შოუბიზნესი

მაკა ზამბახიძე: თვითონ არ ვუდგავარ საკუთარ თავს გვერდით ისე, როგორც ჩემი მეუღლე მიდგას

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 09.05, 2022 წელი

მაკა ზამბახიძე
დაკოპირებულია

დუეტი „ჯორჯია“ მონატრებულ მსმენელს დაუბრუნდა. მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს წლებია, სოლო კარიერა აქვთ, რაც ასევე გაგრძელდება, მაგრამ პარალელურად, მათი დუეტიც განაგრძობს არსებობასა და აქტიურობას.

მაკა ზამბახიძე: მადლობა „დუეტ ჯორჯიას“ გულშემატკივარს ამდენწლიანი სიყვარულისთვის! მადლობა ჩვენს თაყვანისმცემლებს, რომლებსაც დღემდე ახსოვთ ჩვენი სიმღერები! კონცერტებზე, რომელიც ახლა ჩავატარეთ, ძალიან დიდი მონატრება ვიგრძენით ამ ადამიანებისგან და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებას, ისე მოხდა, რომ რატის გარკვეული დროით თბილისში მოუწია ყოფნა. გადავწყვიტეთ, ეს დრო გამოგვეყენებინა და რაღაცები ერთად გაგვეკეთებინა. რატი სულ მოძრაობს, ხშირად არის ამერიკაში, იქ თავის საქმე აქვს, მაგრამ პანდემიის გამო აქ მოუწია გაჩერება. დრო არ დავკარგეთ და რატის შემოქმედებიდან ახალი სიმღერები ჩავწერეთ. ერთმა უკვე ძალიან დიდი პოპულარობა და მოწონება დაიმსახურა ჩვენს მეგობრებში. შეიძლება, სახალხო ჰიტი არ გახდა, მაგრამ ყველას ძალიან მოეწონა. ბევრი ვიმუშავეთ, დიდი შრომა და სიყვარული ჩავდეთ მასში და მიხარია, რომ მსმენელისგან კარგი შეფასება დავიმსახურეთ.

– სოციალურ ქსელში „გაცოცხლდა“ „დუეტ ჯორჯიას“ ძველი ჩანაწერები...

– ამას ჩემი მეუღლე კურირებს. ჩვენი დუეტის მიმართ ისეთი სიყვარული აქვს, რომ არ ვიცი. დილით ვიღვიძებ „ჯორჯიას“ სიმღერებით და საღამოს ისევ და ისევ „ჯორჯიას“ სიმღერებით ვიძინებ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა, სულ ჩართული აქვს (იცინის). ძალიან გვეხმარება მე და რატის – ჩვენს სოციალურ ქსელს მართავს, ამ დროს დამხმარე ნამდვილად საჭიროა და მიხეილმა ეს პასუხისმგებლობა მთელი გულითა და სიყვარულით შეითავსა.

– ძველსა და ახალ ვიდეოებში ერთადერთი სხვაობა ვარცხნილობაა. სახე, სხეული წლების შემდეგაც აბსოლუტურად იგივენაირად გამოიყურება. როგორ ახერხებ?

– არავისთვის არის საიდუმლო, რომ ვცდილობ, რაღაცებზე უარი ვთქვა. ხან გამომდის, ხან – არა. ხშირ შემთხვევაში არ გამომდის და ამიტომ, მთელი ცხოვრებაა სამ კილოგრამს ვებრძვი. ამაზე მეტს ახლოს არ ვუშვებ, მაგრამ ეს სამი კილოგრამი ჩემი ჯვარია (იცინის). ხან ვინდომებ და ჩამოდის, ხან – ვერა. ძალიან ვარ დამოკიდებული ტკბილზე, ეს არის ჩემი პრობლემა. ხშირ შემთხვევაში 18-საათიან დიეტას ვიცავ. არ მიყვარს წონის გაქცევა და ამიტომ, სულ ვცდილობ, შესაბამისი ზომები მივიღო. გამოპრანჭვაც მიყვარს და ძალიან მსიამოვნებს, როცა სცენაზე ის მაცვია, რისი ჩაცმაც მინდა. ალბათ, ამიტომაც ვინარჩუნებ ფორმებს შეძლებისდაგვარად. ადრე უფრო ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ახლა პერიოდულად ვახერხებ. სახეს რაც შეეხება, ინიექციებით შემოვიფარგლები. ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ, სახის გაწმენდა, ნიღბები და ხარისხიანი „მაზები“ მეხმარება. ბოტოქსი ახლა გამივიდა და მგონი, აღარ ვიკეთებ (იცინის). სხვათა შორის, არ მაქვს ბოტოქსთან კარგი დამოკიდებულება. არ მიხდება. ამდენი გოგო იკეთებს და მშვენივრად აქვთ, მაგრამ მე ვერ მოვიხდინე. არ მიხდება ძალიან გადაშეშება. იმაზეც თანახმა ვარ, ოდნავ დამრჩეს ნაოჭი, ოღონდ სახე არ გამიშეშდეს და არ გადამეტკიცოს.

– როგორც მივხვდი, მეუღლე გვერდით გიდგას პროფესიულ საქმიანობაში.

– მიხეილის ძალიან მადლობელი ვარ. ისე მიდგას გვერდით, მეტი რომ არ შეიძლება. თვითონ არ ვუდგავარ საკუთარ თავს გვერდით ისე, როგორც მიხეილი მიდგას. ამას საკუთარი სურვილითა და დიდი სიყვარულით აკეთებს. მოსწონს ჩვენი შემოქმედება და სხვათა შორის, სულ გვეჩხუბება, ახალი სიმღერები გააკეთეთო. ცოტა თუ გვეწელება, ნერვები ეშლება, ძალიან ჩართულია ამ პროცესში.

– გადავიდეთ შვილიშვილზე, რომელიც უკვე გაიზარდა...

– ვაიმე, ქოქოსმა გადაგვრია. მე – ყველაზე მეტად. ჩემი მეგობრები უკვე უჩემოდაც ასეირნებენ, რატი საერთოდ შეშლილი ჰყავს. ისეთ სახელებს ვეძახი, მგონი, ბავშვის ნამდვილი სახელი ოჯახშიც აღარ ახსოვთ (იცინის). ძალიან მინდა, რომ კეთილი, სამართლიანი და მოსიყვარულე ბიჭი იყოს. უზომოდ მინდა, რომ სმენა ჰქონდეს. ჩემს პროფესიას გაყვება თუ არა, ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ, მინდა, მღეროდეს. მიყვარს, როცა ადამიანი მღერის. ჩემი მეუღლე დარდობს ხოლმე, ნეტა სმენა მქონოდაო. ქოქოსს ზოგჯერ რაღაცას ვატყობთ, მაგრამ ამის გასაგებად ჯერ პატარაა.

– ხომ ამბობენ, დედობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ შვილიშვილის სიყვარული სულ სხვააო. რას ფიქრობ ამაზე?

– ეს იმიტომ, რომ შვილიშვილი სულ სხვა ასაკში ჩნდება. უკვე სხვა დამოკიდებულებები და ამაგი გაქვს მასზე. შვილს უფრო პატარა ასაკში აჩენ და კიდევ სხვა არის. ბებია, განსაკუთრებით კი ის, რომელიც ნაოჭებით ხვდება შვილიშვილს, იმიტომ ვერ ეუბნება უარს ვერაფერზე, რომ უკვე განვლილი აქვს ცხოვრების დიდი ნაწილი და ახლა უნდა პატარათი დატკბეს. მათ უკვე გამოიარეს სიმკაცრე შვილების აღზრდის დროს. მე ისეთ ასაკში გავხდი ბებია, შემიძლია, კიდევ ავუკრძალო რაღაცები, რაც არ მომეწონება.

– ნაოჭიანი ბებია ნამდვილად არ ხარ, მაგრამ ახლა ისეთი დამოკიდებულება გაქვს პატარასთან, მგონია, რომ მაინც გაგიჭირდება მისთვის რამის აკრძალვა.

– მე საერთოდ არ მიყვარს უზნეო ქცევა. თუ რამე მსგავსს დავინახავ, აუცილებლად ავუკრძალავ და ვეცდები, სწორ გზაზე დავაყენო. არც ის მიყვარს, როცა ბავშვი დაუსრულებლად რაღაცის ყიდვას ითხოვს, მგონია, რომ ბავშვობიდანვე უნდა გამოუმუშავო ზომიერების გრძნობა. ამიტომ, შევეცდები ზომიერების ფარგლებში ყველაფერი იყოს, მაგრამ ზღვარს მიღმა ყველაფერს ავკრძალავ, რაც საჭიროა.

–მგონია, რომ ოჯახში ძალიან ჰარმონიული მდგომარეობა გაქვს: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი. შემოქმედებითადაც აქტიური ხარ. როგორია დღეს მაკას ცხოვრება?

– ჩემი ცხოვრება ახლა დაკვირვების ფაზაშია. ვცდილობ, მცდარი ნაბიჯები არ გადავდგა. მიწევს ასჯერ დავფიქრდე და მერე გადავჭრა. მინდა, გავთვალო, რომ რამე შეცდომა არ მომივიდეს. ეს ისეთი პერიოდია, როცა შეცდომების უფლება აღარ მაქვს არც კარიერაში და არც ოჯახურ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან დაფიქრებული ვარ, ვცდილობ, ყველაფერი ძალიან კარგად გავიაზრო. ბევრი ფიქრი მიწევს. ჰარმონიული პერიოდიც არის, როგორ არა, მაგრამ ეს ჰარმონია, დახუნძლულია ძალიან ბევრი საფიქრალითა და დიდი პასუხისმგებლობებით. ამ პროცესს შფოთვაც ახლავს. ძალიან ბევრი საჭიროებაა და სულ რაღაცაზე მიწევს ფიქრი, მაგრამ კარგია, რომ ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი