შოუბიზნესი

მარიამ ხორგუაშვილი: გავაცნობიერე, რომ უკვე მაღიზიანებდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.03, 2023 წელი

მარიამ ხორგუაშვილი
დაკოპირებულია

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. მან საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, როგორც ამბობს, საკუთარ თავს მოერია და შიშებიც დაამარცხა.

მარიამ ხორგუაშვილი: ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, პირველად მქონდა დიზაინერთან პროფესიონალური გადაღება. დიდი ხანი არ მქონია, მაგრამ გულით მინდოდა და გავრისკე. ისეთი არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა, მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი, როცა, მეგონა, რომ არ გამომივიდოდა და ისეთი ვეღარ ვიქნებოდი, როგორიც ადრე. თვითონაც კმაყოფილები იყვნენ ჩემი მუშაობით, რაც ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ ჩემი „პრობლემები“ და შიშები, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმას უკავშირდებოდა, მთლიანად მოგონილი იყო. დიდი შესვენების შემდეგ, ახლა ჩვეულებრივ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ძალიან პესიმისტი ვარ, ამასთანავე იდეალისტი და მინდა, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. ამიტომ ვერიდები ყველაფერს, რაზედაც ვფიქრობ, რომ იდეალურად არ გამომივა. ამჯერად გავრისკე და დიდი სტიმულიც მივიღე. ყველა მეუბნება, რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა. თუმცა, სოციალურ ქსელებში ბრენდებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ამ მხრივ, ყოველთვის აქტიური ვიყავი და ვარ.

– იმის შიში გქონდა, რომ შეიძლებოდა აღარ გამოგსვლოდა?

– მთავარი სირთულე, რაც პანიკური შეტევებითა და შფოთვითი აშლილობით იყო გამოწვეული, დიდი ხნის წინ გადავლახე. ეს მდგომარეობა საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს. გაღვიძებიდან დაწყებული, საყვარელ ადამიანებთან კონტაქტით გაგრძელებული, ყველაფერი ძალიან რთულია. ამაზე გახსნილად რომ დავიწყე საუბარი, უამრავი ადამიანი მწერდა. ბევრს რცხვენია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და მესმის. თავიდან მეც გაუგებრობაში ვიყავი, არ ვიცოდი, იყო თუ არა მიზანშეწონილი უცნობ ხალხთან ამაზე საუბარი. მერე ძალიან ბევრი მწერდა და რჩვენებს მეკითხებოდა, რადგან ჩემგან იცოდნენ, რომ მანამდე ავტომობილში ვერ ვჯდებოდა, სხვა ქვეყანაში ვერ მივდიოდი, რადგან ფრენაც არ შემეძლო და ასე შემდეგ, ბევრ რამეში მეშლებოდა ხელი. ნელ-ნელა ხალხმა რომ დაინახა, ყველაფერი გავაკეთე, რისიც მანამდე მეშინოდა, მწერდნენ და მეკითხებოდნენ – როგორ დავამარცხე ეს შიშები. მე მგონია, რომ ადამიანს რაღაც მომენტში, უკვე ბეზრდება ამ ჩაკეტილ წრეში ყოფნა. გინდა გაარღვიო და გახვიდე. გავაცნობიერე, რომ უკვე მაღიზიანებდა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი და ისიც გავიაზრე, რომ ეს მოცემულობა მე შევქმენი, ეს ჩემი ტვინისგან მოდიოდა და არა გარემოსგან. ამიტომ მისგან თავის დაღწევა მევე შემეძლო, მაგრამ ამას დრო დასჭირდებოდა. ასევე, გჭირდება ძალა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს მორალურად გაუძლო. ძალიან ძნელია, მით უმეტეს, აქტიური ადამიანისთვის. როცა აქტიური ცხოვრების ტემპი გაქვს და მერე ყველაფერს კეტავ, გიჭირს. ეს რომ გავაცნობიერე, მერე ბევრი კარი გაიღო ჩემთვის. მივხვდი, რომ ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა, მე უნდა შემეცვალა ჩემი მდგომარეობა. ის, რისი გაკეთებისაც მეშინოდა, იქნებოდა ეს გადაღებები თუ უცხო ადამიანებთან კონტაქტი, კვლავ შევძელი გამეკეთებინა და მერე უკვე მეცინებოდა ჩემს შიშებზე. სხვებსაც, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, აქტიურად ვესაუბრებოდი ამ მდგომარეობაზე, ვიცინოდით, რაღაცებს უფრო მარტივად ვუყურებდით და თავს უკეთ ვგრძნობდი. ასე ვიქცეოდი გადაღებებზე და ამ გზით, ისე მხიარულად გადიოდა დრო, არანაირი შფოთვა და პანიკური შეტევა არ მქონდა. რადგან ყველაფერი გაცილებით კარგად არის და უკვე ბოლოსკენ გავდივარ, მგონია, რომ არ უნდა ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ ხალხი მაინც მახსენებს ამ ყველაფერს, მწერენ და ისევ რჩევებს მეკითხებიან. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სოციალური ქსელი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანს, თუნდაც, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით დაეხმარო.

– წერდი: „ყოველთვის ვამაყობ საკუთარი თავით“. ამ ეტაპის გადაგორებაც ამის ერთ-ერთი მიზეზია, არა?

– არა მხოლოდ ეს, ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამე გავაკეთე და ვაკეთებ, რომ მართლა საამაყოა და მე მეამაყება ჩემი თავი. ძალიან მიყვარს ადამიანების დახმარება, იქნება ეს რჩევის თუ ფინანსური სახით. შეიძლება, ითქვას, ეს ჩემი ჰობია. მინდა ხოლმე, რომ მთლიანად ავიღო პასუხისმგებლობა სხვაზე – ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური და ოფიციალური სამსახური არ მაქვს, მაინც ვახერხებ, დამოუკიდებლად დავეხმარო სხვა ადამიანებს, რაც ძალიან მახარებს. სხვა ადამიანების დახმარება, პირველ რიგში, მე მჭირდება, ეს მე მსიამოვნებს. განსაკუთრებით, როცა საქმე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ამას თავისი წინაპირობაც აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯერ ჩემმა სიძემ გადაიტანა ლეიკემია და მთელმა ოჯახმა დიდი ტრავმა მივიღეთ, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. წელიწად-ნახევრის წინ ბებიაჩემი გარდაიცვალა და თითქოს, მინდა, სხვას გავუკეთო ის, რისი გაკეთებაც ჩემი ოჯახის წევრისთვის ვერ შევძელი. მე მჭირდება, გავცე რაღაც, ამის გაკეთება ყოველგვარი თხოვნის გარეშე ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.

– ბევრი პრობლემისა და სირთულის პარალელურად, სასურველი ვიზუალის შენარჩუნება როგორ გამოგდის?

– ჩემი ერთ-ერთი ჰობი სახის კანის მოვლაა. ეს ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ცუდადაც რომ ვიყავი, ამაზე უარი არასდროს მითქვამს. ვერ გავუგებ ქალს, რომელიც ამბობს, რომ არ შეუძლია. ეს ფინანსებთან ყოველთვის არ არის კავშირში. თავის მოსავლელად მაინცდამაინც მილიონები არ არის საჭირო. ათასობით ლარის ღირებულობის კრემებიც არ წარმოადგენს აუცილებლობას და ტანსაცმლის „სექენდჰენდებში“ შეძენა დღეს ძალიან მოდურია. ზოგი 24 საათს კოსმეტოლოგთან ატარებს, მაგრამ ეს არაა აუცილებელი, რა საშუალებაც გაქვს, იმითაც შეიძლება თავის მოვლა, თუნდაც სახლური მეთოდებით. ჩემი აზრით, ქალი არასდროს უნდა მოექცეს გულგრილად საკუთარ გარეგნობას. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ხშირად მხვდება ლამაზი ქალების ბულინგი და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ქალი რომ ქალს აბულინგებს ეს ყველაზე ამაზრზენია, პირიქით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მე დღეს უკვე არაფერი აღარ მიკვირს, დიდი ხანია გამოვიმუშავე თავდაცვის უნარი და როცა უარყოფითი კომენტრები ჩემს ჩაცმულობას, ვიზუალს და ასე შემდეგ ეხება, არ მადარდებს, მაგრამ ოჯახის წვერებს თუ ეხებიან, შინაგანად ძალიან მოქმედებს.

– როგორი მეუღლეა მარიამი?

– ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი, როგორც შეუძლია. ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა და მისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ხანდახან საჭიროა, შეუძლებელიც გააკეთო და ყველაფერი გასცე. ახლა მეტად გავიზარდე, დავმშვიდდი, უფრო მეტად სერიოზული ვარ, მაგრამ ჩემი ხასიათი მაინც ისევ ისეთი რჩება და ჩემი ქმარი მეხუმრება ხოლმე, ხომ შეიძლება, ესეც შეიცვალოსო (იცინის). ზოგჯერ ჩემი „გაფრენები“ მაქვს, რაც შავ იუმორში გამოიხატება, ზოგჯერ არასერიოზული ადამიანივითაც ვიქცევი, რადგან მიმაჩნია, რომ ოჯახში ხალისის შემოტანაც საჭიროა. არ მიყვარს ბანალური ოჯახები. ვცდილობ, სერიოზულობასთან ერთად, ძალიან ბევრი ვიხალისოთ, გავერთოთ და ბედნიერები ვიყოთ. სამზარეულოსთანაც ვმეგობრობ. ჩემს მეუღლესა და ჩემს შვილს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული საჭმელები, მაგრამ ეგეც ხასიათზეა დამოკიდებული. ყოველთვის არ მაქვს იმის განწყობა, ხუთი კერძი მოვამზადო, მაგრამ ბავშვის საჭმელს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვამზადებ. ხანდახან შეიძლება, გამოძახების სერვისიც დავიხმარო და დედაც (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი