შოუბიზნესი

მარიამ სანოგო: მეუბნებიან, არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და ჰგონიათ, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:51 05.11, 2021 წელი

მარიამ სანოგო
დაკოპირებულია

მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო „რუსთავი 2-ის“ ახალი გადაცემის „The Talk - შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ამ გადაცემის პრინციპი ძალიან ორგანულია და იმ პრობლემებზე, რომლებიც იქ განიხილება, ბევრჯერ უფიქრია და უსაუბრია.

მარიამ სანოგო: ეს გადაცემა, პირველ რიგში, იმიტომ მომწონს, რომ ისეთ სოციალურ თემებს ეხება, რომლებიც მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაინტერესებდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თემების გაშუქებისთვის სწორი ფორმულირებაა შერჩეული და დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენს საუბარს სოციუმზე დადებითი გავლენა ექნება. პირადული ისტორიების ღიად მოყოლას რაც შეეხება, ალბათ, სწორედ, ასეთი გულახდილობით შეიძლება, არსებული ტაბუების გადალახვა. ადამიანების ჩვენივე ამბის თხრობით ვაჩვენებთ, რომ მარტოები არ არიან, რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მოგვარდეს.

– მაყურებელი ეკრანზე ან სოციალურ ქსელში ხედავს მარიამს, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, აქვს ოჯახი და მშვენიერი ცხოვრება. შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს აზრი – ამ გოგოს რა უნდა აწუხებდეს? რაში მდგომარეობს მარიამის ცხოვრების სირთულე?

– სოციალურ ქსელებში ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი და მარტივი ჩანს. მაგრამ თუნდაც იქ ან ეკრანზე მაყურებლის მიერ დანახული კარგი გარეგნობა ან განწყობა შენთვის შეიძლება, დიდი შრომის შედეგი იყოს. რეალურ ცხოვრებაში ბევრ დაბრკოლებას ვაწყდებით. მაგალითად, მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა იმის დამტკიცება, რომ შეიძლება, ქალიც იყოს ძალიან ჭკვიანი, მოდელი გოგონაც კითხულობდეს, კარგად მეტყველებდეს და მაღალი ინტელექტიც ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ასე არ თვლიან. ეს ძალიან საწყენია და მე ყოველთვის ვცდილობ, საწინააღმდეგო დავამტკიცო. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება მანამდე იქნება, სანამ თვითონ მოდელი გოგონები არ დაამტკიცებენ საპირისპიროს. ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაუფიქრებლად იქცევიან, მაგრამ ყველა ერთმანეთს არ ვგავართ, ინდივიდები ვართ, საკუთარი ისტორიით... მსგავს სტერეოტიპებთან ბრძოლა ყოველთვის მიწევდა – მე არასდროს ვიღლები მათი შეცვლის მცდელობით. ქალებისა და მათი ინტელექტის მიმართ ცოტა აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის იყო ჩვენს გარემოში, შენ გოგო ხარ ეს არ გააკეთო, ეს არ შეგეფერება, ეს ბიჭს ეპატიება და შენ არა – ეს დამოკიდებულება, ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიგრძნია. ბებია მასწავლიდა, რომ მამაკაცებს უყვართ სუსტი ქალი, მაგრამ ეს არ არის კარგი, ჩვენ გარშემო ბევრი ქალია, ვინც მართლა მამაკაცზეა დამოკიდებული. არა იმიტომ, რომ გონებრივი შესაძლებლობები არ აქვს დამოუკიდებლობისთვის, უბრალოდ, მოსწონს ეს ამპლუა. ეს ცუდი მაგალითი რომ არ ამეღო, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის მიმახვილებდნენ ამაზე ყურადღებას. რაც შეეხება სხვის დამოკიდებულებებს და განხილვას, დიდი ხნის წინ მივეჩვიე სხვისი აზრის დაიგნორებას. ეს არ ნიშნავს ტოტალურ დაიგნორებას, მაგრამ სხვების მოსაზრებები ჩემი პიროვნების ძირითადი შტრიხების შესახებ ჩემთვის დიდად საინტერესო არასდროს ყოფილა, მით უმეტეს, თუ ჭკუის მასწავლებელი ადამიანი თავად იწვევს ეჭვებს. თუმცა, ასეთად რომ არ აღგიქვან, ასეთი არც უნდა იყო, მაგრამ მუდმივად საწინააღმდეგოს მტკიცებით შეიძლება, გადაუხვიო საკუთარ ცხოვრებას და იქცე ადამიანად, რომელიც ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს. ეს არ არის ჩემი მიზანი.

– კანის ფერი – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ 21-ე საუკუნეა და აღარაფერი გვიკვირს, მით უმეტეს ქართველები მრავალკულტურული ერი ვართ და რომ ყველას მიმართ ტოლერანტობით გამოვირჩევით, რეალურად ეს პრობლემა დღესაც არის?

– რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იყო და არის, მაგრამ სახეს იცვლის. გააჩნია, რამდენად მძიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა აქვს ადამიანს, რომელიც ამ აზრზეა. ხშირად ჩემთვის უთქვამთ: არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და თვლიან, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო. ეს ჩემთვის არა, მაგრამ დამამცირებელია მათთვის – რა არ მოსწონთ, ამასაც ვერ იაზრებენ. რასისტია, მაგრამ შენ მოსწონხარ. ზრდასრული ადამიანისგან რომ ამას ისმენ, ეს ძალიან უხერხული და სასაცილოა. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიჭირს, ბევრ რამეს დღემდე ვაიგნორებ და ხშირ შემთხვევაში გრძნობენ, რომ არც ისე ადვილად დასაჩაგრი გოგო ვარ. მე მადლიერი ვარ იმის გამო, ვინც ვარ და როგორიც ვარ.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში?

– ძალიან მოულოდნელი და საინტერესო. ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ლექციებს შორის შესვენებაზე ყავას ვსვამდი და უცებ შემომთავაზეს ქასთინგზე მისვლა. ერთ კვირაში დავიწყე კიდეც მუშაობა „იმედში“ ამინდის პროგნოზის წამყვანად. შემდეგ დაემატა „ლოტო“, დილის გადაცემა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება „ნიჭიერის“ წამყვანის ამპლუაში მივიღე.

– რაც შეეხება მოდელობას, ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო.

– კი, 15 წლის ვიყავი, თუმცა იმ ასაკში მეგონა, რომ ბიჭი ვიყავი, გოგური ნამდვილად არ ვყოფილვარ. თან, გარდატეხის ასაკიც გვიან მქონდა. მაშინ წავედი ამ პროფესიაში და მეგონა, ჩემი სურვილით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარშემოც შემიწყვეს ხელი. მე რომ მეგონა შემთხვევით, თურმე სპეციალურად წამიყვანეს მოდის კვირეულზე, რადგან მონაცემები მქონდა და იქ უკვე ინტერესი გამიჩნდა. საბედნიეროდ, პირველივე ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა. ჩემი ფოტოები მოდის კვირეულამდე ნახეს დიზაინერებმა და მაშინვე დამამატეს საკუთარ კოლექციებში. ძალიან აქტიური გავხდი, შეიძლება ითქვას, ბუმით დავიწყე ამ პროფესიაში მოღვაწეობა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ეს პროფესია ტელევიზიამ ჩაყლაპა. ჩვენს ქვეყანაში სამოდელო ბიზნესი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. დღეს მოდელის შემოსავალი იმდენად მწირია, გამორიცხულია, მისით იარსებო. არც გარემოა ისეთი, როგორიც საჭიროა. ამიტომ ავარჩიე ის სფერო, რომელშიც უკეთ ვიქნებოდი. ახლაც ვიღებ გადაღებებში მონაწილეობას, მაგრამ მათ მეტად ფრთხილად ვარჩევ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თან, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მოდის ინდუსტრიის ზოგიერთ შეხედულებასთან კონფლიქტში მოვდივარ, მაგალითად, როგორიცაა გოგონების წონა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ეს პრობლემები მოდის ბიზნესში ძალიან მწვავედ დგას და რაღაც მომენტში მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს ინდუსტრია ქალების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და კომპლექსებს უყალიბებს, განსაკუთრებით თინეიჯერ გოგონებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა