შოუბიზნესი

მარი ნაკანი: მირჩევნია, ბრძოლის ველზე გმირულად მოვკვდე, ვიდრე სოროში ვიცოცხლო

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.03, 2021 წელი

მარი ნაკანი
დაკოპირებულია

იმისათვის, რომ შვილი გამოეკვება და პურის ფული ეშოვა, უარს არანაირ შეკვეთაზე არ ამბობდა. მიღებულმა გამოცდილებამ წამყვან პროფესიონალად აქცია და დღეს ფოტოხელოვნებას სხვებს ასწავლის. თუმცა, მარი ნაკანის ცხოვრება საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ფოტოგაფის, არამედ ადამიანის, რომელიც მუდმივად განვითარებაზე ზრუნავს და საკუთარ შიშებს მათ დამარცხებამდე ებრძვის.

მარი ნაკანი: აფრიკიდან ენერგიით და ძალით აღსავსე ჩამოვედი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იქაურმა ადამიანებმა მოახდინეს. საოცარი თვალები ჰქონდათ – მათ მზერაში ძალიან დიდი სიბრძნე და თავისუფლების უკიდეგანო დიაპაზონი იგრძნობოდა. ისეთები არიან, როგორ გარემოშიც ცხოვრობენ – ოქროსფერ-ფორთხლისფერი უზარმაზარი მზის ქვეშ, სპილოებით, ჟირაფებითა და ლომებით გარშემორტყმულები. გარემოსავით ლაღი მიმიკა აქვთ. მათ თვალებში შიშს ვერ დაინახავ, პირიქით, გამბედაობას აფრქვევენ. წარმოიდგინეთ, ლომები იქ ისე დარბიან, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძაღლები და კატები. იგრძნობა, რომ მათი ველური ენერგეტიკა ადამიანებსაც გადაეცემათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ დროში დავბრუნდი, მათში პირველყოფილი გულწრფელობა დავინახე.

– ულამაზესი იყო ჟირაფებთან ერთად გადაღებული ვიდეო.

– მაშინ ჟირაფებთან იმდენად ახლოს მვედი, ტუჩებშიც კი ვაკოცე. ამას ვერ წარმოვიდგენდი. ასეთ გარემოში თითქოს შენც უშიშარი ხდები. ერთი კვირა გავატარე იქ და გულწრფელად ვფიქრობ, რომ ასეა. მეგობრები და საკუთარი შვილებიც კი მეუბნებიან, რომ აფრიკიდან უფრო ლაღი და უშიშარი მარი ნაკანი დაბრუნდა, დიდი გავლენის ქვეშ ვარ.

– როგორ გარისკე პანდემიის დროს მოგზაურობა?

– ბოლოს ერთი წლის წინ ვიყავი მოსკოვში. მას შემდეგ არცერთი ქვეყანა არ მინახავს, არადა, პანდემიამდე ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. წუწუნს არ დავიწყებ, ერთი წლის განმავლობაში სახლში ჯდომა ბევრი რამის გადასააზრებლად იყო სასარგებლო. მარის ლაივებიც ამ დროს დავიწყე და ონლაინფოტოსკოლაც ამ დროს შეიქმნა. პანდემიის ფონზე ვიგრძენი, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. ფაქტი იყო, რომ ფოტოსკოლა ფიზიკურად ვეღარ იფუნქციონირებდა. მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, პირიქით, საკუთარი თავის ვირწმუნე და ნაბიჯები წინ გადავდგი. პანდემიის დროს გავაკეთე ონლაინფოტოსკოლა და მყავს სტუდენტები როგორც ავსტრალიიდან, ისე კანადიდან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, კორეიდან, ამერიკიდან და ევროპიდან კიდევ ძალიან ბევრი. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანებს სიახლის არ შეგვეშინდება, შეიძლება, უფრო მეტი შანსი მოგვცეს სამყარომ. წელიწად-ნახევრის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენ ემიგრანტს შემოვიკრებდი გარშემო. ჩვენ საოცარი სიყვარული გვაერთიანებს, რომლითაც დიდ კოცონს ვქმნით.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, გულში ოცნებების პატარა ცეცხლი დაანთონ და ის აუცილებლად კოცონად იქცევა. მე ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა: არ მომწონდა ჩემი ხმა, არც დიქცია, თავიდან ლაივებში სულ თმაზე მქონდა ხელი, სიცილის დროს კი პირზე ვიფარებდი. მაგრამ ყველა ჩემი კომპლექსი სააშკარაოზე გამოვიტანე და დავამარცხე. ჩემი შინაგანი შიშები გამოვიწვიე, საკუთარ თავს შოკური თერაპია ჩავუტარე და გავაძლიერე.

ათი წლის ასაკში ძაღლის დანახვისას შიშით მაგიდაზე ავდიოდი. მაგრამ ახლა ავდექი და აფრიკაში წავედი სამოგზაუროდ, სადაც ლომები დასეირნობენ ადამიანებთან ძალიან ახლოს (იცინის). ყველაზე მშიშარა გოგო ვიყავი. ისეთი კლაუსტროფობია მქონდა, ლიფტში ვერ შევდიოდი და ამის გამო კლასელები დამცინოდნენ. თვითმფრინავზე ხომ ზედმეტია საუბარი. პირველად ფრენა მაშინ გავბედე, როცა მეუღლემ – გიორგი მამასახლისმა სტამბოლში დამპატიჟა. მთელი გზა პირჯვარს ვიწერდი, ლამის მეტანიები გამეკეთებინა, ისე მეშინოდა. დღეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა.

დიდი ცვლილებების შესაძლებლობის თეორიულიად კი არა, საკუთარი გამოცდილებით მჯერა და ვცდილობ, სხვებსაც საკუთარი თავის გამოწვევისკენ ვუბიძგო. თუ მინდა, განვვითარდე და წინ წავიდე, მე უნდა მეწყინოს, უნდა მეტკინოს – ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო. პრაქტიკოსი ადამიანი ვარ, ცოდნას საკუთარი გამოცდილებით ვიღებ. ისე მოხდა, რომ დღეს ლექტორი ვარ, ამასთანავე „ინფლუენსერი“ და ადამიანებს ჩემ მიმართ გარკვეული ნდობა აქვთ. ამიტომ ვცდილობ, მათ მხოლოდ ის ვურჩიო, რაც გამომიცდია, მიგრძნია და არა ის, რაც გამიგონია ან წამიკითხავს. დღეს ვთვლი, რომ გაბედული გოგო ვარ. ცუნამი რომ მოვიდეს, სოროში არ დავიმალები. უფრო წინ წავალ. საჭირო რომ იყოს, ომშიც წავიდოდი. მზად ვარ, სული დავლიო ბრძოლის ველზე. მირჩევნია, იქ გმირულად მოვკვდე, ვიდრე სოროში ვიცოცხლო. აფრიკაში ყოფნისას, ინსტრუქტორები გვეუბნებოდნენ, რომ სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა. მითხრეს, ნუ ხარ ასეთი გაბედული და გარეთ ნუ გადიხარ, შეიძლება, გარეული ტახები დაგეჯახონ თავისი ეშვებითო. გარანტიას ვერავინ მომცემდა, მაგრამ მე სამყაროს მივენდე და ამან შემმატა გამბედაობა. აქ რამდენიმე ადამიანმა ჩემზე ძალიან საწყენი რაღაცები დაწერა. თითქოს მარი ნაკანი აფრიკელ ბავშვებს რასისტივით ექცეოდა და ძალით ალაპარაკებდა ქართულად. სინამდვილეში, ეს ძალიან ბუნებრივად და დიდი სიყვარულით მოხდა. მე მათ მოვესიყვარულე. არა მგონია, ადამიანების და მითუმეტეს, ბავშვების მიმართ სითბოს გამოხატვა მიუღებელი იყოს. მათ ავტომატურად გაიმეორეს ჩემი ქართულად ნათქვამი სიტყვები და ამით ძალიან იხალისეს. ვიდეოზე მხოლოდ ეს მომენტი ჩანდა და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს რასიზმი იყო.

– ვინც თვალს გადევნებს, იცის, რომ გარეგნობაზე გამორჩეულად ზრუნავ. საუბრისას თქვი, მალე ორმოცი წლის გავხდებიო, მაგრამ პატარა გოგონასავით გამოიყურები და აფრიკიდანაც გამოაქვეყნე ვიდეო, სადაც ესეც ძალიან კარგად ჩანდა.

– ნამდვილად ვერ მოვიტყუები, რომ ყველაფერი ბუნებრივი მაქვს. ცხვირიც გაკეთებული მაქვს, მკერდიც და კბილებიც ჩასმულია. თუ ჩვენს გარეგნობაში რამე არ მოგვწონს, შეგვიძლია, დავაკორექტიროთ, რატომაც არა?! თუმცა პანდემიის დროს ბუნებრიობაც ძალიან დავაფასე და გადავწყვიტე, თმა აღარ შევიღებო. დიდი სიამოვნებით ვიქნები ჭაღარა. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა აფრიკელი ქალების უმაკიაჟობა. ისინი ნახევრად შიშვლები იყვნენ, მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებული უამრავი ლამაზი სამკაული ეკეთათ და ბუნებრივისა და შექმნილი სილამაზის ერთობლიობა მშვენიერებას ქმნიდა. კი, მე არ ვმალავ ასაკს, მაგრამ პატარა გოგოს რეჟიმით ვცხოვრობ. არ ვეწევი სიგარეტს, არ ვსვამ ყავას, მუდმივად ვვარჯიშობ და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ.

– არ გეშინია კომფორტის ზონიდან გასვლის და ასე ანვითარებ საკუთარ თავს. რა სირთულეებია ამის უკან და რა გეხმარება, რომ წარუმატებლობის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარო?

– რატომღაც, ადამიანი გამოცდას რომ ჩააბარებს, მაშინ ულოცავენ, მართვის მოწმობას რომ აიღებ, მაშინ გილოცავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, მაშინაც უნდა მოგილოცონ, როდესაც გაბედავ და ნაბიჯს გადადგამ. შეიძლება, ჩაიჭრა, მერე რა, მთავარი მოსალოცი გამბედაობაა, რომელმაც ნაჭუჭიდან გამოგიყვანა. ამიტომ სულ უნდა ვუბიძგოთ ერთმანეთს – გაბედე, გაბედე!

ვალენტინობას მქონდა ლაივი, რომელშიც უამრავი ცნობილი წყვილი ჩავრთე, ასევე, მოვიწვიე გეი და ლესბოსელი წყვილები. ამის შესახებ რომ „ფეისბუქზე“ დავწერე, რამდენიმე ადამიანისგან მაშინვე აგრესია წამოვიდა. რა საჭიროა ამ ადამიანების პოპულარიზაცია, ამით გინდა, სახელი მოიხვეჭოო? მარი ნაკანს სახელი არ აკლია, პირიქით, ეს ჩემთვის გამოწვევაა, ვიცოდი, რომ ამის გამო უამრავი ქვა მომხვდებოდა. მაგრამ მე გამარჯვებული მაშინ ვარ, როდესაც ქვებს მესვრიან. საკუთარი კომფორტის ზონაში თუ შეიყუჟები და თავს დაიიმედებ, შეცდომებს არ ვუშვებო, ეს გამარჯვება არაა. გამარჯვება მაშინ მოდის, როცა გლადიატორი ხარ, დიდ მოედანზე გამოდიხარ და იცი, რომ შეიძლება, რამდენიმე წამში ლომმა თავი მოგაჭამოს. ეს ლაივიც მსხვერპლია, ვიცი, რამდენი ქვა მომხვდება პატრიარქალურ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ჩემთვის ხიდია – მინდა, ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდო, რომ ეს ადამიანები მივიღოთ. რა ქნას ქალმა არ გააჩინოს შვილი? წინასწარ ხომ არავინ იცის, როგორი გაჩნდება, შვილი შვილია და როგორიც უნდა იყოს, გეყვარება. როდესაც გეებს და ლესბოსელებს ებრძვი, ეს ნიშნავს, რომ ბუნებას და უფალს ებრძვი. რა უფლება გაქვს, ბუნების კანონებს შეეწინააღმდეგო?! ჩვენ თუ მართმადიდებლები ვართ, ყველანაირი ადამიანი უნდა გვიყვარდეს. ძირფესვიანად ეშლებათ, როცა ადამიანებს ორიენტაციის მიხედვით გამოარჩევენ.

– მარი ნაკანი დღეს თავის საქმის პროფესიონალს ნიშნავს. როგორ შექმენი თავი ასეთად?

– 16 წელია, ფოტოგრაფი ვარ და ალბათ, წარმოგიდგენიათ, ამ დროის განმავლობაში რამდენი გადაღება მქონია. ჩვილი შვილი წამიყვანია თან და შუა გადაღების დროს ძუძუ მიჭმევია. არ მქონდა ფუფუნება, ძიძა მყოლოდა ან რომელიმე შეკვეთაზე უარი მეთქვა. ფოტოგრაფობა ჩემთვის პურის ფული იყო. ამიტომ აბსოლუტურად ყველა ჟანრი გადამიღია. ქორწილიც ძალიან ბევრი მაქვს გადაღებული, კორპორატიული ივენთებიც, კონცერტებიც და ასე შემდეგ. ვერავინ იტყვის, რომ მე მხოლოდ მოდას ვიღებ. ჩვენ ბევრი მაგარი ფოტოგრაფი გვყავს თავის მიმართულებაში, მაგრამ მარი ნაკანი არის ფოტოგრაფი, რომელსაც ჟანრს ვერ დაუსახელებ, რომელშიც გამოცდილება არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ჩემს შვილებს პურის ფული სჭირდებოდათ და მე დამკვეთისთვის უარი არ მითქვამს. ამან ისეთი გამოცდილება მომცა, რომ დღეს არ არსებობს გადაღება, რომელსაც ვერ გავუმკლავდები. ასე იქცა მარი ნაკანი ფოტოგრაფად. ამიტომ თავს უფლება მივეცი, ეს გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ფოტოგრაფი ვარ, მე ვარ ჩემი საქმის მცოდნე პროფესიონალი, ძალიან დიდი გამოცდილებით. მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, არაფერზე თქვან უარი. თუ გინდა, თავზე გვირგვინი დაიხურო, გრძელი კიბის მრავალი საფეხური უნდა აიარო. თუ პირველივე საფეხურზე წაეპოტინები გვირგვინს, ის აუცილებლად ყალბი აღმოჩნდება. ნამდვილი განძი, ოფლს, სისხლსა და შრომას მოაქვს.

– ამ ყველაფერთან ერთად, როგორი დედა ხარ?

– ჩემი შვილი გადასაღებ მოედანზე დამყავს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი მაგალითი ბავშვისთვის მშობლის ქმედებაა და არა ნატაციების წაკითხვა. დღეს ლიტუკა – ჩემი 18 წლის გოგო გადაღებებზე ჩემი ვიზაჟისტია. ის თავის საქმეში ფულს იღებს, ეს მისი სამსახურია. მე ეს სპეციალურად არ გამიკეთებია, ბუნებრივად მოხდა, რადგან გადაღებებზე სულ ჩემ გვერდით იყო. დღეს მას სხვა შემკვეთებიც ჰყავს და თავის საქმისადმი ძალიან პროფესიონალური მიდგომა აქვს. მის შესახებ იმდენ კომპლიმენტს ვიღებ, ბედნიერებისგან ცრემლები მომდის ხოლმე. ასეა მეორე შვილიც – სოფიკო, რომელიც სულ თან დამყვება და ძალიან მეხმარება, თან რჩევებს მაძლევს. მათ არც ჩემს ბედნიერებას ვუმალავ და არც ცრემლებს. შვილებს თითს კი არ ვუქნევ, რჩევებს ვეკითხები, როგორც ჭკვიან და გემოვნებიან გოგონებს. ამით თავდაჯერებულობაც ემატებათ და მომავალში ხმის ამოღების აღარ შეეშინდებათ.

– ამ საქმეში მეუღლესთან ერთად ხარ, არა?

– მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ბიძგის მომცემია. სხვათა შორის, მარის ლაივებიც მისი იდეა იყო. აფრიკაში რომ ვიყავი, გიორგის რამდენიმე უცნობმა გოგომ მისწერა: ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?! წარმოგიდგენიათ, როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს ასეთი ღვარძლი ჩააწვეთო. თუ აცნობიერებენ, რამხელა ბოროტებას თესავენ ამით, რომელიც არავინ იცის, რას მოიტანს. მათ არ იციან, რომ ჩემი მეუღლე სულ სხვა ტიპია. ამის წაკითხვის შემდეგ, მომწერა: შეხედე რეებს მწერენ. კარგად გაერთე და ამათ ჯინაზე კიდევ უფრო მეტი ფოტო გადაიღეო. თან საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც ჩემი ღვიძლი მამიდაშვილია. რა სირცხვილია ასეთი ცილისწამება. ვერც იაზრებენ, რამხელა ცოდვას ჩადიან და არ ეშინიათ სამყაროს კანონზომიერების. მგონი, არც იციან მისი არსებობის შესახებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა