შოუბიზნესი

მაკა შალიკაშვილი: ვტყუვდები, ოღონდ ცოტა საყვარელ მატყუარებთან

№22

ავტორი: ეთო ხურციძე 21:00 10.06, 2021 წელი

მაკა შალიკაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ მაკა შალიკაშვილთან 👇

სახელი: მაკა.

გვარი: შალიკაშვილი.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მახსენდება შეშის ღუმელი და პატარა ოთახი, სადაც ბევრნი ვცხოვრობდით. ამ ოთახში ყოველთვის იყო ხალხი და სითბო... აღდგომის დღესასწაულზე ჩვენს სოფელში ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე საფლავზე გასასვლელად. ჩვენი ოჯახის გარდა ყველა გადიოდა სასაფლაოზე, რადგან ჩვენ არავინ გვყავდა გარდაცვლილი და ამას ბავშვები ძალიან განვიცდიდით, ვერ ვაცნობიერებდით, რატომ არ გავდიოდით სხვის მსგავსად. ერთხელაც ამის გამო ვტიროდი, ჩემთან მოვიდა მამიდა, რომელიც ბავშვებს ყველაზე მეტად გვიყვარდა და გვითხრა: ნუ ტირი, მე რომ გარდავიცვლები ჩემს საფლავზე გამოხვალო. ელო მამიდა იყო ჩვენი ოჯახიდან პირველი, ვინც იმქვეყნად წავიდა, სამწუხაროდ, ნაადრევად – 45 წლის ასაკში. წავიდა და შემისრულა დანაპირები.

– მშობლების როლი...

– მამა გახლავთ ფირანი-გიორგი შალიკაშვილი, დედა – ეთერ ხუციშილი. მათი მთავარი როლი არის ის, რომ მოვევილნე სამყაროს. მერე დედაშვილობის, მამაშვილობის თემებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ღირებული და დასაფასებელია მათთან ურთიერთობა, პატივისცემა, სიყვარული და იმ იმედის გამართლება, რაც შვილების მიმართ ჰქონდათ. სხვათა შორის, მამას მეორე შვილი ბიჭი უნდოდა, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ძმაკაცი და აზრის გამზიარებელი ჰყოლოდა გვერდში და არა იმიტომ, რომ მამრობითი სქესის ყოფილიყო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ის თვისებები მაქვს, მამას რის გამოც უნდოდა, ბიჭი ჰყოლოდა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– დიქტორი. სარკესთან ვიჯექი და ვითომ ტელევიზორი იყო, ვლაპარაკობდი, ვესალმებოდი ადამიანებს და ვკითხულობდი გაზეთიდან ყველაფერს: ვინ სად წავიდა, მთავრობის სხდომა სად გაიმართა, ვინ დაიჭირეს, ვინ გვარცხვენს, ვინ გვეამაყება... ვკითხულობდი ბევრ ლექსს და ეზოში როცა ვიჯექი, სოფელში ყველამ იცოდა, რომ მაკა კითხულობდა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– საოცრად მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ბავშვობიდან მხიბლავდა მათ წინაშე საკუთარი თავის პრეზენტაცია და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ალბათ, ეს არის ის, რაც მსახიობებს დღესაც კი მოსწონთ საკუთარ პროფესიაში. დღემდე მგონია, რომ სახლშიც კამერა დამყვება, ვიღაც მიღებს და რომ ყველგან კამერაა ჩართული და ჩემს ცხოვრებას სულ აკვირდებიან. ეს ყველაზე დიდი კინოა ჩემს ცხოვრებაში, სადაც მე ვთამაშობ მთავარ როლს და ჩემი რეჟისორი არის უფალი. ამ როლით წარვსდგები ოდესღაც მის წინაშე. თუ დღეს გულნატკენი ვარ, როგორც ბევრი მსახიობი და კინოში არ მიღებენ, ჩემს როლს ნათლად თუ ფარულად ყოველდღურად ვთამაშობ.

– ჩემი მეტსახელი...

– გვარიდან გამომდინარე „შალეს“ მეძახდნენ და „სარდაფის თეატრში“ რომ ვიყავი, მაშინ შემარქვეს შალიკო. ამ სახელს რამდენიმე ადამიანი დღესაც მეძახის, მაგრამ სრულიად უცხომაც მომმართა რამდენიმეჯერ და გულწრფელად გამიხარდა – კარგ პერიოდს მახსენებს, თან, მასში სიყვარული და იუმორი იგრძნობა.

– ადამიანში ვაფასებ...

– ყველაზე ღირებული და დასაფასებელი გულწრფელი და მართალი ადამიანებია. ყველაზე საშინელება კი სიყალბეა, როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაშიც. ის სცენაზე მაშინვე ჩანს და იგრძნობა, ვერ დამალავ. დღეს ცხოვრება უნიჭო თეატრი გახდა, სცენიანყველაფრიანად და ეს ძალიან გულდასაწყვეტია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატება არის მუდმივი პროცესი, შრომა და საკუთარ მანკიერებებზე გამარჯვება. საშიშია წარმატება, რადგან ის ტაში, რომელსაც შეიფერებ, წინსვლისკენ გაბრკოლებს. ამ ტაშის მერე ხდება კატასტროფა, რადგან თვითკმაყოფილების განცდა გეუფლება. მერე ამ წარმატებას დროში აბრუნებ და საბოლოოდ არაფერი გრჩება. მაგალითად: გუშინ ტაში დამიკრეს, გუშინწინ ტაში დამიკრეს და ასე გრძელდება. რეალურად კი, არა გუშინდელი და გუშინწინდელი, არამედ დღეს რა ქენი, ეგაა ნამდვილი წარმატება.

– მწამს...

– სიკეთისა და სიმართლის, რომელმაც შეიძლება, გვეგონოს რომ დააგვიანა, მაგრამ ყველას მიეგება თავისი საქციელისა და მოქმედების საზღაური – კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ვამბობთ: უფალმა დასაჯა. უფალი არის სიკეთე და სიყვარული, მას სურს, რომ ჩვენ, ყველანი, კარგად ვიყოთ და ის არავის სჯის. თუ ჩვენ ვაკეთებთ საშინელებებს, უფალი კი არ გვსჯის, არამედ ჩვენი საქციელები. როგორიცაა შენი გული და დამოკიდებულება, ისე მოგეზღვევა.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– სიყვარული და სიკეთეა. ოთარ ჭილაძეს თავის ლექსში მსგავსი შინაარსი აქვს გადმოცემული: სულ ვფიქრობდი სად იყო ღმერთი, ყველგან ვეძებდი. ერთ დღესაც ხის მაგიდაზე ამოვკაწრე რაღაც და რომ დავხედე, მივხვდი, მე ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ ჩემში იყო ღმერთი, სიკეთე, ბოროტება, ქარიც, ზღვაც, დედამიწაც და ყველაფერი, ყველანაირი შეგრძნება. მთავარია, აღმოაჩინო ეს და შენში გამოკვებო, გაზარდო სიკეთის ძალა, რომელიც არის ღმერთი.

– ვრისკავ...

– გაუაზრებლად არა. ყოველთვის გადავხედავ ხოლმე ჩემს შესაძლებლობებს, ვიცნობ ჩემს იღბალს და ვიცი, რაში გამიმართლებს, ამიტომ, ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. ხშირად ჩემი კარგი მეგობრების გვერდში დგომით გამირისკავს, მათი წაშველებითა და დახმარებით. ლექსების კითხვაც რისკი იყო ჩემთვის, რადგან შეიძლებოდა, ქვა დამემსახურებინა, ოღონდ არა ხალხისგან, არამედ საკუთარი თავისგან. აი, ეს ნასროლი ქვა კი ყველაზე რთულია, ისე ვინ რა უნდა დამაკლოს.

– მაკვირვებს...

– ის, რომ მატყუებენ. დღეს ძალიან ბევრი უტიფრად მატყუებს. ამ დროს ძალიან მეცინება ხოლმე და მეც ვითომ ვტყუვდები. ოღონდ ცოტა საყვარელ მატყუარებთან. თუმცა, თუ სიტუაცია მძიმდება, იქ უკვე უმართავი ვხდები. უნიჭო ადამიანები არ მიყვარს, რადგან ყველა უნიჭო ბოროტია.

– ბედისწერა...

– არსებობს, რა თქმა უნდა და ჩვენი ბედი არის დაწერილი.

– სიყვარული...

– ადამიანის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ძალიან რთულია.

– დრო და სიყვარული...

– ყოველდღიურობა კლავს და აფერმკრთალებს სიყვარულს, მაგრამ შენ უნდა შეძლო და იბრძოლო, რომ მაინც გიყვარდეს განურჩევლად ყველა და ყველაფერი. უნდა შეძლო და სიყვარულით ცხოვრების სიძნელეების მიუხედავად, გაიმარჯვო უსიყვარულობაზე.

– მეშინია...

– საყვარელი, ახლობელი ადამიანების დაკარგვის ყველანაირი გაგებით.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს.

– სამაგიეროს გადახდა...

– მიცდია და გადამიხდია კიდეც.

– შემშურებია...

– კი, ადამიანური თვისებაა, მაგრამ ეს შური მხოლოდ და მხოლოდ მოტივაციისთვის გამომიყენებია.

– ვნანობ...

– იმას, რომ რაღაც ვერ გამიკეთებია და რომ ვერ ავმაღლებულვარ ადამიანურ მანკიერ თვისებებზე.

– ვაგროვებ...

– ფულის შეგროვება მიყვარს და ამის გამო ბევრს აქვს ხოლმე ჩემი იმედი. ოხრად არ დამრჩეს ეს შეგროვებული ფული, ეგ არის ყველაზე მთავარი (იცინის).

– არასოდეს დამავიწყდება...

– „სარდაფის თეატრში“ ჭოლამ რომ ამიყვანა თავის სპექტაკლში და მაყურებლის პირველი ტაშით ყურები რომ დამიგუბდა.

– თავისუფლება არის...

– შენი მანკიერებისგან და სხვისთვის საზიანო სურვილებისგან გათავისუფლება.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ეპიდემიამ.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ერთხელ ბატონ რეზო ესაძესთან ვიყავით. საინტერესო თემაზე საუბრობდა და მის წინ ჩავჯექი მოსასმენად. მაშინ მითხრა: მაკა, ადექით, თქვენ ქალი ხართ. ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე სულ, როცა ჩაჯდომას დავაპირებ ხოლმე.

P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის აკო ფურცხვანიძეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი