შოუბიზნესი

მარიკო ებრალიძე: გულში თუ რამე მორალს მოკლებულს გავივლებ, ბედისწერა იქვე გამომაფხიზლებს ხოლმე

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 23.05

მარიკო ებრალიძე
დაკოპირებულია

რამდენად უყვარს მარიკო ებრალიძეს საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს მას და რა ასწავლა ცხოვრებამ – ამას თავად მომღერლისგან შევიტყობთ.

მარიკო ებრალიძე: დაბადების დღე აგვისტოში მაქვს. ზაფხულიც ძალიან მიყვარს, აგვისტოც და ჩემი დაბადების დღე, მით უმეტეს, ხომ მიყვარს და მიყვარს. ამ დღეს ყოველთვის საზაფხულო არდადეგებზე ვიყავი და შეიძლება, გვერდით თანაკლასელები არ მყავდნენ, მაგრამ მაინც ძალიან კარგ დროს ვატარებდი. ოჯახის წევრების, ნათესავების, მეზობლების ან ახალშეძენილი ადამიანების გარემოცვაშიც ხალისით ვიყავი სავსე და ჩემს დაბადების დღეზე პოზიტივი არასდროს დამკლებია. ამ პერიოდში, ძირითადად, დასასვენებლად ვიყავით ხოლმე წასული, მაგრამ ერთხელ თბილისში აღმოვჩნდი. ჩემი დაბადების დღე 29-შია და, მოგეხსენებათ, 28 აგვისტოს მარიამობაა. ჰოდა, იმ წელს, 28-ში რომ დავიწყეთ დღესასწაულის აღნიშვნა, რა თქმა უნდა, 29-ში გავაგრძელეთ – თან ანჩისხატობაა და სიგიჟემდე მიყვარს ეს დღე. მერე ჩემი დაბადების დღის დროსტარება 30-შიც გავაგრძელეთ და სამდღიანი დაბადების დღე მქონდა (იცინის). მახსოვს, მთელი სამეზობლო, ჩემი სამეგობრო, დედაჩემის მეგობრები, სამი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ვიკრიბებოდით და საოცარ დროს ვატარებდით. მაშინ რუსთაველზე ვცხოვრობდით, ახლა რომ „მაკდონალდსია“, მის უკანა ეზოში. მოგეხსენებათ იტალიური ეზოს განწყობა, ვერ გადმოვცემ იმ ჟივილ-ხივილს, რაც ჩვენ სამი დღის განმავლობაში გვქონდა, ეს ჩემი საოცარი მოგონებაა. სხვა შემთხვევაში ძირითადად, ზღვაზე ვიყავით, სოფელში ან სადმე სხვაგან დასასვენებლად და ეს ჩემთვის კიდევ ცალკე საჩუქარი იყო.

– ასე განსაკუთრებულად თუ გახსოვს რომელიმე საჩუქარი?

– ჩემს ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო, თითქოს, დაბადების დღეზე საჩუქარს არ ველოდებოდით ხოლმე. მაშინ მთავარი კითხვა იყო, დაბადების დღეს იხდი? უბრალოდ, დაბადების დღეს ველოდებოდი და ერთი სული მქონდა, მეთქვა, დაბადების დღეს ვიხდი-მეთქი. საჩუქარს უფრო ახალ წელს ველოდებოდით. ახლა ჩემი შვილები სულ საჩუქარს კითხულობენ, ყველაფერი შეიცვალა (იცინის).

ზრდასრულ ასაკს რაც შეეხება, ერთხელ, მახსოვს ბახმაროში გვყავდა წაყვანილი ბავშვები დასასვენებლად. ჩემს დაბადების დღეზე ზღვაზე წასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ისე გააკეთა, რომ ზღვაზე მყოფი ჩემი მეგობრები დამაყენა ბახმაროში (იცინის). ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. ვიდეოც მაქვს, როგორ ვკივი მათ დანახვაზე. ნამდვილად დაუჯერებელი იყო ასეთი რამ. რას წარმოვიდგენდი, ვერც კი გავბედავდი ამაზე ფიქრს, თუ ჩემი მეუღლე მთელ ჩემს სამეგობროს ხელს დარევდა და ზღვიდან ბახმაროში წამოიყვანდა (იცინის). რა დამემართა, ვერ აღგიწერთ, ემოციებისგან ვერ გამოვდიოდი, ვერ ვიჯერებდი, რამდენ ხანს ვკიოდი, არ ვიცი (იცინის).

– დაბადების დღეზე ცოტას ასაკის მატებაზეც ვფიქრობთ. პოზიტიურად ხვდები ამ ამბავს?

– პოზიტიური ფიქრებიც არის და ცოტა „ეეეჰ“ – ესეც (იცინის). სანამ სხვა შეიცხადებს ხოლმე ჩემს ასაკს, მე ვასწრებ, აღვნიშნავ და თვითონ ვხუმრობ ამაზე, რომ კოზირი არ მივცე სხვებს (იცინის). რა თქმა უნდა, კარგია, რომ წლები გვემატება და ღმერთმა თეთრი თმით დაგვაბეროს ყველა, ბედნიერები და ჯანმრთელები, მაგრამ მეორე მხრივ, ასაკის მატებას თავისი სევდაც და მინუსებიც აქვს. ასაკი რომ გემატება, საკუთარ თავზე უფრო მეტად ფიქრობ. მაგალითად, ცდილობ, დროულად დაიძინო, ჯანმრთელობას მოუფრთხილდე, ვიზუალურ მხარეზე მეტად იზრუნო, რომ შეინარჩუნო სასურველი ფორმა. მე, მაგალითად, სანამ სარკეში ჩავიხედავ, ისევ ის ხუჭუჭა, პატარა, სიფრიფანა გოგო მგონია ჩემი თავი, ისეთი, როგორიც ოცი წლის წინ ვიყავი (იცინის). ახლა ნაოჭებსაც დავუწყე თვალიერება. არც ისეთი დიდი ვარ – 40 წლის.. ღმერთო ჩემო, მაინც დიდია! (იცინის) ყველა ასაკს თავისი პლუსი აქვს, 40-საც 60-საც და 90-საც. მე ამ პრიზმიდან ვუყურებ. მთავარია, შენ რით გაიხალისებ ცხოვრებას და რა შეგრძნებებით იცხოვრებ, რა მოგონებებს შეუქმნი საკუთარ თავს, როგორ გამოცდილებებს დააგროვებ.

– როგორ შეგცვალა წლებმა, გამოცდილებებმა?

– ჩემს შემთხვევაში ცვლილებებს, ასაკზე მეტად, ჩემი ხასიათი იწვევს. საკმაოდ იმპულსური ადამიანი ვარ. ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვანაირად მოვიქცე, გააჩნია ჩემს იმწუთიერ სულიერ მდგომარეობას. ვერ ვიტყვი, რომ დღეს აღარ ვაკეთებ რაღაცას, რასაც ადრე ვაკეთებდი ან პირიქით, ახლა ვაკეთებ იმას, რასაც მაშინ არ ვაკეთებდი. ზოგადად, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მახასიათებს, ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ. ჩემი მეგობრები სულ მეხუმრებიან ხოლმე, ძალიან სერიოზული ხარო. პატარაც რომ ვიყავი, მაშინაც ასეთი ვიყავი. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბევრ საკითხს მაინც უფრო ზრდასრულივით ვუდგებოდი. ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, დღემდე ბავშვი ვარ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ დრო და გამოცდილება კი არ განსაზღვრავს ჩემს ქმედებებს, არამედ იმ მომენტში არსებული გარემოებები. გააჩნია სიტუაციას, თუ შემიძლია, ბავშვური ვიყო, ვიქნები. თუ სერიოზულობაა საჭირო, იქ ბავშვურობას არ გამოვავლენ. ასეთი ვიყავი წარსულშიც და ასეთი ვარ დღემდე. შეიძლება, ბავშვობაშიც მოვქცეულიყავი ზრდასრულივით და დღესაც შეიძლება, პატარა ბავშვივით მოვიქცე. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე – გულში თუ რამე მორალს მოკლებულს გავივლებ, ბედისწერა იქვე გამომაფხიზლებს პატარა სილით ან ფეხის წაბორძიკებით. ცუდად თუ რამე გამიფიქრებია, იქვე გამოვფხიზლებულვარ ცხოვრებისეული მაგალითით.

– პროფესიაში არის რამე ისეთი, რაზეც ფიქრობ, რომ უნდა გაგეკეთებინა?

– 2009 წელს „ბერკლიში“ ჩავაბარე – ამერიკის ერთ-ერთ ძალიან კარგ მუსიკლაურ სასწავლებელში, მაგრამ ვერ ვივაჟკაცე, რომ ვიღაც-ვიღაცები შემეწუხებინა, სახელმწიფოსგან საჭირო ფინანსების მოსაპოვებლად და ამას ძალიან ვნანობ. ვიღაცებმა იცოდნენ ეს ამბავი, მაგრამ რატომღაც, ხელი არ გამიმართეს. თუმცა, ამ პროცესში ბევრი ადამიანი დამეხმარა, ამასაც აღვნიშნავ. ამ შედეგის მისაღწევად ბევრი გავაკეთე. პირველად გავფრინდი საქართველოდან, თან – ამერიკაში, თან – მარტო და თან – ძალიან რთული გამოცდის ჩასაბარებლად. შეიძლება, ვინმესთვის ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჩემთვის თითოეული კომპონენტი იმდენად რთული გადასალახი იყო, მიკვირს, ეს თუ შევძელი, ბოლომდე რატომ არ მივიყვანე საქმე. ამას ძალიან ვნანობ. ასე რომ მომხდარიყო, ალბათ, სულ სხვანაირად წავიდოდა ჩემი ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა