შოუბიზნესი

მაიკო ჭაფოძე: მოსალოდნელ საფრთხეს თუ სიხარულს წინასწარ ვგრძნობ

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 29.07

მაიკო ჭაფოძე
დაკოპირებულია

მშვილდოსანი კომუნიკაბელური, გულღია, ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მოყვარული ადამიანია, რომელიც ვერ იტანს თავისუფლების შეზღუდვას.

მაიკო ჭაფოძე: 5 დეკემბერს დავიბადე, ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასტროლოგიის ძალიან მჯერა. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ მასზე დამოკიდებული ვარ. ყოველდღიურად ვამოწმებ ასტროლოგიურ პროგოზებს და თუ საშუალება მაქვს, ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებს პირადად შევხვდე, შანსს ხელიდან არ ვუშვებ და ჩემი ზოდიაქოს შესახებ ვეკითხები (იცინის).

– შესაბამისად, კარგად უნდა იცნობდე საკუთარ ზოდიაქოს. ტიპური წარმომადგენელი ხარ?

– ნამდვილი მშვიოლდოსანი ვარ. მიყვარს მიზანში გარტყმა და ვცდილობ, სწორად დავუმიზნო. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ მე ცდას არ ვაკლებ. თითქოს, სხვა მხრივაც ვამართლებ ჩემი ზოდიაქოს თვისებებს. ჩემი სტიქია ცეცხლია და ამითაც ძალიან მოხიბლული ვარ (იცინის).

– მშვილდოსნები ძალიან კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მგონი, ნამდვილად ასეთი ხარ.

– კი, ეს კარგად გამომდის და ალბათ, ჩემი ზოდიაქოს დამსახურებაა. პროფესიის არჩევაშიც გამოიხატა ჩემი ზოდიაქო და საბედნიეროდ, რესპონდენტებთან საერთო ენის გამონახვა არ მიჭირს, პირიქით, მარტივად ვამყარებ ურთიერთობას და მეგობრებსაც ადვილად ვიძენ.

– საკმაოდ გულღიაც უნდა იყო.

– კი, გულღია ვარ. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან მიმნდობი. ადამიანებს ხშირად ვენდობი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს თვისება ჯერჯერობით ცუდად არ მომბრუნებია. ალბათ, აქაც მშვილდოსანის სიზუსტე მეხმარება, ანუ, სწორად ვარჩევ, ვისთან უნდა ვიყო გულღია და მიმნდობი (იცინის). სხვათა შორის, არც ინტუიციას ვუჩივი, მოსალოდნელ საფრთხეს თუ სიხარულს წინასწარ კარგად ვგრძნობ და ამასაც ჩემს ზოდიაქოს ვაწერ.

– მშვილდოსნებს უყვართ ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები. მუდმივად ცდილობენ, მათი ცხოვრება სიახლეებით სავსე იყოს.

– მეც ძალიან მიყვარს სიახლეები. ჟურნალისტის პროფესიაც ძალიან მეხმარება იმაში, რომ ჩემი ცხოვრება დახუნძლული იყოს სიახლეებით, თავგადასავლებით, ახალი კავშირებით. შეიძლება, ინტერვიუსთვის ნახევარი საათით შეხვდე ადამიანს, მაგრამ შთაბეჭდილებებით აივსო. ოჯახშიც სულ ძიებაში ვარ, შვილებთან, მეუღლესთან ურთიერთობაში სულ ვცდილობ, სასიამოვნო ემოციებით დავიმუხტო და ცხოვრებისგან რაც შეიძლება, კარგი მივიღო, დადებითი ემოციები დავაგროვო, რომ ეს ჩემს ცნობიერში დაილექოს.

– ძალიან არ უყვართ თავისუფლების შეზღუდვა...

– თავისუფლების შეზღუდვა, ალბათ, არცერთ ადამიანს არ უყვარს. ეს ჩემთვისაც განსაკუთრებით ღირებულია.

– თავგადასავლები იმდენად უყვართ, რისკებისადმიც კი მიდრეკილები არიან, თუმცა ასეთ სიტუაციაშიც შეუძლიათ, გამოსავლის პოვნა, არ იბნევიან.

– ამაში მოვიკოჭლებ. სიმართლე რომ ვთქვა, რისკიანი არ ვარ. ასეთ მომენტში ყოველთვის უკან ვიხევ. არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ არც რისკზე მივდივარ და არც ექსტრემალი ვარ, პირიქით, ამ მხრივ, ცოტა მშიშარა ვარ (იცინის). მირჩევნია, კომფორტულად ვიყო და თავი დაზღვეული მქონდეს. მცირე რისკზე წავსულვარ, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ ამბავს ეხება, ასე არ მოვიქცევი. მირჩევნია, დინებას მივყვე და ისედაც მოხდება, რაც საჭიროა. მე ასეთი მიდგომა მაქვს.

– ძალიან მეგობრული უნდა იყო.

– როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, კი, ძალიან მეგობრული და ყურადღებიანი ვარ. გამორიცხულია, დამავიწყდეს ვინმეს დაბადების დღე ან მილოცვა დამეზაროს. არც საყვარელი ადამიანების მოკითხვა მეზარება. განსაკუთრებით ოჯახის წევრების მიმართ ვარ ყურადღებიანი. როცა სამსახურში ვარ, ბავშვები რამდენჯერმე უნდა მოვიკითხო და დავრწმუნდე, რომ კარგად არიან. ჩემს მეუღლესაც რამდენჯერმე უნდა დავურეკო, შევახსენო, რომ მიყვარს და გავიგო, რომ კარგად არის. მისგანაც მიყვარს ყურადღება. მიყვარს საყვარელი ადამიანების განებივრებაც. მაგალითად, სახლში რომ მოვდივარ, ძალიან მსიამოვნებს ჩემი შვილებისთვის საყვარელი ტკბილეულის წამოღება, რამდენიმე წუთით რომ გავახარო და ასე შემდეგ.

– ძალიან ფიცხია...

– კი, ძალიან ფიცხი ვარ. ამას ხანდახან ზოდიაქოზე მეტად ჩემს გურულ ხასიათს ვაბრალებ. რომ ავფეთქდები, ტონს ავუწევ, აუცილებლად უნდა გამოვხატო ჩემი გაბრაზება, ბოლომდე უნდა გამოვუშვა ემოციები, ბოლომდე უნდა დავიცალო, არ შემიძლია, შიგნით დავიტოვო ეს განცდები, თუმცა, ნახევარ საათში შემიძლია, ისევ მშვიდად მოვიკითხო ადამიანი, დახმარება შევთავაზო და ასე შემდეგ. ბრაზი ძალიან მალე გადამდის. ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა იციან, რომ ასეთი ხასიათი მაქვს.

– გამოდის, კომფორტული მეუღლე ხარ, გაბუტვები არ გახასიათებს.

– არ მახსენდება, რომ მე და დათო ექვსი წლის განმავლობაში ერთი საათი გაბუტულები ვყოფილიყავით. თუ რამეზე ვკამათობთ, 15-20 წუთში ყველაფერი სრულდება. გაბუტვა არც მეგობრებთან მახასიათებს.

– ეს ნიშანი არასდროს ნებდება, უკან დახევა არ ახასიათებს, მებრძოლია.

– ნამდვილად მებრძოლი ხასიათი მაქვს. შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია, მთავარია, რამდენად მებრძოლი იქნები და როგორ მოინდომებ. ყოველთვის ვცდილობ, უკან არ დავიხიო. თუ იშრომებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, ამაში დარწმუნებული ვარ.

– ენერგიულები არიან?

– კი, ენერგიის ნაკლებობას მართლა არ ვუჩივი. სამსახურის შემდეგ სახლში რომ მოვდივარ, შემიძლია, მეხუთე სართულზე ათჯერ ავიდე ფეხით ბავშვით ხელში. მით უმეტეს, კარგ ამინდებში გაორმაგებული სურვილი და ენერგია მაქვს. ხანდახან ფიზიკურად მართლა ისეთი აქტიური ვარ, რომ თვითონაც მიკვირს, როგორ არ ვიღლები და ვეცემი (იცინის). მინდა, ბავშვი გავასეირნო, მაღაზიაში ჩავიდე, რამე გავაკეთო... არ ვარ ადამიანი, რომელიც სახლში მოვა და ტელევიზორის წინ მოკალათდება. მირჩევნია, სულ აქტიური ვიყო, სულ ვიმოძრავო, მინდა, ჩემი ენერგია სწორად გამოვიყენო.

– საოცრად ოპტიმისტები არიან.

– კი, ძალიან ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა, რომ დაუძლეველი არაფერია და დასახულ მიზანს სათანადო მონდომების შედეგად აუცილებლად მიაღწევ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა