მარიამ ვაშაძე: მგონია, რომ მარტო უფრო მშვიდად ვიქნები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.02, 2022 წელი
ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მალე დედა გახდება. ქვეყანას პატარა თებერვალში მოევლინება. მარიამი ახალი ამპლუისთვის ემზადება და ცდილობს, პანდემიის ფონზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.
მარიამ ვაშაძე: ალბათ, არ ვიქნები გამონაკლისი, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ემოციურია იმის გაგება, რომ მალე დედა გახდები – ეს საოცარი განცდაა. აცრისთვის ვემზადებოდი, როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ძალიან გამიხარდა. მთლიანად ამ ამბავზე ვკონცერტრირდი. მანამდე ჩემი ფიქრები მხოლოდ კოვიდის გარშემო ტრიალებდა და მისგან თავდაცვისკენ ვიყავი მომართული (იცინის). თუმცა, ამ ამბის შემდეგ მეტად ჩავიკეტე სახლში. ახლა კიდევ უფრო ვცდილობ, სიფრთხილე გამოვიჩინო.
– როგორ გამოდის ეს სამსახურის პარალელურად?
– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ფეხმძიმობამდეც ძალიან მეშინოდა ამ ვირუსის და მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი დამეცვა – თავშეყრის ადგილებს ვერიდებოდი, მხოლოდ სამსახურში დავდიოდი. უკვე დიდი ხანია, არც სტუმრებს ვიღებ და არც მე დავდივარ სადმე. რაც დეკრეტული შვებულება დამეწყო, სახლიდან, ფაქტობრივად, არ გავდივარ, რადგან ახლა უკვე ორმაგად პასუხისმგებელი ვარ. მანამდეც ყველა ჩემს თავდაცვის მექანიზმებზე ხუმრობდა და ახლა – მით უმეტეს (იცინის). კოვიდი არ გადამიტანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გადავურჩები. ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე თავი შევიკავე, მაგრამ მერე ავიცერი კიდეც, ასე რომ, ახლა შედარებით მშვიდად ვზივარ სახლში (იცინის). სულ ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესში ამ თემასთან აქტიური შეხება მქონდა. მე ვუყვებოდი მსმენელს, თუნდაც ორსულებთან დაკავშირებულ მძიმე თემებზე და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა, ვნერვიულობდი, მით უმეტეს, როცა ეპიდსიტუაცია უარესდებოდა. რაც სახლში ვარ, ვცდილობ, სტატისტიკას და მძიმე შემთხვევებს აღარ გავეცნო, რომ დამატებითი სტრესი ავირიდო თავიდან.
– როდის ელოდებით პატარას?
– თებერვლის ბოლოს ველოდები. ზუსტი თარიღი არავინ იცის, მაგრამ ბევრი აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველა შემთხვევაში სასიხარულოა, მაგრამ პანდემიით გამოწვეული სტრესის ფონზე საოცარი გამონათებაა. გარშემო ყველას ერთი რეაქცია ჰქონდა – ძლივს კარგი ამბავი გავიგეთო.
– როგორ მიდის ფეხმძიმობა?
– ყველაფერი კარგადაა. დასაწყისში მცირე ტოქსიკოზი მქონდა, მაგრამ მთლიანობაში, თუ სახლში ჩაკეტილობას არ ჩავთვლით, საწუწუნო არ მაქვს. პანდემიის მიუხედავად, პირველი თვეები ჩვეულებრივად ვმუშაობდი და მხოლოდ ბოლოსკენ გავედი დეკრეტში.
– ამ ამბის ამდენ ხანს საიდუმლოდ შენახვა არ გაგიჭირდათ?
– გასაიდუმლოება არ მიცდია. ვინც მნახა, იცოდა, ჩემმა ახლობლებმა და მეგობრებმა, თავისთავად, იცოდნენ, უბრალოდ, საჯაროდ არ მითქვამს ამის შესახებ. სახლის და სამსახურის გარდა არსად დავდიოდი და ბუნებრივია, რომ სანამ „ფეისბუკზე“ ფოტო არ გამოვაქვეყნე, ბევრმა არ იცოდა.
– თქვენთვის, ალბათ, განსაკუთრებული ახალი წელი იყო.
– კი, სულ სხვა განწყობა იყო ჩვენს ოჯახში, მაგრამ 2023 წელი კიდევ უფრო დიდი ემოციებით იქნება დატვირთული, რადგან ბავშვი უკვე ჩვენთან ერთად იქნება. ასე რომ, კიდევ უფრო განსაკუთრებულად შემდეგ ახალ წელს ველოდები. იმედია, პანდემიაც დაგვტოვებს და თან, ბავშვი უკვე ცოტა გაზრდილი იქნება.
– გოგონები რომ წონაზე წუწუნებენ, თქვენ, ამის მიზეზი არ გაქვთ, ძალიან კარგ ფორმაში ხართ.
– მთელი ცხოვრება მეგონა, როცა ორსულად ვიქნებოდი, ძალიან ბევრს მოვიმატებდი. ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ ჭამა ძალიან მიყვარს (იცინის). არადა, რეალურად ბევრი არ მომიმატია, უკნიდან თუ შემომხედავთ, შეიძლება, ვერც მიხვდეთ, რომ ფეხმძიმედ ვარ. ოდნავ მოვიმატე და ეს მახარებს, მით უმეტეს, სახლში ჯდომის ფონზე. სულ ვნერვიულობდი, თუ ძალიან მოვიმატებ, მერე როგორ დავიკლებ-მეთქი და მიხარია, მგონი, ბევრი შრომა არ მომიწევს, თუ ბოლო თვეში სასწაულები არ ჩავიდინე (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მადა შემეცვალა – ისედაც კარგი მქონდა და ახლაც ისეთივე მაქვს (იცინის). ამ პერიოდში ორსულებს რომ რაღაც განსაკუთრებულად უნდებათ, მე ასე არ ვარ. საკუთარ თავს ძირეული ცვლილებები ვერ შევატყვე.
– მეუღლეც გეთანხმებათ, რომ პრეტენზიული არ ხართ?
– სხვათა შორის – კი. მეუბნება, რაც იყავი, ისევ ის ხარო. მისთვის უცნაური არაფერი მომითხოვია. ორსულობის გარეშეც, შეიძლება, რაღაც კონკრეტული საკვები მომინდეს, არა ისეთი, რაც არსად იშოვება, უბრალოდ, რაღაც კონკრეტული და ასე დარჩა ორსულობაშიც.
– გინდათ, მშობიარობის დროს მეუღლე გვერდით გყავდეთ?
– სიმართლე გითხრათ, პირადად მე არ მინდა, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწროს. არ მაქვს მოთხოვნილება, რომ ამ დროს აუცილებლად ვინმე მყავდეს გვერდით. ზოგს მეგობარი მიჰყვება, ზოგს მეუღლე ან დედა, მე მგონია, რომ მარტო უფრო მშვიდად ვიქნები. ვნახოთ, შეიძლება, ბოლო მომენტში მომინდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე ვფიქრობ.
– სქესი და სახელი უკვე იცით?
– გოგოს ველოდებით, მაგრამ სახელს ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით და ამაზე სულ ვხუმრობთ – მგონი, ბავშვი უსახელოდ დაგვრჩებაო (იცინის). ბევრი სახელი მოგვწონს, მაგრამ არჩევანი ვერ გავაკეთეთ. მეორე და მესამე შვილს რომ ელოდები, შეიძლება, განსხვავებული სქესი ინატრო, მაგრამ მგონია, პირველზე სქესს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა როცა გავიგე, რომ გოგოა, ძალიან გამიხარდა, რადგან მთელი ცხოვრება მინდოდა, გოგო მყოლოდა.
– როგორია მომავალთან დაკავშირებული ფიქრები?
– ძალიან ვღელავ, მაინც გამოუცდელი ვარ და ალბათ, ამიტომ. თან, ძალიან მაინტერესებს, როგორი გოგო იქნება, მე როგორი დედა ვიქნები და როგორ გავუმკლავდები ყველაფერს. ვღელავ, მაგრამ სიხარული იმხელაა, რომ ღელვა უკანა პლანზე გადადის. ძალიან მინდა, კარგი დედა ვიყო, მაქსიმალურად ვეცდები და იმედია, გამომივა.
– ტელევიზიაში როდის დაბრუნდებით?
– დეკრეტული შვებულება რომ ამოიწურება, ალბათ, დავბრუნდები. თუმცა, ვნახოთ, რას მოითხოვს საჭიროება. პირველ ეტაპზე ყველაფერს მე გავუმკლავდები და მერე ჩემი ოჯახის წევრები, დედა, ბებია და ვანიკოს დედა დამეხმარებიან. ამ ადამიანების იმედი მაქვს და ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება, შესაძლოა, ძიძა დავიხმაროთ, ვნახოთ. ახლა ძალიან გახარებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დაიბადება პატარა. ასეთი რამ აქამდე არ განმიცდია და წარმომიდგენია, რა იქნება მერე, როცა ის გაჩნდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





