შოუბიზნესი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს

№7

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 24.02, 2021 წელი

მარკუს მეტრეველი
დაკოპირებულია

სახელი: მარკუსი.

გვარი: მეტრეველი.

პროფესია: მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, ერთ-ერთი ეხება საბერძნეთში გატარებულ წლებს. როცა ამ ქვეყანაში ჩავედი, მეოთხე კლასში ვიყავი, მაგრამ იქ სკოლაში პირველ კლასში დამსვეს. ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო.

– ჩემი მეტსახელი...

– ბავშვობაში მშობლები „გოგლას“ მეძახდნენ. მრგვალი და მსუქანი ბავშვი ვიყავი (იცინის). თუმცა, ეს მეტსახელი არ შემომრჩენია.

– პირველი წარმატება...

– ეს ჯერ კიდევ საბერძნეთში იყო, როცა მუსიკალურ აკადემიას ვამთავრებდი, 6 500 ბავშვში ხუთი საუკეთესო ამოგვირჩიეს და დაგვაჯილდოვეს. შემდეგ ჩვენი ფოტოები მუსიკალური აკადემიის კედელზე გამოაკრეს. ამ ყველაფერმა მომცა დიდი მოტივაცია, რომ ჩემი საქმე გამეგრძელებინა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვისაც ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, შვილები, მეუღლე, სამსახური, თავს ართმევს თავის პროფესიას მაღალ დონეზე და მის გარშემო ყველაფერი ბალანსშია. ხოლო მიღწევები, რომლებიც თან სდევს ადამიანის ცხოვრებას და კარიერას, ეს უფრო ამყარებს მის წარმატებულ ცხოვრებას. წარმატებული არ არის, ის ვინც მარტო ცნობილი და პოპულარულია.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– უსაზღვრო ენერგია, სიყვარული და სიკეთეა, რომელიც არასდროს მთავრდება და ყოველთვის რწმენითა და დიდებითაა სავსე.

– ცოდვა – ეს არის...

– ღალატი, ბოროტება, შური, ბოღმა – ის, რაც სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში გვხვდება.

– ვრისკავ...

– ყოველთვის. ვინაიდან ძალიან მიყვარს შამპანური, აუცილებად ვრისკავ (იცინის). ხანდახან ისე ვრისკავ, არ ვფიქრობ, სად დამთავრდება და ჩამოიშლება კედელი.

– მაკვირვებს...

– ოცდამეერთე საუკუნეში სიახლის მიუღებლობა მაკვირვებს, რაც ქართველებს „გვიჭირს“, ასევე, გაუნათლებლობა, უინტელექტობა, სიბოროტე და სიგოიმე.

– ვერიდები...

– მასობრივ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ვდგავარ და ათასობით ადამიანთან მაქვს შეხვედრა, მასობრივ შეკრებებს ყოველთვის ვარიდებ თავს. ჩემთვის ეს დიდს არაფერს ნიშნავს, ტყუილუბრალოდ დაკარგული დროა. მირჩევნია, ვივარჯიშო, ვიკითხო, ახალი სიმღერა შევქმნა, ვიდრე „ტუსოვკებში“ მივიღო მონაწილეობა. არასოდეს ვიყავი მსგავსი შეკრებების მოყვარული, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს ხოლმე ყოფნა.

ვემტერები...

– ურწმუნო ადამიანებს, ოღონდ კარგი გაგებით, ვცდილობ, მათ რეალობა დავანახვო. ამ ბოლო დროს ახალგაზრდებში ძალიან გავრცელდა ათეიზმი, რაც მაშინებს. მყავს ბევრი მოსწავლე და უმრავლესობას არ სჯერა ღმერთის არსებობის, ამის გამო ხშირად მიწევს დისკუსია და იმის ახსნა, რომ ღმერთი თითოეულ ჩვენგანშია, თუმცა, ამის აღქმა უჭირთ.

– ბედისწერა...

– არ არსებობს. დავუშვათ აივნიდან გადავხტი, ამას ბედისწერას ვერ დავარქმევ, რადგან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, ყველა ადამიანი საკუთარ ბედს თავად წყვეტს. ღმერთი არ გვიწერს რა, როგორ იქნება – სრულ თავისუფლებას გვაძლევს, არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. არსებობს შემთხვევითობები, თუნდაც ავტოსაგზაო. ღმერთს უნდა, ვინმე გარდაიცვალოს, შეუვარდეს მანქანას ან აივნიდან გადავარდეს? აბსურდია. ეს არის შემთხვევითობა, რომელიც ჩვენმა წინდაუხედაობამ გამოწვია. ტყუილია, რომ სადღაც რაღაც არის დაწერილი.

– სიყვარული – ეს არის...

– ამოუხსნელი ფენომენი. სიყვარული რომ ამოვხსნათ, იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით, რა არის ის უშრეტი და ულევი ენერგია, რომელიც არსებობს ჩვენში და ვუზიარებთ საყვარელ ადამიანს.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– ძალიან პატარა ვიყავი, ბაღში დავდიოდი. სახელიც კი მახსოვს – იმ გოგონას დიანა ერქვა. შემიყვარდა იმიტომ, რომ გემრიელი ნამცხვრები მოჰქონდა სახლიდან და მიწილადებდა (იცინის), მეც კანფეტებს ვაძლევდი ხოლმე. ბავშვობიდან გურმანი ვიყავი და ასე, ტკბილულის გაცვლაში შეგვიყვარდა ერთმანეთი.

– იდეალური ქალი არის...

– ერთგული. ქალი აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, შემდგარი, ჩამოყალიბებული, კეთილი და უნდა ჰქონდეს კარგი იუმორი. ჩემი თანამგზავრი უნდა იყოს ჩემი ძმაკაცი, მეგობარი, დაქალი, ოჯახში – მაგარი დიასახლისი და საწოლში – მაგარი ქალი.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– შემიძლია, ადამიანს ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ ის ისე აღარ დარჩება ჩემში, როგორც ადრე. საბოლოო ჯამში, პატიება ჩანაცვლდება მოთმინებითა და დავიწყებით. ვმუშაობ, მაქსიმალურად მივუახლოვდე ჩვენი რელიგიის კანონებს, ვიყო მიმტევებელი და მარტივად ვაპატიო ადამიანებს.

– შემშურებია...

– შური არის შური, კეთილი თუ ბოროტი. არ ვარ ადამაინი, რომელსაც სხვისი რამე შეშურდება და ვინმეს ცუდს უსურვებს. უფრო შემშურდება უცხოელი ვარსკვლავის მაგარი სიმღერა, რომელიც ჩემთვის არ დაწერილა.

– სამაგიეროს გადახდა...

– არც მიცდია, რადგან მაშინ მის დონეზე უნდა დავეცე. ცხოვრება უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მაწყენინა. პირადად სამაგიეროს გადახდაში დროს არ დავკარგავ, გავიღიმებ, გადავაბიჯებ წყენას და წავალ მხოლოდ და მხოლოდ წინ!

– მარტოობის განცდა...

– ყოველდღე მაქვს. ერთხელ ჰონკონგში მქონდა კონცერტი, 50 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, საოცრება ხდებოდა, მსოფლიო პრესა იყო ჩამოსული. დამთავრდა გრანდიოზული შოუ, დავეხსენი ყველაფერს და ოთახში ჩემთვის ჩამოვჯექი. ჩემმა დამხმარემ მკითხა: მარკო, დაიღალეო? არა, უბრალოდ, ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს-მეთქი, ვუპასუხე. გადაირია, როგორ, ამდენი ადამიანია შენ ირგვლივ და ყველა გესიყვარულებაო. ვერ ავხსნი, რატომ, მაგრამ სულ მარტოობის განცდა მაქვს. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ხშირად ძალიან მარტო ვარ. ალბათ, ყველა ხელოვანი მაინც ეულია. ჩემს თავშივე ვპოულობ თავშესაფარსა და სიმშვიდეს.

– ვეჭვიანობ...

– ყოველთვის, სასწაული ეჭვიანი ვარ.

– ბოდიშის მოხდა...

– არასოდეს მიჭირს. ძალიან ხშირად ვიხდი ბოდიშს. თუმცა, თუ სერიოზული რამ ჩემს საყვარელ ადამიანთან მოხდა, მასთან ნამდვილად მიჭირს ბოდიშის მოხდა, რადგან მრცხვენია ჯერ იმის გააზრება, რომ შეცდომა დავუშვი და მერე ამ შეცდომის გადაფარვა ბოდიშით.

– მაკომპლექსებს...

– სიშიშვლე, უსათვალოდ და უქუდოდ საზოგადოებაში გამოსვლა – ამ დროს მგონია, არაფერი მაცვია და ისე დავდივარ.

– ვნანობ...

– იმას, რომ ევროპაში არ გავაგრძელე კარიერა.

– ყველაზე დიდი ტკივილი...

– ჩემი უსაყვარლესი ბებიის გარდაცვალება – ხუთი წლის წინ დავკარგე. ყველაზე მტკივნეული იყო ეს რეალობა ჩემთვის. მტკივნეულია კიდევ ის, რომ ჩემს შვილებთან არ მაქვს კონტაქტი და იმედია, ეს ყველაფერი მალე დალაგდება.

– თავისუფლება არის...

– თავისუფლებისთვის მთელი ცხოვრება ვომობ, ბავშვობიდან დაწყებული და ეს ომი დღემდე გრძელდება. თავისუფლება ჩემთვის სულიერი მდგომარეობაა, საკუთარი თავის უფლება. თავისუფალი ადამიანის ხვედრი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ეს არ არის – „მე რასაც მინდა, იმას გავაკეთებ!“

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– სულიერად შემცვალა, შემაძრწუნა და გამაოგნა ფაქტმა, როდესაც სტამბულში „აია-სოფია“ მეჩეთად გადააკეთეს. ჩემთვის უდიდესი შოკი იყო, სიტყვები არ მყოფნიდა ამ ემოციის გადმოსაცემად. ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის, ღმერთმა იცის, რაც მოხდება ამის შემდეგ...

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემი ბავშვობა, თოვლიანი თბილისი, ბავშვებით სავსე ეზო და, კიდევ, 9 აპრილის საღამო, როდესაც თბილისში რუსული ტანკები შემოდიოდნენ... ბავშვები დიღმის ტრასაზე ტანკებს ხელკეტებით ვხვდებოდით და ვცდილობდით, შეგევჩერებინა ის საშინელება, რაც საქართველოს უახლოვდებოდა. უდიდესი პროტესტი მქონდა, კარგად მახსოვს მე და ჩემი სამეგობრო წინ დავხვდით ამ ყველაფერს და რკინას ხის ხელკეტებს ვურტყამდით. ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევაჩერეთ ისინი და ასე ჩაიარა ჩვენ თვალწინ მთელმა კოლონამ... ამ ამბიდან ორ დღეში თბილისი დავტოვეთ და საბერძნეთში წავედით. არასდროს ამომდის ეს კადრები გონებიდან.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ერთ-ერთმა ჩემმა პედაგოგმა მითხრა: იყავი თავისუფალი და არა ზოგიერთი ვადაგასული ტრადიციის ჭირისუფალიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი