მარიამ გველესიანი: თავს არ ვაძლევდი მასზე ფიქრის უფლებას, ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ის იყო
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 30.12, 2020 წელი
ულამაზესი მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. გარდა იმისა, რომ გამორჩეული გარეგნობა აქვს, გამომწერებს მისი პოზიტიური ხასიათიც ხიბლავთ. მარიამი საკუთარი ცხოვრების შესახებ „თბილისელებს“ ესაუბრა.
მარიამ გველესიანი: სიმართლე რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული ვარ და ადამიანებს ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესი აქვთ. ვერც იმას ვიტყვი, კონკრეტულად როდის გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში ჩემი გამომწერები. მათი რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ ამისთვის გამიზნულად არაფერი გამიკეთებია და სიმართლე რომ ვთქვა, ისიც არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი.
– ახლა თითქმის 100 000 გამომწერი გყავს და სოციალურ სივრცეში ნამდვილად სარგებლობ განსაკუთრებული პოპულარობით. ქუჩაშიც იმავეს გრძნობ?
– ჩემთვის პოპულარობა სხვა რამეს ნიშნავს. მგონია, რომ ცხოვრებაში რაღაცას უნდა მიაღწიო და ამით გახდე პოპულარული. თუმცა, ვხვდები, რომ „ინსტაგრამის“ დამსახურებით, ჩემი ცნობადობა გაიზარდა და ამას ქუჩაშიც ვგრძნობ. უცხო ადამიანები მოდიან და განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ, მეხუტებიან, ფოტოს გადაღებას მთხოვენ. ძალიან მიხარია, რომ პოზიტიური გამომწერები მყავს. სხვათა შორის, ქუჩაში რომ მცნობენ, მიკვირს ხოლმე. მგონია, რომ ჩემ შესახებ მარტო ჩემმა ახლობლებმა იციან (იცინის).
– დღეს „ინფლუენსერობა“ უკვე შემოსავლის წყაროა და როგორც ვიცი, შენთვისაც ასეა, არა?
– ცოტა ხმამაღალი ნათქვამია (იცინის). საქართველოში ეს მიმართულება ჯერჯერობით იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ ადამიანმა თავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ირჩინოს. შემოსავალი მოაქვს, მაგრამ ამით ოცნების კოშკებს ნამდვილად ვერ ააგებ. თუმცა, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, კომპანიები მეტად ინტერესდებიან სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებით და „ინფლუენსერობა“ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც იდგამს ფეხს (იცინის).
– ძალიან ლამაზი გვერდი გაქვს. ყოველდღიურობაშიც ასეთი ფერადი და გაპრანჭული ხარ თუ ეს ყველაფერი სპეციალურად „ინსტაგრამისთვის“ ხდება?
– ვცდილობ, „ინსტაგრამზე“ ყოველდღე ვიაქტიურო და ახალი ფოტოები გამოვაქვეყნო. ამიტომ, ასე თუ ისე, ყოველდღე ვიპრანჭები. ზოგადად, ძალიან კლასიკური სტილი არ მაქვს და სულ გამოსასვლელი კაბებით არ დავდივარ. სახლში და მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გასულს თავისუფლად მაცვია. თუმცა, რეალურადაც პრანჭია ვარ (იცინის). მოუწესრიგებლად გარეთ გასვლა არ მიყვარს. ასე რომ, ჩემი „ინსტაგრამი“ მე მგავს. სულ რომ არავინ მიცნობდეს, სარკეში რომ ჩავიხედავ, მინდა საკუთარი თავის დანახვა მსიამოვნებდეს, ეს თავდაჯერებულობასაც მმატებს.
– მითხარი, ეს საქმე დიდი შემოსავლის წყარო არააო, მაგრამ ბევრი დადებითი მხარე აქვს. უამრავ ლამაზ ადგილას გეპატიჟებიან, კომპანიები საჩუქრებს გიგზავნიან და ის, რაშიც გოგონები ბევრ ფულს ხარჯავენ, შენთვის უფასოა.
– კი, ნამდვილად ძალიან ბევრი პლუსი აქვს. „ინსტაგრამის“ დახმარებით შეგიძლია, ყოველდღიურობა გაილამაზო. ბევრგან გეპატიჟებიან და შეგიძლია, დრო მხიარულად გაატარო. თავის მოვლას რაც შეეხება, შეგვიძლია, ყველაფერი უფასოდ გავიკეთოთ და ამაში ფულის დახარჯვა რომ არ გვიწევს, ეს ნამდვილად დიდი პლუსია (იცინის).
– როგორ უვლი თავს?
– არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ ვზრუნავ. იმ გოგოების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ორშაბათიდან იწყებენ ვარჯიშს და სწორ კვებას (იცინის). მგონი, დაბადებიდან ასეა და ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია.
– როგორი გოგოა მარიამი, რისი კეთება უყვარს?
– ვცდილობ, ყოველთვის მხიარული ვიყო. ხომ გვაქვს დღეები, როცა არ ვართ კარგ ხასიათზე, ასეთ დროს ვცდილობ, ჩემი განწყობა სხვასაც არ მოვახვიო თავს და არც საკუთარი თავი დავამძიმო. თითქოს, განსაკუთრებული მოთხოვნილება მაქვს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვიყო. ზოგჯერ ძალიან ჯიუტი ვარ. საკუთარ თავზე საუბარი ძალიან მიჭირს. თან, ახლა, ძირითადად, უარყოფითი თვისებები მახსენდება, ამიტომ აქ გავჩერდები (იცინის).
– რა არის შენი მთავარი პროფესია?
– პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ძალიან მინდა, ამ სფეროში განვვითარდე. შემდეგ ნამდვილად დავარქმევ ჩემს თავს წარმატებულს (იცინის). რაღაც პერიოდი „ტვ პირველში“, „ნიუსებზე“ ვმუშაობდი სტაჟიორად. თუმცა მივხვდი, რომ ეს ჩემი მიმართულება არ იყო და თავი დავანებე.
– „ლოტოს“ წამყვანი როგორ გახდი?
– ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს. მე და ჩემი დაქალი – ანანო სახელაშვილი ქასთინგზე წავედით. ერთჯერად სამსახურზე იყო საუბარი, მაგრამ გასაუბრების დროს აღმოვაჩინეთ, რომ სულ სხვაგან მოვხვდით. იმაზე გაცილებით მეტი დაგვხვდა, ვიდრე ველოდით და ამან საოცრად გაგვახარა. ეს ჩვენი ოცნების სამსახურია, რომელიც ძალიან გვიყვარს. ჯერ ხომ ზღაპარში გვეგონა თავი და ძალიან გვიხაროდა, მაგრამ კამერების წინ რომ დავდექით და გავაცნობიერეთ, რომ პირდაპირ ეთერში უამრავი ადამიანი გვიყურებდა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა, იმდენად განვიცადე, რომ მეგონა, ნერვიულობისგან რაღაც დამემართებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ემოციები უკან მოვიტოვეთ და დავრწმუნდი, რომ პროფესია სწორად მაქვს არჩეული. ახლა უკვე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს კამერების წინ მუშაობა.
– ბავშვობაში როგორი იყავი?
– პატარა მარიამი ძალიან წყნარი და ნაზი იყო. ჩემი სამყარო მქონდა და დიდად არავის ვაწუხებდი. მე, ჩემი და-ძმა და ბიძაშვილები ერთად ვიზრდებოდით და იმ დროსაც ძალიან მხიარული ვიყავი. მაშინ საქართველოში ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ ბავშვობა ლაღად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დევნილები ვართ და ჩემმა ოჯახმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა.
– შენ სად დაიბადე და გაიზარდე?
– ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან ომის დროს წამოვიდა. მე შემდეგ გავჩნდი, მაგრამ პრობლემები ისევ გვქონდა. დევნილების საცხოვრებელში გავიზარდე. იყო უთანხმოებებიც და მახსოვს, რომ თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდით. მაშინ მე პატარა ვიყავი და ის ყველაფერი ფრაგმენტულად შემომრჩა მეხსიერებაში, ამიტომ ზუსტად ვერც ვხსნი. აფხაზეთის შემდეგ ჩემმა მშობლებმა დიდი გზა გაიარეს, რომ სადმე ფეხი მოეკიდებინათ. ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისები არ ვართ. სამწუხაროდ, ეს ყველასთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო.
– შენგან გამომდინარე, ალბათ, შენი ოჯახიც ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში. ისინი როგორ აღიქვამენ ამას?
– ზუსტად რამდენიმე დღის წინ მამაჩემისთვის უკითხავს თანამშრომელს, მარიამ გველესიანი თქვენი ნათესავი ხომ არ არისო (იცინის). თურმე, მისი შვილი გიჟდება ჩემზე და მამაჩემმა რომ ეს გაიგო, მეკითხება: მამა, რა ხდება ამ „ინსტაგრამზე“, რა გიდევს ასეთი, შემახედეო (იცინის). ჩემი ოჯახის წევრები ეკრანზე რომ მხედავენ, რა თქმა უნდა, უხარიათ და ისიც იციან, რომ „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი მყავს, მაგრამ ამას განსაკუთრებულ მოვლენად არ აღიქვამენ. ალბათ, იმიტომ, რომ მე თვითონაც არ მაქვს ამ ყველაფრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
– როგორც ვიცი, ფეხბურთელი შეყვარებული გყავს. როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
– ჩვენი სიყვარულის ისტორია რომ დაიწყო, მაშინ მე 17 წლის ვიყავი. გიორგის მხრიდან ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. მე ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ის იყო (იცინის).
– როგორ შეხვდით ერთმანეთს?
– პირველად სუპერმარკეტში დავუნახივარ და მოვწონებივარ, მაგრამ მე ახლომხედველი ვარ და ვერ შევამჩნიე. მეუბნება, რომ მისი მიმართულებით ვიყურებოდი და ეგონა, მას ვუყურებდი (იცინის). მერე აღმოჩნდა, რომ მისი კლასელი ჩემთან ერთად ემზადებოდა გეოგრაფიაში აბიტურიენტობისას. ერთხელ ერთად ვიყავით, როცა გიორგი შეგვხვდა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. აღმოჩნდა, რომ ჩემი სკოლის წინ ცხოვრობდა. მთელი 12 წელი დავდიოდი იმ ქუჩაზე, მაგრამ არასდროს მინახავს (იცინის). გაცნობის შემდეგ სოციალურ ქსელში მწერდა. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმდენი ხანი არ დანებდა, რომ ბოლოს მივწერე, სხვა გზა აღარ იყო (იცინის). მერე უკვე ძალიან ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს იმ ქუჩაზე. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი, ეს შემთხვევით ხდებოდა თუ განზრახ (იცინის). მისდამი ოდნავი სიმპათიები თავიდანვე გამიჩნდა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ნამდვილად არ მქონია და ამიტომ თავს არ ვაძლევდი მასზე ფიქრის უფლებას. ორი წლის შემდეგ, კარგად რომ გავიცანი და მისი თვისებები დავინახე, ერთ დღეს, უცებ მივხვდი, რომ მომწონდა (იცინის). ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ და აღარც კი მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება გიორგიმდე. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნით: ნათია ღაჭავასა და გუკა ჯავახიშვილს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
22:09 18.12, 2024 წელი