის). საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიხარია, რომ „გამოვძვერი“ ამ სიტუციიდან და გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ დავაპირეთ კინოში წასვლა. მაშინ მითხრა, ოღონდ ამჯერად აუცილებლად სათვალითო (იცინის).
თუმცა, ჩემი და კინოს ისტორიები ამით არ ამოწურულა. ერთხელ კიდევ, ერთ გოგოსთან ერთად წავედი ფილმის პრემიერაზე. მივედით დარბაზთან პოპკორნით, მთელი ამბებით პრემიერის სანახავად და გვეუბნებიან, ეს ხვალ არისო?! ალბათ, რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, სანამ ბილეთს ვიყიდი, ათჯერ ვამოწმებ ბილეთს (იცინის).
– რა გახსენდება ყველაზე დიდ შიშთან დაკავშირებით?
– ყველაზე მაგრად მეშინია, ხელმოცარული ადამიანი არ ვიყო. ადამიანი, რომელსაც მხოლოდ წარსულის კარგი ამბები დარჩა გასახსენებლად და აწმყოში აღარაფერი აქვს, არც დადებითი გარემო და არც დადებითი ფიქრები გონებაში. ხელმოცარულობაა, როცა არაფერს წარმოადგენ, როცა მსმენელი აღარ გყავს და უცნობებს უყვები, რას აკეთებდი ადრე. ამის შიში მაქვს და ალბათ, ამიტომაც ვაქტიურობ ძალიან – წელიწადში 24 სიმღერას ვწერ, მაგრამ ეს მხოლოდ ამით არ არის გამოწვეული, მე მიყვარს მუსიკის კეთება და ამის გარეშე თავს ცუდად ვიგრძნობ. მარტოობის შიშიც ძალიან მძიმეა. შეიძლება, გავიდეს ცხოვრება და როგორც წარმოგიდგენია, როგორც გიოცნებია და ფილმებში გინახავს, ისე, ვეღარ შეგიყვარდეს.
– რამის ფობია გაქვს?
– ბოლო დროს ავიკიდე ფრენის ფობია. მოგზურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ღილაკზე თითის დაჭერით ეს ფობია ქრებოდეს. ბევრი კონცერტი გავაუქმე ამის გამო.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
– უცხო ადამიანების სიყვარულითა და პატივისცემით. სრულიად უცხო ადამიანი რომ საოცარ სიტყვებს გეუბნება, ადამიანები რომ დიდი დოზით გამოხატავენ სიყვარულს, მერე ფიქრობ, ნეტა, მართლა ვიმსახურებ თუ არა?! ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! მაგალითად, სვანეთში სალოცავზე რომ ადიხარ, გგონია, რომ ვერავინ შეგამჩნევს და ამ დროს, ადამიანები გულში გიხუტებენ, რა არის ამაზე მნიშვნელოვანი?! ბრაზილიაში მცხოვრები ჩემი მსმენელი, რომელსაც ძალიან ბევრი წელია, საქართველო არ უნახავს, ბრაზილიის რომელიღაც კუთხეში რომ ჩემს სიმღერას უსმენს სუფრასთან, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამით ვამაყობ და მათ სიყვარულს ბოლომდე ვიზიარებ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან