შოუბიზნესი

მაია ხორნაული: რენტგენში ვატარებ ადამიანებს, მაგრამ თუ ვინმე იტყუება, არაფერს ვეტყვი

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 23.06

მაია ხორნაული
დაკოპირებულია

მაია ხორნაულის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მაია ხორნაული?

მაია ხორნაული: ერთი ქართველი ადამიანი - სამშობლოზე, საკუთარ ოჯახსა და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ვოცნებობ, მშვიდ და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ჩემი შვილები და ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელი და ბედნიერი მყავდეს. ჩემს შვილებსა და ჩვენს ახალგაზრდა თაობას კი ბედნიერ მომავალს ვუსურვებ.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– საბედნიეროდ, ასეთი რამის გაკეთება არასდროს დამჭირვებია. მადლობა ღმერთს და ჩემს პროფესიას. მას შემდეგ, რაც ეს საქმე ავირჩიე, მას ვემსახურები და სხვა რამის კეთების საშუალება ან საჭიროება არ მქონია. არ მახსენდება ისეთი საქმე მეკეთებინოს, რაც არ მნდომებია და არ მსიამოვნებდა. საერთოდ, როცა საქმეს ხელს ვკიდებ, გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა. მოწონება სხვა არის და საჭიროება და პასუხისმგებლობა – სხვა. თუ რამეს დავიწყებ, აღარ დავიწუწუნებ, ისე გავაკეთებ.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?

– საოცრად გულჩვილი ვარ, ალბათ, ემოციურიც, მაგრამ ფეთქებადი არა. უფრო გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი ფესვები და ხევსურისა და გურულის სისხლი თავისას შვება (იცინის). გულჩვილობას რაც შეეხება, ასაკთან ერთად, ესეც მემატება (იცინის). მაგალითად, შეიძლება წიგნის კითხვის ან სპექტაკლის ყურების დროს ძალიან ამიჩუყდეს გული. ჩემი მეგობრები რომ სცენაზე დგანან, ისე განვიცდი, როგორც საკუთარ თავზე და შეიძლება, ცრემლი წამომივიდეს. ამ მხრივ, ძალიან ემოციური ვარ, თორემ მოჩხუბარი არა.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანი?

– იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ცნობილი და პოპულარული ხარ, ხალხს უყვარხარ და ეს ძალიან დიდ მოტივაციას გაძლევს როგორც პროფესიაში, ისე საერთოდ, ცხოვრებაში, რომ არავინ თქვას, ეს არ მსიამოვნებსო. არ მიფიქრია მსოფლიო წარმატებაზე, ამაზე ნამდვილად არ მიოცნებია, მაგრამ თუ ვიქნებოდი, რატომაც არა, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, თუ ჩემი პოპულარობა ჩემი ქვეყნის ფარგლებს გასცდებოდა. რეალურად კი, მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს ქვეყანაში მაქვს. ამაზეც არ მიოცნებია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.

– რა გამოცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– ცოდვა გამხელილი სჯობს და აი, ამ ასაკში დავიწყე კულინარიასთან შეჭიდება. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ აქამდე ამისთვის არ მეცალა და ინტერესიც არ მქონდა. ახლა ამ პროცესში ვარ, მცდელობები მაქვს და მე და კულინარია ნელ–ნელა ვმეგობრდებით. სულ მიკვირდა, რა სიამოვნებას პოულობდნენ ამ პროცესში და ვნახოთ, მე რა გამომივა.

– წარსულიდან რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– უფრო ის მახსენდება ხოლმე, რისი გაკეთებაც კარგი იქნებოდა. ჩემს შვილებსაც ვეუბნები – დრო სწრაფად გადის. ადამიანს სულ გგონია, რომ ხვალაც გექნება იმის საშუალება, რისიც დღეს გაქვს. სინამდვილეში ასე არ არის, ამიტომ ხვალისთვის არ უნდა გადადო ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია. მე ასე მოვქცეულვარ და ვნანობ. ვნანობ იმასაც, რომ უფრო მეტი არ ვისწავლე. უცხოეთში რომ დავდივარ დისკომფორტი მექმნება, რადგან ენა არ ვიცი. სხვა მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ რამე მასშტაბური გავაკეთე, რასაც დღეს ვნანობ. იმ პროფესიაში ვარ, რომელიც მინდოდა და ეს ძალიან სასიამოვნოა. მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, მყავს შვილები და ალბათ, მთავარი ეს არის.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.

– ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა პაემანზე დუმბაძის მურადას ამბის არ იყოს, მესამე პირის თანხლებით და დახმარებით ამიხსნა სიყვარული. დუმბაძეს რამდენჯერაც შევეხებით სულ ეს ისტორია მახსენდება, ჩვენს შორისაც მურადა იყო (იცინის).

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– საშინელი. არ შემიძლია ტყუილის თქმა. მადლობა ღმერთს, შვილებიც ისე გავზარდე, რომ არ იტყუებიან. არასდროს დამჭირვებია მათთვის მეკითხა, ხომ არ იტყუებით-მეთქი. ზუსტად ვიცი, რომ არ მომატყუებენ. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, იქნებ, გატყუებენო და ვიცი, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

ბავშვობაში ბევრი არასაზიანო ტყუილი მითქვამს და თუ დედას რამეს მოვატყუებდი, იმდენად მაწუხებდა ეს ამბავი, ცოტა ხანში აუცილებლად ვეტყოდი სიმართლეს. მართლა ძალიან ცუდად ვრეაგირებ ტყუილზე, ისიც მეყოფა, სცენაზე რომ ამდენს ვიტყუები (იცინის). ცხოვრებამ, ჩემმა პროფესიამ მასწავლა ადამიანების ამოცნობა. თითქოს რენტგენში ვატარებ ადამიანს, მაგრამ თუ ვინმე იტყუება, არაფერს ვეტყვი. ალბათ, იმიტომ, რომ კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. იტყუება და იტყუება, ალბათ, ამით იღებს სიამოვნებას, ასეთი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ მთავარია, სხვა არ დააზარალონ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემი ცხოვრების წარმატება და გამარჯვება ისაა, რომ კარგი მშობლების ოჯახში დავიბადე, ჩემს საყვარელ საქართველოში. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ბედნიერება და დიდი გამართლებაა, სწორედ აქ რომ დავიბადე. ჩემი გამარჯვებაა ჩემი ოჯახი და შვილები და ის პატარ-პატარა წარმატებები ჩემს პროფესიაში, რომლებიც სიამოვნებას მანიჭებს.

მარცხთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ.

– რისი კეთება გიყვართ და რისი – არა?

– ძალიან მიყვარს სახლის საქმეები. ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდი, კერძებისგან განსხვავებით (იცინის). ვამბობ ხოლმე, ჩემი მეორე პროფესია დალაგებაა-მეთქი. სისუფთავე და წესრიგი ძალიან მიყვარს. სპექტაკლის დაწყების წინ საკუთარი საგრიმიორო თუ არ მოვაწესრიგე, ისე სცენაზე ვერ გავალ. ეს ჩემი რიტუალია. რაც შეეხება არასასურველ საქმეს, ეს კულინარიას უკავშირდებოდა. არ მიყვარდა და ამიტომ-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო არ ვიცოდი. არ მეზარებოდა, უბრალოდ, ვერ ვემეგობრდებოდი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა იცვლება მდგომარეობა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა