მანუ მურღულია: მჭირდება ადამიანი, რომელსაც მე კი არ „მოვათვინიერებ“, თვითონ იქნება ურთიერთობაში დომინანტი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 31.08, 2022 წელი
ბოლოს ინტერვიუ მაშინ ჩავწერეთ, როცა „ბერკლიში“ საოცარი წარმატებით ჩააბარა. მოწოდებით მუსიკოსია, მაგრამ მრავალფეროვნება უყვარს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბიზნესსფეროშიც მუშაობდა, ფილოლოგიურზეც სწავლობდა და ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო.
მანუ მურღულია: წინა ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ბევრი რამ მოხდა. „ბერკლიში“ არ წავსულვარ სასწავლებლად, გერმანიაში წავედი და ჰამბურგის კონსერვატორიაში ვისწავლე. ერთ წელიწადში უკან დავბრუნდი, რადგან, ვერ მივიღე ის, რაც მინდოდა. ჩემი აზრით, შესაბამისი სწავლება არ იყო. თსუში ფილოლოგიის ფაკულტეტიც დავამთავრე და ტელევიზიაში მომინდა მუშაობა. ჩემი ინსპირაცია გადაცემა „წიგნების თარო“ იყო. ჰამბურგში სწავლისას, თავისუფალ დროს, ამ გადაცემას ვუყურებდი და მასში მონაწილე ბავშვებით აღფრთოვანებული ვიყავი. მეც მინდოდა, ყველაფერი წამეკითხა, რაც მათ ჰქონდათ წაკითხული და სიაც შევადგინე (იცინის). მაგრამ ამ გადაცემაში დასაქმება არ გამოვიდა და დილის გადაცემაში დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა, სადაც ორი წელი დავყავი. „მასტერშეფსა“ და „ვოისზე“ ვმუშაობდი. დავაფიქსირე, რომ ორი წელი უკვე ერთსა და იმავეს ვაკეთებდი, რაც მე არ მიყვარს. სიახლე მინდოდა და ზუსტად ამ დროს მივიღე შემოთავაზება, გასაუბრებაზე მივსულიყავი შალვა რამიშვილთან ახალი გადაცემის წამყვანის პოზიციაზე. მივედი, მოწონება დავიმსახურე და ასე გავხდი „დღის პოსტის“ წამყვანი „პოსტვზე“.
– ახალი ეტაპი როგორი აღმოჩნდა?
– ტელევიზიასთან „პირველ არხამდეც“ მქონდა შეხება და ეს სამყარო ჩემი ოჯახივითაა, აქ არასდროს ვნერვიულობ, მაგრამ წამყვანობა ახალი იყო და თავისთავად, ვინერვიულე კიდეც. თუმცა, კამერა რომ ირთვება, ნერვიულობა ქრება. ასე რომ, მარტივად ავუწყვე ფეხი. თან, ჩვენი გადაცემის სხვა წამყვანები – თამთა და ირმა, ძალიან საყვარლები არიან და თავიდანვე კარგად შევეწყვეთ, არ გამჭირვებია. მაგრამ პირველ და ახლანდელ გადაცემებს რომ ვუყურებ, შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან გავიზარდე. თავიდან, მაინც, ცოტა მიჭირდა ემოციების შეკავება. თან, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე ეცინება.
– ეკრანზე სულ ჩანს შენი ხალისიანი განწყობა. დაძაბულობას საერთოდ არ გრძნობ?
– ჰიპერაქტიული ადამიანი ვარ და ძალიან ბედნიერი, თვალი არ მეცეს (იცინის). უმეტესწილად კარგ ხასიათზე ვარ. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ადამიანები იმავე განწყობით მპასუხობენ და ამას კარგად ვგრძნობ სოციალურ ქსელებში მაყურებლის მიერ მოწერილ შეტყობინებებში. ასე რომ, ეთერში ჩემი დადებითი განწყობა ყოველთვის ბუნებრივია.
– რა ბედი ეწია მუსიკოს მანუს და „ბერკლიზე“ რატომ თქვი უარი?
– „ბერკლიზე“ უარი არ მითქვამს, მაგრამ იქ სწავლა ძალიან, ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ 50-პროცენტიანი დაფინანსება მივიღე, მაინც გამორიცხული იყო საჭირო თანხის დაფარვა სხვა ხელშეწყობის გარეშე. თუ მართლა მილიონერი არ ხარ, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ წავედი ჰამბურგში. გერმანულიც ვიცი და იქ სწავლა ჩემთვის შედარებით ხელმისაწვდომი იყო. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად ისწავლი. ვიცი ადამიანები, რომლებმაც „ბერკლი“ დაამთავრეს, ადამიანები, რომლებმაც ჰამბურგში დიდი ხანი ისწავლეს, მაგრამ ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, რაც ჩემთვის ცოტა მოსაწყენია. ამიტომ თუ გინდა, რამე გააკეთო, აუცილებლად გააკეთებ – გინდა, წალენჯიხაში ისწავლე და გინდა „ბერკლიში“, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა არც მუსიკალური თვალსაზრისით ვარ გაჩერებული. მინდა, ჩემი ბენდი მყავდეს და ამაზე ვმუშაობ. მუსიკა ჩემთვის პირველ ადგილზე დგას და მას აუცილებლად დავუთმობ სათანადო ყურადღებას. საერთოდ, მე არ მიყვარს სიჩქარე და მომწონს, რომ ნელ-ნელა ვაკეთებ რაღაცებს, მაგალითად, ახლა ვვითარდები, როგორც წამყვანი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მე ძალიან, ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ლიდერობა მომწონს. პირველ რიგში, მინდა, ჩემს თავს დავუმტკიცო, რა მაგარი ვარ. ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება. სადაც არ უნდა ვიყო და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდე, მომწონს, როცა გამორჩეულად კარგი ვარ. არ მიყვარს მეორეობა და მესამეობა. უფრო სწორად, ვერ ვიტან. მინდა, ნომერ პირველი ვიყო. შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოდის, მაგრამ მე ეს მაძლევს მოტივაციას განვითარებისთვის.
– ეკრანზე საკმაოდ პრანჭია, მრავალფეროვანი სამოსის მოყვარული და სპორტული გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ. რეალურადაც ასეთი ხარ თუ ეს ყველაფერი მაინც ეკრანისთვის კეთდება?
– სხვათა შორის, რაც ეკრანზე მაცვია, ყველაფერი ჩემი გარდერობიდანაა. მე ვარ ადამიანი, რომელიც შეიძლება, ერთ დღეს ათლეტური სპორტსმენი ვიყო და მეორე დღეს – კიმ კარდაშიანის და (იცინის). თუმცა, ეკრანისთვის არ ვიცვლები, არასდროს ვთამაშობ. ისეთი თემა რომ გვქონდეს, რომლისადმიც ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, დამიჯერეთ, მაყურებელი ამას აუცილებლად მიხვდება. არ შემიძლია, ძალით გაღიმება. ადამიანებთანაც ასე ვარ. თუ ვინმე არ მომწონს, მასთან ძალით ვერ გავიღიმები. ასე რომ, როგორსაც მხედავთ ეკრანზე, ისეთი ვარ რეალურადაც და ეს წესი ჩემს სამოსზეც ვრცელდება. თუმცა, ესეც პერიოდულად იცვლება. მაგალითად, გერმანიიდან რომ ჩამოვედი, წონაში საკმაოდ მომატებული ვიყავი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მომწონს ვარჯიში და მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, ანუ, საკუთარი სიამოვნებისთვის მივედი იმ ფორმამდე და მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვარ და რომელიც ძალიან მომწონს (იცინის). 13 კილოგრამი დავიკელი. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობ. არ ვეწევი, არ ვსვამ, ყოველდღე დავრბივარ, ყველანაირად ვუწყობ საკუთარ თავს ხელს იმისთვის, რომ სულ ტონუსში ვიყო. თან, ვარჯიში ჩემს განწყობაზე მართლა საოცრად აისახება. ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. დღეში შემიძლია, 15 კილომეტრი ისე გავიარო, როგორც არაფერი. თუმცა, ჰამბურგში ერთ დღეში 32 კილომეტრიც გამივლია.
– გარდერობიც საკმაოდ დიდი გაქვს, ხომ?
– მთელი სახლი გარდერობი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ შემიძლია, ერთი და იგივე სამოსი სხვადასხვა კომბინაციაში ისე გამოვიყენო, საერთოდ ვერ მიხვდები, მანამდეც თუ მცმია (იცინის). სხვათა შორის, ჩემი გარდერობის ძალიან დიდი ნაწილი ბაბუაჩემის – გიას, შერჩეული და ნაყიდია. გიას ძალიან უყვარს ჩემი საყიდლებზე წაყვანა და განსაკუთრებულად უხარია, თუ კაბას ან პიჯაკს ვყიდულობთ (იცინის). ყველა პიჯაკი მისი ნაყიდია (იცინის). ის კი არა, რომ ფული მოგცეს და გაგიშვას, გამოგყვება, დაათვალიერებს... მოკლედ, ბოლომდეა პროცესში ჩართული და ეს ორივეს ძალიან გვსიამოვნებს (იცინის).
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული არ მყავს. ზოგადად, ამ თემებზე ბევრს ჩემს დაქალებთანაც კი არ ვლაპარაკობ. ჩათვალე, ცალკე მდგარი მგელი ვარ (იცინის). ჩემს ამბებს დამოუკიდებლად ვაგვარებ და არავის ჩარევა არ მიყვარს.
– კარგი, მაშინ მითხარი, ზოგადად, რა არის შენთვის მიმზიდველი და საინტერესო საპირისპირო სქესში?
– ჯერ იმას ვიტყვი, რა არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, არ არის აუცილებელი, რომ მას ზუსტად ჩემნაირი ინტერესები ჰქონდეს. უფრო მეტად მომწონს, როცა რაღაცები არ ემთხვევა. პატარა კონფლიქტები და მათი გადაწყვეტებიც მომწონს. არ მიყვარს ერთფეროვანი, მშვიდი ცხოვრება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პირველი ურთიერთობა ზუსტად ამიტომ დავამთავრე. შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ყელში მქონდა ამოსული (იცინის).
– არადა, ალბათ, უმეტესობა ამაზე ოცნებობს.
– მე მიყვარს აღმასვლები და დაღმასვლები. ვერ ვხვდები, სხვას როგორ არ მოსწონს და როგორ ურჩევნია ამას სიმშვიდე და ყოველდღე – „რას შვრები, როგორ ხარ და ვაიმე, როგორ მიყვარხარები“, ჩემთვის ეს ძალიან მოსაბეზრებელია. ერთი და ორი კვირა გავიგეთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე არ შემიძლია.
– რა არის ის, რაც მერე არ მოგცემს მოწყენის საშუალებას?
– ადამიანმა უნდა შეძლოს, ჩემს „ხუშტურებს“ გაუძლოს, თუნდაც მეკამათოს და არ მომაწყინოს. ეს არის ჩემთვის სასიამოვნო და არა ყვავილის ჩუქება. სიმშვიდე კარგია, მაგრამ მუდმივი იდილია ვერ იქნება მთლად საინტერესო. ჯერ ბოლომდე თვითონ არ ვიცი, რა მომწონს, ზრდის პროცესში ვარ და ყოველდღე უკეთ ვიცნობ საკუთარ თავს. მანაც იგივე უნდა გააკეთოს ჩემთან ერთად.
– როგორც ვხვდები, ეს ამბავი არც ისე მარტივია.
– კი (იცინის). თან, როგორც გითხარით, ძალიან მომწონს ლიდერობა, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მჭირდება ადამიანი, რომელსაც მე კი არ „მოვათვინიერებ“, თვითონ იქნება ურთიერთობაში დომინანტი.
– და როცა თვითონ გიყვარს ლიდერობა, არ გაგიჭირდება დომინანტობის დათმობა?
– ვინ ამბობს რომ დავთმობ, ყველაზე საინტერესოც ეს დათმობა-არ დათმობის პროცესია (იცინის).
– ჰო, ნამდვილად არ ჩანს მარტივი.
– იმიტომაც არ მყავს შეყვარებული (იცინის).
– აუცილებლად უნდა ვიკითხო ბაბუაზე – გია მურღულიაზე, რომელიც უკვე ახსენე. მისი მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა. შენ რას სწავლობ მისგან?
– შეიძლება, გია თქვენთვის ცოტა მკაცრი ჩანდეს, მაგრამ რეალურად, უთბილესი ადამიანია. ასაკის მიუხედავად, ჩემთან ჩემი ტოლაა, სხვასთან – სხვისი. იცის, ვისთან როგორ იურთიერთოს. მისგან ყოველდღე ძალიან ბევრს ვსწავლობ და თან, ძალიან მარტივი და სასიამოვნო ფორმით. ყველაზე მეტად მისი სიმშვიდე მომწონს, რომელსაც არანაირ მდგომარეობაში არ კარგავს, რაც მე ჯერ არ გამომდის, თუმცა, ვცდილობ, ესეც ვისწავლო (იცინის).
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი კიკუაშვილს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან