მაკა ხიზანიშვილი: ვთქვი,70 წლის უნდა გავთხოვდე-მეთქი,ჯერ 13 წელი დრო მაქვს
ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 16.03
ყოფილმა წყალბურთელმა, ბოდიბილდერმა და მასტერ მწვრთნელმა, მაკა ხიზანიშვილმა, ახლახან პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა და სახე გადაიჭიმა. ამბობს, რომ დიდი ხანია, უნდოდა, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო თავს იკავებდა. თუმცა, ივა კუზანოვის კლინიკაში კონსულტაციაზე მისულს, დრო ფიქრში არ დაუკარგავს, გარისკა და ნამდვილად საოცარი შედეგი მიიღო. ამბობს, რომ სარკეში ჩახედვისას ხედავს, ოპერაციის მერე როგორ ჩამოაკლდა ოცი წელი და როგორ გაახალგაზრდავდა.
მაკა ხიზანიშვილი: არასდროს ვყოფილვარ პლასტიკური ქირურგიული ჩარევის წინააღმდეგი, თუ ეს საჭიროა და ადამიანს სურვილი აქვს, გაახალგაზრდავდეს, აუცილებლად უნდა გაიკეთოს. უბრალოდ, ფილერებით დაბერილები და ბოტოქსებით დასივებულები რომ არიან, ეგ არ მომწონს. ადრეც მინდოდა სახის გადაჭიმვა, მაგრამ შეჯიბრებაზე ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას და ამიტომ შევჩერდი და გადავიფიქრე. ერთ დღესაც, შემთხვევით, ქუჩაში კუზანოვის კლინიკის დირექტორი, ავთო ტუღუში შემხვდა, რომელიც დაახლოებით, 15 წლის წინ ჩვენს დარბაზში ვარჯიშობდა და ვიცნობდი. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვესაუბრე სერიალზე, სადაც მიღებენ და საუბარს მოვაყოლე, ჩემი სახე არ მომწონს-მეთქი. არაფერი მითხრა, ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სამსახურში რომ მისულა, ივასთან ულაპარაკია ჩემზე. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა, კლინიკაში დამიბარა, მივედი და იმდენად პროფესიონალები არიან, ისე ამიხსნეს ყველაფერი, მათ სიტყვას ვენდე, ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე, სახის გადაჭიმვის ოპერაცია გამეკეთებინა. ჩემს მეგობრებს და კოსმეტოლოგს ვუთხარი, სახის გადაჭიმვის ოპერაციას და ფეის ლიფტინგს ვაპირებ და თქვენ რას მეტყვით-მეთქი და ყველამ ერთხმად მითხრა: „არც დაფიქრდე!“ თან, ივა კუზანოვთან რომ მივედი, დამაიმედა, ეს არაფერია, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია მარტივი იქნება და სამ კვირაში ვარჯიშს დაიწყებო. მეც გადავწყვიტე, გავიკეთე სახის გადაჭიმვა და დღეს, 56 წლის ასაკში, სარკეში რომ ვიყურები, ვხედავ, როგორ გავახალგაზრდავდი, მინიმუმ, ოცი წლით. ადამიანი ასაკში რომ შედის, კანი ეშვება, ცხვირი და ტუჩი ფორმას კარგავს და ახლა, ოპერაციის მერე, ცხვირიც ამეპრიხა, ყვრიმალებიც გამოიკვეთა, შუბლისა და ლოყის კანიც გადაიჭიმა და ტუჩმაც დაიბრუნა ძველი ფორმა. ივლისში პრაღაში წასვლას ვგეგმავ და ახალი პასპორტის აღება მომიწევს. აბა, ამ ძველი პასპორტით საზღვარზე ნამდვილად არ გამიშვებენ, იმ ფოტოში სულ სხვა მაკა ვარ და ახლა კი რეალურად სულ სხვანაირად გამოვიყურები. ბოლომდე რომ ჩამიცხრება სახე, აუცილებლად გადავიღებ ფოტოს და ახალ პასპორტს ავიღებ.
– ბევრი ადამიანი, პლასტიკურ ოპერაციას მალავს. შენ კი პირიქით, აქტიურად დებ ვიდეოებს და საზოგადოებას ოპერაციისა და რეაბილიტაციის შესახებ უყვები. რატომ?
– სოციალურ ქსელში ვიდეოებს ხშირად იმიტომ ვდებ, რომ ვისაც ეშინია და თავს იკავებს ამის გამო, ნახოს რამდენად ადვილია ოპერაციაც და რეაბილიტაციაც. ბოლოს სარკეში რომ ვიყურებოდი, ყელის ქვევით ვამჩნევდი, რომ კანი საგრძნობლად მქონდა დაწეული. შეჯიბრებაზე გასასვლელად რომ ვემზადებოდი, წყალსა და ცხიმს არ ვიღებდი და ეს პირდაპირ აისახებოდა კანზე. თან, 56 წლის ვარ, წელს ზაფხულში 57 წლის ვხდები, პატარა ხომ არ ვარ, სხეულის ფორმებს ვარჯიშით ვინარჩუნებ, მაგრამ სახის კანის მოშვებას, ვერანაირი ვარჯიშით ვერ შეაჩერებ. ფაქტობრივად, სახის ძვლებზე მქონდა კანი გადაკრული და ჩემი ვიზუალი არ მომწონდა. ფოტოებს ისე ვიღებდი, რომ არ გამოჩენილიყო. მოკლედ, სასწაული შედეგი მაქვს, ძალიან მომწონს და უკვე წარმომიდგენია, სახე რომ ბოლომდე ჩაცხრება, რა ლამაზი ვიქნები. მეგობარს ვეუბნებოდი, მალე საპენსიო ასაკი მიწევს და ასეთ ფორმაში, შორტითა და ტოპი მაისურით რომ მივალ, დიდი რისკია, არ მომცენ და უპენსიოდ დავრჩე-მეთქი (იცინის). ასე რომ, როცა სახე ჩაცხრება და სილურჯეები გადავა, ფოტოსესიას მოვაწყობ, ლამაზ ფოტოებს გადავიღებ და აუცილებლად ნახავთ ჩემს გარდასახვას. სხვათა შორის, რეაბილიტაციის პერიოდში ვიდეოები რომ დავდე, ბევრმა მომწერა, ჩვენც გვინდა, გვეშინოდა, ბოლო შედეგს ვნახავთ შენზე და მერე გავრისკავთო. ასე რომ, ბევრისთვის სტიმული გავხდი.
– რამდენ ხანს მიმდინარეობდა ოპერაცია?
– მე მეგონა, ოპერაცია 4-5 საათი გაგრძელდებოდა, მაგრამ 7 საათი მიმდინარეობდა. დიდი ხანი რომ გაგრძელდა, ჩემმა შვილმა და მეგობრებმა ისე ინერვიულეს, კლინიკა ააწიოკეს (იცინის). მთავარია, ახლა საკუთარ სახეს რომ ვხედავ, ნამდვილად არ ვნანობ, ის შვიდი საათი საოპერაციოში რომ გავატარე. არც ნაოჭი მაქვს და არც ყელის ქვემოთ ჩამოწეული კანი. მთავარია, ახლა თავს მოვუარო, დაკლება არ შეიძლება, ცუდად იმოქმედებს. ათი წელი პატარა გოგო ვიქნები და ათი წლის მერე, თუ არ მომეწონა ჩემი ვიზუალი, კიდევ გავიკეთებ. ზოგადად, რისკიანი ადამიანი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ვრისკავ. ყველა მეუბნებოდა ცოცხალი, ჯანმრთელი კბილი არ გაიქლიბოო, მე კი მინდოდა, „ჰოლივუდის“ ღიმილი მქონოდა, გავიკეთე კბილები და ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ვერ გარისკავდა ვერც ჯანსაღი კბილების გაქლიბვას და ვერც პლასტიკურ ოპერაციას, მაგრამ მე გავრისკე და ძალიან კმაყოფილი ვარ. სილამაზეს თუ ეხება საქმე, რისკიანი ვარ. თან, ყოველთვის ჭკვიანურად ვრისკავ, შინაგან ხმასაც ვენდობი და მიმართლებს.
– რისკი პირად ცხოვრებასაც ეხება?
– არა, პირად ცხოვრებაში არ ვრისკავ. პირადში, გარისკვა არ ღირს.
– მაკა, გულწრფელად მიპასუხე, წლების მატებას არ განიცდი?
– არა, წლების მატებას საერთოდ არ განვიცდი. ჯანზე ვარ, „ვიდზე“ ვარ, სახე არ მომწონდა და ესეც გადავიჭიმე. სხვათა შორის, სახის გადაჭიმვამ შინაგანადაც შემცვალა, ისეთი ბედნიერი ვარ. თან, ამ გადაჭიმულ სახეზე, ჩემი „ჰოლივუდური“ ღიმილიც დამაკვდა (იცინის).
– სერიალ „ტახი მახოში“ გამოჩნდი. როგორ მოხვდი იქ და როგორ მოირგე სამსახიობო კარიერა?
– ჩემს პროდიუსერს, ლევან მორბედაძეს ალეკო მალხაზიშვილი დაუკავშირდა, უთხრა, სერიალ „ტახი მახოს“ ვიღებთ და მესამე სეზონში მაკას მოწვევა გვინდა ერთ-ერთი გმირის როლზეო. ლევანმა – წამოდი, ვნახოთ, რა ხდებაო. რომ მივედი და სცენარს გავეცანი, მომეწონა, ჩემს ხასიათში იჯდა. ასე რომ, სერიალში თამრო ვარ, ქორწილიდან კაცი მოვიტაცე, ყველას ჩემი ეშინია... ბევრი ტექსტი არ მაქვს, მაგრამ სახის გამომეტყველებით ვსაუბრობ (იცინის). შოთიკო ნოზაძე რომ უნდა მომეგდო ზურგზე, წელი რომ არ მტკენიდა, მოჭიდავეებმა მასწავლეს, როგორ ამეწია ადგილიდან. ვერ გეტყვით, 86-კილოიანი შოთიკო, რამდენჯერ მოვიგდე ზურგზე, რამდენი დუბლი დაგვჭირდა გადასაღებად (იცინის). სულ მინდოდა მსახიობობა, ოცნებად მქონდა და კი ავიხდინე ეს ოცნება სერიალში გამოჩენით.
– მახსოვს, სოციალურ ქსელში პირველად რომ გამოჩნდა შენი ვიდეოები – მოღებულ ულამაზეს კაბაში ცეკვა გივი სიხარულიძესთან და საცურაო კოსტიუმში თოვლში გართობა გია ჯაჯანიძესთან ერთად, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
– არ დამავიწყდება, გივი სიხარულიძესთან რომ ვცეკვავდი და ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გამოჩნდა, დაკუნთული ტანის გამო მიწაში ჩამდო საზოგადოების ნაწილმა, ამბობდნენ: ტრანსიაო.. გივი ვაჟკაცობაზე თავს დებს და ტრანსს ეცეკვებაო (იცინის). მახსოვს, გივი სულ გაგიჟდა ამაზე. ახლაც მწერენ – ქალი ხარ თუ კაციო და მე ვეუბნები კაცი ვარ-მეთქი (იცინის). თან ისეთები მიწერენ, რას ჰგავხარო, მათ გვერდზე რომ გადახვიდეთ და ნახოთ სიცოცხლე აღარ მოგინდებათ. ადრე შეხვედრაზეც მწერდნენ, ახლა – აღარ. პირადი ცხოვრება დაბლოკილი მაქვს და ასე მშვენივრად ვგრძნობ თავს. შემოსავალი მაქვს, რასაც მინდა, ვაკეთებ, სამსახური მაქვს, წარმატებული ვარ ჩემს სფეროში, უცხოეთშიც მეპატიჟებიან სამუშაოდ, მაგრამ აქ, ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნია, ცნობადი ვარ, ქუჩაში ხალხის სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ და რატომ უნდა ვუჩიოდე ბედს? შვილი მყავს, შვილიშვილები, ჯანმრთელად ვართ, შემოსავალს არ ვუჩივი, ახალგაზრდულად გამოვიყურები და მეტი რაღა მინდა? ახლა, ოპერაციის მერე, სილურჯე რომ გამივა და დავდებ ფოტოებს, ალბათ, დამიწერენ, ძლივს არ დაემსგავსა ქალსო (იცინის). სხვისი არ ვიცი, მაგრამ რა გზაც დღემდე გამოვიარე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და პირადი ცხოვრების აწყობა რომ მინდოდეს, არც ესაა პრობლემა. ერთხელ ვთქვი, 70 წლის უნდა გავთხოვდე, მანამდე არა-მეთქი და ჯერ 13 წელი დრო მაქვს (იცინის). ასე რომ, 70 წლის გავთხოვდები და ისეთ ტანზე ვიქნები, თეთრ კაბასაც ჩავიცვამ, ზურგზე ამოჭრილს და გვერდით ჩაჭრილს. თან, ახალგაზრდა ქმარი უნდა მყავდეს. იმიტომ მინდა 70 წლის ასაკში გათხოვება, სამოგზაუროდ რომ წავალ, ახალგაზრდა ქმარი მედგეს გვერდით (იცინის). ასე რომ, ჩემი გათხოვებით საზოგადოებას მეორედ 13 წლის მერე, კიდევ ავალაპარაკებ (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





