მამუკა ღლონტი: ვინმემ ტელევიზია რომ მაჩუქოს და ზემოდან მისი „გასაკეთებელი“ ფულიც დაამატოს, უარს ვიტყვი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 31.03, 2021 წელი

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ხშირად გვესმის მოწოდება, დავუბრუნდეთ სოფელს. ეს აზრი ბევრს ხიბლავს, ბევრს კი აშინებს. მამუკა ღლონტისთვის ეს უკვე განვლილი ეტაპია და ახლა საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
მამუკა ღლონტი: თბილისში და იმ წესით ცხოვრება, როგორითაც ვცხოვრობდი, მომბეზრდა. ჩემს ოჯახს ძალიან ცოტა დროს ვუთმობდი. დაძაბულობა, საცობები ძალიან დამღლელი გახდა და გადავწყვიტე, ჩემი ძველი ცხოვრება მთლიანად მომეკვეთა ჩემგან. ამიტომ რამდენიმე წლის წინ, საცხოვრებლად გურიაში გადავედი. სოფელს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ვისაც აქ ცხოვრების, ცხოვრების და არა დასვენების, გამოცდილება არ აქვს, ის ამას ვერ მიხვდება, ისევე, როგორც მე ვერ ვხვდებოდი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. სრულიად სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ადამიანური ურთიერთობები ხომ კიდევ ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრებას მინუსი არ გააჩნია.
– დღეს განსაკუთრებით ხშირად გვესმის – დაუბრუნდით სოფელს! როგორ ფიქრობთ, რატომ გვეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის?
– სოფლად ცხოვრება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს და ამის ბევრს ეშინია. მე პატარა სასტუმრო მაქვს, ბევრმა ფერმა გააკეთა, ბევრი ღვინოს აწარმოებს, სოფლად რომ გადადიხარ, იქ რაღაც ბიზნესი უნდა გიმაგრებდეს ზურგს. თუ ადამიანს ამის საშუალება და უნარი აქვს, მაშინ საშიში არაფერია.
– სოფელში რომ გადახვედით, გქონდათ რამე თუ ყველაფერი თავად გააკეთეთ?
– თავიდან გვქონდა 200 კვადრატული მიწა და ერთი კოტეჯი. ეს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისია. მისხალ-მისხალ ვამატე და ახლა, დაახლოებით 2 000 კვადრატული მიწა გვაქვს. წლების განმავლობაში, პატარა ნაკვეთს რომ მივამატებდი, კოტეჯს ჩავდგამდი და ასე მოვედი დღემდე. პირველ ეტაპზე ერთი კოტეჯის გაქირავებით დავიწყე. მე თვითონ ვაპროექტებ, თვითონ ვაშენებ, ბევრი ხელობაც ვისწავლე. სახლში რემონტი რომ გვჭირდება, სანტექნიკა იქნება თუ ელექტრობა, ყველაფრის გაკეთება შემიძლია მაღალი ხარისხით. ბიზნესიც კარგად აეწყო და დასავლეთ ევროპელებისთვის ჩემი სასტუმრო ძალიან პოპულარული გახდა, უმაღლესი შეფასება მაქვს.
– ოჯახი როგორ დაიყოლიეთ იქ გადასვლაზე?
– ვინმემ რომ ზღვისპირად ცხოვრება შემოგთავაზოთ, არა მგონია, უარი თქვათ. ასე რომ, ძალიან რთულად დასაყოლიებლები არ ყოფილან (იცინის). მაგრამ მაშინ სოფელში მარტო ვცხოვრობდით. სახლებიც არ იყო, რადგან ახალი სოფელია და ზამთარში, მით უმეტეს, ხმის გამცემი რომ არავინ გვყავდა, მარტოები, ცოტა გიჟებივით ვიყავით. ძალიან მალე შეიცვალა ყველაფერი და მცხოვრებლებმაც მოიმატა. თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ არ იცოდეთ, რა დღეა, რა რიცხვი და შეიძლება, თვეც, თვე-ნახევარი არ ჩაიხედოთ სარკეში, თუ ეს ყველაფერი მოგწონთ – ესაა სოფელი.
– თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აქტიურ ცხოვრებაზე უარი თქვით.
– მე ვხელმძღვანელობ რადიოჰოლდინგს. ეს არის რადიო „მაესტრო“, რადიო „ვინილი“ და „მშვიდი რადიო“. ვფიქრობ, რომ მსმენელებისთვის განსაკუთრებით საყვარელი რადიოებია. ამ ფორმით ვარ მედიაში დარჩენილი. საბედნიეროდ, ზედმიწევნით კარგი თანამშრომელები მყავს და როცა თბილისში არ ვარ, ონლაინრეჟიმში ვმუშაობ.
– თქვენი ცხოვრების მრავალწლიანი ისტორია ტელევიზიას უკავშირდება. ალბათ, იყო პერიოდი, როცა მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოგედგინათ. თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა და ამის შესახებ ვიცით. რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის წარსულისთვის ჩაბარება?
– ეს იყო ძალიან მძიმე შრომა. ფაქტობრივად, ოცი წელი შვებულება არ მქონია, შაბათ-კვირას არ დამისვენია და ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. ძალიან დამქანცა ტელევიზიამ. რომ დავფიქრდი, მივხვდი – ცხოვრება ისე გაილია, ფაქტობრივად, სახლში არ ვიყავი და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ერთი წამით არ ვნანობ. ახლა ვინმემ ტელევიზია რომ მაჩუქოს და ზემოდან მისი „გასაკეთებელი“ ფულიც დაამატოს, უარს ვიტყვი. იმდენად კარგად ვგრძნობ ჩემს ახალ ამპლუაში თავს, ტელევიზიაში დაბრუნებაზე არც დავფიქრდები.
– კარგი მეოჯახე ხართ?
– ოჯახი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილას იყო, მიუხედავად იმისა, ვიყავი თუ არა ოჯახში. მაგრამ თუ ოჯახი დაპურებული, მშვიდად დაბინავებული არ ჰყავს – ეგეთი მამუკა ღლონტი არ არსებობს. ტყავიდან გამოვძვრებოდი, ჯერ ოჯახისთვის მოვაგვარებდი ყველაფერს და სხვა დანარჩენს – შემდეგ. ახლა, მით უმეტეს, სუპერმეოჯახე ვარ. შვილიშვილებზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ.
– ნათქვამი გაქვთ, რაც დრო გადის, მეუღლესთან კიდევ უფრო კარგად ვგრძნობ თავსო.
– რაც დრო გადის, უკეთესი ხდება ჩვენი ურთიერთობა. მეუღლე ჩემი პარტნიორია, ერთად ვმუშაობთ, ერთად ვმოგზაურობთ. სხვათა შორის, ბევრს დავდივართ მოტოებით, მათ შორის საზღვარგარეთ. მასაც თავის მოტო ჰყავს. ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. ბოლო პერიოდმა, როცა საქმის კეთებაც ერთად დავიწყეთ, უფრო დაგვაახლოვა – უფრო მეტი დროის გატარება გვინდა ერთად.
– დიდი ხანია, მოტოს მართავთ?
– დაახლოებით ათი წელია, ავტომობილიდან ორთვლიან ტრანსპორტზე გადავჯექი. არა მხოლოდ მოტოთი, ველოსიპედითაც გადავადგილდები. მაგალითად, დღეს ველოსიპედით ვიყავი სამსახურში. ხუთი წელია, მეუღლეც ავიყოლიე.
– რამდენჯერმე დაიწყეთ თავიდან. ტელევიზია იყო თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ახლა რადიოში ხართ. თბილისში ცხოვრობდით და სოფელში გადახვედით. ეს ცვლილებები საკმაოდ მოწიფულ ასაკში მოხდა. ესე იგი, არ ხართ ის ადამიანი, ვინც დინებას მიყვება და ცვლილებებს უშინდება.
– ადამიანმა გულზე არ უნდა დაიკრიფოს ხელი. მე ჯერ არ ვარ ძალიან მოწიფული – 56 წლის ვარ და ვთვლი, რომ ამ ასაკში ადამიანი ახალგაზრდაა. ასევე, ჩავთვლი ჩემს თავს 80 წლის ასაკშიც, თუ ღმერთმა მომცა ამის შანსი. სანამ შევძლებ, ვივლი ველოსიპედით, მოტოთი. მე არ ვუყურებ ასაკს, ვფიქრობ იმაზე, რისი გაკეთებაც მინდა და შემიძლია და არა ასაკზე.
– რა გვიშლის განვითარებაში ხელს?
– მე განვითარებაში ხელს მუდმივად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მიშლის, თან ძალიან. მეტი – არაფერი. თუმცა, არასდროს ვეპუებოდი ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებებს. ზოგადად, ტირილი და ხელის გაუნძრევლობა არაფერს გარგებს. რაც უნდა ხელისშემშლელი ფაქტორები გქონდეს, არ უნდა შეეპუო. ეს არის ცხოვრება. შეეპუები და ერთ ადგილას გაჩერდები. როცა წინაღობების გადალახვა გიწევს, უფრო საინტერესოცაა და შედეგიანიც. ამიტომ, ამას არ უნდა შევუშინდეთ. დამარცხებული მანამ არ ხარ, სანამ არ დანებდები. სულ რომ სიკვდილის პირას მიგიყვანონ, თუ არ დანებდი და ბრძოლას აგრძელებ, დამარცხებული არ ხარ. ეს არის სიმართლე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან