მაიკო კაჭკაჭიშვილი: საერთოდ აღარ მაქვს კავშირი ძველ მაიკოსთან და ძველ შეცდომებთან
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 20.07

მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. შემდეგ იყო რთული გზა და ამ გზაზე უამრავი გულისტკენა და ხუთწლიანი დეპრესია, რომლის დროსაც ბევრი რამის გაანალიზება მოუხდა.
– მაიკო, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში წერდი, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ ცხოვრებაზე, ბევრ ადამიანზე და ჩემს თავზე, ერთი სული მაქვს როდის მოვა სექტემბერიო. რას გულისხმობდი?
– ცხოვრების განვლილი გზიდან ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე. ყოველმა განვლილმა წამმა და წუთმა მასწავლა, რომ ადამიანებზე თანგადაყოლა ბრმად, სისულელეა. ყველა ადამიანს, ჩემი კეთილი გულიდან და ხასიათიდან ვუდგები, გაჭირვების ჟამს კი ვერ დავინახე მათი გვერდში დგომა, როცა თავად ძალიან ბევრს ვედექი გვერდით, თუნდაც კარიერაში, მეგობრობაში, მორალურად, ფინანსურად და ასე შემდეგ. ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი და სახლში ვიჯექი, დიდად არავის მოუკლია თავი ჩემი მოკითხვით, არც არავის ვავალდებულებ. უბრალოდ, მე შემეძლო, თუ მეგობარს ვჭირდებოდი, ღამის სამ საათზე წავსულიყავი, ბევრჯერ ლოგინიდან ავმდგარვარ და გავქცეულვარ. კიდევ ვამბობ, არავის ვავალდებულებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ კარგია, რომ ეს გაკვეთილი და სკოლა გავიარე. ახლა, სექტემბრის თხუთმეტი რიცხვიდან რომ გამოვადგამ ფეხს სახლიდან, ეს იქნება სწორად, გაანალიზებულად, გათვლილად გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი დაგეგმილი მექნება. არადა, არ მიყვარდა დაგეგმილი ცხოვრება, მაგრამ ამ ხუთმა წელმა აბსოლუტურად შემცვალა, რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. საერთოდ კავშირი აღარ მაქვს ძველ მაიკოსთან და ძველ შეცდომებთან, კი, ხუთი წელი დავკარგე, მაგრამ ღირს, რადგან ძალიან, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და გაკვეთილები გავითავისე. ეს ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ მოხდა და ახლა უკვე ბევრად დაბრძენებული, დადინჯებული და გააზრებული ვიწყებ ახალ საქმეს. არადა, მეგონა, „რასაცა გასცემ, შენია“, მაგრამ ასე არ ყოფილა. თურმე, ყველაფერი არ უნდა გასცე, უნდა აზროვნებდე და ახლა სხვანაირად მოვიქცევი, სულელივით გულს ყველას აღარ გავუღებ. როცა მაიკო კარიერაში კარგად იყო, ფინანსურად – ძლიერად, მაშინ სულ მაიკოსთან ერთად იყვნენ, ახლა კი, ბედნიერად დადიან ყველგან, ერთობიან და მაიკო აღარც ახსოვთ. არა უშავს, აღარც მჭირდება, მეორე სუნთქვა მეხსნება, ახალი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში, ახალი კოლეგები და ჩემს სტუდიას შევაკლავ თავს.
– სწორედ, სტუდიაზე მინდოდა მეკითხა. საიდან გაჩნდა იდეა და როდიდან იწყებ მოსწავლეების მიღებას?
– ყოველთვის მინდოდა, მქონოდა ჩემი ოცნების სტუდია, რასაც ბევრი ფინანსები სჭირდებოდა. მინდოდა, მხოლოდ შემოქმედებისთვის მიმეხედა, ფინანსებში არ ჩავრეულიყავი და ჩემი პარტნიორი მომღერალი ბექა ბროლაძე გახდა. იმ ყველაფერს, რასაც მე ვერ გავაკეთებდი, ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ, ბექა აკეთებს. სტუდია უკვე რემონტშია, ბოლოში გადის. ვემზადებით მაღალ დონეზე, ეს უკვე იქნება კონკრეტულად მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკალური აკადემია, არ ვიქნები სადღაც შენობაში შეხიზნული, ანუ სრულფასოვნად, ასი პროცენტით საოცნებო სტუდია მექნება. ეს სტუდია გაიხსენება დიდ დიღომში. ჯერ რეკლამა არ გაგვიშვია და უკვე 85 ბავშვი გვყავს დარეგისტრირებული, კიდევ უამრავი მსურველია. ვიდეორგოლს რომ გავაკეთებთ, გავუშვებთ და ფართო მასები ნახავენ, კიდევ უფრო მეტი მსურველი იქნება, დაგვჭირდება ფილიალი და მას აუცილებლად საბურთალოზე გავაკეთებთ, მეტროსთან ახლოს, რომ ყველამ შეძლოს ჩვენთან სიარული. ჩვენთან მოსულ ბავშვებსა და მოზარდებს მაქსიმალურად მაღალ ხარისხს ვპირდებით. ასაკი იქნება 6-დან 23 წლამდე, რადგან ძალიან ბევრ ამ ასაკის ადამიანს უნდა დახვეწოს ხმა, ისწავლოს მღერა და არა კონკრეტული სიმღერა, რომ ნებისმიერი სიმღერის დროს შეძლოს აზროვნება, მიხვდეს, როგორ მოირგოს კონკრეტული სიმღერა მასზე. ჯერ ორიენტირებული ვართ სიმღერაზე და როგორც კი ბავშვები მზად იქნებიან სცენაზე გასასვლელად, დავამატებთ ქორეოგრაფიას და სასცენო მოძრაობის შესწავლას, რაც დღეს დეფიციტია. უკვე, 44 წლის ვარ, ოცნება მქონდა, საკუთარი სტუდია ასაკში მქონოდა, მაგრამ ფაქტობრივად, იმ ასაკში დავდექი, გავაანალიზე, რომ ეს სწორედ ახლა უნდა გავაკეთო, დადგა ზუსტი დრო, მეორე სუნთქვა გავხსნა და ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბავშვებს შევალიო და ამით ვისიამოვნო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება და ამით ვიწყებ, ჩემი ხუთწლიანი დეპრესიის დამარცხებას, რომელიც სახლში გავატარე.
– შენს თავს რომ აკვირდები, როგორ ფიქრობ, რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?
– მე გეტყვით და რამდენად ძლიერი ვარ, თქვენ გამოიტანეთ აზრი – ზოგადად, ჩემს ოჯახს, შვილებს მე ვარჩენ, ჩემს მხრებზეა ყველაფერი. ხუთი წელი, როცა ღრმა დეპრესიაში ვიყავი, არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ცხოვრებას აზრი დაკარგული ჰქონდა, ამ წლების განმავლობაშიც კი, მე ვარჩენდი ჩემს შვილებს. მაინც არ გავჩერებულვარ, ავდგებოდი ლოგინიდან, სიმღერებს მაინც ვწერდი და ყოველთვის ვუკეთებდი რეალიზაციას. ჩემი დაწერილი ნაწარმოები ერთადერთი ჩემი შემოსავლის წყაროა, რომელშიც ჰონორარს მიხდიან. ის ხუთი წელი, ამ ჰონორარით შევინახე ოჯახი, როცა ადამიანები იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვიყავი, ფანჯრიდან ხტებიან და თქვენ გამოიტანეთ აზრი, რამდენად ძლიერი ადამიანი ვარ. შევძელი და ფანჯრიდან ხტომის მაგივრად, ინსტრუმენტთან ვჯდებოდი; მუსიკისთვის თავი არასოდეს დამინებებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო, ძვირი მიჯდებოდა, მაგრამ დეპრესია, ზოგადად, ხელოვნებას უხდება. ბევრად უფრო ღირებული ნაწარმოებები იწერება და მოკლედ, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც უნდა მომხდარიყო. ამ გადმოსახედიდან, მე ასე ვიტყოდი.
– ახლა რომ უკან იხედები, რა გზა გაიარე?
– არ იყო ჩემი განვლილი გზა მარტივი. ბათუმიდან 17 წლის ასაკში ჩამოვედი დედაქალაქში, უთეთროდ, უკაპიკოდ. დავიწყე ნამცხვრების ცხობა და ჩაბარება, მერე ლიკა ხორბალაძის სტუდიაში, ვოკალის პედაგოგი ვიყავი და სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეები გრან-პრებს იღებდნენ. ასე რომ, 17 წლის ასაკში წარმატებული პედაგოგი ვიყავი.
არ დამავიწყდება, პირველი მოსწავლე 14 წლის ასაკში ავიყვანე და ჩემი პირველი ხელფასი 80 დოლარი იყო, რომელიც მეგობრებში და ბათუმის ჰოდ-დოგებში დავხარჯე (იცინის). ასე რომ, ბავშვობიდან, 14 წლიდან, გააზრებული მქონდა, რომ ბედისწერის არ მჯერა. შენ თუ არ იშრომე და გააკეთე, მით უმეტეს, როცა არ გყავს შეძლებული ოჯახი, ისე არაფერი გამოვა. მემკვიდრეობით რომ გადმომცემოდა დიდი ქონება, არ მექნებოდა ასეთი საწვალებელი და ჩემს ოჯახში, ყველამ ჩვენ-ჩვენით გავიკვლიეთ ცხოვრების გზა და რაღაცას მივაღწიეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან ბედნიერი ვარ, შევხვდი ჩემი ბავშვობის კუმირს, ლევან ლაზარიშვილს, რომელიც ჩემი შვილების მამა გახდა. ღმერთმა ორი ტყუპი შვილი მაჩუქა. კარიერაც კარგად დამეწყო, შევხვდი ცნობილ მომღერლებს, ჩაწერეს ჩემი სიმღერები, მოეწონა ხალხს და ასე, მარტომ, გავიკვლიე გზა. ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, დღემდე ასე მოვედი და მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მაქვს.
– თქვი, ხუთწლიანი დეპრესიის დროს, ბევრს არ გავხსენებივარ და არ მოვუკითხივარო. ვინ იდგა ამ შენთვის ყველაზე რთულ პერიოდში შენ გვერდით, ვისაც გულს გადაუშლიდი?
– არასოდეს დამავიწყდება ლელა წურწუმია: რომ მიხვდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, სახლში გამომიგზავნა ლაბორატორია, რომ ანალიზები აეღოთ. მერე კაბა მიყიდა და მასთან, გადაცემაში მიმიყვანა. უდიდეს პატივს ვცემ ლელას და უარი ვერ ვუთხარი, საკუთარ თავს და სიკვდილს გადავაბიჯე, რომ იქამდე მივღოღებულიყავი.
– გარდა ამ ხუთწლიანი დეპრესიისა, იყო მომენტები, როცა ცხოვრებამ ზურგი შეგაქცია?
– ცხოვრებას ზურგი არ შეუქცევია, მე შევაქციე მას ზურგი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე გავწყვიტე კატეგორიულად კონტაქტი ადამიანებთან, ხალხთან. ჩემთვის მიუღებელი ფაქტები მოხდა, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი ადამიანებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან. მერე ჩემი გამზრდელი ბებია და ბიძა დაიღუპა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ერთ კვირაში ორივე დავკარგე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცხოვრება არავის აქცევს ზურგს, თვითონ ადამიანი აკეთებს ვყელაფერს.
– შენს ცხოვრებაში არის ორი მთავარი მამაკაცი, ვისშიც ნამდვილად გაგიმართლა და ბედნიერი დედა ხარ. როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება გაქვს ბიჭებთან? ამბობენ, ბიჭების დედობა, მით უმეტეს, როცა მარტო ზრდი, ცოტა რთულიაო და ასეა?
– ძალიან რთული ყოფილა ბიჭების დედობა და ახლა ვხვდები. 21 წლის ბიჭების დედობა, როცა ყველაფერს მარტო უმკლავდები, ურთულესი ყოფილა, დიდი ნერვიულობა ახლავს თან. ღამე თუ აგვიანებენ, მაშინვე ცუდზე ვფიქრობ. გარეთ რომ გადიან, ყოველ წამს და წუთს ვლოცულობ, რომ ორივე შვილი სახლში მშვიდობით მომიყვანოს. წესიერი ბავშვები არიან, მაგრამ მაინც მეშინია. თუ ვკითხე, არც პირად ცხოვრებას მიმალავენ. მათი ხმისა და ვოკალისთვის ელექტრო სიგარეტი გამანადგურებელია და ეს დამიმალეს. პრინციპში, ზუკამ მითხრა სიმართლე და შემპირდა, დავანებებო და სიტყვა შეასრულა, დათუნა კი მიმალავდა, რადგან იცოდა, მისი ხმის გამო მე ყველაფერს გადავდგამდი. მაგრამ გავიგე, არ ყოფილა მწეველი, ეპარება და სულ ვეუბნები, რაც ღმერთმა მოგცა ყველაზე ძვირფასი, ეს არის ხმა, აუცილებლად უნდა გაუფრთხილდე, პატივი სცე და დააფასო. ზუკა მუშაობს, ბიზნესშია, ჩემს სიძეს უდგას გვერდით. დათუნას ჯერ ვერ გაურკვევია – სპორტსმენია, მომღერალი, პიანისტი, ჯაზმენი თუ პაპსავიკი. იმედია, მალე გაარკვევს და რომელიმეს აირჩევს.
– რომ არა კომპოზიტორი, ვინ იქნებოდი? კიდევ რა ნიჭი გაქვს?
– რომ არა კომპოზიტორი, აუცილებლად შეფმზარეული ვიქნებოდი. არ ვიცი, ეს ნიჭი გენეტიკურად დამყვა თუ არა, თუმცა დედას გემრიელი ხელი აქვს გარკვეულ კერძებში, ბებიას – რაღაც გარკვეულში, მე კი, რაც მე მიყვარს ის გამომდის იდეალურად. ახალი გემოების აღმოჩენაში არ ვარ, ვიცი, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს და იმ კერძებში ნებისმიერ შეფმზარეულს შევეჯიბრები (იცინის). სხვათა შორის, ამ ხუთ წელიწადში ჩემი ყველა დაკლებული კილოგრამი მოვიმატე, არ მცხელოდა ჯანსაღი კვებისთვის და საკუთარი გარეგნობისთვის. რომ დამივარდებოდა შაქარი, გადავწევდი ხელს და შოკოლადს ვიღებდი და ვჭამდი. ღამე ძილშიც კი, რომ ამაკანკალებდა, შოკოლადებსა და ტკბილეულს მივირთმევდი. ცუდად ვხდებოდი, შაქარი მივარდებოდა, სამჯერ სასწრაფო მყავდა, გლუკოზა გამიკეთეს და მივხვდი, ყველა ის ცუდად ყოფნა შაქრის დავარდნის ბრალი იყო. ამიტომ, ვჭამდი და ვჭამდი, გემრიელად მივირთმევდი ტკბილეულს და მივედი ამ წონამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან