შოუბიზნესი

მარიამ ვაშაძე: ეს წელი ჩემთვის დიდი სიახლით დაიწყო

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:54

მარიამ ვაშაძე
დაკოპირებულია

მარიამ ვაშაძე 19 წლის იყო, როცა კამერების წინ დაჯდა და ტელეეკრანიდან ახალ ამბებს გვამცნობდა. მას მერე 17 წელი გავიდა და მარიამი არა მარტო თავის პროფესიაში გახდა წარმატებული, არამედ სიყვარულშიც გაუმართლა – ვანო ბენიძეს გაჰყვა ცოლად და ორი შვილის დედა გახდა. წყვილს მეორე შვილი ახლახან შეეძინა. ჩვენ მარიამს დავუკავშირდით, ორგზის დედობა მივულოცეთ და ამბებიც გამოვკითხეთ.

მარიამ ვაშაძე: თავად დედისერთა ვარ და ბავშვობაში, რომ ვუყურებდი, სხვებს ჰყავდათ, მეც მინდოდა, მყოლოდა უფროსი ძმა. თუმცა, ხანდახან მიხაროდა, რომ მხოლოდ მე ვიყავი, არ მყავდა დედმამიშვილი და მთელი ყურადღება მარტო ჩემზე იყო მომართული. ასე რომ, რომ გითხრათ, დიდად განვიცდიდი, რომ დედმამიშვილი არ მყავდა-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა, ალბათ, ძალიან კარგია, როცა გყავს. პირველი შვილი რომ გავაჩინე, მინდოდა, მას ჰყოლოდა დედმამიშვილი და ახლა, პატარა ძამიკო ჰყავს – დავითი. დიდი ძმა არა, მაგრამ ჩემს გოგოს პატარა ძმა ეყოლება (იცინის).

– ზოგადად, დედისერთები, ბევრ შვილს აჩენენ. ამაზე გიფიქრია?

– არ მიფიქრია, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და შვიდი ან რვა ბავშვი გამეჩინა. ჯერჯერობით, ორი მყავს და მერე ვნახოთ, რა იქნება (იცინის). დედმამიშვილობას მეგობრები მიწევდნენ, შემდეგ ჩემი დეიდაშვილები გაჩნდნენ, რომლებიც ჩემთვის ნამდვილი და-ძამასავით არიან, შემდეგ ბიძაშვილები შემეძინა, ასე რომ, თავი მარტოდ არ მიგრძნია. თავად პირველი შვილიშვილი და პირველი შვილი ვიყავი და ყველას ყურადღება ჩემკენ მოდიოდა, დიდ სიყვარულში გავიზარდე. როგორც ნათესაობაში ერთადერთ ბავშვს, მათამამებდნენ და ძალიან მომწონდა. განებივრებული ბავშვი ვიყავი. თუმცა, ძალიან მომწონს, როცა ოჯახში ბევრი ბავშვია და ერთმანეთზე ზრუნავენ.

– რა თვისებები გამოგიმუშავა გათამამებულად გაზრდამ, სულ რომ ყურადღების ცენტრში იყავი?

– ბავშვობაში ძალიან მომწონდა ყურადღების ცენტრში რომ ვიყავი და ეს ცოტა დოზით დიდობაშიც გადმომყვა.

– რამდენი წლის გათხოვდი და რა ასაკში გახდი დედა?

– 28 წლის გავთხოვდი და 31 წლის ასაკში გავიგე, რომ დედა ვხდებოდი. ახლა, 36 წლის ვარ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა დედა ხდები. სხვანაირად დავიწყე ყველაფრის ყურება. დედობამდე, თითქოს, სხვა ცხოვრება მქონდა, ახლა კი მთლიანად ჩემი შვილებით ვარ მოცული, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო. მგონი, ყველა დედის შემთხვევაში ასეა. როცა ადრეულ ასაკში აჩენ შვილს, ასე მძაფრად ვერ იაზრებ, ხოლო, როცა გააზრებულ ასაკში ხდები დედა, სამყარო იცვლება შენ გარშემო. ეს არის ყველაზე ბედნიერი და საინტერესო მომენტი, იცვლება ცხოვრება და ადრე თუ რაღაცას მძაფრად აღვიქვამდი და განვიცდიდი, ახლა ასეთ პრობლემად აღარ მეჩვენება. შვილი რომ გიჩნდება, მთლიანად მის საჭიროებებზე ხდები ორიენტირებული, როგორ იქნება მისთვის უკეთესი და შენი თავი აღარ გახსოვს (იცინის). პირველი შვილი – ვივიენი, ოთხი წლის ხდება, დავითი კი სულ პაწაწუნაა. როცა გავიგე, მეორე შვილს, ბიჭს ველოდებოდი, ძალიან გამიხარდა. სანამ მეორე გამიჩნდებოდა, მთლიანად ვივიენზე ვიყავი გადართული, ახლა კი ორივეზე მიწევს ზრუნვა და საოცარი გრძნობაა. სხვათა შორის, ძალიან მინდოდა, პირველი გოგო მყოლოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იქნებოდა და გამართლდა და მეორეზეც, გული რომ მიგრძნობდა და ვთქვი, ბიჭი იქნება-მეთქი, ესეც გამართლდა. გოგო ხომ ძალიან მინდოდა და ისიც მაინტერესებდა, როგორი იყო ბიჭის დედობა და მადლობა უფალს, ორივეს სიყვარული გამოვცადე, გამიმართლა.

– როგორც ვიცი, დავითი დროზე ადრე დაიბადა. როდის ელოდებოდით?

– იანვრის ბოლოს ველოდებოდით და 10 იანვარს გაჩნდა, დაასწრო მოვლენებს, თავად როცა მოუნდა, მაშინ მოევლინა სამყაროს. ეს წელი ჩემთვის ძალიან იღბლიანად დაიწყო, დიდი სიახლითა და დავითის მობრძანებით. ცეცხლოვანმა წელმა, შვილის სახით, საოცარი საჩუქარი გამიკეთა და ნამდვილად ცეცხლოვანად დაიწყო (იცინის). ვივიენზე ყველა ამბობს, ვიზუალურად მამას ჰგავსო, დავითი კი ისეთი პატარაა, ჯერ ვერ ვხვდებით ვის, ემსგავსება. ამბობენ, ბიჭები დედებს ემსგავსებიანო და მინდა, დავითი მე დამემსგავსოს (იცინის). სანამ გაიზრდება, ათასჯერ შეიცვლება, მთავარია, იღბლიანი და ჯანმრთელი იყოს. დავითი უფრო წყნარია, ვიდრე თავისი დაიკო იყო. მგონი, ხასიათებით და-ძმა არ ჰგავს ერთმანეთს. სხვათა შორის, რომ ვაკვირდები, ვივიენი ხასიათებით მე მგავს, როგორც მე ვიყავი ბავშვობაში, ესეც ასეა – უნდა, სამყარომ მის გარშემო იტრიალოს (იცინის).

– ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარება, მეუღლე თუა ჩართული მათ აღზრდა-გაზრდაში?

– ბავშვების გაზრდაში დედა და ბებია მეხმარებიან და ასევე, მეუღლეც და მისი მშობლებიც ჩართულები არიან. ვივიენს ძალიან კარგი აღმზრდელი ძიძა ჰყავს. ასე რომ, ბავშვების გაზრდაში ყველანი ჩართული ვართ. ძალიან რთულია, მაგრამ ვუმკლავდებით (იცინის).

– გამოდის, გაგიმართლა ოჯახში, გარეგნობაში, პროფესიაში, დედობაში და რაც მთავარია, სიყვარულში...

– არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ მართლა მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და ვინც მყავს გვერდით, რომ ყველაფერი ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ყველა მიმართულებით. ბედნიერი ვარ, გვერდითაც ისეთი ადამიანი მიდგას, ვინც ყველაფერში ხელს მიწყობს და მისგან იმედსა და ძალას ვგრძნობ. ვანო ენერგეტიკულად ჩემიანია. მისი მადლობელი ვარ ოჯახისთვის, მეუღლეობისთვის, შვილებისთვის, გვერდში დგომისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის. ნამდვილად არ მაქვს საწუწუნო, ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, სანამ ცოლად გავყვებოდი, მანამდე წლები ვმეგობრობდით. ვანო სკოლის დამთავრების შემდეგ გავიცანი, პირველ კურსზე რომ ვიყავი. ვმეგობრობდით. მერე ვანო უცხოეთში წავიდა სასწავლებლად, საერთო სამეგობრო წრე გვყავდა, დაბადების დღეებზე ვეპატიჟებოდით ერთმანეთს. 28 წლის ასაკში მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის იყო დაბადებული და კი გავყევი ცოლად (იცინის). გამიადვილდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მას კარგად ვიცნობდი.

– მარიამ, რამდენი წლის იყავი, როცა პირველად გამოჩნდი ეკრანზე?

– 19 წლის ვიყავი, როცა ეკრანზე პირველად გამოვჩნდი. ასე მგონია, გუშინ იყო და უკვე 17 წელი გავიდა. ის პირველი ეთერიც მახსოვს და პირველი ნიუსიც. ძალიან ვნერვიულობდი. ამდენი წელი გავიდა და ეთერის წინ ახლაც ვღელავ.

ახლა დავითმა სასიამოვნო ტაიმ-აუტი ამაღებინდა და დროებით ეკრანზე აღარ ვჩანვარ. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დავბრუნებულიყავი სამსახურში და ვამბობდი, ალბათ, ვეღარ დავბრუნდები-მეთქი. ოჯახსა და მეუღლეს რომ მხარი აება, დიდი შანსია, მართლა ჩამოვცილებოდი ეკრანს. პირიქით, ვანოს ძალიან მოსწონს, რომ მე ჩემი საქმე მაქვს და მისგან და ოჯახისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.

– ცნობადობამ თუ შეგცვალა?

– ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაში უცხო ადამიანები გცნობენ და გიღიმიან. თუმცა, ვინც მიცნობს, ყველა ამბობს, როგორიც იყავი, ისეთი დარჩი, არ შეცვლილხარო. ცნობადობას თავისი პლუსი და მინუსი აქვს. გარდა იმისა, რომ ხალხს უყვარხარ, უფრო მეტი პასუხიმგებლობა გეკისრება.

– ვანო რამდენად რომანტიკულია და თუ გიკეთებს სიურპრიზებს საჩურების სახით?

– ორივე რომანტიკულები ვართ და გვიყვარს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება. ყოველთვის იცის ჩემმა მეუღლემ, რა გამახარებს და რა მინდა. ყველაზე მეტად გამოვყოფ ნიშნობის ბეჭედს. არ ვიცოდი, თუ აპირებდა, სიურპრიზად მოხდა და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მისგან ხელის თხოვნის ბეჭედია, რომელსაც ხელიდან არ ვიხსნი. ვალენტინობა იყო და ულამაზეს თაიგულში ჰქონდა ჩამალული. კაფეში დამპატიჟა და თაიგულში რომ ულამაზესი ბეჭედი აღმოვაჩინე, ეფექტური და მოულოდნელი იყო ჩემთვის. მისგან ეს იყო შეუფასებელი საჩუქარი ჩემთვის. დღესასწაულებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება, სულ არ იყოს დღესასწაული და ისე, მოულოდნელად გამახაროს საჩუქრით. ასე რომ, მეც მიყვარს მისთვის საჩუქრების გაკეთება, მასაც და გამოდის, ცოლ-ქმარი დაბალანსებული რომანტიკოსები ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი