შოუბიზნესი

მარიამ შუკაკიძე: ერთმანეთს უმტკიცებენ ჩემს შესახებ, არა, ეს ასეთი არ არის სინამდვილეშიო

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 26.04, 2023 წელი

მარიამ შუკაკიძე
დაკოპირებულია

ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე მესამე შვილის დედა გახდა. სამი პატარას დედობასთან ერთად, მარიამმა საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ნაკლებობას არ უჩივის, ყოველთვის განსაკუთრებულად გამოიყურება, რის გამოც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აბულინგებენ კიდეც.

მარიამ შუკაკიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ უკვე სამი შვილის დედა ვარ. შვილები ძალიან დიდი ბედნიერებაა, თან, ასეთი საყვარელი და ლამაზი გოგონები. ყოველთვის დიდ ოჯახსა და ბევრ შვილზე ვოცნებობდი, მაგრამ დაქორწინებიდან ხუთი წლის თავზე თუ უკვე სამი შვილი მეყოლებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– სამშობიაროდანვე ყველა გააოცე იმით, რომ საოცარ ფორმაში იყავი, რაც ნამდვილად რთულია...

– საკეისრო გავიკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტივი იყო. ხშირ შემთხვევაში, საკეისრო უფრო რთულიცაა, თუმცა, ძალა მოვიკრიბე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად ჩაივლიდა. მინდოდა, პატარას გაჩენისთანავე, ისევ ისე გამოვპრანჭულიყავი, როგორც მანამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან მაკიაჟით დავდივარ, უბრალოდ, მინდოდა, ჩვენი ოჯახის ახალ წევრს ლამაზად შევხვედროდი. ტკივილებიც მქონდა, ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მაინც შევძელი იმის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული მქონდა.

– მშობიარობის შემდეგ როგორ მოახერხე სასურველი ფორმის დაბრუნება?

– ვერ ვიტყვი, რომ ორსულობის დროს ძალიან მოვიმატე. დაკლებაც არ გამჭირვებია. ბევრი მეუბნება, ძალიან კარგ ფორმაში ხარ და როგორ დაიკელიო?! ამისთვის ჯერ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. დიეტას ვერ მივმართავ, იმიტომ რომ ახლა კიდევ უფრო მეტი ენერგია მჭირდება და კარგად უნდა ვიკვებო. ზედმეტი კილოგრამები ნელ-ნელა თავისით მიდის. სამივე მშობიარობის შემდეგ ჩემი წონა ბუნებრივად დავიბრუნე ორ თვეში.

– ხუთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა?

– ჩემი მეუღლე კაპიტანია და მისი პროფესიიდან გამომდინარე, მგონია, რომ დრო გაჩერდა. მე თვითონაც მიჭირს იმის დაჯერება, რომ უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ. მგონია, რომ ახალი შეუღლებულები ვართ. განცდები ახლაც იგივე მაქვს, როგორიც ქორწინების დასაწყისში გვქონდა. შვილებმა და დრომ კი კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

ბოლო დროს კიდევ უფრო მეტი საქმე გამომიჩნდა, კომპანიის მფლობელი გავხდი. ძალიან კარგ ესთეტიკურ ცენტრს ვხსნით ბათუმში, სადაც ნებისმიერი ქალის სურვილებს ავასრულებთ, რაც კი სილამაზესა და თავის მოვლას უკავშირდება. უფრო ადრეც მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავწყვიტე, ჯერ ოჯახისთვის დამეთმო დრო. ახლა ვფიქრობ, რომ საქმიანი თვალსაზრისითაც უნდა გავაქტიურდე. ეს ბიზნესი ჩემმა მეუღლემ მაჩუქა, ის ძალიან მიდგას გვერდით და დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელო. აქამდე არ მიმუშავია, „ინსტაგრამზე“ რაღაც შემოსავალი მაქვს, მაგრამ ეგ ჰობია, ესთეტიკური ცენტრი კი უკვე სერიოზული საქმეა. მაქვს საკუთარი ბრენდიც, რომელიც აქამდე მხოლოდ ონლაინ მუშაობდა, ახლა კი უკვე მაღაზიების გახსნას ვაპირებ, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

– ეს საჩუქარი თქვენი ხუთი წლის იუბილეს უკავშირდებოდა?

– კი, ასეა (იცინის). ჩვენი ქორწინების იუბილეს კიდევ ერთი კარგი ამბავი დაემთხვა – „ინსტაგრამმა“ ვერიფიკაცია მომანიჭა. ყველა ინფლუენსერი ოცნებობს ამაზე და ძალიან გამიხარდა „ინსტაგრამისგან“ რომ ეს შეტყობინება მივიღე.

– მეუღლე ნამდვილად განებივრებს საჩუქრებით, იქნება ეს ყვავილები, ძვირად ღირებული ავტომობილი და ასე შემდეგ, რასაც „ინსტაგრამზე“ გამომწერებს უზიარებ ხოლმე...

– კი, ჩემს მეუღლეს უყვარს ასეთი საჩუქრებით ჩემი განებივრება და მეც, როგორც ყველა ქალს, მიყვარს მათი მიღება (იცინის). მეც ვეხმარები ხოლმე საჩუქრების არჩევაში (იცინის). ზოგადად, არ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, მაგრამ „ინსტაგრამზე“ მიწევს გამოვაქვეყნო, რადგან ამდენი ადამიანი მადევნებს თვალს. ზოგჯერ ცოტა მერიდება, არ მინდა, ვინმემ „მარიაჟობად“ ჩამითვალოს, მაგრამ ეს სივრცე ამისთვისაა, ყველა დებს იმას, რაც მის ცხოვრებაში ხდება და ამიტომ ვფიქრობ, არც ჩემგან იქნება დანაშაული იმის გამოქვეყნება, რაც მიხარია და მაბედნიერებს. თან, ვგრძნობ, რომ აინტერესებთ თითოეული „სთორი“, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურიც არ ვარ ამ სივრცეში. ამიტომ, ზოგჯერ უხერხულადად ვგრძნობ თავს და მინდა, კიდევ უფრო ვაქტიურობდე.

– გარეგნობის გამო დღემდე დიდი ბულინგია შენი მისამართით, ამას როგორ უმკლავდები?

– ძალიან ელემენტრულზეც კი შეიძლება დამაბულინგონ, თუნდაც, მაკიაჟის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სადა და ლამაზ მაკიაჟს ვიკეთებ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და მეუღლეც იმავეს მეუბნება. მუდმივად მიდის იმის განხილვა, რა მაქვს გაკეთებული. ბოლო პერიოდში კომენტარებსაც აღარ ვკითხულობ. მივხვდი, რომ კარგი ადამიანი კარგს ამბობს, ცუდი – ცუდს და ამის გამო ხასიათს არ გავიფუჭებ. ზოგჯერ ისეთი არაადეკვატური კომენტარები დაუწერიათ, მივმხვდარვარ, რომ მის ავტორს აშკარად რაღაც პრობლემა ჰქონდა. რეალურად, პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ცხვირზე მაქვს გაკეთებული. თუმცა, ხალხს ვერ დაარწმუნებ. ამიტომ აღარც ვამტკიცებ, მაინც იმას იჯერებენ, რაც თავად სურთ. დღეს ყველას რაღაც აქვს გაკეთებული, მაგრამ მთავარი ეგ არ არის. მე იმდენს მივაღწიე, რომ ცნობილი ვარ, თან, არა მხოლოდ საქართველოში.

- თუმცა, ემოციურად მაინც რთული იქნებოდა.

- ძალიან ბევრი მეუბნება, შენ რასაც გაუძელი ამდენი წლის განმავლობაში, ამას ბევრი ვერ შეძლებდაო. რაღაც პერიოდში სოცქსელებში ცოტა ხნით „დავიმალე“ და სიმშვიდეც გამოვცადე. სხვათა შორის, ეგ მომენტი არ მომეწონა (იცინის). უფრო მშვიდად ვარ, როდესაც ლაპარაკობენ. ეს ჩემს თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედებს. რა მნიშვნელობა აქვს, რას ლაპარაკობენ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო ხარ. მე ეს მაწყობს, რადგან წინ დიდი გეგმები მაქვს და რაც უფრო მეტი ადამიანი გამიცნობს, მით უკეთესი იქნება. სულ რომ შეუხედავი ვიყო, ეგეც არ მადარდებს. მე ვთვლი, რომ საინტერესო ადამიანი ვარ, ცუდი არავისთვის გამიკეთებია, პირიქით, ბევრს ვეხმარები და არავისთვის არაფერი მიწყენინებია – ჩემთვის ეს არის მთავარი და არა გარეგნობა.

– კიდევ ერთი მომენტია – თითქოს დღეს ვინმეს ფოტოშოპის გამოყენება უკვირს...

– რა თქმა უნდა, ეფექტებს მეც ვიყენებ და რაღაცებს ვაკეთებ, როგორც ყველა, ვარსკვლავი თუ არავარსკვლავი, მაგრამ ისე არ ვამუშავებ ფოტოს, რომ ქუჩაში ვერ მიცნონ. როდესაც ამდენი გამომწერი გყავს, ვალდებულიც ხარ, მათ ლამაზი ფოტო მიაწოდო, არაფრით გამორჩეული ფოტო არავის აინტერესებს. ადამიანებს იმიტომ ჰყავხარ გამოწერილი, რომ რაღაც ლამაზი სიახლე ნახონ, შენგან იდეა აიღონ, მისაბაძი იყო და ასე შემდეგ. მე ვხვდები, რომ მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. ვიცი ისიც, რომ ერთმანეთს უმტკიცებენ ჩემ შესახებ – სინამდვილეში ეს ასეთი არ არისო. თუმცა, ბევრს ვისაც რეალურად ვუნახავვარ, ისიც უთქვამს, უკეთესი ხარ ვიდრე ფოტოებშიო.

– ინფორმაცია გავრცელდა, რომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად ამერიკაში გადახვიდეთ.

– დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ მე არ მინდა. ერთი შეხედვით, ვის არ უნდა ამერიკაში, მაგრამ რეალურად რომ ვფიქრობ, მეშინია. აქ მშობლები უნდა დავტოვო და სამი შვილით წავიდე. ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო იქ, როცა აქ წამოვიწყე მნიშვნელოვანი საქმე. თუმცა, ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს ამერიკიდან. ალბათ, საბოლოოდ მაინც მოგვიწევს გადასვლა, ეს დროის ამბავია. ძალიან მიყვარს საქართველო, ბათუმი – განსაკუთრებით და ნამდვილად გამიჭირდება აქაურობასთან განშორება, თუმცა, ისე გადავწყვეტთ, როგორც ჩვენი ოჯახისთვის უკეთესი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა