მარიკო ებრალიძე: ახლანდელი მარიკო ყველანაირ სიგიჟეზე მიდის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00
ქალწულების ყველაზე მთავარი მახასიათებელი წესრიგისა და სისტემურობის სიყვარულია. მათთვის მიუღებელია ქაოსი და სპონტანურობა. ქალწულები ძალიან შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ადამიანები არიან.
მარიკო ებრალიძე: დაბადების დღე 29 აგვისტოს მაქვს, ზოდიაქოთი ქალწული ვარ და გარკვეულწილად, მჯერა ასტროლოგიის. ჩემი ზოდიაქოს დადებით თვისებებს ვეთანხმები, უარყოფითებს – არა (იცინის). იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც გადაწყვეტილებებს ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით იღებენ, მაგრამ რაღაცებს მეც ვითვალისწინებ, მაგალითად, ფულთან ურთიერთობის კუთხით.
– ქალწულების მთავარი მახასიათებელია წესრიგისა და სისტემურობის სიყვარული...
– როცა ჩემს ცხოვრებაში წესრიგია, ჩემთვისვეა კომფორტული. სახლი ავიღოთ: შინ რომ ვბრუნდები და კარს ვაღებ, თუ ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დალაგებულ სახლში, აურაც გაცილებით სასიამოვნო ტრიალებს. სახლი მოწესრიგებულია, ესე იგი, ტვინიც „დალაგებულია“ – ჩემთვის ასეა (იცინის). სადღაც ამოვიკითხე, სახლი რაც უფრო არეულია, გონება მით უფრო შემოქმედებითიაო. ჩემს შემთხვევაში, პირიქითაა, გონება მეხშობა (იცინის). როცა არეულობაა, თითქოს, ყველაფერი „თავზე მაყრია“. საერთოდ, ქაოსი და მოულდნელობები ძალიან არ მიყვარს. მირჩევნია, ყველაფერი წინასწარ ვიცოდე და გონებაში მქონდეს დალაგებული. შეიძლება, შემაწუხებელია სისტემატურად წესრიგზე ზრუნვა, მაგრამ მართლა მირჩევნია ამაში დავკარგო დრო, ვიდრე ქაოტურობის გამო ვიყო გაღიზიანებული და არეული.
– ქალწულებს სპონტანურობაც არ უყვართ.
– გააჩნია სიტუაციას. სპონტანური სიტუაციების შესახებაც წინასწარ უნდა ვიცოდე (იცინის). მაგალითად, ავიღოთ რომელიმე „ჰოლივუდური“ ღონისძიება, წითელი ხალიჩები და იმპროვიზაციები, რომელზეც მერე მთელი მსოფლიო საუბრობს. მე სულ ვამტკიცებ, რომ ასეთი „სპონტანურობები“ ყოველთვის წინასწარაა გათვლილი და დადგმული. ეს, უბრალოდ, მაყურებლის თვალშია წარმოჩენილი იმპროვიზაციად, თორემ რეალურად, ძალიან ჭკვიანი ადამიანების დაგეგმილია. მეც ასე ვუყურებ ყველაფერს – სიურპრიზია? კი ბატონო, იყოს, მაგრამ მის შესახებ წინასწარ უნდა ვიცოდე (იცინის). შეიძლება, უცნაური მიდგომაა, მაგრამ სხვა შემთხვევაში ცოტა ვიბნევი და ვიძაბები. თუ სიურპრიზია, ბარემ მომეწონოს და ვისიამოვნო კიდეც, ხომ შეიძლება? ჰოდა, ამისთვის მხოლოდ წინასწარ საქმის კურსში ჩაყენებაა საჭირო (იცინის). ახლა ცოტა ვხუმრობ, მაგრამ სიტუაციას რეალურადაც რომ შევხედოთ, ჩემი აზრები უფრო აქეთ იხრება.
რაც შეეხება სცენას, ჯაზს – იმპროვიზაცია აქაც ძალიან ფასობს, მაგრამ აქაც გარკვეულწილად მოსალოდნელი და გათვლილი, გამოცდილებისა და ცოდნის შესაბამისია მსგავსი ნაბიჯები.
ასე რომ, იყოს მოულოდნელობა, მაგრამ კარგად დაგეგმილი და ჩემთან შეთანხმებული! (იცინის)
– ქალწული ძალიან მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ნიშანია.
– დისციპლინა მაქვს, შრომისმოყვარეც ვარ, თუმცა გარკვეულ საკითხებში ცოტა ვზარმაცობ კიდეც. თანამედროვე ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, სიზარმაცე კარგია და ეს ძალიან მიხარია (იცინის). ასეა, ყველაფერს ვირგებ ჩემს თავზე (იცინის).
რაც შეეხება მიზანსწრაფულობას, ამ მხრივ, გარკვეულ საკითხებში ჩემს თავს ცოტა ვსაყვედურობ ხოლმე. არ მიყვარს ვიღაცის ჯინაზე რაღაცების კეთება. „იმან თუ გააკეთა, ამას მეც ხომ გავაკეთებ“ და მსგავსი დამოკიდებულებები ჩემგან შორსაა. შეიძლება ცოტა მშიშარა ვარ და რაღაცებში ამან უკანაც დამხია. პატარა მარიკო რომ შევაფასო, ვიტყვი, რომ სიახლეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვიყავი. ეს მიზნის ბოლომდე მიყვანაში ცოტა ხელს მიშლიდა. ახლანდელი მარიკო პირიქით, ყველანაირ სიგიჟეზე მიდის, სიახლეებს ძალიან ლიბერალურად უდგება. არ გამოვა? არა უშავს, მერე რა მოხდა, ყველაფერი ხომ არ გამომივა. გარკვეულ საკითხებში საკუთარი თავის მიმართ უფრო ლმობიერი გავხდი. რა თქმა უნდა, მომთხოვნი ვარ, თვითკრიტიკულიც, ჩემი თავის მიმართ საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ ადრე უფრო დიდი დოზით იყო ეს თვისებები ჩემში. 20 წლის წინანდელი მარიკოსგან ახლა ძალიან განვსხვავდები. ახლა ნაკლებად ვნერვიულობ, თუ რაღაც არ გამომივიდა და ამის გამო თვითგვემაში არ ვვარდები. შესაბამისად, ფანატიკურად მიზანსწრაფულიც არ ვარ. ხომ არიან ადამიანები, ქვიდან წვენის გამოდენა რომ უნდათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ასეთი ნამდვილად არ ვარ.
– ქალწულების ნაკლი – ისინი ძალიან მეწვრილმანე ადამიანებად მიიჩნევიან.
– ვეთანხმები. თქვენ ვერ ხედავთ იმ ნიუანსებს, რასაც ქალწულები ვხედავთ და ამიტომ ვართ ასეთები (იცინის). შეიძლება, რაღაც მითხრან, წინადადებიდან შინაარსი ვერ გავიგო, მაგრამ ინტონაციით მივხვდე, რა იფიქრეს. შეიძლება, პარადოქსია, მაგრამ ასეა. გამოხედვით შემიძლია, მივხვდე შენს აზრს, თქმაც კი არ არის საჭირო. შეიძლება, მუსიკოსობის დამსახურებაცაა, არ ვიცი.
დეტალებს არ ვეძიები, პირიქით, ეს დეტალები ჩემი თვალისთვის ძალიან მარტივი აღსაქმელია, ჩემი თვალისთვის ზედაპირზე დევს და ჩაძიება საერთოდ არ მჭირდება, ისე ვამჩნევ და მნიშვნელობასაც ვანიჭებ.
– საგულდაგულოდ მალავს გრძნობებს, მხოლოდ ერთეულებს უშლის გულს. ასეა?
– კი, ასეა. ჩემს შეგრძნებებს, ემოციებსა და შეხედულებებს ძალიან ვუფრთხილდები. შორიდან რომ შემომხედო, პირიქით ჩანს. სიყვარულისა და სითბოს გამოხატვაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ არის რაღაც, რასაც ყველას ვერ მოუყვები. ასეც უნდა იყოს. არც არის ბუნებრივი, ადგე და პირველივე შემხვედრს გული გადაუშალო. ამისთვის კარგად უნდა ვიცნობდე ადამიანს. კი, ქალწულები საკმაოდ გულჩათხრობილები ვართ.
– ენა მოსწრებულები არიან და ცოტა მწარე ენაც აქვთ, რადგან პირდაპირ უყვართ სიმართლის თქმა.
– რასაც ვხედავ, მირჩევნია, პირდაპირ ვთქვა. თუმცა, ხანდახან ართქმა სჯობს. აი, ენამოსწრებული რომ ვიყო, მაშინ პირიქით, არ ეტკინებოდათ გული ჩემი მოსმენისას. ზოგი ისე მოგიშლის ნერვებს, სულ სიცილ-ხარხარში და ორ კვირაში მიხვდები, რა გითხრა. ასეთი რამ არ მჩვევია. შეიძლება, გულჩათხრობილი ვიყო, ნიუანსებს დეტალების დონეზე ვხედავდე, მაგრამ როცა საქმეს ვაკეთებთ და რაღაც უნდა გითხრა, რატომ ვიფიქრო სიტყვების შერჩევაზე?! ამაზე რესურსს ვერ ვხარჯავ. რაც სათქმელია, პირდაპირ ვამბობ. თუ სხვები მეუბნებიან და მე არ მწყინს, ქალწულებისგან რატომ არის საწყენი?! (იცინის). ჩემზე ენამოსწრებულებიც არიან, ასე, რომ აიტანონ ქალწულებისგან ერთი-ორი ენაკვიმატობა (იცინის).
– ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, სხვის იმედად არასდროსაა.
– ვაიმე, დიდი სიამოვნებით ვიქნები სხვის იმედად (იცინის). რა სჯობს, რომ მომართვან ყველაფერი და მე განცხრომას მივეცე, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის (იცინის). საკუთარ შრომასაც ვაფასებ და სხვისასაც. ქალწულებს შრომა ნამდვილად არ გვეზარება და ენთუზიამზმეც ბევრს ვაკეთებთ, რაც ზოგჯერ ცუდადაც გვიბრუნდება. შრომის შედეგით სიამოვნების მიღებაც ძალიან კარგად შემიძლია, რადგან მისი ფასი ვიცი. რა სჯობს მარტო საკუთარი თავის ქეიფისთვის ცხოვრებას, არაფერი რომ არ გადარდებს, მაგრამ ჩვენი რეალური ცხოვრება ასეთი არ არის. შრომა, მუდმივი ძიების პროცესი და მუდმივი განვითარება – ეს არის ჩვენი სტილი, ქალწულებს უმოქმედოდ ყოფნა არ გვიყვარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





