შოუბიზნესი

მაკა ზამბახიძე: პირად ცხოვრებაში ჯეკპოტი მოვხსენი

№40

ავტორი: ნონა დათეშიძე 19:00 11.10

მაკა ზამბახიძე
დაკოპირებულია

გამორჩეული საშემსრულებლო მანერის მქონე, საერთაშორისო მასშტაბის დახვეწილი ვოკალისტის, ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაკა ზამბახიძის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის იწვევს მაყურებლის ოვაციას. ბუნებით თბილი და თავშეკავებული მომღერალი ცდილობს, თავისი წილი სიყვარული ყველა მის თაყვანისმცემელს გაუნაწილოს და გამოსდის კიდეც. ახლახან მაკა მუსიკალურ კონკურს „ქავერ შოუში“ გამოჩნდა. ის თავისი სიმშვიდით, ყურადღებით, გამოცდილების გაზიარებით გვერდში უდგას კონკურსანტებს და სცენაზე გასვლამდე ამხნევებს.

მაკა ზამბახიძე: რამდენიმე პროექტის წამყვანი ვიყავი, მაგრამ „ქავერ შოუ“ ჩემი ახალი გამოწვევაა. ასეთი გრანდიოზული და მასშტაბული კონკურსი საქართველოში არ ჩატარებულა და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. სხვათა შორის, ვგრძნობ, რომ სცენაზე გასვლის წინ კონკურსანტების განხნევება და ემოციურად დამშვიდება გამომდის და ჩემით ისინიც კმაყოფილები არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი იქ ყოფნა და მათგანაც დადებითი ემოცია მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნერვიულობენ. ჟიური საკმაოდ ობიექტურად აფასებს კონკურსანტებს და ცოტა მკაცრიცაა. ამიტომ, პირველი კონკურსანტი რომ გადის სცენაზე, სანამ მის გამოსვლას ჟიური შეაფასებს, ოთახში ღელვა იმატებს, ყველა კონკურანტი იმას ფიქრობს, ვაიმე, მე რას ვიზამო. სიმართლე თუ გინდათ, მე პირველი კონკურსანტის სცენაზე გაშვება უფრო მიადვილდება, ვიდრე შემდეგის, რადგან ჟიურიდან გამომდინარე, სიტუაცია უფრო იძაბება. ადეკვატური ღელვა, რასაკვირველია, მეც მახლავს, რადგან ასეთ მასშტაბურ და საპასუხისმგებლო საქმეში ჩავერთე. თუმცა, ფსიქოლოგიურად მომზადებული ვარ და შეძლებისდაგვარად, ვახერხებ კონკურსანტების დამშვიდებას. თუმცა, ყველა კონკურსანტს გააზრებული აქვს, რომ კონკურსზე იმიტომ მოვიდა, რომ თავი დაიმკვიდროს, უნდათ, მაყურებელს შეაყვარონ თავი და მაქსიმალური დადონ სცენაზე, ჟიურის წინ. რასაც ვუყურებ, ძალიან მეგობრულები არიან და ძალიან კარგი დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. ასე რომ, ერთმანეთს ვამხნევებთ (იცინის). რაც შეეხება ჩემს საკონკურსო გამოცდილებას, ბავშვობაში ორ კონკურსში ვარ გამარჯვებული და შემდეგ ორ კონკურსში მაქვს მიღებული მონაწილეობა, ესენია „იმედის ტალღა“ და „იურმალა“.

– თავად თუ მიიღებდი მონაწილეობას კონკურსში, სადაც თავად ამხნევებ კონკურსანტებს?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუმცა, ალბათ, ამ ასაკში – არა. ჩემი სურვილი არასოდეს ყოფილა კონკურსში მონაწილეობა. უბრალოდ, წლების წინ ისე მოხდა, ისეთი მხარდაჭერა იყო და მეც და რატიც იმდენად კარგად შევეწყვეთ, სხვანაირი მუხტი იყო. კიდევ ვამბობ, ჩემი დიდი სურვილი კონკურსები არ არის და ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც უნდა, მარტივად გახდეს პოპულარული, კონკურსი ფანტასტიკური საშუალებაა. შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა გაჩერდნენ და წინ და წინ წაიწიონ. სამწუხაროდ, ბევრი ჩერდება და კმაყოფილდება იმ კონკურსზე მოპოვებული წარმატებით.

– სცენაზე დგომა, გარდა ნიჭიერებისა და კარგი ვოკალური მონაცემისა, მომღერლისგან ენერგეტიკას, პლასტიკას, შარმსა და ისეთ მუხტს მოითხოვს, რომლითაც მაყურებელს „იჭერს“.

– მომღერლის სხივი, სილაღე, ხალხისადმი სიყვარული და ენერგეტიკა – ეს ინდივიდუალურია, შიგნიდან მოდის და ამას ვერ ისწავლი. ეს ჩემში ორგანულადაა. ვფიქრობ, ადამიანი როგორი ხასიათიც აქვს, ისე ატარებს მანქანას, ისე გამოსდის საქმე, ისე მიდის წარმატებით თუ წარუმატებლად. ეს ყველაფერი ხასიათიდან გამომდინარეა. მე ასეთი ხასიათი მაქვს – სცენაზე დგომისას მთლიანად ვერთვები იქაურ მორევში. სცენაზე რომ დგახარ, გარდა პრაქტიკისა და ნიჭისა, აუცილებელია სახასიათო მანერა, ქარიზმა, შინაგანი მუხტი, რაც გაქვს ან არ გაქვს. ამას, ვერ სწავლობ.

– მაკა, ზოდიაქოთი ვინ ხარ? და თვისება, რაც შენს ხასიათში მოგწონს ან პირიქით.

– „თევზები“ ვარ და ვფიქრობ, ყველაზე ადამიანური ზოდიაქოს ნიშანია (იცინის). ისეთი პასუხიმგებლიანი და შრომისმოყვარე ვარ, დრო არ მყოფნის და მინდა, გავუსწრო. ცოტა ფიცხი და მკაცრი ვარ და თუ საქმე არ გამოდის, უხეში და მომთხოვნი ვხდები, რის გამოც შეიძლება, ადამიანს გული ვატკინო.

– ახლა რომ აცნობიერებ, ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო, რაც ცხოვრებაში დაუშვი?

– ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ საგუნდო-სადირიჟორო მაქვს დამთავრებული, პროფესიით დირიჟორი ვარ. შეიძლება, დირიჟორად არ მემუშავა ორკესტრთან, მაგრამ უფრო მეტად ვისწავლიდი და ამ მხრივ მუსიკალურ განათლებას გავიღრმავებდი.

– რა მიგაჩნია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?

– ბავშვობიდან ოცნებად მქონდა დიდ სცენაზე დავმდგარიყავი და ცნობადი მომღერალი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დიდ წარმატებებს, ეს იყო კონკურსი „იმედის ტალღა“, შეუდარებელი განცდითა და სიხარულით და „იურმალა“, რომელმაც დიდი მასშტაბები მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და საიდანაც დაიწყო ჩემი მუსიკალური აღმასვლა და ოცნებების ახდენა. სხვათა შორის, ბავშვობაში რაც მინდოდა და რა ოცნებებიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა.

– ხომ არ ფიქრობ, რომ ადრეულ ასაკში დედობამ კარიერაში ხელი შეგიშალა?

– 18 წლის ასაკში გავხდი დედა და მიმაჩნია, რომ ამან არანაირად არ შემიშალა ხელი კარიერაში. დედა სულ ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა. უბრალოდ, მაშინდელი ოჯახური მიზეზები იყო, რის გამოც ვერ ვმღეროდი. ძალიან ბედნიერი დედა ვარ და უბედნიერესი განცდაა ახალგაზრდა ასაკში ბებიობა. შვილიშვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მასზე ვფიქრობ და მის ენაზე ვლაპარაკობ. რატი დურგლიშვილი მეხუმრება: შენ, მგონი, უკვე გააფრინეო (იცინის). მართლა მაფრენინებს ეს ბავშვი. ზოგადად, ყველაფერში გამიმართლა და მათ შორის, პირადშიც, რომ გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად სიამოვნებს ჩემი წარმატება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბედში გამართლება ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას ჰგავს. ანუ, პირადი ცხოვრება ლატარიას ჰგავს – ან გაგიმართლებს, ან – არა. მე, ამ მხრივ, ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა და გვერდით უსაყვარლესი მამაკაცი მიდგას. ასე რომ, ვერ დავიწუწუნებ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, წარმატება ჩემს ცხოვრებაში მარტივად მოდის-მეთქი. ერთია, როცა ხარ პოპულარული და მეორე – როცა ხალხს უყვარხარ, რასაც სულ ვგრნობ. ბევრი ადამიანი მღერის და შრომობს და რაც მე მოვიპოვე, ანუ ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მძაფრი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად იღბლიანი მომღერალი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა