შოუბიზნესი

მაკა ძაგანია: თუ ჩავთვლი საჭიროდ, შეიძლება, იქ გადავხტე, სადაც არ ვიცი, მიწა დამხვდება თუ არა

№44

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 08.11, 2021 წელი

მაკა ძაგანია
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ მაკა ძაგანიასთან 👇

სახელი: მაკა.

გვარი: ძაგანია.

პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბაღის მოგონება მახსენდება მწარედ. მაშინ კომუნისტების დრო იყო და ბოლო წელს, სკოლაში მისვლამდე, ბაღში მიმიყვანეს. ჯგუფში რომ შევედი, ჩემ გარშემო ბავშვები ტიროდნენ, უცხო გარემო იყო და მეც დავიწყე ტირილი. პედაგოგმა თუ აღმზრდელმა, ზუსტად არ მახსოვს, მითხრა, გაჩერდი, თორემ ახლა თავში „პოლის ჯოხს“ ჩაგარტყამო. ამის მერე ვეღარ გამაჩერეს და ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი დღე ბაღში. დღემდე კადრივით მახსოვს, როგორ მეუბნებოდა ამას. ამ ამბავმა ისეთი გავლენა იქონია ჩემზე, უკვე დედა რომ გავხდი და ბავშვები ბაღში უნდა შემეყვანა, დიდხანს ვამოწმებდი, სად და ვისთან მიმყავდა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– ერთი ფიქრი, მოსკოვში წასვლა და იქ ბალერინობა მინდოდა, მაგრამ ოჯახიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა – მარტო ვერ გამიშვეს. ამიტომ, რაც სცენასთან უფრო ახლოს იყო, ის პროფესია ავირჩიე. სცენის, ხალხისა და ტაშის სიყვარულმა განაპირობა ის, რომ დღეს მსახიობი ვარ. მისაღებ გამოცდაზე დასვეს შეკითხვა, რატომ გვინდოდა მსახიობობა, ყველას სხვადასხვა ოცნება ჰქონდა, უმეტესობა კონკრეტულ როლზე ოცნებობდა, მე სცენაზე ყოფნა მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მსახიობობა.

– ადამიანში ვაფასებ...

– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ერთგულებას, გულწრფელობას და პატიოსნებას. ჩემ გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია და ძალიან მიხარია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ბევრი რამეა წარმატება, მაგრამ მგონია, ყველაზე დიდი წარმატება ხალხის სიყვარულია. როცა გხედავენ და გიღიმიან, ეს ღიმილი მთელი დღე მიგყვება ხოლმე და გაბედნიერებს. წარმატებაა ისიც, როცა ფინანსურად ხარ ძლიერი, დიდი შემოსავალი გაქვს, რაღაც თანამდებობა გიკავია, მაგრამ ხალხის სიყვარული ყველაზე ძვირფასი რამაა.

– მწამს...

– უამრავი რამის, მათ შორის, სიყვარულის და ყველაფერი იმის, რაც ამ გრძნობის გარშემო ტრიალებს.

– მეშინია...

– უამრავი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივხვდი, ამ ფობიებს სიკვდილის შიში განაპირობებს. სიკვდილის მეშინია და ამიტომაც არის ჩემი ფობიები ასე მიწყობილი.

– ვრისკავ...

– „თვალდახუჭული არ ვხტები“, თუმცა თუ ჩავთვლი საჭიროდ, შეიძლება, იქ გადავხტე. სადაც არ ვიცი, მიწა თუ დამხვდება. ვიდრე მოცემულობას ავწონ-დავწონი ეს პერიოდი მერთულება. ზოგადად, მეტ-ნაკლებად რისკიანი ვარ.

– მაკვირვებს...

– ყველაზე მეტად მაკვირვებს, როცა ადამიანისგან კარგი მოლოდინი გაქვს და რეალობა საპირისპირო აღმოჩნდება. ბოლოს, სულ სხვა რამეს, რომ იღებ მათგან...

– მაბედნიერებს...

– ბევრი რამ: დილით მზე, ბუხარში შეშის „ტკაცუნის“ ხმა, ჩემი შვილების ჩახუტება, მეუღლის სიყვარული, მეგობრები, ჩემი კარ-მიდამო, ძაღლი... უამრავი რამე მგვრის ბედნიერების შეგრძნებას, შესაბამისად აღვიქვამ, რომ ცოცხალი ვარ და ვცხოვრობ. ხშირად ვარ ბედნიერი და იშვიათად – მოწყენილი. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, საკუთარ თავს ვეუბნები: მაკა, ყველაფერს გადახედე! მერე ვხვდები, ამ ყველაფრის ფონზე, უაზრობაა რაღაცებზე დარდი და ისევ ბედნიერების განცდა მეუფლება.

– დღევანდელ საზოგადოებაში მაკლია...

– კოვიდის გათვალისწინებით, ურთიერთობების დეფიციტია, მაგრამ ისედაც ნელ-ნელა გადავედით სოციალურ ქსელებზე, რამაც უფრო გაანელა ურთიერთობები. თუმცა, ჩვენ კიდევ ის თაობა ვართ, რომელსაც არ გვიჭირს კომუნიკაცია. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე მეტად ჩახუტება და ადამიანებთან ურთიერთობა მენატრება.

– ბედისწერა...

– წინასწარაა დაწერილი თუ არა ადამიანის ბედი, საკამათო საკითხია. ალბათ, ასე არ უნდა იყოს და მგონია, ყველა ადამიანი საკუთარ ბედისწერას თავად წერს და ირჩევს გზას, რომელსაც მიჰყვება. ეს გზაც მერე სადღაცამდე მიდის...

– მარტოობის განცდა...

– არ მიყვარს მარტოობა. ცხოვრების განმავლობაში ცოტა ხანი ვიყავი მარტო. 19 წლისამ გავაჩინე პირველი შვილი და მას შემდეგ მარტო არასოდეს ვყოფილვარ. მანამდე დედა ზრუნავდა ჩემზე, მერე მე ვზრუნავდი ჩემს შვილზე და მარტოობის განცდაც არ მქონია. ახლა მეუღლე მყავს გვერდით, მეორე შვილი და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, მარტოსულად თავი არასდროს მიგრძნია.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე. სიყვარული მოიცავს ყველაფერს: ღმერთის სიყვარულიც სიყვარულია... ქვეყნისაც, მშობლის, შვილის, მეუღლის, მეგობრის და რომ სუნთქავს ადამიანი, ესეც სიყვარულია. მგონია, რომ ეს გრძნობა მაინც „ვერტიკალური და თანაც ბრუნვადია“. მის გარეშე არ არსებობს არაფერი, აზრი ეკარგება ყველაფერს, რადგან მამოძრავებელი ძალაა, რაც გაცხოვრებს და გაცოცხლებს. ვფიქრობ, რომ სიყვარული ყველაფერია და მეც მასზე მაქვს აგებული მთელი ცხოვრება. უბედურია ის, ვისაც ეს განცდა არ აქვს და მისით ტკბობა არ შეუძლია. ხოლო, იმისთვის, რომ სხვა გიყვარდეს, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვარო.

– დრო და სიყვარული...

– ძლიერდება და ეს ყველაფერთან მიმართებით ასეა, მარტო ქალვაჟურ სიყვარულს არ ვგულისხმობ. ბავშვსაც რომ აჩენ, უცხო ადამიანია შენთვის და არ მჯერა მუცელშივე „ვაიმე, როგორც მიყვარს“ ისტორიების. ასე არაა, ვიღაცაა, რომელიც უცებ ხდება შენი მოსავლელი, რომელსაც ნელ-ნელა იცნობ და მერე გიყვარდება. იმისთვის, რომ ადამიანი შეგიყვარდეს, ჯერ უნდა გაიცნო, მერე მიიღო და ბოლოს, წლებთან ერთად, ის გრძნობა, რაც მის მიმართ გეუფლება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხდება.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ღალატი. ოღონდ პირდაპირი გაგებით არა. ღალატია, როცა შეიძლება, ადამიანმა მოგატყუოს, იმედი გაგიცრუოს, გეგონოს შენ გვერდით დგას, მაგრამ ასე არ იყოს.

– შემშურებია...

– კონკრეტულად ვერ ვიხსენებ რამეს და ალბათ, არა. საერთოდ არ ვარ შურიანი.

– სამაგიეროს გადახდა...

– არ მახასიათებს. თუ ადამიანმა დააშავა, ის თავისას აუცილებლად მიიღებს და მე რაღატომ „გავისვარო ხელები“.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, მაგრამ კარგად უნდა მივხვდე, რომ დავაშავე.

– ვნანობ...

– არაფერს. როგორ უნდა ვინანო, რაც გამიკეთებია და რასაც შედეგი მოუტანია, თუნდაც არასასურველი. ასეთ ნაბიჯებს უსწავლებია, სხვა გზა გაუხსნია, ამიტომ არაფერს ვნანობ. შეიძლება, რაღაც კარგი არ ყოფილა, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობა შეუცვლია და ამიტომ, სინანულიც არ მაქვს. ასე მოვედი აქამდე.

– რთული პერიოდი...

– მქონია ნევროზული შემოტევები, კარგი და ლაღი პერიოდი, მძიმეც, თუნდაც ფინანსურად, მაგრამ საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მძიმე პერიოდი მქონდა, რომელსაც სიამოვნებით ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან და გახსენება არ მენდომებოდა.

– ვაგროვებ...

– არ მაქვს არანაირი კოლექცია, არასოდეს არაფერი შემიგროვებია, მხოლოდ ბავშვობაში ვაგროვებდი „დონალდოებს“. ფულსაც კი ვერ ვაგროვებ, რომ ბანკში გავხსნა ანაბარი და ამიტომ, არასოდეს გავაუქმებ საპენსიოს, იქ მაინც დამიგროვდეს რამე (იცინის). არ ვარ შემგროვებელი ადამიანი, რაც მაქვს, დღეს მაქვს.

– ვიტყუები...

– იმდენად არ მიყვარს ტყუილი და არ შემიძლია მოტყუება, რომ თითქმის – არასოდეს. მირჩევნია, ცუდი სიმართლე ვიცოდე, ვიდრე ტყუილი. ასეთი მიდგომა მაქვს სხვის მიმართაც, არ შემიძლია პირფერობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გულწრფელობაა.

– მაკომპლექსებს...

– თინეიჯერობაში მქონდა რაღაც კომპლექსები: როგორ მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა არანაირი კომპლექსი არ მაქვს.

– არასოდეს დამავიწყდება...

– არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩემი ცხოვრებიდან, მათ შორის: შვილების დაბადება, მეუღლესთან შეხვედრა და კიდევ ბევრი რამ, რაც მართლა სულ მემახსოვრება. ის პირველი ემოცია, პირველი ჩასუნთქვა ყოველთვის მექნება მეხსიერებაში.

– თავისუფლება არის...

– თავისუფლება ჩემთვის იგივე სიყვარულია, რადგან ყველა გზა სიყვარულთან მიდის. როცა მიყვარს, მაშინ ვსუნთქავ და ვარ ლაღი, რაც პირდაპირ კავშირშია თავისუფლებასთან.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– როცა თეატრალურში ჩავაბარე და ბალერინობიდან მსახიობობაზე გადავერთე. ეს იყო ყველაზე დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში. სულ სხვანაირი ვიყავი, სხვა გეგმები მქონდა – „გედების ტბა“ უნდა მეცეკვა და უცებ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ერთი რჩევაა, რომელიც სულ მახსოვს და სულ სხვადასხვანაირად განვიხილავ ხოლმე, ხან სასაცილოდ აღვიქვამ, ხან სერიოზულად. სრულიად უცხო ადამიანმა მითხრა: ცხოვრება ისეთი რთული რამეაო... ეს რჩევაც არის, დარიგებაც, წინსვლისკენ ხედვაც და უკან მოხედვაც. ცხოვრება მართლაც ძალიან რთული რამეა, მაგრამ თუ ერთმანეთი გვეყვარება, ამასაც გავამარტივებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა