შოუბიზნესი

მარიამ ბიგვავა: მამა დილით რომ ლოცულობდა და მერე გალობდა, ვუსმენდი და ორი წლის ასაკში მეც ავყევი

№26

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 04.07

მარიამ ბიგვავა
დაკოპირებულია

ახლახან „საქართველოს საზოგადოებრივი არხის“ ეთერში პროექტ „რანინას“ ფინალი გაიმართა. პროექტის მეხუთე, საიუბილეო სეზონის გამარჯვებული 11 წლის მარიამ ბიგვავა გახდა. შესაბამისად, მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი მოიპოვა და 2022 წელს საქართველოს სწორედ ის წარადგენს საბავშვო „ევროვიზიაზე“, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება. მარიამი ჯერ კიდევ გამარჯვების ეიფორიაშია და აღნიშნავს, რომ „რანინას“ კონკურსის პერიოდი მის ცხოვრებაში მუდამ დასამახსოვრებელი და განცდებით დატვირთული დარჩება.

მარიამ ბიგვავა: სიმღერა სულ პატარა ასაკიდან დავიწყე. სულ თოთო რომ ვიყავი, დედა ძილის წინ მიმღეროდა, ერთი წლის ასაკში კი, როგორც დედა ამბობს, უკვე ვღიღინებდი, მელოდიებს ვიმეორებდი. ასე რომ, დედა გამოდის ჩემი პირველი მასწავლებელი (იცინის). მინდოდა, მაყურებლის წინაშე წარვმდგარიყავი: დავსვამდი თოჯინებს, დავდგებოდი მათ წინ სათამაშო მიკროფონით და ვმღეროდი – ისინი იყვნენ ჩემი მაყურებლების როლში (იცინის). ხშირად მაგიდაზე ვდგებოდი, ვითომ დიდი სცენა იყო და ვმართავდი კონცერტებს.

– ახსენე, დედა მიმღეროდაო. ესე იგი, სიმღერის ნიჭი გენეტიკურად მისგან დაგყვა?

– დედიკო და მამიკო პროფესიით მომღერლები არ არიან, თუმცა ორივე კარგად მღერის. მამა სამების საკათედრო ტაძარში გალობდა, მეც დავყავდი და მან მასწავლა გალობა. მამას ძლიერი ხმა აქვს, დედას – კარგი სმენა და ერთად სიმღერა კარგად გამოსდით. მამა დილით რომ ლოცულობდა და მერე გალობდა, ვუსმენდი, დამამახსოვრდა სიტყვები და მელოდია და ორი წლის ასაკში მეც ავყევი. როგორც თავად ამბობს, მას ჩემსავით ბავშვობიდან არ დაუწყია სიმღერა, გვიან აღმოაჩინა, რომ კარგი, ძლიერი ხმა და სმენა ჰქონდა.

– მარიამ, როგორც ვიცი, ნოტები არ იცი და კლავიშებიან ინსტრუმენტს სმენით უკრავ. თუმცა, ფანდურსა და ტამტამს კარგად ფლობ.

– ცოტა რომ გავიზარდე, ფანდურსა და ტამტამზე შემიყვანეს და ვისწავლე დაკვრა. პიანინოზე სმენით ვაწყობ სიმღერებს, თვითნასწავლი ვარ. თუმცა, ახლა გადავწყვიტე შევიდე, ნოტებიც ვისწავლო და დაკვრას პროფესიონალურ დონეზე დავეუფლო.

– გარდა სიმღერისა, კიდევ რა პროფესიას გინდა, დაეუფლო?

– სულ პატარა რომ ვიყავი, პოლიციელობა მინდოდა. ახლა, ისე ღრმად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში სიმღერა, აუცილებლად ვიქნები მომღერალი და სკოლის დამამთავრებელ კლასებში გადავწყვეტ, კიდევ რა პროფესიას დავეუფლები.

– ეს პირველი კონკურსი იყო შენთვის თუ ადრეც მდგარხარ სცენაზე?

– „რანინა“ ჩემთვის პირველი მუსიკალური კონკურსი იყო, თუმცა ბაღში და სკოლაში სულ მამღერებდნენ. 2 წლის ასაკში, ბაგაში რომ დავდიოდი, მასწავლებელს შემოჰყავდა სხვა მასწავლებლები და კონცერტებს მამართინებდა (იცინის). არ დამავიწყდება, ბაღში მასწავლებელი მომღერალ ბულბულს მეძახდა. მერე, 5 წლის ასაკში, „ბზიკების“ სტუდიაში დავდიოდი, ეკა კიკნაველიძე იყო ჩემი პედაგოგი და ჩემებს სულ ეუბნებოდა, გამორჩეული ბავშვიაო და მიხაროდა. სტუდია ჩვენგან შორს იყო, თან, დედამ ჩემი დიდი თხოვნით, ძამიკო გამიჩინა და ორსულობის პერიოდში უჭირდა ჩემი წაყვანა, ვეღარ შეძლო. ჩვენთან ახლოს შალვა რამიშვილმა გახსნა სტუდია და 2-3 თვე მასთან დავდიოდი. შვიდი წლის რომ გავხდი, ფანდურზე მივედი და ანსამბლ „იბერიაში“, ეკატერინე ხუცოშვილთან, ხალხურ სიმღერასაც ვეუფლებოდი. დედას ძალიან უნდოდა „რანინას“ კონკურსზე გამოვსულიყავი და მისი თხოვნით მოვხვდი. ახლა ნია უნდილაშვილთან დავდივარ და უმაგრესი მასწავლებელია. მოკლედ, მიმიყვანა ქასთინგზე. ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა, თან მორიდებულიც ვიყავი, ბავშვებთან ვერ ვკონტაქტობდი. პირველი ქასთინგის მერე, როცა მივხვდი, ჩემი ნამღერი მოეწონათ, მეორეზე თამამად მივედი (იცინის). მივხვდი, გამარჯვებისთვის უნდა მებრძოლა და მაქსიმალური მეკეთებინდა. ოთხი ძირითადი ტური რომ გავიარე და ნახევარფინალში გადავედი, მოლოდინი მქონდა და კიდევ უფრო მომემატა სტიმული, თუმცა, კონკურსანტებს კონკურენტებად ვერ აღვიქვამდი. ყველასთან ვმეგობრობ. აი, ფინალში რომ გადავედი, არ დაგიმალავთ და სურვილთან ერთად, მოლოდინიც მქონდა, რომ გამარჯვებული გავხდებოდი. ოთხნი ვიყავით, ოთხივე გამარჯვებას ველოდით და გამარჯვებულად მე რომ გამომაცხადეს, თავი ვერ შევიკავე და ვიტირე (იცინის). ვალერიან შიუკაშვილისგან ფულადი ჯილდო გადმომცეს და მის მუსიკალურ აკადემიაში – ერთწლიანი სწავლება, „საზოგადოებრივი არხის სახელით“ – „პადი“ და პრიზი, „რანინას“ ლოგოთი გადმომცეს. ყველა ჟიურის შეფასება მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ნატო მეტონიძის სიტყვები, მოვიდა და მითხრა: კარგი დიაპაზონი გაქვს და კარგი მუსიკალური გემოვნებაო. და ასევე, ნიკოლოზ რაჭველის სიტყვები: როცა მარიამის აკომპანემენტს ვაკეთებ, მაშინ სხვა ნიკოლოზი ვხდები და უკეთ ვუკრავ, ვიდრე შემიძლიაო.

– წარმომიდგენია, შენი თანაკლასელები და მეგობრები როგორ ამაყობენ შენით. სიურპრიზი ხომ არ მოგიწყვეს?

– რომ გავიმარჯვე, იმ საღამოს ტელეფონი „აფეთქდა“ (იცინის). ბუშტებით, ფეიერვერკებითა და წარწერებიანი ტორტით მომაკითხეს სახლში. ბედნიერი ვარ, ჩემს ასაკში ამდენს რომ მივაღწიე და ყველა ჩემი მეგობარი, გულშემატკივარი და ოჯახის წევრები ასე გავახარე. ჩემთვის პირველი კონკურსი იყო და პირველივე გამარჯვება.

– კონკურს „რანინას“ გამარჯვებული ავტომატურად საბავშვო „ევროვიზიის“ კონკურსანტი ხდება. მიხარია, რომ წელს ჩვენს ქვეყანას შენ წარადგენ და გამარჯვებას გისურვებ. უკვე დაიწყე მზადება?

– დავიწყე და ვეცდები, მაქსიმალური გავაკეთო, რომ „ევროვიზიაზე“ გავიმარჯვო და მომავალ წელს „საბავშვო ევროვიზია“ საქართველოში ჩატარდეს. ამის დიდი სურვილი მაქვს. წელს სომხეთში ტარდება, რადგან შარშან სომეხმა კონკურსანტმა მოიგო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2023 წელს კონკურსი საქართველოში ჩატარდეს. საუკეთესო შემართებით ვარ და ვეცდები, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...