მაკა რაზმაძე: რაღაც საკითხებში მოთმინების უნარი არ მაქვს და პირდაპირ რქებით მივდივარ წინ
ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 27.04, 2021 წელი

ბლიცინტერვიუ მაკა რაზმაძესთან👇
სახელი: მაკა.
გვარი: რაზმაძე.
პროფესია: ჟურნალისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ეზოში გვყავდა დიდი ძაღლი, ბულდოგის ჯიშის, რომელსაც ლაიმა ერქვა. ყველას ეშინოდა მისი და ჩემ გარდა არავის იკარებდა. ძალიან მიყვარდა და სულ ვეთამაშებოდი ხოლმე, ფოტოც კი მაქვს გადაღებული, რომელიც დღემდე მაქვს შემორჩენილი – ლაიმას კუდზე ვექაჩები. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, გაჭირვებისა და სირთულეების გარეშე.
– მშობლების როლი...
– მშობლებს განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს ყველა ადამიანის ცხოვრებაში. მე უფრო ბებიას გოგო ვარ, რადაგან მან გამზარდა. ჩემი მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. მოსკოვში სწავლობდნენ, მე კი პირველი შვილი ვიყავი და ბებიასთან ვიზრდებოდი. მახსენდება ხოლმე, როგორ მიდიოდნენ მშობლები „სხვაგან“. ბავშვობის მოგონებებში კადრებად გადადის აეროპორტის გამყოფი ხაზი, სადაც დედა და მამა გადიოდნენ და მე კი იქ გასვლა არ შემეძლო, თუმცა ამას სულ არ ვუყურებ ტრაგიკულად. ბებია ისე მიყვარდა, როგორც კი მოვტრიალდებოდი, მაშინვე მავიწყდებოდა ყველაფერი და საერთოდ არ განვიცდიდი.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– პატარაობიდან ყველას მსახიობობა უნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. თავიდან არ მინდოდა ეს პროფესია და რომ გავიზარდე, მერე ჩავაბარე. პატარაობაში დიდად არც მახსოვს, რა მინდოდა, გამოვსულიყავი, ერთი ის ვიცოდი, რომ კეთილი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი – ბოროტების მეშინოდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ჩვენი ოჯახის მეგობარი მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის ახლად ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა თეატრში. ამ ადამიანმა მე და ჩემი ოჯახი დაგვპატიჟა სპექტაკლზე, მაშინ მერვე-მეცხრე კლასელი ვიქნებოდი. ისე მომეწონა იქაურობა, შოკში ჩავვარდი და ერთი ამბავი ავტეხე: მსახიობი მინდა, გამოვიდე და თეატრში ვიმუშავო-მეთქი. ვინც თეატრში დაგვპატიჟა, მან მითხრა, რომ მათთან აბიტურიენტებიც მუშაობდნენ და მივსულიყავი და მეც მეცადა, ოღონდ თვითონ ვერ დამეხმარებოდა. მივედი და მიშა თუმანიშვილი ეროსი მანჯგალაძის კაბინეტში დამხვდა. სკოლის მოსწავლე რომ დამინახეს, გაგიჟდნენ, და აქ რა გინდაო, მკითხეს. თქვენთან მუშაობა-მეთქი, ვუპასუხე. კი, მაგრამ, რა უნდა გააკეთოო? რასაც მეტყვით, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი, – ისევ დავუბრუნე პასუხი. დაგვი? შემეკითხნენ. კი, რა მოხდა, თუ რამე დაიყრება, დავგვი, სახლსაც ხომ ვგვი და თეატრიც სახლივით არის-მეთქი. მიშა თუმანიშვილს გაეცინა და რა ვქნათო, იკითხა. რა უნდა ვქნათ, სახლში მოსულა ბავშვი და უნდა მივიღოთ, აბა, რა უნდა ვქნათო, – ეროსიმ და ასე მოვხვდი თეატრში. იმ პერიოდში მიშამ სამსახიობოს პირველი კურსი აიყვანა და მე დასწრების უფლება მომცა. შემდეგ უკვე თეატრალურში ჩავაბარე და კინოსა და დრამის სამსახიობო ფაკულტეტზე მოვხვდი. რაც შეეხება ჟურნალისტიკას, ეს იყო მოგვიანებით, უნივერსიტეტის შემდეგ. რატომღაც, ბედი ყოველთვის მანებივრებდა დიდ ადამიანებთან ურთიერთობით. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მერაბ კოსტავასთან მოვხვდი და გავიცანი, მანამდე ვიცნობდი გია ჭანტურიას და მეც თავიდან ბოლომდე გადავეშვი ეროვნულ მოძრაობაში. მერაბის მეგობარი იყო არჩილ გოგელია, რომელიც ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. მან მითხრა, რომ ქმნიდა ალტერნატიულ რედაქციას, ვჭირდებოდი და მასთან მივსულიყავი. აქედან აღმოვჩნდი ტელევიზიაში და პირდაპირ ეთერში დამსვეს წამყვანად. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეროვნული მოძრაობის ამბებს აშუქებდა. პირველი პირდაპირი ეთერი ზვიად გამსახურდიას ჩემთან ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამის კადრები დღემდე ვერ მოვიპოვე.
– ჩემი მეტსახელი...
– სხვათა შორის, არ მიყვარს მეტსახელებით ადამიანებთან ურთიერთიბა და მეც არასოდეს მქონია. ზურგს უკან ვინმე რამეს თუ მეძახდა, ეგ არ ვიცი.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანი რომ ხარ, ესაა ყველაზე ღირებული, რადგან არც ისე მარტივია, იყო ადამიანი. ჩემთვის ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ერთგულებად ვთვლი, როცა შენ არ ხარ კონკრეტულ სიტუაციაში და შენი მეგობარი ისე დაგიცავს, რომ შეიძლება, ეს ამბავი ვერც კი გაიგო. ღალატი ყველაზე საშინელი რამაა ყველა ადამიანისთვის, ამიტომ თუ ადამიანს ღალატი არ შეუძლია, ეს არის ჩემთვის ღირებული და ფასეული.
– წარმატებული ადამიანი არის...
– წარმატებული ადამიანი არ შეიძლება, იყოს ერთნაირი და რაღაც ერთ ყალიბში ჩამოსხმული. ყველა განსხვავებულია: ზოგი მდიდარი ოჯახიდან გამოდის და ხდება წარმატებული, ზოგი ნულიდან იწყებს, ზოგი – შიმშილობიდან... სხვადასხვანაირია ჩემთვის წარმატება და წარმატებული ადამიანები. წარმატებაში ბედიც დიდ როლს თამაშობს, შენი ბედისწერის თეთრი რაში რომ ჩამოგიქროლებს, უნდა დაინახო და მოახტე, თუ არ მოახტები გვერდზე სირბილით მაინც გაჰყევი (იცინის).
– მწამს...
– ღმერთის, მეგობრების, ადამიანური ურთიერთობების... კოსმოსის მწამს და იქაური ენერგეტიკის, აქედან რასაც აუშვებ, ის სარკესავით აირეკლავს და აუცილებლად უკან დაგიბრუნებს.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– საყვარელია ძალიან, ხანდახან ცოტა ნაწყენი ვარ ხოლმე და ვუბრაზდები, ხანდახან არ ესმის ჩემი და მინდა, რომ მოვახედო და გავაგონო. ისიც ვიცი, რომ არ სცალია, რადგან ჩვენ ბევრნი ვართ და თვითონ კი ერთია. მას კი ჰყავს ანგელოზები, მაგრამ ისინი ცოტა ზარმაცები არიან, ჩვენთვის არ სცალიათ და უფრო იპრანჭებიან ხოლმე. ღმერთი ეუბნება ანგელოზს, რაღაც უნდა და თუ იმსახურებს, შეუსრულე, მას კიდევ ეზარება, არადა შენ ამ დროს ელოდები, ელოდები და ლოდინისგან დაღლილი მერე ღმერთზე ბრაზდები, სინამდვილეში, კი ანგელოზია დამნაშავე (იცინის). მე ასე წარმომიდგენია.
– ვრისკავ...
– ზედმეტადაც კი. ასეთი რისკიანი რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლება, უფრო მეტი მქონოდა წარმატება, ბედნიერება, სიყვარული... რაღაც საკითხებში მოთმინების უნარი არ მაქვს და პირდაპირ რქებით მივდივარ წინ. არადა ცოტა უნდა მოითმინო ხოლმე...
– მაკვირვებს...
– კეთილი და ბოროტი ადამიანი. ნამდვილი სიყვარული მაკვირვებს აღფრთოვანებით.
– ვერიდები...
– უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაგდებას და ვცდილობ, მოვერიდო ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ მაფასებენ და არ ვუყვარვარ. არც მქონია მცდელობა, ვინმესთვის თავი შემეყვარებინა, არ მაინტერესებს მსგავსი რამეები, არ ვუყვარვარ? მეც არ მინდა.
– ბედისწერა...
– ანგელოზებმა იციან ხოლმე, უცებ ჩამოგიგდებენ ბედისწერას და აბა, თუ გაგარტყამენ თავში. ის, რომ მარტო ბედისწერა წყვეტს ყველაფერს და შენ წამოწოლილი უნდა იყო ან ის, რომ უკვე შენი სცენარია დაწერილი, ამ ყველაფრის არ მჯერა, სისულელეა. ზემოდან უცებ ჩამოგდებული ბედისწერის მჯერა.
– სიყვარული არის...
– ძალიან უცნაური რამ. აღმაფრთოვანებს, როცა ადამიანს შეუძლია, მეორე ადამიანი აბსოლუტურად არაფრის გამო შეიყვაროს, როცა არც მისი ახლობელია, არც შვილია და მისი არც არავინ არაა, უბრალოდ, ადგა და შეიყვარა. ეს უდიდესი ნიჭია და ყველას არ აქვს, რადგან ხშირად ასეთი უანგარო სიყვარული ამოჩემებაში ეშლებათ ხოლმე. ცალმხრივი სიყვარულის არაფერი მწამს, ვერ წარმომიდგენია, ადამიანს არ მოსწონდე, მისგან ქიმია არ მოდიოდეს და შენ გიჟივით გიყვარდეს. ეს არის აკვიატება, ამოჩემება და საკუთარი თავმოყვარეობის შელახვა. ჩემთვის სიყვარულია, როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი და ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთის ბედნიერებისთვის.
– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...
– თითქმის არაფერი აღარ არის უპატიებელი. იმდენი მეწყინა, იმდენი მეტკინა, მერე იმდენი ვაპატიე და იმდენი დავივიწყე, რომ ერთ რაღაცას მივხვდი – აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. არ უნდა იცხოვრო ვიღაცაზე წყენით, რადგან იმ ვიღაცას ეს სულ არ აინტერესებს და რეალურად მარტო შენ წვალობ და შენ გაქვს გული დაწყვეტილი, შენ იტანჯები და შენ ხარ გაბოროტებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყენა არ მაქვს, როცა ცუდად მომექცევიან, გულიც დამწყდება და მეწყინება კიდეც, მაგრამ ვცდილობ, ეს დიდხანს არ გაგრძელდეს.
– მეშინია...
– მარტო დარჩენის და ვირთხების – ყველანაირი გაგებით...
– მაბრაზებს...
– რეალურად ყველას სისულელეები გვაბრაზებს. ერთხელ გავრბაზდით ქართველები და 9 აპრილი მოხდა და ქვეყანა შევცვალეთ, აი, ეს იყო გაბრაზება და ასეთი გაბრაზების მესმის. ისე, პატარ-პატარა გაბრაზებები კი ყველას მალევე გვავიწყდება.
– შემშურებია...
– ალბათ, კი, როგორ არა. შური ხომ ცუდი რაღაცაა და ყველა ამბობს, რომ ჩემში არ არისო. მე ასე ვიტყვი, შურიანი არ ვარ, მაგრამ მეც მინდა ხოლმე ვიყო სხვასავით ლამაზი, მქონდეს ისეთი პომადა, როგორიც მას აქვს და ასე შემდეგ (იცინის). ეს – ხუმრობით. ზოგადად, შურში იგულისხმება, რომ განცდის გამო, რაღაც საქციელს ჩადიხარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია.
– სამაგიეროს გადახდა...
– ჩემი თვისებაა, რომ არასდროს არავის ვუხდი სამაგიეროს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. ჩემი ყველაზე დიდი სამაგიერო და ადამიანის დასჯა არის, რომ ვტრიალდები და მივდივარ, სამუდამოდ ვწყვეტ მასთან ურთიერთობას.
– ვიტყუები...
– იშვიათად. შეიძლება, არ ვთქვა რაღაც, მაგრამ, რომ მოგატყუო, ასეთი რაღაც არ მახასიათებს, ჩემმა მეგობრებმა ეს იციან. ერთი მეგობარი რომ რაღაცას მეტყვის და მთხოვს, რომ არავის ვუთხრა, როგორც უნდა მეხვეწოს მეორე მეგობარი, ვერ ვეტყვი, ვითომ არ ვიცი და მორჩა. ეს რამდენად ითვლება ტყუილში, არ ვიცი.
– ვნანობ...
– ბევრ რამეს ვნანობ, განსაკუთრებით იმას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება რაც იყო – ბევრი შვილი და დიდი ოჯახი, ვერ ავისრულე. ჩემს ბრძოლებში და აქეთ-იქით სიარულში დრო ისე გავიდა, რომ დღეს არ მაქვს დიდი ოჯახი და არ მყავს შვილები. ეს ისეთი სინანულია, რომელსაც სამწუხაროდ, ვერასოდეს გამოვასწორებ...
– მარტოობის განცდა...
– ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის მეც, მაგრამ რომ გითხრათ, მარტოობით ვიტანჯები და ვითრგუნები-მეთქი, არა. მიჩვეული ვარ და არ მაქვს ამის პრობლემა.
– რთული პერიოდი...
– მქონია და არაერთი, მაგრამ, როცა ახალგაზრდა და პატარა ხარ, ყველაფერს ბევრად მარტივად იტან. როცა სამსახური დავკარგე და თან, მალევე ოჯახი დამენგრა, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, ოღონდ ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ.
– თავისუფლება არის...
– ის, რისითვისაც დავიბადეთ ადამიანები. დედამიწა იმისთვის არსებობს და ტრიალებს, რომ თავისუფლები ვიყოთ.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ეს მოხდა რამდენჯერმე: ერთი იყო, როცა თეატრში მივედი, მაშინ ყირაზე დადგა ჩემი ცხოვრება; შემდეგი იყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრება შეცვალა და პროფესიიდან გამომდინარე, პირველი წარმატება, როცა ქუჩაში გავედი და ყველა მცნობდა. იმდენად ჩართული ვიყავი საქმეში, ისეთ ცხელ წერტილებში დავდიოდი, რომ არ მეცალა იმის აღსაქმელად რატომ მიცნობდა ყველა, ამით ტკბობის დრო არასოდეს მქონია, რადგან ეს იყო ძალიან დიდი შრომის შედეგი. ქუჩაში ხალხი რომ მხვდებოდა და მიღიმოდა, მეგონა, თმა მქონდა ცუდად ან პომადა მესვა არასწორად და სასაცილო ვიყავი, მერე უკვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და შევეჩვიე.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– როცა მერაბ კოსტავასთან მეგობრობის ბედნიერება მქონდა, მაშინ მითხრა: ჩევნ ვებრძვით სისტემას და არა ადამიანებს, არასდროს შეებრძოლო ადამიანებს, რადგან საბოლოოდ, ის ადამიანი განადგურდება და სისტემა კი დარჩება. ის ადამიანები ჩვენს მხარეს უნდა გადმოვიბიროთ და არა ვებრძოლოთო. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამხსენებია ეს რჩევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან