შოუბიზნესი

მარიამ მაისურაძე: კარგი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლებად ვენდობოდე ადამიანებს

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00

მარიამ მაისურაძე
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი მარიამ მაისურაძე ზოდიაქოთი ლომი გახლავთ. ამართლებს თუ არა ის საკუთარი ნიშნის თვისებებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარიამ მაისურაძე: ჩემი დაბადების დღე 10 აგვისტოს გახლავთ, შესაბამისად, ზოდიაქოთი ლომი ვარ. ყოველდღიურობაში ასტროლოგიურ პროგნოზებს არ მივყვები, თუმცა, ბატონი მიხეილ ცაგარელისგან ბევრჯერ მიმიღია რჩევა-დარიგება, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ.

ზოგადად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამ თემებთან ხშირი შეხება მაქვს, ეთერში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ასტროლოგიაზე და ნიშნების თვისებებში უკვე გავერკვიე. სხვათა შორის, მეუბნებიან ხოლმე, რომ კლასიკური გაგებით ლომი არ ვარ.

– ლომები ძალიან ამბიციურ ადამიანებად ითვლებიან, რომლებსაც უყვართ ძალაუფლება.

– თვითრწმენა და ჯანსაღი ამბიცია, იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებ და მოტივაცია, ყოველთვის მაქვს. ამის გარეშე არაფერი გამოვა. არაჯანსაღი ამბიცია კი სხვაშიც არ მომწონს, არამცთუ ჩემს თავში და თუ შევამჩნევ, შეიძლება, ზედმეტადაც კი ვცდილობ, რომ ჩემში მსგავსი მომენტები მინიმუმამდე დავიყვანო. განსაკუთრებული ძალაუფლება არასდროს მქონია. როცა მმართველი ხარ, ალბათ, მაშინ უფრო ხვდები, გიყვარს თუ არა ძალაუფლება. ჩემს თავში კი ამისკენ სწრაფვაც არ დამიფიქსირებია.

– ურთიერთობაში?

– შეიძლება, ურთიერთობაში დომინანტი ვიყო, რაღაცის წამომწყები და ინიციატორი, მაგრამ ის, რომ ძალაუფლება განსაკუთრებით მიყვარდეს, არ დამიფიქსირებია.

– ლომი საკმაოდ აზარტულია, რისკზე წასვლა შეუძლია.

– არა, რაც ძალიან მიყვარს, მას სასწორზე არასდროს დავდებ. თუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს ეხება საქმე, მასთან მიმართებით არც რისკიანი ვიქნები და არც აზარტული. თუმცა, მიყვარს, როცა თამაშებში ვიმარჯვებ. მეგობრების წრეში მაფიოზობანას ვითამაშებ თუ სხვა მსგავს თამაშს, პროცესში მთელი არსებით ვერთვები. თუ საყვარელ ადამიანს ან მნიშვნელოვან ნივთს არ ეხება საქმე და უბრალოდ, გასართობად ვთამაშობთ, მაშინ კი – აზარტული ვარ.

– ლომებს უკიდურესობები ახასიათებთ, მუშაობენ ქანცის გაწვეტამდე, უყვართ გონების დაკარგვამდე...

– ნამდვილად ასეა, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ როგორმე დავაბალანსო ჩემი ეს თვისება. ეს მომენტი ხანდახან მეხმარება ცხოვრებაში, მაგრამ ხან ხელს მიშლის. ალბათ, ზედმეტი არაფერია კარგი, არც სიყვარულის გაცემა და არც მუშაობა, თუმცა, თუ მიყვარს, მართლა შეპყრობილივით ვარ. მაგალითად, მგონია, რომ ჩემი შვილით შეპყრობილი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი. ეს ნამდვილად მახასიათებს, მაგრამ შუალედის პოვნას ვცდილობ.

– წესით, ყურადღების ცენტრში ყოფნაც უნდა გიყვარდეს.

– იქ ვგრძნობ თავს კომფორტულად, სადაც ყურადღების ცენტრში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ვეძებ ასეთ ადგილებს, მაგრამ მომწონს იქ ყოფნა, სადაც ყურადღების ცენტრში ვარ, მაფასებენ და ვუყვარვარ. ასეთ გარემოში საუკეთესოდ შემიძლია, გამოვავლინო ჩემი თავი, ნიჭი თუ რესურსი, ვიყო ბედნიერი და ლაღი.

– ლომები საოცრად ეგოისტები არიან...

– რაც ვიზრდები, ეს თვისება ჩემში მცირდება. ეგოიზმი ძალიან ცუდია და საბოლოო ჯამში, თავად იმ ადამიანს უქმნის პრობლემას, ვისაც ეს თვისება აქვს. სამყარო მხოლოდ ერთი ადამიანის ირგვლივ არ ტრიალებს. ვერ ვიტყვი, რომ ეგოისტი ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ ვცდილობ, ჩემში ეს თვისება საერთოდ აღარ არსებობდეს. ზოგჯერ შემიძლია, ყველაფერი გვერდზე გადავდო, პირადად ჩემი საჭიროებები მეორე ადგილას დავაყენო... ახლა თითქოს, ძალიან ვიქებ თავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემში ეს თვისება დავაფიქსირე, მასზე ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ გამომდის კიდეც.

– ლომებს ძალიან უყვართ ლიდერობა.

– კი, ვეთანხმები. ბავშვობიდან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს იქ, სადაც შემიძლია, ჩემი ლიდერული თვისებები გამოვავლინო. მგონია, რომ გაცილებით უფრო საინტერესო მეგობარი ან თანამშრომელი ვარ, მაშინ, როცა თავს გუნდის ლიდერად ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. თავისთავად, ყველა სიტუაციაში ლიდერი ვერ იქნები, შენზე უკეთესებიც არსებობენ, ეს ბუნებრივია, თუმცა, მე ამ ამპლუაში კომფორტულად ვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემზე კარგები არ არსებობენ. როცა მე ვარ ლიდერი, თუ ჩემს გუნდში დავინახავ, რომ რომელიმე კონკრეტულ საკითხს ჩემზე უკეთესად გადაწყვეტს, მის აზრს აუცილებლად გავითვალისწინებ. ლიდერობის სიყვარული ობიექტურობაში ხელს არ მიშლის. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ლიდერი ისაა, ვინც არ ფიქრობს, რომ მხოლოდ თვითონაა ხელმძღვანელი. იდეალური ლიდერი ის მგონია, ვინც საკუთარ ჯგუფს უსმენს და ჰარმონიული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

– უყვართ ყველაფერი ლამაზი, მდიდრული, ბრენდული. მოდის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, სტილსაც კარგად გრძნობენ...

– მომწონს, როდესაც ადამიანი ატარებს იმას, რაც ძალიან უხდება, რაც მისთვის ორგანულია. პირადად მე ფასის მიხედვით რომ ვირჩევდე ნივთს, ვერ ვიტყვი, უფრო ძვირად ღირებულს ავირჩევდი თუ ნაკლები ღირებულების მქონდეს, რადგან ხანდახან ვეგები ხოლმე მარკეტინგულ ხრიკებზე და თითქოს, გული მაინც ძვირიანისკენ მიმიწევს. ეს ფაქტი არ მომწონს, ცოტა დაუფიქრებელი ნაბიჯია (იცინის). საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მდიდრული ნივთები მიყვარს, თუმცა რატომაც არა, თუ გემოვნებიანია (იცინის).

– საკმაოდ გულწრფელი ადამიანია და ეზიზღება ტყუილი.

– ერთადერთი, რასაც ჩემი წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია, საყვარელი ადამიანისგან ნათქვამი ძალიან დიდი ტყუილია. ტყუილი მაღიზიანებს, მაგრამ მე თუ სიმართლე ვიცი და ვინმე ცდილობს, მომატყუოს, თავს მაინც მშვიდად ვგრძნობ. მთავარია, მე ვიცოდე სიმართლე.

– თუ ლომის გვერდით ხარ და სიმართლის მოსმენა არ გიყვარს, ძალიან გაგიჭირდება.

– კი, ძალიან გულწრფელი ვარ. ყოველთვის მირჩევნია, არ შევალამაზო და ადამიანს სიმართლე პირდაპირ ვუთხრა, თუნდაც ეს მისთვის ძალიან რთულად მოსასმენი იყოს. სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს. შესაძლოა, ამის გამო ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ, თუმცა ეს თვისება ჩემი გულწრფელობიდან გამომდინარეობს. ხისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, ადამიანების მიმართ გულწრფელი ვიყო. თუ არ გინდა, სიმართლე მოისმინო, ჯობს, აზრი არ მკითხო.

– ლომი ისეთ საიდუმლოებებს ინახავს, რომელიც არავის სმენია.

– მეგობრების საიდუმლოებებს – კი. ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე რამე განსაკუთრებული საიდუმლო მაქვს. სახლში ერთი კომპიუტერი გვაქვს, რომელშიც გადასვლის დღიდან გახსნილია ჩემი „ფეისბუქი“, რომლის პაროლიც არ მახსოვს და დღემდე მხოლოდ ამ კომპიუტერში მაქვს ჩართული. არც სამსახურში მაქვს რამე შებოჭილობა. თუმცა, თუ ადამიანთან ვსაუბრობ რაღაც თემაზე და მან იცის, რომ ამაზე მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან გავღიზიანდები, თუ ჩვენი საუბრის შესახებ მესამე ადამიანიც გაიგებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ნდობა თუ დაირღვა, ძალიან ვბრაზდები.

– და ბოლოს, რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას შეცვლიდი?

– კარგი იქნებოდა, რომ უფრო ნაკლებად ვენდობოდე ადამიანებს. ჩემში ამას შევცვლიდი. თითქოს, რადიკალიზმი ხომ ცუდია, მაგრამ მომწონს ის, რომ შემიძლია უსაზღვროდ მიყვარდეს შვილი, ქმარი, მეგობარი და მთლიანად მივუძღვნა მათ ჩემი თავი. ჩემთვის მოზომილი სიყვარული არ არსებობს. მომწონს, რომ საკუთარ თავში ოპტიმიზმის ძალას ნებისმიერ სიტუაციაში ვპოულობ. ჩემში გულწრფელობა და პირდაპირობაც მომწონს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს ეს თვისებები ყველაზე მეტად გვეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი