შოუბიზნესი

მარიამ მამისმედიშვილი: რაც უფრო მეტად ვგეგმავ მომავალს,მით უფრო მიმართავს ღმერთი ხელს და წინ მივდივარ

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:40

მარიამ მამისმედიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ მისი აღნიშვნა მაინცდამაინც დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს. დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარიამ მამისმედიშვილი: დაბადების დღე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მგონია, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეთ, გვიყვარდეს და შესაბამისად, ვაფასებდეთ იმ დღეს, როცა ამ ქვეყანას მოვევლინეთ. უფლება არ მაქვს, რომ ეს დღე არ მიყვარდეს. თუმცა, არ მიყვარს დაბადების დღეზე დიდი სუფრების შლა და ღრეობა. ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება. ამიტომ არ აღვნიშნავ ხოლმე.

– როგორია შენი დაბადების დღეები?

– მშვიდი და სტაბილური, ჩემს მეუღლესთან, შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ძირითადად, მარტო ვართ ხოლმე. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ. როგორც წესი, ჩემი ახლო მეგობრებიც მოდიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სუფრებს არ ვშლით, ბოლოს მაინც ყველა ერთად ვიკრიბებით.

– არასდროს აღგინიშნავს განსაკუთრებულად?

– ჩემს დაბადების დღეზე, ზოგჯერ, მე, ჩემი შვილი და მეუღლე დასასვენებლად მივდივართ ხოლმე და შეიძლება, იქ პატარა ტორტით აღვნიშნოთ. მე ძალიან მიყვარს ასეთი დაბადების დღეები. თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს. ქალაქგარეთ განტვირთვა ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ბავშვობაში უფრო მიხდიდნენ ხოლმე დაბადების დღეს. ჩემი მეგობრები, თანაკლასელები, ნათესავები – უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, მაგრამ რაც თინეიჯერობის ასაკს გადავაბიჯე, მივხვდი, რომ ამ დღეს ჩემთვის სტაბილურობა და სიმშვიდეა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო.

– გამორჩეულად საყვარელი საჩუქარი გაქვს?

– ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ჩემი შვილის საჩუქარია. წელს ძალიან აღელვებული იყო ჩემი დაბადების დღის საჩუქართან დაკავშირებით. ლუკა შვიდი წლის არის და ბევრს ფიქრობდა ამაზე. მე გასული ვიყავი სახლიდან და რომ მოვედი, დიდი მისალოცი ბარათი დამახვედრა, ულამაზესი ნახატით. მე დამხატა სცენაზე სიმღერის დროს. უთბილესი ტექსტი დამიწერა და ყვავილები მაჩუქა. ეს ყვავილები და მისალოცი ბარათი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. რაც ლუკა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, მისი საჩუქრები ჩემთვის ყველაფერია. საჩუქარს ხომ მხოლოდ მატერიალური დატვირთვა არ აქვს. ეს ის საჩუქარია, რომელსაც ვერ შეაფასებ, დარწმუნებული ვარ, ყველა დედიკოსთვის ასეა.

– ემოციური ხარ, სიხარულს ღიად გამოხატავ?

– აღფრთოვანება და გაგიჟება არ შემიძლია. ასე რომ მოვიქცე, ხელოვნური ვიქნები. ეს ჩემში არ ზის. ზოგადად, ემოციების გამოხატვა ძალიან მიჭირს. ვერ ვეფერები ადამიანებს. ჩემს სიყვარულს თუ სიხარულს უფრო ქმედებებით გამოვხატავ. მაგალითად, როცა საჩუქარს მჩუქნიან, შეიძლება, არ ვიყო ძალიან ემოციური, მაგრამ შემდეგ ქმედებებით გამოვხატავ ჩემს მადლიერებასა და სიხარულს. სიტყვიერად ეს ნაკლებად გამომდის. ძალიან მინდა, ემოციური ვიყო, გავგიჟდე სიხარულისგან, ხმამაღლა ვიყვირო და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.

– რომელიმე დაბადების დღე რთულად თუ გახსენდება?

– ბავშვობაში რეალობას სრული სიმძიმით ვერ აღიქვამ, მაგრამ მახსოვს, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე. ეს აგვისტოში მოხდა, მე ოქტომბერში მქონდა დაბადების დღე. ეს პერიოდი ყველაზე რთულად მახსოვს. 9 წლის ვიყავი და იმ სიმძიმით ვერ აღვიქვი რაც ხდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო. საერთოდ არ მქონდა საზეიმო განწყობა. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ მერე დაბადების დღეებს აღარ ვიხდიდი. ადამიანის ფსიქოლოგია უცნაური რამეა და ზოგჯერ ისე დაილექება ხოლმე მოვლენები ჩვენს ქვეცნობიერში და ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ვერც ვაცნობიერებთ. მამა მანამდე არ ცხოვრობდა ჩვენთან. ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ. თუმცა, ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო და კარგად იყო. რომ გავიგე, რომ ჩემთანაც აღარ იყო და საერთოდ შეწყვიტა არსებობა, ანუ ვეღარასდროს ვნახავდი, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს ძალიან მძაფრი შეგრძნება იყო.

– როგორ შეიცვალა დაბადების დღის ემოციები ბავშვობის შემდეგ?

– ადამიანები უამრავ ეტაპს გავდივართ. ბავშვობაში ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა, დილით უკვე ძალიან კარგ განწყობაზე ვდგებოდი. ყველა მილოცავდა, ყურადღების ცენტრში ვიყავი. იმ დღეს თავს პრინცესად ვგრძნობდი. თინეიჯერობის ასაკში უკვე სხვანაირად აღვიქვამდი, მაინც ძალიან მიხაროდა, მაგრამ განსაკუთრებული მოლოდინი აღარ მქონდა და აღარც ძველებურად აღვნიშნავდი. ახლა ის გრძნობები უკვე უცხოა ჩემთვის. მიხარია, მაგრამ ჩვეულებრივი დღეა. გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს მე მოვევლინე ამქვეყანას, თორემ დილიდან რომ საოცარ ხასიათზე ვიყო, ვემზადებოდე, ტელეფონს ვუყურო – ვინ მომილოცავს, ასე არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, მივდივარ და ჩემს თავს საჩუქარს ვუკეთებ. შეიძლება, კაფეში დავჯდე მეგობრებთან ერთად, ყავა და ნამცხვარი მივირთვა. ისე, რომ კლუბში წავიდე გასართობად, ჩემთვის უცხოა. ისედაც არ მიყვარს ასეთი სიტუაცია. შეიძლება ჯაზ-კლუბში წავიდე, გემოვნებიან მუსიკას მოვუსმინო და ერთი ჭიქა ღვინო დავლიო.

– ამ დღეს თუ აჯამებ, ფიქრობ რა გააკეთე, რისი შეცვლა გინდა და გეგმებს ისახავ?

– კი, მაგალითად, თუ გასულ წელს თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ცოტა ვიზარმაცე, ვითრგუნები. მერე ჩემს თავს ვტუქსავ, მეტი შეგეძლო და რატომ არ გააკეთე-მეთქი. ზოგადად, ძალიან პუნქტუალური და შრომისმოყვარე ვარ, მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალი არ არის ხოლმე, ზოგჯერ გარემო ფაქტორების გამო არ გამოდის ისე, როგორც მინდა. ყველა ადამიანზე მოქმედებს, როცა რაღაც ისე ვერ გამოდის, როგორც გინდა. შეჯამება ძალიან მნიშვნელოვანია, კარგიც და ცუდიც უნდა გავაანალიზო. მარცხი გამოვასწორო, კარგისთვის კი ჩემი თავი შევაქო. სხვათა შორის, ხშირად ვაქებ ჩემს თავს. სარკის წინ ვდგები და ჩემს თავს ვეუბნები: ყოჩაღ, მარი! კარგი გოგო ხარ, ძალიან ძლიერი ხარ, რთული წლები გამოიარე. ნახე, საიდან სად მიხვედი?! მადლიერებას ვუგზავნი სამყაროს, უფალს. ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და ორივე საჭიროა. მთავარია, უიმედობამ არ შეგვიპყროს. ამიტომ ვცდილობ, ყველაფერს მშვიდად შევხვდე. დავაკვირდი, რაც უფრო მადლიერი ვარ სამყაროსი, რაც უფრო ნაკლებად ვვარდები თვითგვემაში, რაც უფრო მეტად ვგეგმავ მომავალს, მით უფრო მიმართავს ღმერთი ხელს და წინ მივდივარ. რასაც ვაგზავნით სამყაროში, ის გვიბრუნდება უკან, ამის მჯერა.

– ასაკის მატებას როგორ ხვდები?

– ცოტა დრამატული ადამიანი ვარ (იცინის). ძალიან მძაფრად აღვიქვამ რაღაცებს. სენსიტიური ვარ. ეს ბევრ რამეში მეტყობა. მელოდიებიც ემოციური მიყვარს. რამდენიმე დღის წინ მეუღლეს ვეუბნებოდი, ძალიან კარგია, რომ ასაკი მემატება, ეს ხომ უფლის მადლია, ყველა დღე ხომ ახალი შანსი და საჩუქარია, მაგრამ ამ სიხარულშიც რაღაც სევდაა, რადგან ყოველ წელს ვბერდები-მეთქი (იცინის). ყველა ასაკს ხომ თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ალბათ, 40 წელს რომ გადავაბიჯებ, ძალიან გამიჭირდება. სამომავლო პერსპექტივაში 50 წელზე და ნაოჭებზე რომ ვფიქრობ, 27 წლის ასაკშივე მედარდება. ალბათ, ძალიან დეპრესიული მოხუცი ვიქნები (იცინის). მე რომ ნაოჭები მექნება და ახალგაზრდებს დავინახავ, მათსავით შესახედი რომ აღარ ვიქნები, ალბათ, დეპრესიისგან ჩავწვები-მეთქი, ვფიქრობ. ხანდახან მიტევს ასეთი ფიქრები, მაგრამ მალევე უკუვაგდებ ხოლმე (იცინის). ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, ყველა შევეგუებით წლებთან დაკავშირებულ ცვლილებებს (იცინის). ასეთი უაზრო ფიქრები რომ შემომიტევს, ჩემს თავს ვეუბნები, მგონი, საქმე შემომაკლდა-მეთქი და მაშინვე რაღაცით ვკავდები (იცინის).

– მეუღლე როგორ ცდილობს დაბადების დღეზე შენთვის განწყობის ამაღლებას?

– მეკითხება, რა გიყიდოო. შენ მითხარი და მე ყველაფერს გიყიდიო. მართლა შეუძლია, მთელი მოლი მიყიდოს, რასაც თითს დავადებ – ყველაფერი. მისთვის ეს არის სიურპრიზი. წელს მართლა ათი საჩუქარი მაჩუქა, არ ვაჭარბებ. ყველაფერი ძალიან გემოვნებით არის შერჩეული. სხვათა შორის, როდესაც მარტო ვარ, მე ისე ვერ ვარჩევ ნივთებს, როგორც მასთან ერთად. წელს ყველაფერი თავის გემოვნებით მიყიდა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი