მარტა ბარამიძე: ბოლო წამებში მივასწარი, რომ დამეგვიანა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი
ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 14.04, 2021 წელი

მარტა ბარამიძემ „მასტერშეფის“ შოუდან „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში გადაინაცვლა, სადაც საკუთარი რუბრიკა აქვს. მარტა არის დილის გადაცემის თანაწამყვანი და ასევე, „პუტკუნების კულინარიული მოგზაურობის“ პროდიუსერი. წლების წინ მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ ტელევიზიაში აღარ იმუშავებდა. რამ შეაცვლევინა მას აზრი, სტატიიდან შეიტყობთ.
მარტა ბარამიძე: დილის გადაცემის თანაწამყვანი ვარ, რომელსაც საკუთარი რუბრიკა აქვს და ეთერში ყოველ ორშაბათს ვარ ხოლმე. როგორც ასეთი, წამყვანი პირველად ვარ, მაგრამ გუნდი ისეთი მეგობრულია, შეკრული და ერთიანი, რომ სირთულეებს საერთოდ ვერ ვგრძნობ. გარდა ამისა, „პუტკუნების კულინარიული მოგზაურობის“ პროდიუსერიც ვარ, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონის მოვლა და ძველი რეცეპტების, საინტერესო ადამიანების მოძიება. ორი თვე არც იქნება, რაც „მთავარ არხთან“ დავიწყე თანამშრომლობა.
– ანუ, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს.
– ჩვენთან არ არის სტერეოტიპები და ის სტიგმა, რაც ბევრ სხვა ტელევიზიაში მინახავს. მაგალითად: დილის ათზე სამსახურში უნდა იყო, მიუხედავად იმისა, საქმე გაქვს თუ არა. ჩვენს შემთხვევაში, როცა საქმე არ გაქვს, იქ მისვლის აუცილებლობა არ არსებობს. დილის რუბრიკებს სახლიდან ვწერ ხოლმე, რაც შეეხება კულინარიულ ნაწილს, აქაც სახლში ვმუშაობ, უბრალოდ, ერთად გავდივართ მთავარ ნაწილს და მერე მივდივართ რეგიონებში. არავინ გთხოვს, თავისუფალი დრო ტყუილუბრალოდ დაჰყო სამსახურში, განურჩევლად კვირის დღეებისა.
– ერთ-ერთ ტელევიზიაში უსიამოვნების გამო თქვი, რომ ტელევიზიაში აღარ იმუშავებდი. რატომ გადაწყვიტე დაბრუნება?
– კი, ვთქვი, რომ არასდროს ტელევიზიაში არ დავბრუნდებოდი. ეს ტელევიზია იყო GDS. იქ რაც მოხდა, ეს არც სკანდალი ყოფილა და არც კონფლიქტი. ერთ დღესაც გადაღებაზე გაგვიშვეს ჯარში. სრული ერთი დღე ჯარისკაცულად უნდა გვეცხოვრა. გადაცემის მხატვარმა ზამთრის ფორმის ნაცვლად, ზაფხულის ფორმა გაგვატანა, მაშინ, როცა გადაღება თებერვალში იყო. ძალიან გავცივდი და თირკმელზე შემექმნა პრობლემები, კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და მართლა ბოლო წამებში მივასწარი საავადმყოფოში, რომ დამეგვიანა ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ვთქვი, რომ აღარ ვაპირებდი ტელევიზიაში დაბრუნებას და მუშაობას.
– თუმცა, მაინც დაბრუნდი.
– კი და ეს გადაწყვეტილება კარანტინმა მიმაღებინა. ჩემი გეგმები მქონდა, კაფეს გახსნასა და ბევრი სიახლის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ კარანტინმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა – ამ პირობებში წარმოუდგენელი იყო მუშაობა. დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა მექნა, რა ვიცოდი და რა რესურსები მქონდა. საბოლოოდ ტელევიზია გადავწყვიტე, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც არასდროს ჩერდება და ყველაფრის მიუხედავად, მაინც განაგრძობს მუშაობას.
– პირად ცხოვრებაში გაქვს სიახლე?
– პირად ცხოვრებაში აქამდეც დიდად არაფერი ხდებოდა, რადგან ჩემი ნებით ვთქვი უარი ამ ყველაფერზე. დიდი გულისტკენა გამოვიარე და არავისთან აღარ მინდოდა ურთიერთობა. როცა ადამიანები ურთიერთობენ, ესაუბრებიან ერთმანეთს და უზიარებენ, რა სტკივათ, რა სწყინთ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, უფრთხილდებიან ერთმანეთს. ჩემს შემთხვევაში, ის რაც ჩემთვის წმინდა იყო, მან არ გაითვალისწინა, ძალიან მატკინა გული და მივხვდი, რომ მასთან ვეღარ გავჩერდებოდი. ჩემი სურვილით შევწყვიტე ურთიერთობა. გამიჭირდა, დეპრესია მქონდა და მართლა ცუდად ვიყავი... „მასტერშეფშიც“ იმიტომ მივედი, რომ ეს დეპრესია გადამელახა, ეს იყო ჩემი მიზანი. არც მოგება მინდოდა და არაფერი, ერთადერთი რამ მსურდა – კარგად გავმხდარიყავი. დეპრესია ძალიან მძიმე დაავადებაა და მინდა, სხვებს ვურჩიო, რომ ხელწამოსაკრავად არ თქვან, რომ დეპრესია აქვთ. გავიარე და ვიცი, რამდენად რთული დაავადებაა.
– რა სირთულით გამოიხატებოდა?
– დეპრესიის დროს თვითმკვლელობის სურვილიც კი მქონდა. სანამ „მასტერშეფში“ წავიდოდი, მანამდე ვიფიქრე და ვთქვი: მოდი, რაღა ამაზე ვინერვიულო, ვინერვიულებ იმაზე, რაც ძალიან მიყვარს და ეს იყო კერძები. გადავერთე ახალ სანერვიულოზე, რამაც გადამატანინა რთული პერიოდი. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს ხოლმე.
– როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს ამ ადამიანთან?
– ზოგადი ურთიერთობა მაქვს, მეგობრული. იმ ყველაფერმა ჩაიარა. გრძნობა გავიქრე, ამაზე ბევრი ვიმუშავე და დღეს უკვე ამ ადამიანის ნახვა განსაკუთრებულ ემოციებს საერთოდ აღარ იწვევს. ეს იყო ორწლიანი ურთიერთობა. ზოგისთვის ეს ორი წელი შეიძლება, მცირე იყოს, მაგრამ ჩვენ იმდენი თავგადასავლი გვქონდა, რომ ძალიან დიდი ორი წელი გამოვიდა. ის ორი წელი ძალიან კარგი იყო, ბოლო ნახევარ წელს თუ არ ჩავთვლით. რაღაც მხრივ, მისი მადლობელიც ვარ. არც გაბრაზება მაქვს შემორჩენილი და არც ბოღმა, უბრალოდ, მეწყინა ის, რომ გული მატკინა.
– გეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების?
– არ მეშინია. არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაც მუსიკას ვუსმენ და ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო. თუმცა ურთიერთობაში ხომ დასაწყისი ეტაპია ყველაზე განსაკუთრებული, ჰოდა, იმის იქით აღარ მინდა გაგრძელდეს (იცინის). როცა ადამიანები ერთად ცხოვრებას იწყებენ, ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება. მე თვითონ ვთქვი უარი ურთიერთობებზე. როცა ადამიანს მთლიანად უღებ გულის კარს და მთლიანად უშვებ შენში, ის კი შენი გრძნობებით მანიპულირებს, დიდი ტრავმა გრჩება. საკუთარ თავს ვუთხარი: სანამ სწორ ურთიერთობას არ ისწავლი და ამ გულის კარის ნაწილს დაკეტილს არ დატოვებ, მანამდე ახალ ურთიერთობას არ დაიწყებ-მეთქი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან