შოუბიზნესი

მარიკა ბაკურაძე: გადამიარეს, წერდნენ: ეს თავის სახლს როგორ აგნებსო

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.07

მარიკა ბაკურაძე
დაკოპირებულია

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო პროფესიას ემსახურება და მის საქმიანობას თვალს უამრავი ადამიანი ადევნებს, კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გამხდარა და არც ბულინგია მისთვის უცხო, თუმცა ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს. ის, რასაც ვერაფერს უხერხებს, ფობიებია, რომელიც სხვას შესაძლოა სასაცილოდ მოეჩვენოს, რეალურად კი ცხოვრების ხარისხს ნამდვილად უქვეითებს.

მარიკა ბაკურაძე: როცა ამ პროფესიას ირჩევ, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ყველა კარგი აზრის არ იქნება შენზე. სულ ვცდილობ, გადაცემების ან კონკრეტული სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ მაყურებლების კომენტარებს გადავხედო. ცუდია თუ კარგი, ყველაფერს ვკითხულობ. თუ შექებაა, მადლობას ვუხდი, მაგრამ ძალიან ხშირად წამიკითხავს არასასიამოვნო კომენტარი, მაგალითად, ეს გოგო გიჟიაო და იქვე მიპასუხია კითხვით, რატომ ფიქრობთ ასე? ხანდახან გულწრფელად მაინტერესებს მიზეზი, იქნებ მართალია. ათიდან რვა შემთხვევაში, როგორც კი უნახავთ, რომ მე მას ვუპასუხე, მაშინვე უკან დაუხევიათ და გამოსავლის ძებნა დაუწყიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჯარო კომენტარები უპასუხოდ არის მიყრილი და მათი ავტორები ფიქრობენ, რომ ამაზე პასუხი არ მოეთხოვებათ. მაგრამ როგორც კი ხედავენ, რომ ასე არ არის და მე მაინტერესებს მათი აზრი, სასწრაფოდ უკან იხევენ.

ბოლოს პირბადე რომ მეკეთა, ამას მოჰყვა ერთი ამბავი და როგორ შეიძლება, ასეთ რამეს ემოციურად მიუდგე და ნერვები ავიშალო? ძალიან ბევრ კომენტარზე გულიანად ვიცინე. ერთადერთი, ვინც ამას განიცდის, დედაჩემია. ბულინგზე ძალიან დიდი რეპორტაჟი გავაკეთე, მას შემდეგ, რაც თურქეთში გადავიღე რეპორტაჟი და შესავალ ნაწილში, რატომღაც, სტამბოლზე მითქვამს დედაქალაქი და არა – ქალაქი. საღამოს სიუჟეტის კომენტარებს ჩავუჯექი და ვხედავ, რომ გადამიარეს ამ შეცდომის გამო. წერდნენ, ნეტა ეს თავის სახლს როგორ აგნებსო?! ამის შემდეგ დავინტერესდი ამ თემით და სიუჟეტის ფარგლებში დავიწყე კვლევა – რატომ უჩნდება ხალხს სურვილი, ადამიანს ასე „გადაუაროს“ და საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანს ცუდისკენაც აქვს მიდრეკილება და კარგისკენაც, მაგრამ სოციალურმა ქსელმა მოიტანა ის, რომ ადამიანთან პირისპირ არ დგახარ. ადამიანს, რომ პირისპირ კარგი ან ცუდი უთხრა, ამას გამბედაობა სჭირდება, მაგრამ როცა საკუთარ ოთახში კომფორტულად ზიხარ და რაც მოგადგება ენაზე, იმას ისვრი და ფიქრობ, რომ პასუხი არ მოგეთხოვება, ეს გათამამებს. თან, ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოხატულება.

– რაც შეეხება პირბადეს, რომელიც „პრაიმშოუში“ გეკეთა, რატომ მოჰყვა მას ამხელა ამბავი?

– ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს პირბადეს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. დილით რომ ვნახე კომენტარები კი გამიკვირდა, მე მეძინა და ამ ხალხმა ჩემ გამო რატომ გაათენა-მეთქი (იცინის). ეს პირბადე ძალიან მოგვეწონა მე და ჩემს მეგობარს, როგორც ლამაზი აქსესუარი. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს არ არის სამედიცინო პირბადე, რომელმაც უნდა დაგიცვას. ვიყავი სტუდიაში, სადაც დისტანციურად ვისხედით სკამებზე და იქ პირბადე არავის ეკეთა, ანუ მე ის დაცვის მიზნით კი არა, აქსესუარის დატვირთვით მეკეთა. თან სახეზე ჩემი პრობლემა მაწუხებდა და იმასაც ვფარავდი. მეგობარმა მითხრა, ყველა კომენტარი წავიკითხე და ვერ მივხვდი, რას ითხოვს ეს ხალხიო და მართლა ასეა, გაუგებარია, რას აპროტესტებდნენ. პირბადე უკვე დიზაინერებმა აქსესუარად აქციეს და რა იყო ამაში გასაოცარი, მართლა არ ვიცი (იცინის). მე 90-იანების ბავშვი ვარ და ჩვენ დროს სკოლაში ძალიან იგრძნობოდა კლასობრივი განსხვავება. იყვნენ ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ და ჩემნაირები, რომლებსაც შოკოლადი მხოლოდ ტელევიზორში გვქონდა ნანახი. კლასში ძალიან იგრძნობოდა განსხვავება და მდიდარი ოჯახის შვილები ძალიან შეურაცხმყოფლად გვექცეოდნენ სხვა ბავშვებს. მაშინ ტერმინი ბულინგი არ იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ იმ წლებში მე ამის გამოცდილება მივიღე და როგორც ჩანს, იმუნიტეტიც გამომიმუშავდა.

– გადავიდეთ ფობიებზე, ამ მხრივაც გამორჩეული ყოფილხარ...

– არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შემიძლია. მაგრამ თუ სიუჟეტს სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ. არ ვიცი ცურვა და არ მიყვარს წყალი, მაგრამ გადაღებული მაქვს ჩემი ჩაყვინთვა ზღვაში, საკმაოდ ხანგრძლივი ყვინთვა მარტვილის კანიონში და ჩანჩქერის ქვეშ, კლდეზე ცოცვა. კამერა რომ ირთვება საჭირო ძალას ვპოულობ, მაგრამ მაქვს ფობია, რომელიც ცუდად მხდის. ეს არის ტრიპოფობია. ახლა რომ გელაპარაკები და მახსენდება ეს რა არის, უკვე ცუდად ვარ. ძალიან გთხოვ, განმარტებისთვის გუგლი მოიშველიე, აღწერაც კი არ შემიძლია (ხვრელების, ორმოების ან წერტილების პანიკური შიში – ავტორი). რამდენჯერმე გადაცემაში სტუმარმა თქვა, რომ ეს ფობია აქვს და პროდიუსერმა ეკრანზე გამოაჩინა შესაბამისი უზარმაზარი ფოტო. ლამის გადავყირავდი, ისე ცუდად გავხდი, ნიკოლოზ წულუკიძე მიჭერდა. ადამიანსაც რომ შევხედავ და კანზე გამონაყარს ან აქერცვლას შევამჩნევ, გულის წასვლამდე ცუდად ვხდები. სხვათა შორის, ეს ფობია საკმაოდ გავრცელებულია და ზოგს ისეთ ფორმებში აქვს, რომ ბოლო აიფონი რომ გამოვიდა, რომელსაც სამი კამერა, ანუ სამი ბურთულა აქვს, მწვავე ფორმის ტრიპოფობიის მქონე ადამიანებმა უჩივლეს კომპანიას, ცუდად ვხდებით ამას რომ ვხედავთო.

კიდევ ჭიანჭველას შიში მაქვს. სახლში რომ ჭიანჭველას ვხედავ, მივდივარ და ბავშვებს ვუბარებ, როგორმე მოაგვარეთ ეს საქმე და რომ გაქრება ჭიანჭველები, მერე დავბრუნდები-მეთქი. მირჩევნია, მგელი შემოვიდეს ჩემს სახლში, ვიდრე ჭიანჭველა. პირველისგან განსხვავებით, ამის ახსნა მაქვს – ჭიანჭველა პატარა რომ არის და ხშირ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ, სულ მგონია, რომ შეიძლება საჭმელში შემყვეს და მუცელში აღმოჩნდეს, ამ ყურში შემიძვრეს, ვერ დავაღწიო თავი და გამამწაროს (იცინის). ძალიან დამცინიან ხოლმე ოპერატორები, მინდორში თუ გვაქვს გადაღება, ინტერვიუს ჩაწერის პროცესში, მე ვზივარ სკამზე და ფეხები მაქვს აკეცილი. რესპონდენტს კი ბოდიშს ვუხდი, უკაცრავად უზრდელი არ ვარ, ჭიანჭველების მეშინია-მეთქი (იცინის).

სექტემბერში საშინელი დაავადება დამემართა, რომელიც ინფექციურია. დიდი შანსია, რომ კაფეში სალათი ვჭამე, რომელიც კარგად არ იყო გარეცხილი და რაღაც შემყვა. ისეთი რამ დამმართა ამ დაავადებამ, ლამის მოვკვდი. გაუჩერებელი სისხლდენა მქონდა, ფაქტობრივად, გამაცოცხლეს ექიმებმა და მართლა არ მინდა, ჭიანჭველას გამო მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...