შოუბიზნესი

მარიამ გაფრინდაშვილი: ვიღაც რომ უსამართლოდ მოგექცევა, მაგრამ შენ ისე არ უპასუხებ, როგორც იმსახურებს, ამას ძალიან დიდი ეფექტი აქვს

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 30.05

მარიამ გაფრინდაშვილი
დაკოპირებულია

მარიამ გაფრინდაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მარიამ გაფრინდაშვილი?

მარიამ გაფრინდაშვილი: ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უსამართლობის განცდა აწუხებს, შესაბამისად, როცა მას აწყდება, მწვავე რეაქცია აქვს. ვერ ვიტან უსამართლობას ვერც სხვების, ვერც ჩემ მიმართ. ვყოფილვარ უსამართლო შეფასების თუ ქცევის სამიზნე და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.

კიდევ ერთი რამ ვიცი ზუსტად, ყველაფრის კადრება, საერთოდ არაფრის გამო არ ღირს – ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხარ?

– ემოციური რომ ვარ, ალბათ, ეს ეთერშიც იგრძნობა. უკიდურესად ემოციური ვარ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია იმის გამო, რომ ემოციების მართვა მიჭირს. გამიკონტროლებია, მაგრამ ძალიან რთულად. რაც შეეხება გულჩვილობას, ალბათ, ბევრს გაეცინება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ვარ. ჟურნალისტებს გვიწევს მუშაობა ტრაგედიებზე, უბედურ შემთხვევებზე. როგორც ჟურნალისტს, გამიმართლა, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვარ, თუმცა, ეს ემოციურად მარტივი არ არის. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსენდება: დიღომში ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. იქ რომ მივედი, ექიმმა მითხრა, გარდაიცვალაო. მახსოვს, რამდენიმე წუთი ჩართვაზე ვერაფრით დავდექი. ატირებული ეთერში ვერ ჩავერთვებოდი – ეს ჩემს პროფესიულ სისუსტეზე მიუთითებდა. ჟურნალისტებს არ გვაქვს ხოლმე ემოციების ეთერში გამოხატვის უფლება. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა.

– ოდესმე გნდომებია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ყოფილიყავი?

– სხვათა შორის, ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ცნობილი ვიქნებოდი. ხომ არიან ჟურნალისტები, ძალიან პატარა ასაკიდანვე რომ ჟურნალისტობანას თამაშობენ. მე არ მქონდა ეს მომენტი. ვიცოდი, რომ ვიქნებოდი ცნობილი, ვიცოდი, რომ კამერის წინ უნდა მემუშავა, მაგრამ რა ერქვა ამ ყველაფერს, ეს არ ვიცოდი. ცნობადობა ჯილდოა. ხალხის სიყვარულია, რასაც სულ ვგრძნობ და ვაფასებ. ეს პროფესია იმდენად მძიმეა, რომ მას ვერც ანაზღაურება დაგიბალანსებს და ვერც სხვა ვერაფერი. ჯილდო მხოლოდ ხალხის სიყვარულია.

მე არ ვარ ის, ვინც წუხდება, თუ ვინმე ცნობს და ასე შემდეგ. პირიქით, ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემთვის რამდენად დიდი მოტივაციაა, ერთი ადამიანიც კი თუ მეტყვის, გიცანითო. შესაბამისად – რატომაც არა, თუ ამ სიყვარულს, ჩემი ქვეყნის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც გამიზიარებდნენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, მათი დამოკიდებულებით დადებითად „ვიტენები“.

– წარსულიდან რა მიგაჩნია შენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– რა თქმა უნდა, რაღაცები არასწორად გამიკეთებია და ეს როცა დამიფიქსირებია, მიღიარებია კიდეც, სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც და ეს დიდი ძალაა, ასე ვფიქრობ. მე მგონია, რომ შეცდომები „მოსულა“, მაგრამ მათი გამეორება – აღარ. შეცდომები დამიშვია ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც, მთავარია, ადამიანს მათი გააზრების, აღიარებისა და გამოსწორების უნარი გქონდეს, უშეცდომო ნამდვილად არ ვარ.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია...

– ბევრი წლის წინ, ერთ პოლიტიკოსთან მივდიოდი გადაღებაზე სახლში და ძალიან მეზარებოდა. მე და ოპერატორი სადარბაზოში ლიფტით ავდიოდით. ლიფტში ერთი ბიჭი შემოვიდა და ვკითხეთ, ეს ადამიანი რომელ სართულზე ცხოვრობდა, მანაც გვიპასუხა. სანამ ლიფტი ავიდა, ეს კაცი კარგად გავლანძღეთ. ავედით და აღმოჩნდა, რომ ამ პოლიტიკოსის შვილი იყო. მართლა არ მახსოვს, ამ კაცმა ინტერვიუში რა ილაპარაკა (იცინის).

ერთხელ, მეგობარს ვწერდი, სამსახურის შემდეგ საღამოს ყავაზე გავიდეთ, აქ და აქ გელოდები-მეთქი და მეგობრის ნაცვლად რესპონდენტს მივწერე, რომელიც იმ დღეს პირველად ჩავწერე და იმ კაცმაც მომწერა, ოქეიო (იცინის).

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავს?

– რაც მე სიმინდი, ბალი და სხვა ხილი მომიპარავს... მთელი ბავშვობა ჭიათურაში გავატარე, იქ გავიზარდე, დავდიოდი სოფელში, ქვაციხეში და საოცარი თავგადასავლები მქონდა. ეგ კი არა, ერთხელ ჩემს უბნელ ბავშვებთან ერთად ჯართიც მოვიპარე (იცინის). სხვათა შორის, ამ ამბავში ჩემი პატარა და, თამარი, იყო ჩემი თანამზრახველი. მარტის თვე იყო, ჩავაბარეთ შეგროვებული ჯართი, დედებს ყვავილები ვუყიდეთ და ჩვენთვის – შოკოლადები. ერთხელ, ჭიაკოკონობისთვის სახლიდან სულ ახალი საბურავებიც მოვიპარეთ და დავწვით (იცინის).

– ამ ისტორიების გაგრძელება როგორი იყო?

– მაშინ შესაბამისი კოდექსი არ იყო, თორემ დედაჩემს ვუჩივლებდი (იცინის). ჩემი მშობლებისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჭიათურის ქუჩებში რამდენიმე დღე ჯართის შესაგროვებლად დავდიოდით. დიდი საყვედური მივიღეთ. საყვედურზე მეტიც, მაგრამ დედაჩემის წინააღმდეგ ჩვენებას არ მოგცემთ (იცინის).

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– ჩვენი ბავშვობის გასართობ რვეულებში რომ კითხვა იყო – რას ვერ აპატიებდით ადამიანსო, ხომ იცით... მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფრის პატიება შეიძლება. სასტიკი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან გაბრაზებულსაც კი განზრახ დაზიანება არავისთვის მიმიყენებია, სიბოროტე არავისთვის გამიკეთებია, თუმცა, უკიდურესად გაბრაზებული ვყოფილვარ და ეს გამომიხატავს ყვირილში. თუმცა, ამ ყვირილის დროსაც არ მახასიათებს, ადამიანს გამიზნულად რამე წამოვაძახო. ძირითადად, ყვირილითა და უხეშობით შემოვიფარგლები.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– წინა კითხვის გაგრძელება გამოვა. ყველაზე დიდ გამარჯვებად საკუთარ თავზე გამარჯვება მიმაჩნია. ვიღაც რომ ძალიან უსამართლოდ მოგექცევა, მაგრამ შენ შენს თავს არ გადააბიჯებ და არ მოექცევი ისე, როგორც ის იმსახურებს. სხვათა შორის, ამას ძალიან კარგი ეფექტი აქვს. მე არ ვარ ის კატეგორია, ვინც ზის და ელოდება, როდის ასრულდება სამართალი მის მიმართ, ვინც მაწყენინა. თუ დავინახე, რომ ადამიანი, ვისზეც გაბრაზებული ვარ, დაეცა, ფეხს არ დავაბიჯებ. არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა და ეს მიმაჩნია საკუთარ თავზე გამარჯვებად.

მარცხიც როგორ არ მქონია – უკიდურესად სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ, გამოსავალს რომ ვეღარ პოულობ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მიპოვია, თვითონ გამოჩენილა. ჩემი მტერი, ძირითადად, ჩემი ემოციებია, რომლის კონტროლიც მიჭირს, სამწუხაროდ.

– ალბათ, უამრავი რამ გსმენია საკუთარ თავზე, მაგრამ რა არის ის, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა, კარგიც და ცუდიც...

– კი, მართლა ძალიან ბევრი რამ მსმენია და წამიკითხავს. გჯერათ, რომ ყველა კარგი თუ ცუდი სიტყვა მახსოვს?! მართლა გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის თითოეული სიტყვა ფასეულია. ცუდი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, წლების წინ, ნანა კაკაბაძესთან დაკავშირებული ამბავია, ვიდეო, რომელსაც ახლაც ატრიალებს რუსული პროპაგანდა და მიდის კომენტარების მთელი ზღვა. სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ კომენტარებს ხშირად აღარ ვკითხულობ. ტროლები და ბოტები რომ წერენ ცუდს, ეგ ჩემზე არა, ჩემი ოჯახის წევრებზე უფრო მოქმედებს. მე ვიცი ამ ყველაფრის მიზანი. ვიღაცები წერენ, რომ ვარ უხეში, უზრდელი, წერონ, ამ შემთხვევაში არაფრის თქმა არ შემიძლია. მე ვიაზრებ, რომ ყველას ვერ მოვეწონები და ზოგჯერ მეც არ მომწონს ჩემი თავი. ზოგჯერ დედაჩემსაც არ მოსწონს ჩემი გაკეთებული რაღაც. კრიტიკის მიმართ მიმღებლობა ყოველთვის მაქვს. შესაბამისად, არაფერს ვიტყვი, წერონ, არ არის პრობლემა, ვიღებ კრიტიკას, მაგრამ რაღაცები ძალიან გადამეტებულია.

აი, მონსტრი რომ ვარ, ჩვილების სისხლს რომ ვსვამ, მკვლელი ვარ და ასე შემდეგ ასეთიც ძალიან ბევრი წამიკითხავს. ესეც ადამიანების არჩევანია. მე ვიცი, რომ როცა ამ ქვეყანაში სამთავრობო პროპაგანდის გამტარებელი არ ხარ, სამიზნე ხდები.

რაც შეეხება კარგს, ერთი სიტყვა კი არა, ერთი სმაილიც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ძალიან ვაფასებ.

მარიამ გაფრინდაშვილს თუ აქვს რაიმეს განსაკუთრებული შიში, ფობია?

– იმდენი ფობია მაქვს, რომ ვერ წარმოიდგენთ. მაგალითად, სასტიკად მეშინია ქვეწარმავლების. იმდენად, რომ ზაფხულში ღია ფეხსაცმლის ჩაცმაც მაშინებს. ერთხელ, ჩვენმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც ახლა სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მართლა მისი დამსახურებაა, ზაფხულში დავით გარეჯში გამიშვა გადაღებაზე. მანქანიდან არ გადავედი, ისე გადავიღე სიუჟეტი. ასევე, მაქვს სივრცის ფობია, კიდევ სასტიკად მეშინია ფრენის, იმდენად, რომ შემიძლია, თუ აუცილებელი არ არის, არასდროს არსად არ წავიდე. კიდევ სადარბაზოში ასვლის მეშინია. სახლში რომ მივდივარ, ყოველთვის ვრეკავ, ამოვდივარ, გამომხედეთ-მეთქი (იცინის). ასე რომ, მითი დაინგრა, არც ეგეთი უშიშარი ვარ (იცინის).

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ?

– ჩემი დიდი ოჯახი. ოჯახია ჩემი მთავარი საყრდენი და მოტივაცია. ალბათ, ისინი ხშირად ვერ ამაყობენ ჩემით, ძირითადად, ვანერვიულებ, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიამაყეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა