შოუბიზნესი

მარიამ მამისმედიშვილი: რომ გავჩნდი, როგორც ექიმები ამბობენ, უკვე ვმღეროდი, ჟურნალ-გაზეთებშიც იწერებოდა, სამი თვის გოგონა მღერისო

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00

მარიამ მამისმედიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ მარიამ მამისმედიშვილისთვის ახლა განსაკუთრებით აქტიური და ნაყოფიერი პერიოდია. შემოქმედებითი სიახლეებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ მარიამი თავად მოგვიყვება.

მარიამ მამისმედიშვილი: ახლახან გაიმართა ჩემი და დათო ევგენიძის სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელსაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს სიმღერა დათოს ეკუთვნის. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს ნამუშევარს შეესაბამებოდა. პრეზენტაციის ადგილიც სიმბოლური იყო, რადგან გადაღებები ზუსტად ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობდა, რისთვისაც მადლობა ბატონ ბადრი მაისურაძეს.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ვმუშაობ რუსა მორჩილაძის ულამაზეს სიმღერაზე, რომლის ტექსტიც ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ტექსტი უკვე ჩაიწერა და ახლა ვიდეოკლიპის გადასაღებად ვემზადებით.

მხოლოდ ესეც არ არის, ზუსტად ახლა სტუდიიდან მოვდივარ, ქეთი გაბისიანის სიმღერაზე ვიწყებ მუშაობას. ძალიან აკადემიური სიმღერაა, რომლის ტექსტიც მე მეკუთვნის. ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, ჩემი ტექსტი გამომეყენებინა. ძალიან თავმდაბალი ვარ და მერიდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სხვათა შორის, ქეთიმ რომ მოისმინა, გაგიჟდა, ისე მოეწონა.

გულწრფელად რომ ვთქვა, სამივე სიმღერა, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ერთმანეთზე უკეთესია.

ძალიან მახარებს ერთი ფაქტი - წლების შემდეგ, უკან რომ მოვიხედავ და ჩემს შემოქმედებას თვალს გადავავლებ, დარწმუნებული ვარ, ვიამაყებ იმის გამო, რომ ჩემს რეპერტუარში არის ისეთი მუსიკოსების ნამუშევრები, როგორიცაა: ქეთი გაბისიანი, რუსა მორჩილაძე, დათო ევგენიძე, რომა რცხილაძე. მაქსიმალურად ვცდილობ, გემოვნებიანი, ხარისხიანი და მაღალი დონის პროდუქტი მივაწოდო ჩემს მსმენელს.

– როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ დათო ევგენიძესთან, რომა რცხილაძესთან?

– ჩვენ ერთმანეთისთვის უკვე ძალიან ახლო მეგობრები, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები ვართ. სიმღერა გვაერთიანებს. დათო როგორი მაღალი დონის პროფესიონალიცაა, ზუსტად ისეთივე ადამიანია. მიხარია და ვამაყობ, რომ მისნაირი მეგობარი შევიძინე. თვითონაც იმავეს აღნიშნავს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

რაც შეეხება რომა რცხილაძესთან ტანდემს, ყველაფერი ძალიან ორგანულად მოხდა. მისი ერთ-ერთი სიმღერა გადუეტდა. ჩვენი ხმები ძალიან მოუხდა ერთმანეთს. სხვათა შორის, პირველად თავად რომამ აღნიშნა ამის შესახებ. ძალიან მაქო, მითხრა, რომ საოცარი ხმის ტემბრი მქონდა. ამის მოსმენისას ისე მრცხვენოდა, ვწითლდებოდი. რომა რცხილაძე, დათო ევგენიძე, ქეთი გაბისიანი, რუსა მორჩილაძე – ასეთი ადამიანები რომ გაქებენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ხანდახან მართლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო დრო, როცა არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, არ ვიცოდი, რამდენად ნიჭიერი ვიყავი, ამიტომ ასეთი ქება ძალიან მეუხერხულობოდა, თუმცა ამასთანავე მიხაროდა... რომამ, საერთოდ, აღნიშნა, მარიამმა ბევრი რამ მასწავლაო. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

– პატარა მარიამს, თუნდაც ათი წლის ასაკში, როგორი ოცნებები ჰქონდა?

– სამი თვის ვიყავი, როდესაც სიმღერა დავიწყე. რომ გავჩნდი, როგორც ექიმები ამბობენ, უკვე ვმღეროდი (იცინის). იმ დროისთვის ჟურნალ-გაზეთებშიც იწერებოდა, რომ სამი თვის გოგონა მღეროდა. 4 წლის ვიყავი, ქუჩაში სასეირნოდ რომ გამიყვანდნენ, ხალხს ვაჩერებდი და ვეუბნებოდი, დამიმახსოვრეთ, მე მარიამ მამისმედიშვილი ვარ, ვარსკვლავი უნდა გავხდე-მეთქი (იცინის). დღეს მახსენებენ ხოლმე ჩემი ახლობლები, თუ როგორ ვმართავდი მათთვის კონცერტებს და ვამტკიცებდი, რომ ვარსკვლავი გავხდებოდი. წარმოვიდგენდი, რომ ძალიან დიდ სცენაზე ვიდექი, ულამაზესი კაბა მეცვა და ვმღეროდი. ვთამაშობდი, ვჭამდი, ბაღში ვიყავი თუ სკოლაში, ჩემს გონებაში სულ ეს ოცნებები ტრიალებდა. მგონია, რომ ეს კოდი ჩემში დაბადებიდანვე დევს. მე ამ საქმისთვის მოვევლინე ქვეყანას.

მართლაც, ბავშვობის ასაკიდანვე საქართველოს შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით დავიწყე კონკურსებზე გასვლა. ათი წლიდან სრულიად მარტო მივდიოდი მოლდოვაში, ბულგარეთში, უკრაინაში ერთ თანხმლებ პირთან, დედაჩემის მეგობართან ერთად და საქართველოში ყოველთვის გრანპრით ვბრუნდებოდი. მეორე ადგილი არასდროს ამიღია. ეს მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა. არაფრის იმედი რომ არ გაქვს, გვერდში მდგომი არ გყავს და სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მომღერლებს მარტო უწევ კონკურენციას, ჟიურის წევრები, ანუ, იმ ქვეყნის ვარსკვლავები, რომ ფეხზე დგებიან შენი სიმღერისას, ძალიან ბევრს ნიშნავს და მეამაყება, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იყო. სხვათა შორის, დღეს ამბობენ ხოლმე, „ბექა ჰყავს“ (ბექა ხალათაშვილი – მეუღლე) და იმიტომო, მაგრამ მე ბექამდეც ძალიან მშრომელი ბავშვი ვიყავი.

– და, ალბათ, საკმაოდ მებრძოლიც – ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობაც იქნებოდა.

– სხვათა შორის, მამა მღეროდა, მსახიობი და ფანტასტიკური მომღერალი იყო. სამწუხაროდ, ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ვერ მოასწრო ოცნებების ასრულება. უნდოდა, ცნობილი მომღერალი ყოფილიყო. მე რომ ჩემი ნიჭი გავაანალიზე და ამ გზას დავადექი, რაც მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მენანებოდა გაწეული შრომის წყალში ჩაყრა.

თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი დიდ სტიმულს მაძლევდა. დიახ, მქონდა დაბრკოლებები, გზაზე ბოროტი ადამიანებიც შემხვედრია, ცდილობდნენ, რომ ჩემი თვითშეფასება გაენადგურებინათ, შური ამოძრავებდათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე საკმაოდ პატარა ვიყავი და კონკურსებში ვმონაწილეობდი. უამრავი ასეთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ გავჩერებულიყავი, ვუღალატებდი, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ მამაჩემს. მამის აუსრულებელი ოცნების ასრულების სურვილი საკმაოდ მძაფრად გასდევს ჩემს ცხოვრებას. მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგა, რაც მან ვერ შეძლო. ჩემი ოცნებების მიმართ განსაკუთრებით ერთგული ვარ – ჩემს თავს ფიცი მივეცი, რომ მას არასდროს ვუღალატებდი და ასეც ვიქცევი.

– რაც შეეხება ბექას როლს, ალბათ, ბევრმა იცის კიდეც, რომ მეუღლე საკონცერტო პროდიუსერია. როგორია მისი წვლილი ამ პროცესში?

– მისი როლი ჩემს წარმატებაში ძალიან დიდია. ერთია წარმატებული პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება და მეორეა, როდესაც გვერდით გიდგას ერთგული ადამიანი, რომელიც ყველა საქმეს შენ ნაცვლად აგვარებს, შენ არაფერში გაწუხებს და შენ მხოლოდ შემოქმედებით მხარეზე გაქვს საფიქრალი. ბექა საოცრად ერთგული, დაუზარელი ადამიანია, რომელიც მეუღლესთან ერთად, ჩემთვის საუკეთესო მეგობარია.

– თუ კამათობთ ხოლმე საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების გამო?

– ძალიან ბევრს ვკამათობთ. სხვათა შორის, ადრე უფრო მეტს ვკამათობდით, მგონი, ახლა დავბერდით (იცინის). დაღვინების ეტაპზე ვართ და ქარიშხლების გამოვლის შემდეგ კამათსაც მოვუკელით. მოხუცი ცოლ-ქმარი რომ უკვე ძალიან შეხმატკბილებულია, ამ ეტაპზე ვართ (იცინის). ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ორივეს გვიწევს დათმობა, ამის გარეშე არცერთი ურთიერთობა არ გამოვა. ბოლო დროს სერიოზული კამათი არაფერზე მოგვსვლია. ათი წელია, ერთად ვართ და რთული ეტაპები უკან გვაქვს მოტოვებული. ახლა უკვე ყველაფერზე ვეთანხმებით ერთმანეთს. არის რაღაცები, რაზეც განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც გამოდის ისე, როგორც მე მინდა (იცინის).

– და ბოლოს, ძალიან კლასიკური, დახვეწილი და ქალური სტილი გაქვს. რა არის შენი ინსპირაცია?

– ძალიან მიხარია და ვამაყობ, როცა ამას აღნიშნავენ. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და კერვა. უამრავი კაბა მაქვს გაფუჭებული – ოჯახის წევრებს ვუჭრიდი და ჩემს თოჯინებს ვუკერავდი (იცინის). მოდა ყოველთვის მიტაცებდა და ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს. რა თქმა უნდა, ვყიდულობ კიდეც, მაგრამ ძირითადად, სამოსი, რომელიც მაცვია, ჩემი დახატული და ამ საქმის პროფესიონალის შეკერილია. მიხარია, რომ ხალხს მოსწონს და იმედი მაქვს, სამომავლოდ მექნება იმდენი დრო, რომ მუსიკასთან ერთად, ჩემი კიდევ ერთი ოცნება ავიხდინო, ანუ, ჩემი ტანსაცმლის ხაზი გამოვუშვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი