შოუბიზნესი

მარიკო ებრალიძე: რამდენად სასტიკ პასუხსაც არ უნდა იმსახურებდე ჩემგან, შეიძლება, ფეხიფეხზე გადავიდო

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 15.04

მარიკო ებრალიძე
დაკოპირებულია

მარიკო ებრალიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მარიკო ებრალიძე?

მარიკო ებრალიძე: ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, მინუსებით, პლუსებით, სუსტი თუ ძლიერი მხარეებით. გამიმართლა, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოვხვდი და ახლა ვარ იმ მდგომარეობაში, როდესაც ხალხი ჩემით ინტერესდება, ჩემი სახელი და გვარი აღიქმება, როგორც ცნობადი, თორემ არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, რუტინაცაა და გამორჩეული მომენტებიც, ისევე, როგორც ყველას ცხოვრებაში.

ერთხელ მეგობარმა მკითხა, რას აკეთებო. ვუპასუხე, არაფერს, რას უნდა ვაკეთებდე-მეთქი და ძალიან მისაყვედურა, ასე ნუ უყურებ შენს ცხოვრებას, რას ჰქვია არაფერს, მარიკო ებრალიძე ხარო. შეიძლება, ხალხი შორიდან უფრო რაღაცად აღიქვამს, მაგრამ რეალურად, მართლა არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– არასდროს. სტუდენტობისას ვმუშაობდი პროფესიის მიღმა, მაგრამ მაშინაც მქონდა აზარტი და ინტერესი. მეოცნებე ვარ, წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის საოცნებო ოფისში მივდიოდი. რაღაც ხიბლს ყველაფერში ვპოულობდი. ყოველდღიურობით დამძიმებული და დასტრესილი არ ვიყავი.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– გავლენიანი არ მინდა, ცოტა საშიში სიტყვაა, მაგრამ ცნობადობის მასშტაბების გაზრდა კარგი იქნებოდა. ეს მომეხმრებოდა ჩემი სახელი გამეტანა საზღვრებს გარეთ. მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა მარტივი არ არის, მაგრამ ამას მე ჩემს შემოქმედებას ვუკავშირებ. „ჰოლივუდის“ ფილმში გადაღება, „გრემის“ აღება და მსგავსი, ის, რაც ჩემს საქმეს უკავშირდება – რატომაც არა?! თორემ გავიღვიძო და უცებ აღმოვაჩინო, რომ ცუდი საქმით ვარ ცნობილი მთელ მსოფლიოში, ეს, რა თქმა უნდა, არ მინდა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– საკუთარ თავს ზოგჯერ ნაკლებად პატივისცემით ვექცევი. საკუთარ სურვილებს წინ არ ვაყენებ და სხვისი ხათრით, სხვისი პატივისცემით, სხვისთვის კარგის გაკეთების სურვილით ვდგამ ნაბიჯებს, ზოგჯერ ჩემთვის საზიანოსაც, რაც ზოგჯერ უკან ცუდად დამბრუნებია, მეორე მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მიმიღია. ამ ბოლო დროს მესმის ხოლმე, ჰკითხეთ ადამიანს, უნდა თუ არა, რომ სიკეთე გაუკეთოო. ამას არ ვეთანხმები. სიკეთე უნდა გააკეთო, მაგრამ ქვაზე დადო და გაიარო. თუმცა, როცა აკეთებ, ადამიანისგან თბილ ღიმილს მაინც ელოდები და როცა ისეთ დამოკიდებულებას იღებ, თითქოს „უნდა“ გაგეკეთებინა და ამ დროს, შენ ამის გასაკეთებლად საკუთარ თავზე წინ მისი ინტერესები დააყენე, გრძნობ, რომ საკუთარ თავს არასწორად მოექეცი. თორემ შენ რომ მე გაღიმებული მეტყვი გამარჯობას, მე ყველა კბილს გადმოვყრი ბედნიერებისგან და ათმაგად დაგიბრუნებ. როდესაც საკუთარ თავს სცემ პატივს, როცა საკუთარ სურვილებს და შეგრძნებეს დააყენებ ყველაფერზე წინ, ეს იქნება ყველაზე სწორი საქციელი. როცა მათ ყველაზე ბოლოს აყენებ, ეს საკუთარი თავის დაკნინებაა და სხვისთვის ხელის შეწყობა საკუთარი თავის დაკნინების ხარჯზე ყველაზე ცუდი საქციელი მგონია.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– კონცერტი დაიგეგმა ბათუმში და მეგობრებმა გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. ავიღეთ მატარებლის ბილეთები, სასტუმროს ნომერი, გადავწყვიტეთ, ორი დღე იქ დავრჩენილიყავით და ცოტა დაგვესვენა კიდეც. მაგრამ თვე ამერია და აპრილის ნაცვლად მარტში აღმოვჩნდით ბათუმში (იცინის). ეს რომ გავაცნობიერე, ისე ვინერვიულე, ნერწყვი გამიშრა. რამდენიმე თვე ოჯახის წევრებსაც არ ვეუბნებოდით. მერე ერთ-ერთი მეგობრის მეუღლე მიხვდა და გვითხრა, რაღაც ცუდად ხუმრობთ ამ თემაზე და რა ხდება, ფოტოები გამომიგზავნეთ კონცერტიდანო და უცებ მოვიფიქრეთ, რომ დახურული კონცერტი იყო (იცინის). თუმცა ჩავედით და ძალიან კარგი დრო გავატარეთ წვიმიან ბათუმში (იცინის). საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ორჯერ წავედით, მარტშიც და აპრილშიც, როცა უკვე ნამდვილად იყო კონცერტი. ძალიან კარგი თავგადასავალი გამოვიდა და მერე ნელ-ნელა ჩვენმა საიდუმლომაც პოვა დღის სინათლე (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– როდესაც მხარდაჭერა არ მაქვს და თავს მარტოდ ვგრძნობ, როდესაც ვხვდები, რომ ჩემს ზურგს უკან ძალიან ცუდი ამბები ხდება, როდესაც უპატივცემულობას ვგრძნობ. თუმცა, იმპროვიზატორი ვარ. თუ იმწუთას ემოციურად მყარად ვარ, შეიძლება, არ მქონდეს სასტიკი რეაქცია, მაგრამ იმავე მდგომარეობაში რომ ცოტა ემოციურად სუსტ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, შეიძლება, ძალიან სასტიკი გავხდე. ამიტომ, გააჩნია ჩემს იმწუთიერ შინაგან მდგომარეობას. მე თუ შინაგანად ძლიერად ვგრძნობ თავს, რაც არ უნდა გამიკეთო, რამდენად სასტიკ პასუხსაც არ უნდა იმსახურებდე ჩემგან, შეიძლება, ფეხი ფეხზე გადავიდო. თუმცა, შეიძლება, რაღაც საშინელებაც ჩავიდინო, თუ ისედაც სულიერ სისუსტეს განვიცდი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– დიდი გამარჯვება პატარა გამარჯვებებიდან იწყება. თუ პატარა გამარჯვებების შემჩნევა არ შეგიძლია, მაშინ ვერც გრანდიოზული მიღწევით ისიამოვნებ, გვერდზე ჩაგიქროლებს, მე ასე მგონია. შეიძლება, გრანდიოზულ გამარჯვებას მიაღწიო, მაგრამ თავს მაინც უბედურად გრძნობდე, ამიტომ პატარათი ბედნიერების განცდა აუცილებელი მგონია.

მარცხსაც არ აღვიქვამ ძალიან მტკივნეულად. ბავშვობიდან ვცდილობ, ნებისმიერი მტკივნეული სიტუაცია შემოვაბრუნო, თითქოს ემოციური რეგენერაციის უნარი მაქვს. ტვინი ვერასდროს დაივიწყებს ცუდს, ის აუცილებლად ილექება, ამიტომ თუ ცუდი რამ მოხდა, უნდა შეეცადო, მასზე არ პედალირდე. მარცხის შეგრძნებასაც უნდა გადააბიჯო და გაიარო. ვერ დაივიწყებ მარცხის სიმწარეს და ტკივილს, მაგრამ სუბლიმაცია უნდა მოახდინო, როგორღაც დადებითზე უნდა გადაიტანო ემოციები.

– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი?

– კრიტიკის ქარცეცხლში არ მოვყოლივარ. ერთადერთი მომენტი მახსენდება – „ევროვიზიაზე“ „შინთან“ ერთად ყოფნის პერიოდი. საზოგადოების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ერთი გაქებს, მეორე კი არ გაკრიტიკებს, გლანძღავს. მაშინაც ასე იყო. ახლა ხომ „მიმღერეში“ ვიყავი ოჯახთან ერთად და კომენტარებში წავიკითხე, ვიღაც წერდა ჩემზე, ცოტა რომ გახდეს, კარგი იქნებოდაო. ძალიან გამეცინა, თან მესაყვარლა (იცინის). ვაახ, როგორ დავიკლო-მეთქი (იცინის). მართალია იმ კომენტარის ავტორი, უნდა გავხდე, უნდა მივხედო თავს. სცენა თავისებურ ესთეტიკას მოითხოვს, მაგრამ არ გამომდის და რა გავაკეთო? ნერვები არ მყოფნის (იცინის). გულწრფელად ვამბობ, არ მწყენია, ვცდილობ, ასეთი კომენტარი მოტივაციად გავიხადო, მაგრამ არ გამომდის. როგორც ჩანს, კარგად ვერ დამაჭირეს „მაზოლზე“ ფეხი (იცინის). ამ თაობაში ცოტა ვუფრთხით ასეთ შეფასებებს, თორემ ადრე, ვაიმე, როგორი პუტკუნა ხარო, რომ გეუბნებოდნენ, ცუდს არ გულისხმობდნენ. ახლა ასეთი რაღაცები აღარ შეიძლება, მაგრამ მე იმ ეპოქაში გავიზარდე და როცა მეუბნებიან, როგორი ბუთხუზა ხარო, არ მწყინს (იცინის).

– ყოველდღიური საქმეებიდან, რისი კეთება გიყვართ და რისი - არა?

– საჭმლის კეთება არ მიყვარს. სახლს დავალაგებ, თითოეულ კუთხე-კუნჭულს გავწმენდ, ფარდებს ჩამოვხსნი, გავრეცხავ, ჩამოვკიდებ, ლოგინებს დავრეცხავ, ეზოს დავასუფთავებ. რაც ეხება დალაგებას, ყველაფერს სიამოვნებით გავაკეთებ, ოღონდ საჭმელს ნუ გამაკეთებინებ. მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, მომზადებაში მოვიკოჭლებ და კიდევ კარგი მეუღლე მანებივრებს. მიხვდა, რომ ამ ამბავში ძალიან არ გაუმართლა, სამაგიეროდ, სახლში ყველაფერი დაწკრიალებულია. ტანსაცმელი ზომების, ფერების, ფორმების მიხედვით მაქვს დაკეცილი და ჩემს გაფენილ სარეცხს რომ შეხედავ, ია და ვარდი დაგეფინება გულზე (იცინის). საჭმელიც გამიკეთებია, მაგრამ სულ ბუზღუნით და ასე რომ ამზადებ, შეიძლება, მოწამლო ადამიანი (იცინის).

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როცა საშიში მომენტია, მაშინ შიშს ვერ ვგრძნობ. ადამიანს წინასწარ უფრო გეშინია, ან წარმოდგენების, ან უკვე მომხდარზე ფიქრობ, ვაიმე, როგორ გადავრჩიო. როცა მართლა ვეფხვი მოგდევს, იმხელა შოკი გაქვს, ტვინში თითქოს აფეთქებები ხდება და შიშს ვერ გრძნობ. როცა უნდა შემეშინდეს, მაშინ არ მეშინია. რამე რომ გაფაჩუნდება ან კალია შემოფრინდება და კივილ-წივილს ვიწყებ, ამას არა, ცოტა გლობალურ ამბებს ვგულისხმობ, მაგალითად, ის, რაც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ერთი წლის წინ მქონდა ეგ გამოცდილება. ჩემი უფროსი ბიჭი ძალიან ცუდად გვყავდა. იმწუთას შიში არ იყო, პირიქით, ყველაფრის გასაკეთებლად მზად ვიყავი, ყველა შანსის გამოყენებაზე ვფიქრობდი. თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ შიში არ მიგრძნია. იმ დროს, როცა დემეტრეს ოპერაცია უკეთდებოდა და აპარატზე იყო შეერთებული, მე რეპეტიციაზე ვიყავი. დამირეკეს და მითხრეს, გამორთეს აპარატიდან, კარგად არის, სუნთქავსო. ასეთ მომენტებში შიშისთვის დრო არ არის. ან არ ვიცი, ყველა ერთნაირი არ არის და ადამიანზეცაა დამოკიდებული, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი