შოუბიზნესი

მარიამ ვაშაძე: არასდროს ვარ სხვისი მეკვლე

№53

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 05.01, 2021 წელი

მარიამ ვაშაძე
დაკოპირებულია

გასულ წელს ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის საახალწლო ნაძვის ხემ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც თავად თბილისელებს“ უყვება, მისთვის ისევე როგორც ყველასთვის, ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ახალი წლის შესახვედრად  ყოველთვის გამორჩეულად ემზადება.

მარიამ ვაშაძე: ახალი წელი ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. საერთოდ, ზამთარი არ მიყვარს და ახალი წელია ის სხივი, რომელიც ზამთრის ცივ დღეებს მინათებს და ყოველთვის კარგი განწყობით ვხვდები.
– გასულ წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო შენი ნაძვისხე და საახალწლო მორთულობა. დიზაინერის რჩევები გაითვალისწინე?
– არა, მე და ჩემმა მეუღლემ ავაწყვეთ. წელსაც ერთად მოვრთეთ სახლი საახალწლოდ. სპეციალისტს რომ თხოვ დახმარებას, ალბათ, ეგეც კარგია, მაგრამ როდესაც საკუთარი ხელით ქმნი საახალწლო განწყობას, მგონია, რომ ეს უფრო სასიამოვნოა. ძალიან გამიხარდა, ბევრს რომ მოეწონა.
– საახალწლო სუფრასაც საკუთარ თავზე იღებ ხოლმე?
– დიდი მზარეულობით არ გამოვირჩევი, მაგრამ რაღაცების მომზადება ვიცი და ახალ წელსაც ვცდილობ, ერთი კერძი მაინც გავაკეთო. თუმცა, წელს ჩემი მეუღლის ოჯახში ვხვდებით ახალ წელს ამიტომ მე არ მომიწევს სუფრის გაშლა. თან, ჩემი დედამთილი ძალიან კარგი მზარეულია და მიხარია, რომ მისი მომზადებული კერძების ჭამა მოგვიწევს (იცინის). თუმცა, მეც შევეცდები, რომ ჩვენს სუფრაზე ერთი კერძი ჩემი მომზადებულიც იყოს. ძალიან მიყვარს საახალწლო კერძები და ზოგადად, გემრიელად ჭამა. ამ პერიოდში ჩემს თავს ფსიქოლოგიურად ვამზადებ ხოლმე და ხშირად ვიმეორებ, „არა უშავს, თუ მოვიმატებ“. ახალი წლის დღეებში თავს შეზღუდვებს ვერ დავუწესებ (იცინის). „ჭამა-სმის საერთაშორისო დღესასწაული“ რომ ჩაივლის, მერე ვცდილობ მომატებული კილოგრამების მოშორებას ტკბილეულის შეზღუდვის ხარჯზე და მალევე ვუბრუნდები ჩვეულ ფორმას. ასე რომ, ეს დიდი ტრაგედია არ არის.
– მეუღლესთან ერთად გატარებული პირველი ახალი წელი, ალბათ, განსაკუთრებულად რომანტიკული იყო.
– ჩვენი პირველი ახალი წელი მართლა განსაკუთრებული იყო. ახალ წელს ახალ სახლში შევხვდით, სადაც ყველაფერი ახალი იყო, თავისთავად, ნაძვის ხეც და სათამაშოებიც. ჩვენი მშობლები მოვიდნენ სტუმრად. შემდეგ კი მე და მეუღლე მეგობრებთან ერთად გავედით საახალწლო ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორც ყველა, მეც მივყვები ტრადიციებს და ვცდილობ, იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა დავიბედო, ვინც მიყვარს და მათთან ერთად ხალისიანად გავატარო ეს დღე (იცინის).
– რას ამბობენ, როგორი მეკვლეა მარიამი?
– არასდროს ვყოფილვარ სხვისი მეკვლე. არ მიყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ბავშვობაში საკუთარი ოჯახის მეკვლე ვიყავი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მგონია, რომ ცუდი ფეხი არ მაქვს, მაგრამ სხვის ოჯახში ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. შეიძლება, ამაზე არაფერია დამოკიდებული, მაგრამ რამე რომ იყოს, მერე ხომ გაახსენდებათ, ვინ იყო მათი მეკვლე და მაინც რთული პასუხისმგებლობაა (იცინის).
– თოვლის ბაბუის თუ გჯეროდა?
– მჯეროდა და თან, ძალიან. მახსოვს, ღამე ვიღვიძებდი და ვკითხულობდი, ჩამოფრინდა? (იცინის). ისეთი სიხარულით ვხვდებოდი მის საჩუქრებს, ვერ წარმოიდგენთ. ერთხელაც, ახალი წლის დღეებში, ვაღებ კარს და ვხედავ დედას იმ საჩუქრით ხელში, რომელიც თოვლის ბაბუას „შევუკვეთე“ (იცინის). მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობდა თოვლის ბაბუა. ვერ აღგიწერთ, ისე დამწყდა გული. ახლა, ყოველ ახალ წელს, თორმეტ საათზე, ფანჯარაში ვიყურები და სურვილს ჩავიფიქრებ. მგონია, რომ აუცილებლად ამისრულდება. აქამდე ყოველთვის ზოგადსაკაცობრიო სურვილებს ჩავუთქვამდი: ჯანმრთელობა, ბედნიერება და ასე შემდეგ. ახლა ერთი კონკრეტული სურვილი უნდა ჩავიფიქრო და დავაკვირდე, შემისრულდება თუ არა (იცინის).
– როგორ ანებივრებთ ხოლმე მეუღლეები ერთმანეთს?
– ძირითადად, ზუსტად ვიცით, რა უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს, რომ გაგვიხარდეს. საჩუქრები, რა თქმა უნდა, სიურპრიზია, მაგრამ ხშირად ვერ ვითმენთ და დროზე ადრეც გაგვიცვლია ერთმანეთისთვის. ერთხელ მანქანაში მალავდა და შემთხვევით ვნახე. სანამ არ გავახსნევინე, ვერ მოვისვენე (იცინის). რადგან ვიცით, რომელს რა გვინდა, სიუპრიზული საჩუქრები აღარ გამოგვდის, უფრო პროგნოზირებადები ვართ.
– ოჯახში თქვენი დღესასწაულები გაქვთ?
– ჩვენთვის განსაკუთრებულია ჩვენი ქორწინების თარიღი და ვალენტინობა, იმიტომ, რომ ვანიკომ ამ დღეს მთხოვა ხელი. ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით და რომანტიკულ ვახშამს ვაწყობთ.
– რა მოიტანა ურთიერთობაში ოჯახურმა ცხოვრებამ?
– უფრო მეტად დავახლოვდით და უკეთ გვესმის ერთმანეთის. დრო რომ გადის, წყვილი ნამდვილ ოჯახად ყალიბდება. უფრო მეტად უგებ ადამიანს, ბოლომდე შენიანი ხდება. ასე რომ, ოჯახური ცხოვრება ძალიან კარგი აღმოჩნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი